Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლება" თუ "სუვერენიტეტით ვაჭრობა?" - ე.წ. არჩევნების მე-2 ტური აფხაზეთში ლოიალურ და უფრო ლოიალურ კანდიდატს შორის


ბადრა გუნბა (მარცხენა) და ადგურ არძინბა. დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები ოკუპირებულ აფხაზეთში. ილუსტრირებული ფოტო
ბადრა გუნბა (მარცხენა) და ადგურ არძინბა. დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები ოკუპირებულ აფხაზეთში. ილუსტრირებული ფოტო

2025 წლის 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევანი კეთდება ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ბადრა გუნბასა და ოპოზიციის ლიდერს, ადგურ არძინბას შორის.

ველით, „რომ საარჩევნო ციკლის დასრულება გამოიწვევს რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას და მისი კეთილდღეობის ზრდას რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების საფუძველზე“, - აცხადებენ მოსკოვში.

რას ელიან სოხუმში?

15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გუნბამ გაიმარჯვა შვიდიდან ექვს რაიონში (100 უბანზე), არძინბამ კი მხოლოდ ერთში (50 უბანზე). მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატი ღიად გამოხატავს რუსეთისადმი ლოიალურობას, მოსკოვი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ბადრა გუნბას, რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადამდგარ ასლან ბჟანიას გუნდის წევრი და კურსის გამგრძელებელია.

დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებმა მონაწილეობა მიიღეს სატელევიზიო დებატებში, რომელიც თითქმის ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა.

„პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ აფხაზი ხალხი სტაბილურობის, კრიმინალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთთან ურთიერთობების განვითარების მომხრეა“, - განაცხადა ბადრა გუნბამ. ის დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გამოიჩენს სიბრძნეს და „არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება”.

კანდიდატები

ბადრა გუნბა - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. მხარს უჭერს ასლან ბჟანიას პოლიტიკური კურსის გაგრძელებას, რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ადგურ არძინბა - ოპოზიციის წარმომადგენელი და აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი, დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. ამომრჩეველს ჰპირდება რადიკალურ ცვლილებებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ხელისუფლების გამჭვირვალობის გაზრდას და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას.

არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას არა მხოლოდ გუნბა-ბჟანიას გუნდი, არამედ რუსული პროპაგანდაც, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა, ადგურ არძინბამ არ გაიმარჯვოს.

რუსი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მეორე ტურის შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული, რადგან, მათი კვლევებით, გუნბას მიერ პირველ ტურში მიღებულ 46%-ს, მეორე ტურში, სულ ცოტა, 13% დაემატება, თუმცა, რუსული პროპაგანდა შიშობს, რომ ოპოზიცია არ მიიღებს მარცხს და პოლიტიკური პროცესები კვლავ ქუჩაში გადავა.

„თუ გუნბა მთელი თავისი ქმედებებით აჩვენებს მზადყოფნას, დაემორჩილოს ხალხის ნებას და გულმოდგინედ იმუშაოს რესპუბლიკის განვითარებისა და რუსეთთან კავშირების განმტკიცებისთვის, ოპოზიციის მხარდამჭერები გამოხატავენ მზადყოფნას, არჩევნების არასახარბიელო შედეგის შემთხვევაში, მიმართონ ძალადობას და ძალის გამოყენებით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება“, - წერს რუსული „კომსომოლსკაია პრავდა“, რომლის მიხედვითაც, არძინბას (ე.ი. ოპოზიციის) მომხრეები ცდილობდნენ საზოგადოების დესტაბილიზაციას, რაც გამოიხატება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და სომხური სოფლების მცხოვრებლების დაშინებაში.

დებატების მსვლელობისას ადგურ არძინბამ მიანიშნა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გუნბა-ბჟანიას გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩეველთა, მათ შორის, ეთნიკური სომხების მიმხრობას.

„აფხაზეთის სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელმა ალიკ მინოსიანმა მიიღო 730 მილიონი რუბლის (8,3 მლნ $) საინვესტიციო სესხი. რის საფუძველზე?“ - იკითხა ადგურ არძინბამ.

ადგურ არძინბა
ადგურ არძინბა

თუმცა, ვის მხარეს არის ადმინისტრაციული რესურსი, ეს საკითხიც ბოლომდე გაურკვეველია, რადგან აფხაზეთში შექმნილი ვითარების პირობებში ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამიჯვნა ფრიად პირობითია: 2024 წლის ნოემბრის კრიზისის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა (პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი) დაინიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა საარჩევნო კამპანიის გამო მას მოუწია შვებულებაში გასვლა, დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შესრულება კი დაიწყო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვალერი ბგანბამ, რომელიც ადგურ არძინბას (ოპოზიციური კანდიდატის) თანამოაზრეა. ბგანბამ, როგორც ადგილობრივი მედია წერს, სწორედ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლა დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი ქუჩუბერია.

რუსეთისა და საქართველოს ფაქტორი

დებატების მსვლელობისას ორივე კანდიდატი გამოხატავდა მზადყოფნას - განავითაროს კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა, მათ პოზიციებს შორის გარკვეული განსხვავებები მაინც შეინიშნებოდა.

„ვითარება მარტივი არაა, - თქვა ოპოზიციის კანდიდატმა, ადგურ არძინბამ, - აფხაზ ხალხს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება და ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია საკუთარი ბედისა და პრეზიდენტის არჩევა. ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში წინა პლანზე უნდა დავაყენოთ აფსუარა. ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, მათ შორის ეკონომიკაშიც. ყველა უნდა გავერთიანდეთ. დღეს აფხაზი ხალხი გაყოფილია. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი“.

აფსუარა – აფხაზური ტრადიციების, წეს-ჩვეულებების კრებული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. სიტყვასიტყვით „აფსუარა“ ითარგმნება როგორც „აფხაზობა“ და მოიცავს: უფროსებისა და უმცროსების პატივისცემას; ღირსებას, გამბედაობას, სამართლიანობას, სირცხვილს (აფხაშარა); აფხაზური ტრადიციებისა და სხვადასხვა წეს-ჩვეულების დაცვას.

ე.წ. ოპოზიციის კანდიდატის მიერ აფხაზეთის ინტერესების წინ წამოწევას ეჭვის თვალით უყურებენ რუსულ საექსპერტო წრეებში.

„ისინი, ვინც თავს ოპოზიციად თვლიან, სინამდვილეში ავანტიურისტები არიან, - მიაჩნია ალექსეი მარტინოვს, რუსეთის ახალი სახელმწიფოების ინსტიტუტის დირექტორს, - ამბობენ, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ურთიერთობა ექნება მათთან რუსეთს, ჩვენით ვირჩევთ პარტნიორებსო. ოპოზიცია ამზადებს ნიადაგს მეორე ტურის არალეგიტიმურად ცნობისთვის - ეს ფერადი რევოლუციების ორგანიზატორების საყვარელი სცენარია, რომელსაც ჩვეულებრივ მოჰყვება ქუჩაში გამოსული "გაბრაზებული ამომრჩევლები". როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარისთვის მოითხოვეს საარჩევნო კომისიების წევრების შეცვლა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობაში წმენდის ჩატარება. ზუსტად ასე იყო 20 წლის წინ უკრაინაში, ეს გვახსოვს და ვიცით, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს. ამას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეწოდოს რუსეთისკენ სვლა“.

თუმცა, თუ ე.წ. ოპოზიციურ კანდიდატს რუსეთის ინტერესებიდან გადახვევაში სდებენ ბრალს, თვითონ ადგურ არძინბა ცდილობს, თავისი ოპონენტი ბადრა გუნბა პროქართველობაში დაადანაშაულოს.

„ვხედავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები შეიცვალა. გვესმის ხმები, რომ აფხაზეთს სჭირდება კონფედერაციული ურთიერთობის მშენებლობა ან სულაც საქართველოს შემადგენლობაში შესვლა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ოფიციალური თვალსაზრისი, მაგრამ მაინც, ასეთი ხმები ისმის. როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოსთან, რუსეთთან და ყველა სხვასთან?“ - ჰკითხა ადგურ არძინბამ ბადრა გუნბას დებატების მსვლელობისას.

„ჩვენ ურთიერთობებს პირველ რიგში ვაღრმავებთ რუსეთთან, რომელიც არის აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი, - განაცხადა ბადრა გუნბამ, - თქვენ იცით, ჩვენი ქვეყნის შემდგომი საერთაშორისო აღიარება რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით ხდება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს მკაფიო პოზიცია ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს. მასთან ყველანაირი ურთიერთობა, მათ შორის კონფედერაციული, მიუღებელია, აფხაზ ხალხს თავისი ქვეყნის სტატუსი განსაზღვრული აქვს. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მკაფიო პოზიცია. განსხვავებული აზრი აფხაზეთში არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს“.

ბადრა გუნბა
ბადრა გუნბა

ბადრა გუნბას ამ განცხადებას ეხმიანება რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს მრჩეველი კან ტანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მიმდინარე „საპრეზიდენტო არჩევნები“ არ არის განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური კურსების ბრძოლა. მისი აზრით, ეს არის პიროვნებების და პროგრამების შეჯიბრება საერთო პრორუსული კონსენსუსის ფარგლებში.

„მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს აფხაზეთის მოსახლეობა პრეზიდენტად, რესპუბლიკის მომავალი დაკავშირებულია რუსეთთან. ურთიერთობები ბუნებრივად და გეგმაზომიერად ვითარდებოდა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია რუსეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის ოფიციალური აღიარება 2008 წელს. ეს იყო ხალხთა ძმობის ხანგრძლივი ისტორიის ლოგიკური გაგრძელება, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა ურთიერთობების თანამედროვე განვითარებას“.

თუმცა მოსკოვი, რომელსაც გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, „ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას აფხაზეთში“. ამის შესახებ განაცხადა კიდეც 28 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მოვლენებს, რაც წინ უძღოდა ასლან ბჟანიას გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, არეულობას უწოდებს.

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

„სამწუხაროდ, ნოემბრის არეულობის შემდეგ, აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარება სრულად არ დასტაბილურებულა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ 1 მარტს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, შეუფერხებლად მისცეს ხმა თავის კანდიდატს, ნების გამოვლენის პროცესი იქნება ორგანიზებული ეროვნული კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების მკაცრი დაცვით; კანონიერებისა და წესრიგის სათანადო უზრუნველყოფით და შედეგები იქნება აღიარებული ყველა პოლიტიკური ძალის მიერ. სწორედ ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კანონიერებაზე. მოსკოვი ელის, რომ საარჩევნო ციკლის დასრულება გამოიწვევს რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას და მისი კეთილდღეობის ზრდას რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების საფუძველზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებიც მოსკოვმა აფხაზეთში ბოლო თვეებში განახორციელა: „ჩატარდა სოხუმის აეროპორტის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, ადგილობრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა ტელემედიცინის ცენტრი, დაიწყო აფხაზეთის სკოლის მოსწავლეების ზოგადი სამედიცინო გამოკვლევის პროგრამა და კიდევ ბევრი სხვა“.

თუმცა მოსკოვის მოლოდინი, რომ საარჩევნო ციკლი 1 მარტს დასრულდება, რისი იმედიც მარია ზახაროვამ გამოთქვა, შესაძლოა არც გამართლდეს. როგორც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი და ომის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს წევრი ახრა ბჟანია ამბობს, აფხაზეთში ბევრია უკმაყოფილო მოსკოვის უხეში ჩარევით როგორც საარჩევნო, ასევე ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში:

„რუსული სახელმწიფო მედია და ანონიმური ონლაინპლატფორმების არმია დღედაღამ ურეცხავს ჩვენს მოქალაქეებს ტვინს ოპოზიციის პროთურქული შეთქმულების შესახებ, რაც, თვითონაც კარგად იციან, რომ სისულელეა. რუსეთის სამთავრობო უწყებები რუსეთიდან აძევებენ და მოქალაქეობას ართმევენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერებს. რეგიონული ადმინისტრაციებისა და არაფორმალური ავტორიტეტების მეშვეობით ზეწოლა ხორციელდება აფხაზურ სათვისტომოებზე. მოქმედებაშია მოყვანილი თვითმფრინავები, ორთქლმავლები, ლოკომოტივები, სამედიცინო აღჭურვილობები და ორკესტრები, რომლებიც რუსეთისთვის მისაღები კანდიდატის გამარჯვებაზე მუშაობენ. ჩერკესკსა და მოსკოვში გახსნილ საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი პერსონაჟები ცდილობენ ყალბი პასპორტებით ხმის მიცემას“.

ახრა ბჟანია
ახრა ბჟანია

ახრა ბჟანია კითხვას სვამს: იმის გათვალისწინებით, რომ არც აშშ, არც ევროკავშირი და არც თურქეთი არ აპირებენ აფხაზეთის აღიარებას, რას უნდა ემსახურებოდეს რუსეთის ასეთი მძაფრი რეაქცია აფხაზეთის სურვილზე, თავად განკარგოს თავისი ბუნებრივი რესურსები?

„იქნებ სწორედ ეს არ აწყობთ? არ აწყობთ თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული აფხაზეთი? ბოდიში, მაგრამ არავისთან ამის განაწილება არ შეგვიძლია! ვერავინ მიიღებს ვერც ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილს და ვერც მის ნახევარს. არც ერთი კანონი, არც ერთი შეთანხმება, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზებს ჩვენს მიწაზე, არ იქნება მიღებული არც საზოგადოების და არც პარლამენტის მიერ. ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ საკითხებზე კომპრომისზე წასვლისთვისაა მზად, მარსელებმაც რომ დაუჭირონ მხარი, ვეღარ იდგება აფხაზეთის სახელმწიფოს სათავეში! და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე მიიღებს ამ თაღლითობას, რასაც არჩევნები დაარქვეს, როცა ეროვნული უმცირესობების აბსოლუტური უმრავლესობა აიძულეს ხმა მიეცათ ანტიაფხაზური დღის წესრიგისთვის, ძალიან ცდება. საზოგადოება მიიღებს მხოლოდ სამართლიან არჩევნებს! <…> ახლა საუბარია არა იმდენად საპრეზიდენტო არჩევნებზე, რამდენადაც ისტორიული კურსის არჩევაზე! როგორ გვინდა შევაბიჯოთ მომავალში – თავისუფლებმა და ხვალინდელ დღეში დარწმუნებულებმა, თუ უხმოებმა და სუვერენიტეტით მოვაჭრეებმა. ფაქტობრივად, ზუსტად ეს წერია 2025 წლის 1 მარტის ბიულეტენში და ჩვენ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი გვაქვს!“ – დაწერა ახრა ბჟანიამ სოციალურ ქსელში.

  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
  • 2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG