Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში


რადიო თავისუფლებამ ნახა ევროკომისიის რეკომენდაციებიც - ძირითადი, ყოვლისმომცველი მოწოდება ევროპულ გზაზე დაბრუნება და აქამდე გაცემული რეკომენდაციების შესრულებაა
რადიო თავისუფლებამ ნახა ევროკომისიის რეკომენდაციებიც - ძირითადი, ყოვლისმომცველი მოწოდება ევროპულ გზაზე დაბრუნება და აქამდე გაცემული რეკომენდაციების შესრულებაა

გაფართოების ანგარიშში საქართველოზე ძირითადი აქცენტების შემდეგ, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა იმ რეკომენდაციების შინაარსიც, რასაც ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით ხვალ, 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

„სახელმწიფოს მიტაცება“, ევროკავშირის კანდიდატის „მხოლოდ სახელად“ დარჩენილი სტატუსი, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მორიგ ჯერზე გამიჯვნა და მოწოდება, აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ ანტიევროპულ კურსს შეცვლის, - ასეთი იქნება რეკომენდაციების ქვეთავის აქცენტები.

„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“, - იტყვის ევროკომისია დოკუმენტში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდება და ხელისუფლებას მოუწოდებს:

გამოავლინოს კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მტკიცე სურვილი“.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირისგან „სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება“.

  • 4 ნოემბერსვე, ბრიუსელში გაიმართება „ევროკავშირის გაფართოების სამიტი“, რომელსაც მედია „ევრონიუსი“ ატარებს და რომელშიც კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
  • ევროკავშირის ლიდერებს შეუერთდებიან უკრაინის, მოლდოვისა და სერბეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ და ალექსანდარ ვუჩიჩი, ხოლო ალბანეთის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრები.


„უპრეცედენტო უკუსვლა“

ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავედ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.

„საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“, - წერია ანგარიშის ტექსტში, რომლის პროექტი რადიო თავისუფლებამ ნახა.

„ქართველი ხალხი“ vs „ხელისუფლება“

რეკომენდაციების ნაწილში - რომელიც მეტწილად აღწერითია, - აღნიშნულია, რომ „კომისია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე სურვილის მიმართ, გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.

ხაზგასმულია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ“.

„უკუსვლა ყველა სფეროში“

„ფუნდამენტურ საკითხებში სერიოზული უკუსვლა შეინიშნებოდა ყველა სფეროში, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რაც ძირს უთხრიდა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

სასამართლო სისტემის პოლიტიკურმა ინსტრუმენტალიზაციამ, ოპოზიციის ლიდერების დევნამ, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების თვითნებურმა დაპატიმრებებმა და სამოქალაქო სივრცის შემცირებამ ხელი შეუწყო ამ გაუარესებას.

კონტროლისა და ბალანსის პრინციპისა და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოფიტვამ, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ზრდა, მათ შორის სახელმწიფოს მიტაცება“.

„გადახვევა ევროპული კურსიდან“

  • „2024 წლის ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ მოეხდინათ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ინიციირება, ცალსახად დაადასტურა მათი გადახვევა წინა მთავრობების ევროპული მისწრაფებების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულების საწინააღმდეგოდ.
  • პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ავრცელებდა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკასა და დეზინფორმაციას და არ გამოუხატავს რაიმე სურვილი, გააგრძელოს ის რეფორმები, რაც 2023 წლის ნოემბრის კომისიის რეკომენდაციებშია მითითებული და რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.
  • საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა შეარყია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და საქართველო ჩამოაშორა ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.
  • იმ დრომდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს, კომისიამ, საბჭოსთან ერთად, შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს ხელისუფლებას და გააძლიერა ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად“.

„კურსი უნდა შეიცვალოს“

ევროკომისია იხსენებს იმასაც, რომ 2025 წლის დასაწყისში, კომისიის წინადადების საფუძველზე, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, გაეუქმებინა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო მიმოსვლა.

ასევე იმეორებს, რომ ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ, - რამაც დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრებისწინა პროცესის შეჩერება, - საქართველო ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს.

„საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლის კურსი; ყოვლისმომცველად და არსებითად იმუშაოს საბაზისო პრობლემების გადასაჭრელად, რეფორმების განსახორციელებლად, - პარტიათაშორისი მხარდაჭერითა და ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობით, კანდიდატი ქვეყნისთვის დადგენილი ცხრა ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების სრული პატივისცემით“, - ასეთია ბრიუსელის პოზიცია.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას:

გაფართოების ანგარიშის მოლოდინზე დასმული შეკითხვის პასუხად, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 3 ნოემბერს, მედიას უპასუხა, რომ „სამართლიანი მიდგომების მოლოდინი, სამწუხაროდ, სულ უფრო მცირდება“.

ბოლო პერიოდში ბრიუსელი განიცდის ღირებულებით უკუსვლას და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა მან.

მისი სიტყვებით, „ქართველი ხალხის მოლოდინი არის, რომ მანამ, სანამ საერთოდ რამეს იტყვიან საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე“.

იქვე დასძინა, რომ 4 ოქტომბრის „ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები“.

  • გაფართოების ანგარიშს საქართველოსთვის (ან ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის) უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
  • მაგრამ შესაძლოა, რომ პრეტესტი შექმნას ამ საკითხზე რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისათვის.
  • თუკი - როგორც ამ შემთხვევაში ხდება - ანგარიში სერიოზულ დემოკრატიული უკუსვლაზე საუბრობს, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება წევრი ქვეყნებისათვის თავიანთი პოზიციის გასამართლებლად.


ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG