თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გადაწყვეტილება 10 ოქტომბერს, გვიან საღამოს მიიღო და ამით დააკმაყოფილა პროკურორ ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა გიორგი ქემოკლიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ:
"გამოძიება კვლავ გრძელდება, მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, არსებობს გამოძიების ხელის შეშლის საფრთხე... ასევე არსებობს საფრთხე, რომ ის მიემალოს გამოძიებას", - თქვა ნათია თათოშვილმა.
რას ედავება გამოძიება გიორგი ქემოკლიძეს?
გამოძიება 52 წლის გიორგი ქემოკლიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით, 2025 წლის ივნისში „გლდანის ციხეში“, მის საკანში შეიყვანა „სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი“, რომლებმაც „წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს“.
იმის მიუხედავად, რომ პატიმრები 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბაჩიაშვილთან ერთად საკანში, მათი მონაცემები ე.წ. აღრიცხვის ჟურნალში არ შეუყვანიათ:
„გ.ქ.-ს [გიორგი ქემოკლიძის] ბრძანებით მოხდა საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ს დავალებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა“.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ განზრახვის ბოლომდე მისაყვანად 11 ივლისს ბაჩიაშვილის საკანში სხვა საპატიმროდან გადმოყვანილი პატიმარი შეასახლეს:
„მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება“.
პროკურატურა ბრალის დადენილებაში წერს:
"ვინაიდან, მოვლენები სცენარის შესაბამისად არ განვითარდა, მიზნის მისაღწევად გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით, 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელ საკანში შეასახლეს ერთი პატიმარი. აღნიშნულის ამსახველი მტკიცებულების განადგურების მიზნით, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსმა კვლავ გიორგი ქემოკლიძის ბრძანების შესაბამისად გათიშა გიორგი ბაჩიაშვილის საკნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების პირდაპირი რეჟიმით გადაცემის გამოსახულება, რის შემდეგაც ასევე მითითების შესაბამისად წაშალა ვიდეოჩამწერ მოწყობილობაზე არსებული ჩანაწერი.
აღნიშნული მიზნად ისახავდა, რომ არ დაფიქსირებულიყო გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.
შედეგად, გიორგი ქემოკლიძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა".
პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე 9 ოქტომბერს დააკავეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ანდა სამ წლამდე პატიმრობით.
რა თქვა სასამართლო სხდომაზე გიორგი ქემოკლიძემ
10 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე გიორგი ქემოკლიძემ ვრცელი სიტყვით ისარგებლა. ის ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებიდა, რომ მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რასაც გამოძიება ედავება.
ამასთანავე არ უცდია ზემოქმედება არც საქმის მოწმეებზე, არც სამომავლოდ აპირებს ამას და მზადაა ითანამშრომლობს გამოძიებასთან.
"დავტოვე თანამდებობა, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. 21 აგვისტოდან [როცა თანამდებობა დატოვა], მთელი ეს პერიოდი სახლში ვიყავი და მებაღეობას ვეწეოდი, ძირითადად, ვარდების მოვლით ვიყავი დაკავებული, ახლაც ეკალი მაქვს...გულშიც არ გამივლია მიმავლა.
თუკი ასეთი რამ მქონდა ჩადენილი, ხომ შემეძლო ამ ადამიანებთან დაკავშირება, ზეგავლენის მოხდენა. ამ პერიოდში, არცერთ ინსტანციას ჩემთვის არ მოუხმია, რომ ჩვენება მიმეცა... ჩემი ფეხით მივედი, არც იმის შეგრძნება მქონდა, რომ ვინმე მაკონტროლებდა ან დამდევდა. სახლში ვცხოვრობდი, ცოლთან, სამ შვილთან და მოხუც დედასთან ერთად.
არც გამქცევი ვარ, ბოლომდე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. 32 წელი შევალიე ამ საქმეს, რაც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქვია, ყველა ხელისუფლების დროში ვიმუშავე. მაქვს სახელმწიფო ჯილდოები, პირადი საქმე სავსეა ჯილდოებით. სამართალდამცავის ოჯახიდან ვარ, მამაჩემიც თანამშრომელი იყო. მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რაც კი შემიძლია, ის გავაკეთო.
40 დღე მქონდა წინ [სანამ თანამდებობას დატოვებდა], თუკი მინდოდა რამის გაკეთება, ამას ხომ გავაკეთებდი... 40 დღის განმავლობაში ვერ მოვახდენდი ზემოქმედებას? უამრავი ადამიანი დაიკითხა, არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომლებთანაც მე მილაპარაკია... ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს.
რაც მთავარია, ჩემი თანამდებობა არ მაძლევდა უფლებამოსილებას, რომ ეს ბრძანება გამეცა [წაეშალა ვიდეომასალა].
მე ჩემი მორალი მქონდა და ჩემი მორალით დავტოვე სამსახური. საერთოდ საბურთაოზე ნამყოფიც არ ვარ, სადაც ჩვენი დეპარტმანეტი მდებარებს, ეს 40 დღე იქაურობასთან ახლოსაც არ გამილია, 12 წელი ვიმუშავე იქ... ასე მგონია სიზმარში ვარ, რას წერენ [მოწმეები], ვერ გავიგე, ერთთან 12 წელი ვიმუშავე, მეორესთან 20 წელი, გადასარევად ვიცნობ მათ"... მიმართა მოსამართლეს გიორგი ქემოკლიძემ.
რა თქვა ადვოკატმა?
ადვოკატმა გიორგი მხარაძემ თქვა, რომ 52 წლის პოლკოვნიკმა, რომელმაც 30 წელზე მეტი იმუშავა სამართალდამცავ სტრუქტურებში, თავისი კარიერა მიუძღვნა ქვეყანაში კანონიერების დამკვიდრებას.
ის ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ გიორგი ქემოკლიძე არც მიმალვას აპირებდა, რადგან ის თავისი ფეხით მივიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე და არც მოწმეებზე ზემოქმედებას გეგმავდა:
"მოწმეებზე ზემოქმედებაზე როდესაც საუბრობდა პროკურორი, ივლისში მომხდარი ფაქტის გამო, გიორგი ქემოკლიძემ აგვისტოში თავისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, რომლითაც ერთმნიშვნელოვანად გაუსვა ხაზი, რომ ის არათუ ზემოქმედებას, დაყოლიებას და თხოვნას აპირებდა მოწმეებზე, პირიქით, თავისი ინიციატივით დატოვა თანამდებობა, რომ გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალა.
რაც შეეხება სასჯელის შიშს, სულ რომ ქვეყანა გადაბრუნდეს, ამ საქმეზე თუ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლოს აქვე საშუალება ჯარიმის შეფარდების. როდესაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პატიმრობას ითხოვს პროკურატურა, ეს არის დაუსაბუთებელი", - მიმართა გიორგი მახარაძემ მოსამართლეს.
დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე საუბრობდა, რომ საქმეში არ დევს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ გიორგი ქემოკლიძემ მას ან მიმართა, ან სთხოვა და დააძალა რაიმე: "არცერთი მოწმე ამაზე არ ლაპარაკობს, პირიქით, ისინი თავისუფლად აძლევენ გამოძიებას ჩვენებებს", - ამბობდა დაცვის მხარე.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
ადვოკატების ინფორმაციით, საქმე, ამ ეტაპზე, 9 ტომისგან შედგება. საქმის დეტალებსა და მასში არსებულ მტკიცებულებებზე, ისინი ჯერ არ საუბრობენ: "9-ტომიან მასალას რამდენიმე საათში ვერ გავეცნობოდი, არ იფიქროთ, რომ მედიასთან ურთიერთობა არ გვინდა, უბრალოდ, არც მე და არც ჩემი კოლეგა ადვოკატი, ასე არ ვმუშაობთ. ჩვენ უნდა გავეცნოთ საქმის მასალებს, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან შევათანხმოთ პოზიციები", - უთხრა გიორგი მახარაძემ რადიო თავისუფლებას სხდომის დასრულების შემდეგ.
გიორგი ქემოკლიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს დაინიშნა.
ბაჩიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებული "გლდანის ციხის" ყოფილი დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს
გიორგი ქემოკლიძის დაკავებამდე ორი დღით ადრე, 7 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ავტოფარეხში იპოვეს გარდაცვლილი "გლდანის ციხის" ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.
გიორგი ქემოკლიძემ და დავით გოგობერიშვილმა თანამდებობები 2025 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი თვით ადრე, გლდანის მერვე დაწესებულების საკანში შესახლებულმა პატიმარმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სცემა.
პენიტენციური სამსახური 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერდა: "გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები", და ეს გარემოებები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თქმით, აჩენდა "საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".
უწყების თანახმად, 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოებაც:
„დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხა სხვადასხვა პირი, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად, ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“, - ეწერა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილის ციხის საკანში ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია 2025 წელის 11 ივლისს გავრცელდა. ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა გიორგი ბაჩიაშვილის წერილიც, სადაც ის წერდა, რომ 11 ივლისს საკანში მას ფიზიკურად გაუსწორდა მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის დაიბარა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.
გიორგი ბაჩიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს მერვე დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
ბაჩიაშვილის ადვოკატი გამოკითხვაზე დაიბარეს
პროსახელისუფლებო მედიამ POSTV-იმ 10 ოქტომბერს ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, მათი ინფორმაციით, გიორგი ქემოკლიძესა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის სავარაუდო გარიგების შუამავალი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი. მათივე ინფორმაციით, "ჯანდიერი ერთ-ერთი ქვეყნის სპეც-სამსახურებთანაც კონტაქტობდა".
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ადვოკატი დავით ჯანდიერი. მისი სიტყვებით, ეს არის "ბინძური და შეკვეთილი ქარდი, ცარიელი ტყუილი და არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა".
10 ოქტომბერს, საღამოს 7 საათისთვის, დავით ჯანდიერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ის წერს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს:
"18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბარლოდ შოკში ვარ".
გიორგი ბაჩიაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი აბსურდულს უწოდებს გიორგი ქემოკლიძისა და ბაჩიაშვილის კავშირის შესახებ გავრცელებულ სუს-ის ვერსიას და ბრალდებას:
„გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული. მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო მხოლოდ სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა მისი არსებობის შესახებ.
…პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეოჩანაწერების ამოღება, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი. ასევე, პირველივე დღიდან ვითხოვდთ, რომ ბაჩიაშვილი მოთავსებულიყო განცალკევებით საკანში, სხვა მსჯავრდადებულებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან თეორიულად, შესაძლოა, ყოფილიყო მსგავსი საფრთხეები. ესეც არ დაკმაყოფილდა.
თუკი არსებობდა რამე ოპერატიული ინფორმაცია, ცხადია, ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელი იყო სწორედ ბაჩიაშვილის განმარტოებით მოთავსებით.
მსგავს ბრალდებას სჭირდება მტკიცებულებების წარმოდგენა, წარმოუდგენლად მიმაჩნია მტკიცებულებების არსებობა“, – ამბობს ლევან მახარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბაჩიაშვილის ნაამბობი კი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან: „შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის 30 სექტემბერს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების, წინააღმდეგაც. 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი