Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაზის ნამდვილად ცუდად ექცეოდნენ“ - ექიმი, რომელიც შამანაურის იძულებით მკურნალობას შეესწრო


პერფორმანსი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე
პერფორმანსი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე

მოკლედ

  • საბჭოთა პერიოდში ფსიქიატრია ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების და დისიდენტების დასასჯელი ინსტრუმენტი.
  • 1982 წელს ჟურნალისტი ნაზი შამანაური საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკის გამო დაიჭირეს და გადაიყვანეს ფსიქიატრიულში, სადაც მასზე ძალადობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ.
  • ნინო დათაშვილის საქმე, რომელიც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ეხება, საზოგადოებას საბჭოთა პრაქტიკას ახსენებს.

ფსიქიატრიას საბჭოთა სისტემა იმ ხალხის წინააღმდეგ იყენებდა, რომელიც რეჟიმს ებრძოდა ან უბრალოდ არ ეთანხმებოდა. სხვაგვარად მოაზროვნეებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აგზავნიდნენ და ძალით მკურნალობდნენ.

დუნედ მიმდინარე შიზოფრენია - ძირითადად ამ დიაგნოზს უსვამდნენ ადამიანებს, რომლებსაც სისტემა არ ენდობოდა. ასეთები უმეტესად მოსკოვში, სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხვდებოდნენ, თუმცა ზოგს საქართველოშივე „მიუჩენდნენ ადგილს“.

მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო დათაშვილს, სასამართლომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა, ბევრს გაახსენდა კომუნისტური პრაქტიკა.

ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა“, - ასეთი წერილი გამოგზავნა ნინომ ციხიდან. მას ბრალად საჯარო მოხელეზე თავდასხმა ედება და შესაძლოა 4-7 წელი პატიმრობა მიუსაჯონ.

ნინო დათაშვილის საქმე მოულოდნელად გადაიკვეთა ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ისტორიასთან. ამ თითქმის ნახევარი საუკუნით დაშორებულ საქმეებში ფიგურირებს ექიმი დავით მაღრაძე. ნინოს და მისი ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, 6 აგვისტოს დათაშვილთან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები იმყოფებოდნენ, მათ შორის დავით მაღრაძეც. ისინი ისე შევიდნენ პატიმართან, ადვოკატისთვის არ უცნობებიათ.

დავით მაღრაძემ რადიო თავისუფლებასთან გასაუბრებაზე უარი განაცხადა, თუმცა მანამდე „ფორმულასთან“ თქვა, რომ დათაშვილს მისი სურვილის წინააღმდეგ ექსპერტიზას ვერავინ ჩაუტარებს. რაც შეეხება შამანაურს - არც მაშინ არ ყოფილა დიაგნოზი გაყალბებულიო.

„ვინ გაბედავდა ქალის წამებას, ვინ გაბედავდა საერთოდ პაციენტის წამებას“, - თქვა მან. ჟურნალისტის შეკითხვაზე კი, გამოიყენებოდა თუ არა ფსიქიატრია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაღრაძემ უპასუხა: „საქართველოში არა“.

ნაზი შამანაურის საქმე

1982 წელს ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა "ვაჟაობის" დღესასწაულზე ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკა, მილიციამ ქალი იქვე დააპატიმრა. მასთან ერთად დაიჭირეს დედამისიც და ორივე თბილისში, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. შემორჩენილია ნაზი შამანაურის დღიურები, რომლებშიც ჰყვება, როგორ აიძულებდნენ უარი ეთქვა თავის სიმართლეზე, აწამებდნენ და შეურაცხყოფდნენ. როდესაც შიმშილობა დაიწყო, ძალით თხრიდნენ პირში კოვზს და ასე აჭმევდნენ.

„ვალიდა აბუსერიძის ველურმა გამოხდომებმა საზღვარს გადააჭარბა. წიხლით მცემდა, კბილებს მამტვრევდა, დამიზიანა იოგები, საყლაპავი იმდენად, რომ წყალსაც ვერ ვყლაპავდი, სანამ 5 ოქტომბერს ვენების გადაჭრა არ ვცადე, არ დამეხსნა. მაწამებდა ლანცეტითა და კოვზებით. ასეთი წამების შედეგად კბილები დამემტვრა, პირსახოცი სისხლიანი იყო, ბღუჯა-ბღუჯა თმები ბალიშზე ეყარა. თმები გამითეთრდა მუდმივი დაძაბულობითა და არაადამიანური მოპყრობით. მაიძულებდა მეწმინდა იატაკი, რომ ლუკმას ვერ მაყლაპებდა, ამას რომ ვერ ახერხებდა, კისერს მიდრეკდა, მუცელში წიხლს მაზელდა…“ - წერს ნაზი შამანაური. მისი დღიურები გამოქვეყნებულია წიგნში „ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“.

თავის დღიურებში ის ახსენებს ექიმ დავით მაღრაძესაც:

„მილიციის თანდასწრებით გაგვესაუბრა ექსპერტი დავით მაღრაძე. ცოტა ხანში იგი ვიღაც პირს ტელეფონით აცნობებდა: „ნორმალურები არიან“.

დიდი ბჭობის შემდეგ დავით მაღრაძემ განგვიცხადა: „ჩვენ უნდა მოგათავსოთ აქ ჩვენთან სტაციონარში და გამოვიკვლიოთ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა. ორ -სამ კვირას დაჰყოფთ. დაკვირვებას მოვახდენთ. სამაგიეროდ მერე ცნობა გექნებათ თქვენს ნორმალურობაზე და ხელს ვერავინ შეგახებთ“.

„როგორც იქნა 7 სექტემბერს შედეგა კომისია: ექსპერტი დათო მაღრაძის, გამგე ზინაიდა კონსტანდოვას, ექიმ მზია გოგიჩაიშვილის შემადგენლობით, დარწმუნდნენ ჩემს საღად აზროვნებაში“.

„დედა ეხვეწებოდა, ნუ წამართმევთ ჩემს შვილს, ბატონო დათო, ნუ დაიდებთ ჩვენი ოჯახის ცოდვას, ჩემი შვილი ძალიან გამხდარია და დასუსტებული, შეგვიბრალეთ უდანაშაულო ადამიანები“.

ნაზი შამანაური 1883 წლის 12 იანვარს ფსიქიატრიულიდან მე-9 საავადმყოფოში გონდაკარგული მიიყვანეს. 20 იანვარს ის გარდაიცვალა.

იმ სამედიცინო პერსონალიდან, რომელიც მაშინ ნაზი შამანაურის გარშემო ტრიალებდა, დღეს ბევრი ცოცხალი აღარაა. გარდაიცვალა მისი მკურნალი ექიმიც - მზია გოგიჩაიშვილი. კიდევ ერთმა ექიმმა მანანა ბოკუჩავამ ამ თემაზე რადიო თავისუფლებასთან საუბარს თავი აარიდა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ექიმ-ფსიქიატრ მარინა კურატაშვილს, რომელიც 1982 წელს ფსიქიატრიულში მუშაობდა.

მარინა კურატაშვილი: მაშინ აბსოლუტურად სხვა სისტემა და სხვა წესები იყო. ამ წესების მიხედვით, ეს არ იყო სადამსჯელო სისტემა, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ძალიან შემზღუდავი და ძალადობრივი სისტემა გახლდათ. მახსოვს როგორი პროტესტი მიჩნდებოდა, როცა ვხედავდი, რომ პაციენტებს აფიქსირებდნენ, ცუდად ექცეოდნენ. პატრონებზეც ვღიზიანდებოდი, წლობით რომ არ გაყავდათ საავადმყოფოდან პაციენტი, რომელიც შეიძლებოდა გაგვეწერა.

მაშინ ასეთი წესი იყო, თუ ჩათვლიდნენ, რომ ადამიანს სჭირდებოდა ფსიქიატრიული მკურნალობა, აწვენდნენ, მის სურვილს არავინ უყურებდა. ამის გამო ალბათ ბევრი ისეთიც მოხვდა იქ, ვინც არ უნდა მოხვედრილიყო. ახლა მკურნალობა ნებაყოფილობითია, ავადმყოფმა ხელი უნდა მოგიწეროს, გარდა ორი შემთხვევისა, როდესაც ან თავს იზიანებს, ან სხვას ერჩის. ამ შემთხვევაშიც მოსამართლემ უნდა მოგცეს ნებართვა.

რადიო თავისუფლება: პოლიტიკური ან რეჟიმის საწინააღმდეგო შეხედულების გამო თუ მოჰყავდათ ვინმე? აუცილებელი არაა დისიდენტი ყოფილიყო, მაგალითად, ნაზი შამანაურის მსგავსი. ის ხომ კომუნისტი იყო, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში კორუფციაა, ჩაგვრაა.

მარინა კურატაშვილი: კი, ნაზი შამანაური ზუსტად ასეთი იყო. ვიცნობდი, როცა ექსპერტიზაზე მოიყვანეს, ორი კვირის მისული ვიყავი საავადმყოფოში ორდინატურაზე.

რადიო თავისუფლება: თქვენ რასაც ხედავდით, ნაზი შამანაური ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო?

მარინა კურატაშვილი: არ იყო. არ ვამბობ, რომ შიზოფრენია ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, სულ მცირე, პიროვნული აშლილობის დონეზე.

რადიო თავისუფლება: დედამისიც ფსიქიატრიულში იყო და მასაც რამე სჭირდა?

მარინა კურატაშვილი: ერთად მოიყვანეს. როგორც მაშინ დაიწერა, მას ინდუცირებული ბოდვა ჰქონდა და მალევე გაწერეს. თავიდან ერთ განყოფილებაში იყვნენ, შემდეგ მათი ერთად ყოფნა გაუსაძლისი გახდა, ერთმანეთს აძლიერებდნენ. ამიტომაც დააცალკევეს.

ნაზის ექიმი მზია გოგიჩაიშვილი კრისტალური ადამიანი იყო, წესიერი, ინტელიგენტი. ძალიან უყვარდა პაციენტები. მახსოვს, როგორ ეხვეწებოდა ხოლმე ნაზის, გთხოვ, ნუღარ ლაპარაკობ იმ რაიკომის მდივანზე, რომ შენი გაწერა მოვახერხოთო. შამანაურს სასამართლომ მიუსაჯა მკურნალობა, ფსიქიატრებს არ მიუსჯიათ. სასამართლოსვე უნდა მოეხსნა. ამიტომ ეხვეწებოდა, იქნება აღარ ილაპარაკო ამ თემაზეო. ამას რომ ეტყოდა, ცხონებული ნაზი კივილს იწყებდა, მართლა კივილზე გადადიოდა. მოსმენაც არ უნდოდა.

რადიო თავისუფლება: რასაც ნაზი შამანაური ჰყვება, რომ აწამებდნენ, ძალით აჭმევდნენ, ასე იყო?

მარინა კურატაშვილი: ძალით აჭმევდნენ, რადგან შიმშილობა გამოაცხადა. მაშინ გაგანია საბჭოთა კავშირში არც გაგვეგო ასეთი რამ. შიმშილით პაციენტი არ უნდა მომკვდარიყო, რამენაირად უნდა გამოგეკვება. გამოკვების ფორმა რომ უხეში იყო, ამაზე ორი აზრი არ არის.

რადიო თავისუფლება: თავის დღიურებში ნაზი განსაკუთრებით ხშირად ახსენებს ვალიდა აბუსერიძეს. ამბობს, რომ ის განსაკუთრებით აწვალებდა.

მარინა კურატაშვილი: აბუსერიძე დიასახლისი იყო, სანიტარი. ნამდვილად უხეში ქალი გახლდათ, მაგრამ გაკრიალებული ჰქონდა ყველაფერი, ჰიგიენას იცავდა და ეს მოსწონდათ. უხეში იყო - საუბრით, ყველაფრით, თან ყველასთან. მას ჰქონდა დავალებული ნაზის კვება და ნამდვილად თხრიდა კოვზს პირში, როდესაც ის ეწინააღმდეგებოდა.

ნაზის ნამდვილად ცუდად ექცეოდნენ, ნებისმიერს ასე მოექცეოდნენ, ვინც შიმშილობას გამოაცხადებდა. ასეთი იყო მაშინდელი ფსიქიატრია.

ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ნაზი რომ ამბობდა, - იცოდა თავაზიანი საუბარი, კარგი ქალი იყო, - მე კომუნისტების წინააღმდეგი კი არ ვარ, მამაჩემიც და ბიძაჩემიც სამამულო ომში დაიღუპნენო. უბრალოდ იმ კაცზე იყო გამწარებული.

რადიო თავისუფლება: საბოლოოდ რისგან დაიღუპა ნაზი?

მარინა კურატაშვილი: ეს მართლა არ ვიცი, რადგან ზუსტად მაშინ ორი კვირა შვებულებაში ვიყავი. რომ დავბრუნდი, ნაზი აღარ დამხვდა, მე-9 საავადმყოფოში გადაეყვანათ. ჯერ ცოცხალი იყო. მზია გოგიჩაიშვილი მის სანახავად ყოველდღე დადიოდა. ქირურგებს რომ ჰკითხა, რა დაემართაო, უთხრეს, მუცელი რომ გავკვეთეთ, ნაწლავები გაზით ჰქონდა დაბერილიო. მერე რეანიმაციულში იწვა. მზია ძალიან შეწუხდა, ნაზის გარდაცვალება რომ გაიგო.

ქართველი დისიდენტები ფსიქიატრიულში

1977 წელს დააპატიმრეს დისიდენტები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. კოსტავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოში გააგზავნეს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის, გამსახურდია - მოსკოვში, სერბსკის ინსტიტუტში.

ზვიად გამსახურდია (მარცხნივ) და მერაბ კოსტავა
ზვიად გამსახურდია (მარცხნივ) და მერაბ კოსტავა

„ჩიტაძის ბოლოში იყო „ციხის საავადმყოფო“ და იქ გაუშვეს მერაბი. მანამდე სუკმა რაიონულ ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერს მიმართა, რომ გაერკვია, აღრიცხვაზე ხომ არ იყო, უარყოფითი პასუხი რომ მიიღეს. ექსპერტიზაზე გაგზავნეს. სადღაც ათიოდე დღე იყო ფსიქიატრიულში და დადეს დასკვნა, რომ ჯანმრთელია, შერაცხადია, - ამბობს ციცინო მაღლაფერიძე, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექტორი, - სხვათა შორის ზვიად გამსახურდიაზეც ასეთივე დასკვნა ჩამოვიდა სერბსკიდან“.

სერბკის ინსტიტუტში იძულებით მკურნალობდნენ კიდევ ერთ ქართველ დისიდენტს, ნიკოლოზ სამხარაძეს. საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი ლიუდმილა ალექსეევა თავის ესეიში „საქართველოს ეროვნული მოძრაობა“ წერს, რომ სამხარაძემ ჯერ კიდევ 1958 წელს გააპროტესტა საქართველოს სკოლებში საქართველოს ისტორიის გამარტივებული სწავლება. ის მოსკოვს შოვინიზმში ადანაშაულებდა. ნიკოლოზ სამხარაძე 1980 წლის 23 ოქტომბერს დააპატიმრეს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ანამნეზის თანახმად: მოლანდებია ბოროტი სული თავზე რქებით

საბჭოთა რეჟიმი ფსიქიატრიულში არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ამწყვდევდა, არამედ ყველანაირ დისიდენტს. მაგალითად, 1965 წელს ფსიქიატრიულში აღმოჩნდა დღეს უკვე წმინდანად შერაცხილი მამა გაბრიელი (ურგებაძე). მას შემდეგ, რაც ლენინის პორტრეტს ცეცხლი წაუკიდა, ის ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გააწესეს. ეს არის დახასიათება, რომელიც მასთან დაკავშირებით ფსიქიატრიულმა გასცა. აქედან კარგად ჩანს, რომ სასულიერო პირს ზეციური ძალების რწმენასა და მათთან ურთიერთობას ავადმყოფობად უთვლიან.

მამა გაბრიელი
მამა გაბრიელი

საქ. სსრ ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო

19 იანვარი, 1966 წელი. ქ. თბილისის ელექტრონის შესახვევი I.

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბადებული 1929 წელს, 6 კლასის განათლებით. მცხოვრები თეთრი წყაროს ქ. N11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18/VIII-1965 წელს. მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა 19.XI. 1965 წ. ანამნეზის თანახმად, 12 წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული თავზე რქებით… ავადმყოფი ამტკიცებს, რომ, რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია… 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა. 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათსა და პარასკევს არაფერს ჭამდა, უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი - ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო“. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.

როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წლის 1-ლი მაისს დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, რომ მან ეს ჩაიდინა იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო - ეჭვი დაებადათ, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო ფსიქოპათიურ ექსპერტიზაზე..

გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: „სჩანს არსებობა არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა“ და ა.შ. საუბრისას ფსიქოპათის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა.შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა.შ. არის სრულიად უკრიტიკო თავისი მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, ამის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.

სტაციონარის აქტი. 1965 წელი. N42 (კომისიის თავმჯდომარე მედ. მეცნიერებათა კანდიდატი, მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი. წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი)

გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19.XI. 65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.

ექიმი ლეჟავა, 19.I.66 წ (წიგნიდან „ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია“, ავტორი: არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)).

სტალინური რეპრესიები

ფსიქიატრიულში არასასურველი ადამიანების გაგზავნა არც უფრო ადრინდელი პერიოდისთვის იყო უცხო, მაგალითად, როდესაც სტალინმა მეგრელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო, ვანო თოფურია ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. ამის შესახებ ჰყვება მისი ძმა, მეცნიერი აკაკი თოფურია ჟურნალისტ ალეკო ასლანიშვილის წიგნში „მეგრელთა საქმე“.

„რა მინდა მე აქ, რატომ მომიყვანეს? რას მიგონებენ, რას მწამებენ. კოკაიასთან ერთად თურქეთში დადიოდი წყალქვეშა გემითო. ტყუილი უნდათ მათქმევინონ. ვინ გვყოლია პროკურორებად და მოსამართლეებად, ვინ ყოფილან! მიშველე, მიხსენი გიჟებისაგან“, - უთხრა ვანომ მასთან ქუთაისში ჩასულ ძმას.

როდესაც აკაკი თოფურიამ ძმის შველა დააპირა, პროკურორმა შიო რეხვიაშვილმა გულწრფელად აუხსნა, ფოთის პროკურატურას დავალებული აქვს, აღიარება მიიღოს, მაგრამ რადგან ამ ხალხს სათქმელი არაფერი გააჩნია, უკიდურეს ზომებს მიმართავს, ცნობიერებას უცვლის, რომ შემდეგ რაზეც დასჭირდება, ყველაფერზე ხელი მოაწერინოსო.

ფსიქიატრი ეკა ჭყონია საბჭოთა ფსიქიატრიაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანები მართლაც მიჰყავდათ იმ დონემდე, რომ მათ შემდეგ მკურნალობა სჭირდებოდათ.

„ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიატრიულში დაწვენა ახლაც ძალიან რთულია და მაშინაც რთული იყო… - ამბობს ის, - ფსიქიატრიის პრობლემა ყოველთვის იყო სიღარიბე და ბევრი რამე ხდებოდა იქ ცუდი მაშინაც და ახლაც“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG