ეს ინციდენტი სერიოზული მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აფხაზეთში დაფიქრებულიყვნენ, რამდენად თავდაცვისუნარიანები არიან.
დრონების მარშრუტი და თავდასხმა სოჭზე
ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, 24 ივლისს აფხაზეთის სივრცეში ზღვიდან უკრაინული უპილოტო აპარატები შევიდნენ, გადაუფრინეს სოფელ ცანდრიფშს (განთიადი) და ადლერთან რუსეთის საზღვარს მიადგნენ. იმავე ღამეს სოჭსა და ადლერში უპილოტო აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 დრონი ჩამოაგდო. თუმცა ერთმა აპარატმა „სირიუსის“ ტერიტორიაზე ნავთობის ბაზა დააზიანა. გაჩნდა ხანძარი. ქალაქში სირენები ჩაირთო. ტურისტები პლაჟებიდან თავშესაფრებში გადაიყვანეს. აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები.
გაგრისა და ცანდრიფშის მცხოვრებლებმა უპილოტო აპარატები გადაიღეს. ღამე აფეთქებებიც ესმოდათ. კადრები, რომლებზეც ასახულია, როგორ მიფრინავენ დრონები საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ფსოუს“ თავზე, აფხაზეთის ტელეარხებით გავრცელდა.
24 ივლისის დილით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო თათბირი მოიწვია. მან დაადასტურა, რომ აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა მართლაც დაარღვია. შემდეგ "თავდაცვის სამინისტროსა" და "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს" დაავალა, რუსეთის ძალებთან კავშირი გაეღრმავებინათ - იგულისხმება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა.
შეხვედრაზე ილაპარაკეს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა და რუსეთთან ერთობლივი ღონისძიებები.
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იმის გამო, რომ სოჭს დრონებით ხელახლა შეუტიეს, 8 აგვისტოს რუსეთთან საზღვარი დროებით ჩაიკეტა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ, 10 აგვისტოს, როდესაც ისევ გაჩნდა ხელახალი შეტევის საფრთხე, აფხაზეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემა ისევ მზადყოფნაში მოიყვანა, განსაკუთრებით რუსეთის საზღვართან - სანაპიროდან დაწყებული მთის ქედებით დამთავრებული.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ თქვა, რომ თავდასხმის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა მოგვიანებით ეს უარყო. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში „ფსოუს“ სასაზღვრო პუნქტს ჩაკეტავდნენ.
სატრანსპორტო კოლაფსი
დრონებმა პრობლემები ხმელეთზეც შექმნა. თითქმის მთლიანად შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის. 8 აგვისტოს სოჭის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. ასევე დროებით დაკეტილი იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ფსოუ“.
ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ზაფხულის სეზონმა. დაკეტილი საზღვრის გამო დაგროვდა უამრავი მანქანა, რომლებშიც დამსვენებლები ისხდნენ. რიგი ორ კილომეტრზე გაიჭიმა. საზღვრის გადალახვას საათები მოუნდნენ. დროებით შეჩერდა მატარებლების მოძრაობაც.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდასხმის შიშით ადლერში რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური დაიკეტა, რამაც საწვავზე ფასები გაზარდა. სოჭის აეროპორტმა შემოიღო რეჟიმი „ხალიჩა“ - 17 რეისი სათადარიგო აეროდრომებზე გადაამისამართა, 60 თვითმფრინავის ფრენა კი გადადო.
„ომი ჩვენ გვერდით“
უკრაინული დრონებით აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევამ ხალხი ძალიან შეაშინა და აიძულა დაფიქრებულიყვნენ, რამდენად შეუძლიათ თავი დაიცვან. აფხაზეთის ტელეგრამ-არხებზე ალაპარაკდნენ, რომ „ომი აქვეა“.
„ღამე დრონებით სოჭზე თავდასხმა იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ომი უკვე დიდი ხანია სადღაც იქით კი არა, ჩვენ გვერდითაა. არაერთხელ წამოვწიეთ საკითხი, რომ აუცილებელია სასწრაფო როტაცია თავდაცვის სამინისტროში, ღრმა რეფორმები ეროვნული უსაფრთხოების მთელ სისტემაში.
ეს არც პანიკაა, არც სამეცნიერო ფანტასტიკა, რეალობაა, რომელსაც ვერ დაემალები. სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება“, - დაწერა ტელეგრამ-არხმა „ოკნომ“ 24 ივლისს.
ასეთი სიტუაციები განსაკუთრებით სარისკოა აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელსაც წელს ისედაც არ ულხინდა. საეჭვოა ახალაღდგენილი სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოებაც. 30 წლის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა 2025 წლის 1 მაისს მუშაობა განაახლა და რუსეთის მიმართულებით ფრენები დაიწყო.
„ბუნებრივია, აფხაზეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების საკითხი დგება, მით უფრო, რომ ახალგახსნილ აეროპორტში ფრენებზე მოთხოვნა მატულობს. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გაუგებარი რჩება, რამდენად დაცული არიან ტურისტები და რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დრონების შემოჭრა გააკონტროლოს“, - წერს „ოკნო“.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „ჩვენი აფხაზეთი“ აღნიშნავს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მიზნებზე, რომელთა გამოც რუსებმა ბაბუშერის აეროპორტი აღადგინეს:
„ეს შეხსენებაა რუსებისთვის, რომ ყოველთვის არ გამოდის ღვინის სმა და მწვადის ჭამა კურორტზე, როდესაც შენი ჯარი „ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ინტერნაციონალურ ვალს იხდის“.
პორტალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინისთვის მიზანშეწონილი არაა, აფხაზეთის თავზე დრონები აფრინოს. იქ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამიზნეები არ არის, მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზა სამი წლის წინ გაიყვანეს. გარდა ამისა, - აღნიშნავს გამოცემა, - უკრაინა აფხაზეთს საქართველოს ოკუპირებულ ნაწილად განიხილავს.
„მაგრამ ეს თავშეკავება დროებითია, ჩვენ ხომ თავად „შევეტენეთ“ ამ ომში“, - წერს „ნაშა აფხაზია“.
შიში, რომ აფხაზეთი უკრაინის სამიზნე გახდებოდა, პირველად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ გაჩნდა. 2023 წლის ოქტომბერში მან თქვა, რომ უკრაინა „ყველგან მისწვდება“ რუსეთის ფლოტს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსეთი ახალი, მუდმივი სამხედრო-საზღვაო პუნქტის შექმნას გეგმავდა.
ომის ვეტერანი ასლან კობახია, რომელიც აფხაზეთის ომის დროს არტილერიას ხელმძღვანელობდა, მიიჩნევს, რომ ახლა ომისთვის უნდა ემზადებოდნენ. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მან არ გამორიცხა, რომ აფხაზეთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს.
„4 წელია ომია. ერთხელ მაინც დავფიქრდით, რას ვაკეთებთ? ვმღერით, ვცეკვავთ, იუბილეებს ვაწყობთ, ლენტებს ვჭრით. ადეკვატური ქვეყანა რომ ვიყოთ, დიდი ხნის წინ დავფიქრდებოდით. ხვალ რომ გუდაუთას და ოჩამჩირეს დაარტყან? ვინმეს ეჭვი ეპარება? იქ სამხედრო ბაზებია, რუსეთის სტრატეგიული ბაზები“.
თუმცა კობახია ფიქრობს, რომ მთავარი საფრთხე უკრაინიდან კი არა, საქართველოდან მოდის, რომელიც ახლა აშშ-სთან ერთად მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. ვეტერანმა მოუწოდა, პასუხად წვრთნები აფხაზეთშიც ჩაატარონ:
„მადლობა ღმერთს, მთებში პოლიგონიც გვაქვს და ყველაფერი დანარჩენიც. თუ ბიუჯეტს არ გადავხედეთ, შესაძლოა რასაც ვლაპარაკობთ, ყველაფერი ლაქლაქად დარჩეს. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უნდა გადავსულიყავით ომის ლიანდაგებზე. ამ 4 წლის განმავლობაში ნახევარი ნაბიჯითაც კი არ წაგვიწევია წინ.
ომი მზაკვრულად დაიწყო და ის ჩვენც ჩაგვითრევს, გვინდა ეს თუ არ გვინდა. რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არა გვყავს. მაგრამ, ბიჭებო, რუსეთი ჩვენთვის არ იბრძოლებს. თუ თავად არ წამოვდექით, არც ავიაციას მოგვცემს ვინმე, არც საჰაერო თავდაცვის სისტემას, არც ჯავშანტექნიკას, არაფერს“, - განაცხადა კობახიამ.
თავდაცვის სუსტი წერტილები
ვეტერანები და ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ აფხაზეთს საჰაერო თავდაცვის სრულყოფილი სისტემა არა აქვს. ამ თემას განიხილავდნენ YouTube-არხ „აფსნი ხაბარზე“. სპეციალისტები აანალიზებდნენ, თუ როგორ გამოავლინა სოჭზე თავდასხმამ აფხაზეთის თავდაცვის სისტემის ნაკლოვანებები.
ბატალ ჯოპუამ, რომელიც აფხაზეთის ომში აღმოსავლეთის ფრონტის მეთაური იყო, გაიხსენა, რომ 1990-იან წლებში აფხაზეთს რადარები და სათვალთვალო პუნქტები ჰქონდა, მათ შორის - საზღვაოც. ახლა ეს ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურებულია.
მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის დაცვა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა არ არის და ის საზოგადოების გამჭვირვალედ და ღიად ინფორმირებას მოითხოვს.
„რა დროში რამდენმა ობიექტმა გადაკვეთა აფხაზეთი რუსეთის მიმართულებით? არ არსებობს მსგავსი ინფორმაცია. ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს, ამ საბაზისო ინფორმაციას მაინც უნდა იძლეოდნენ. ეს ერთი.
მეორე, ამაზეა დამოკიდებული, დრონები გაანადგურეს თუ არა, შეიძლებოდა გაენადგურებინა აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას თუ ვერა. საერთოდ გვაქვს ეს სისტემა? სათვალთვალო პუნქტები? საერთოდ რა მდგომარეობაშია აფხაზეთის თავდაცვა ამ კუთხით?“
ჯოპუა აღნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს, რადგან აფხაზეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია.
„ახლა აეროპორტი ამოქმედდა. კითხვები ჩნდება. იქნებ შემდეგ „სირიუსს“ კი არა, ჩვენს აეროპორტს დაარტყან? არავის შეშინებას არ ვცდილობ, უბრალოდ მინდა, რომელიმე უწყებისგან პასუხი მივიღო, ძალოვანი სტრუქტურებისგან, რომლებიც აუხსნიდნენ ხალხს, რა ხდება. ასევე სხვა მხრიდანაც შეიძლება შემოფრინდეს, ენგურიდან“, - ამბობს ჯოპუა.
ახრა ბჟანია, ომის ვეტერანი და უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტი, დასძენს, რომ დრონების შემოფრენამ რამე ახალი კი არ გამოააშკარავა, ძველი პრობლემა წამოწია წინ. ნებისმიერ უპილოტო აპარატს შეუძლია დღეს აფხაზეთის ცა შეუმჩნევლად გადაკვეთოს და დაარტყას, რადგან აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა არ არსებობს.
„არაფერია ახალი. ნახევარი წლის წინ არ შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო? იქნებ მომავალშიც მოხდეს?.. რა ახალი სამხედრო-პოლიტიკური რეალობა ამან შექმნა? აბსოლუტურად არანაირი. გეგმების დაწყობა, კონცეფციისა და დოქტრინის შეცვლა ამ ფაქტის გამო ძალზე ნაივური რამ იქნება. ამას უნდა დაენახვებინა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა არა გვაქვს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ის ტექნოლოგიები, რომლებიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის სამსახურში ჩადგეს“.
ბჟანია აღნიშნავს, რომ აფხაზეთში არიან სპეციალისტები, რომლებსაც ამ პროექტის განხორციელება შეუძლიათ, თუკი ამის პოლიტიკური ნება იქნება.
ექსპერტების შეთავაზებაა, მომზადდეს ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც მობილურობაზე, ავტონომიურობასა და ტექნოლოგიურ ინტეგრაციაზე იქნება დაყრდნობილი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მსგავს ინციდენტებს პანიკა აღარ მოჰყვეს. აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საკითხი ასე დგას: დარჩნენ პასიურ მაყურებლებად რუსეთის ძალების იმედზე, თუ ჩამოაყალიბონ საკუთარი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 21-ე საუკუნის საფრთხეებისადმი იქნება ადაპტირებული.
ფორუმი