„წარმოიდგინე, რომ შენც ამბობ და ვიღაც რვა საუკუნის წინაც ამბობდა: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“, - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.
- ბავშვობიდან მოყოლებული ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. რას ნიშნავს ეს და რით განსხვავდება ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, მაგალითად, შექსპირის ქვეყნისგან?
- ამაში მრავალფრად დაკეცილი აზრია. როდესაც ვამბობთ, რომ ვართ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, ვამბობთ, რომ ამ პოეზიის, ამ იდეალების ვართ, რაინდული სულისკვეთების. მე ამას ჩავდებდი ამ შინაარსში. ქალის და კაცის სიყვარული, მეგობრობა და ამ სიყვარულისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საკუთარი სამეფოს მიტოვება, უცხო მოყმის ძებნა, საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, თუნდაც ის, რომ ქალი ემანსიპირებულია, მმართველია.
რუსთაველის თექვსმეტმარცვლიანი მუსიკის ქვეშ წარიმართა ქართული კულტურა, მათ შორის ხალხური პოეზიაც.
რუსთაველის გავლენით, ყველა ჩვენი მეფე-პოეტი: თეიმურაზი, არჩილი, ვახტანგ მეექვსე რუსთველის პოეტები არიან. კი, მანამდეც წერდა დავით აღმაშენებელი, დემეტრე, თამარი, მაგრამ ბაგრატიონებს ეს ტრადიცია სხვა მიზეზის გამო ჰქონდათ, ეს დავით წინასწარმეტყველის სახე-ხატი იყო, მისი არქეტიპი.
- ხანდახან მგონია, რომ რუსთაველი იმერელი იყო. რაც მან გააკეთა მე-12 საუკუნეში, იგივე გააკეთა აკაკი წერეთელმა - მეცხრამეტეში, როდესაც ქართულ პოეზიაში სიმსუბუქე შემოიტანა.
- რუსთაველი უნივერსალური ადამიანია. საქართველო საერთოდ არა აქვს ნახსენები, თუმცა „ქართული“ კი ახსენა რამდენჯერმე - „ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები“. ეს ზოგადსაკაცობრიო ტექსტია, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო, რელიგიური... მისი ფერთა თეორია, მისი კოსმოსი, ფსიქოლოგია...
- ეკონომიკური თვალსაზრისით რატომ?
- „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ - ეს არის...
- ქრისტიანობა.
- თანამედროვე გლობალური ეკონომიკა ასე მუშაობს. ცდილობენ, ფული იყოს ინვესტირებული, ბრუნვაში. ერთ-ერთი ვერსიით, ის ხომ მეჭურჭლეთუხუცესი იყო.
- ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ფინანსთა მინისტრი, როგორც გოეთე იყო მინისტრი.
- რენესანსული ხელოვნების ადამიანები მრავალმხრივები არიან. ვერ ვიტყვით, მიქელანჯელოში რომელი უფრო ძლიერია - პოეტი, მხატვარი, მოაზროვნე, მოქანდაკე თუ ფლორენციის თავისუფლებისთვის მებრძოლი. რუსთაველიც სამყაროს მთლიან ხატს ხედავს და ეს პოეზიაში ითარგმნება.
- მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ძალიან ბევრ სფეროში გამოავლინეს თავი, მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მათ ვიცნობდით. ნანახი მაქვს რუსთაველის ფრესკა - პირისპირ რომ უყურებ, კიდევ სხვა განცდაა. ის არცერთ თავის პერსონაჟს არ ჰგავს. ვერ წარმოვიდგინე ის ტარიელად, რომელმაც კაცი კაცსა შემოტყორცნა. ავთანდილიც ზედმეტად პომპეზურია მისთვის, თუმცა თავისთავად ავთანდილი არ არის პომპეზური.
- ეს უკვე ასაკოვანი, ბერობის გზაზე შემდგარი რუსთაველია.
- ხომ აშკარაა, რომ ახალგაზრდაც როგორი ფიქრის ადამიანი იქნებოდა, რომ ასეთი რამის დაწერა მოახერხა. არ მგონია, პოემის წერა ჭარმაგს დაეწყო.
- მგონია, რომ იმ ასაკში დაწერა, რა ასაკშიც დანტემ „ღვთაებრივი კომედია“ შექმნა - „ჩვენი ცხოვრების ნახევარ გზაზე“, ეს არის 33-35 წლები. სავარაუდოდ, ამ დროს შეუდგებოდა. შესაძლოა, მერე მთელი ცხოვრება წერდა, როგორც გოეთე „ფაუსტს“, მაგრამ ტექსტს ეტყობა, რომ ზუსტად იცოდა თავისი ამოცანა.
- ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ უფრო მეგობრობაზეა. სიყვარულით იწყება, სიყვარულით მთავრდება, მაგრამ შუაში მთლიანად მეგობრობაა. შენ როგორ ხედავ ამას?
- თანაზომიერად ვხედავ. მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრობის გარეშე არაფერი ხდება. ავთანდილის გარეშე არაფერი ხდება. სადაც ავთანდილია, იქ არის ამბავიც. ავთანდილი არის შუქი, ცნობიერების ნათელი. ჩვენ ასეთი უცნაური ზღაპარი გვაქვს „რწყილი და ჭიანჭველა“. ესეც ძალიან ქართული ამბავია. ჭიანჭველა ყოფიერებითაა დამძიმებული - თავისზე დიდი ტვირთი წამოიკიდა. მას არ აქვს ცნობიერების სისხარტე, როგორც რწყილს. რწყილი სრულიად უანგაროდ მეგობრობის თოკს გრეხს, რომ ორმოდან ამოიყვანოს. ყველას რაღაც უნდა, ზოგს - რკო, ზოგს კიდევ რამე და ესეც უანგაროდ აძლევს. თითქოს უცნაური ამბავია, მაგრამ იგივეა.
მაგრამ სიყვარულიც ძალიან დიდია. განსაკუთრებით ნესტანის წერილი მიყვარს, რომელსაც ქაჯეთის ციხიდან იწერება. ადრე გაზაფხულობით ვკითხულობდი „ვეფხისტყაოსანს“. შამბებში რომ მიდიან ავთანდილი და ტარიელი. ძალიან მრუმე, მუქი მწვანე ლანდშაფტებია ჩემთვის, საღამოს სიმწვანე. მაღალი და დაბალი შაირის რიტმს ქალაქში ვერ იგრძნობ. ცხენზე რომ ზიხარ და ჩორთით მიდიხარ, მაშინ იქმნება ეს რიტმი - სოფელს რომ გაივლი, ტყეში რომ შეხვალ, მერე რომ გაივაკებ. ეს ხალხი ძალიან დიდ დროს ატარებდა ცხენზე. ავთანდილი ტარიელს რომ ნახავს გულწასულს, ჯერ ლომის სისხლს დაასხამს, რადგან მსგავსი მსგავსით შეიმეცნება და შემდეგ ცხენზე შესვამს, რადგან ცხენზე შეუძლებელია ის მხედრული სული არ იგრძნო.
- ყველა შემთხვევაში მხრებში უნდა გაიმართო.
- და აღარ შეგიძლია ტირილი, რაც ტარიელს ძალიან უყვარს.
- მოდით ასე ვთქვათ, სინამდვილეში რაზეა „ვეფხისტყაოსანი“, მისი ყველაზე ღრმა შინაარსი რა არის?
- გახლეჩილი ადამიანი, ადამიანი არის ქალი და კაცი ერთად. მთლიანობა არის ადამ და ევას გამოსყიდვა, მათი შეერთება. რუსთაველთან ვერცერთი ქალი და ვერცერთი კაცი ვერ იტყვის, რომ დამოუკიდებელია, ერთმანეთის გარეშე მათ არ შეუძლიათ.
და რასაკვირველია, ადამიანის ღვთაებრივი დანიშნულება. რუსთაველი პირდაპირ წერს, რომ ეს საღმრთო საღმრთოდ გასაგონი წიგნია.
- ყველა დიდი ამბავი შინ დაბრუნების ამბავია, ერთი და იგივე სიუჟეტი. მოგზაურობა გვჭირდება, რადგან იმ ადგილას უნდა დავბრუნდეთ, რომელიც არ გვახსოვს. ჩვენ ხომ ჩვენი დასაბამი, სამოთხე, საიდანაც გამოგვყარეს, არ გვახსოვს.
- სამოთხეც რომ არ იყოს და ითაკაზე დაბრუნება იყოს, თვისობრივად სულ სხვა ადამიანი ბრუნდები. სულ სხვაა ის ავთანდილი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ბოლოს არაბეთის მართვას იწყებს.
- ბევრი არ აქცევს ყურადღებას, რომ ავთანდილი, როდესაც ის პირველად ჩნდება ტექსტში, უწვერულვაშო ყმაწვილია, ანუ ბავშვი. ამ დროს რუსთაველი მას სრულყოფილ ადამიანად აწერს, განათლებით, გარეგნობით, სიმდიდრით, აღზრდით - ყველაფრით შემკულს. შემდეგ კი ირკვევა, რომ ეს სისრულე კი არ არის, პირიქით, მისი ნამდვილი გზა ახლა იწყება.
- ძალიან უცხო რამეა მიატოვო შეყვარებული, სამეფო, სიმდიდრე, ბედნიერი ცხოვრება და წახვიდე იმ ადამიანის მოსაძებნად, რომელიც არც იცი ვინ არის. მაგრამ სამყაროში ახალი ვერაფერი მოხდება, თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვედი, თუ არ გადალახე ის გარემო, სადაც კარგად გრძნობ თავს. შუა საუკუნეების ლიტერატურაში ყველა მოხეტიალეა, გრაალის მაძიებელი. ჩვენთან გრაალი ნესტანია, პერსონიფიცირებულია.
- გრაალი იგივე უკვდავებაა, ბარძიმი, რომლითაც ეზიარები.
- ჭეშმარიტებასთან ზიარება.
- რაღაცნაირად სიმბოლურია, რომ რუსთაველის ვინაობა არ ვიცით, თითქოს ამით უფრო ყველასია.
- საქართველოს გამაერთიანებელია. რუსთაველი გახდა იმ ენის გენია, რომლითაც ჩვენ ყველა ერთმანეთს ველაპარაკებით.
- ენაზე რადგან ვლაპარაკობთ: „მოვიდა კაცი, „სასიძო მოვაო“, მოსვლა გვახარა“, 21-ე საუკუნეშიც ხომ სწორედ ასე, ამ სიტყვებით ვიტყოდით ამ წინადადებას, არადა, რვა საუკუნეა გასული.
- საინტერესო ფენომენია, რომ ჩვენ გვესმის ძველი ქართული. ორი-სამი დღე რომ იკითხოს ადამიანმა ძველი ქართული, მეოთხე დღეს უკვე ყველაფერს გაიგებს.
- მხოლოდ ეს არ არის, მარტივად წერს რუსთველი, არ ხლართავს.
-თუმცა ხანდახან ისე ჩახლართავს ხოლმე, ისეთ ჩუქურთმას დადებს, პროცესს გაგრძნობინებს: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე..."
- მაგრამ მერე ნესტანის საქმრო უსისხლოდ მოკლა. რა უქნა, დაახრჩო?
- სავარაუდოდ. მერე ისჯება ამის გამო, ეს ხომ არსობრივად ქრისტიანული ტექსტია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეკლესია ებრძოდა. ერეკლეს დროსაც კი ვირის ხიდიდან „ვეფხისტყაოსნის“ 80 ხელნაწერს გადაუძახეს მტკვარში.
ნიკო მარი სულ ეძებდა „ვეფხისტყაოსნის“ სპარსულ ორიგინალს და ვერ მონახა. როგორ მონახავდა? ასეთ ძლიერ ქალებს სად ნახავ მე-12 საუკუნის სპარსულ ლიტერატურაში? რუსთაველი მხოლოდ გვეთამაშება, სპარსული ამბავი ვთარგმნეო.
- რით არის ტარიელი ასეთი მაგარი და უპირატესი, რომ ნესტანი მის იქით ვერავის ხედავს?
- ვინ არის ტარიელი? ორფეოსი, რომელიც დაკარგავს თავის ნესტანს, ტყის ნიმფას, რომელსაც ჰადესი წაიყვანს. ჰადესი იგივე ქაჯეთია, ქვენა სამყარო. აქ ჩადის ყველა გმირი, ბერძენი იქნება, ძველი შუმერი თუ ქართველი. ინიციაცია ჯოჯოხეთში ჩასვლის გარეშე შეუძლებელია. და ვინ გამოდის ჯოჯოხეთიდან ყველაზე გამარჯვებული? ქრისტე! ვინ ამოჰყავს ჯოჯოხეთიდან? ადამი და ევა! ორსახა ადამიანი, ქალური და მასკულინური - გაერთიანებული. აქაც ესაა, პირველ ადამიანთან დაბრუნების ამბავი. სხვათა შორის, სპარსული ინიციაციის ერთ-ერთი გზა ლომის და ვეფხვის გზაა, ლომზე ამხედრება. ლომის მხედარი ხდები, მზიური გმირი.
- როგორც წმინდა მამაი. სხვათა შორის, წმინდა გიორგიზე ბევრად უფრო პოპულარული იყო საქართველოში პირველ საუკუნეებში. ის ლომზე ამხედრებული გამოისახება. ათთეთრიანზეა დატანილი ეს გამოსახულება.
„ვეფხისტყაოსანი“ არის ისეთი რამ, რაც თაობებს აერთიანებს, რაღაც, რაც საუკუნეების განმავლობაში წინაპრებმაც იცოდნენ და ჩვენც ვიცით: მაგალითად, ალაზნის ველი, რომელიც არ შეცვლილა, შავი ზღვის ჰორიზონტი, კავკასიონი.
- ჰო, წარმოიდგინე, რომ შენც ამბობ და ვიღაც რვა საუკუნის წინაც ამბობდა: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.
- „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილია ასეთი ამბავი: თამარ მეფის ხელის სათხოვნად ჩამოდის მუტაფრადინი, კარნუ-ქალაქის, დღევანდელი ერზერუმის, უფლისწული. თან დიდი ამალა ახლავს, ტაიჭები და ავაზები, ძვირფასეულობა მოაქვს. როდესაც თამარი დაინახა, ცხარე ცრემლებით იტირა. მას თამარი არა, მაგრამ თამარის და მიათხოვეს. რუსთაველი ხომ სასახლის კარზე იყო და ამ ყველაფერს უყურებდა. შესაძლებელია ეს სცენა აისახა „ვეფხისტყაოსანში“.
- აქ ისეთი სცენები და დეტალებია, რომ ჩანს, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი არ არის. გამოცდილება თუ არა გაქვს, ვერ დაწერ. დედოფალთან და მეფესთან ბევრჯერ უნდა იყო შესული, რომ ეს პროტოკოლი იცოდე. ის ბრაზი და წყენა, რომლითაც ტარიელია აღვსილი, ფარსადანს რომ ეუბნება, მომაშორე შენი ქალი, გაათხოვეო... არ შეიძლება ადამიანს ამასთან რაღაც შეხება არ ჰქონოდა. აქ ძალიან საინტერესო ურთიერთობები უნდა ყოფილიყო. ქართველებს თამარი ყველასთვის ემეტებათ, რუსთველის გარდა. ჩემთვის ყველაზე კარგი წყვილი არის თამარი და რუსთველი. რუსთაველის ქვეყანა თუ ვართ, ეს არის თამარის და შოთას სიყვარული, ოღონდ შემდგარი სიყვარული.
- უნდა შედგეს?
- უნდა შედგეს, აბა, გიორგი რუსს უნდა გაჰყვეს თამარი? თამარი საქართველოს სული და სამშვინველია. ვისი უნდა იყოს ის? შოთასი, შოთა არის ამ ქვეყნის შემოქმედებითი ენერგია, შრომა, ნიჭი. უნდა შედგეს ეს სიყვარული და სხვებს არ უნდა გავაყოლოთ თამარი.
- სხვათა შორის, უფრო ერეკლეზე და გეორგიევსკის ტრაქტატზე ლაპარაკობენ ხოლმე და ყველას ავიწყდება, რომ პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთისკენ გახედვამ არ გაამართლა, სწორედ ის იყო, რომ თამარი გიორგი რუსს გააყოლეს.
-გიორგი რუსი არ ამართლებს. ეს ერთგვარი რეპეტიციაა, რომელიც გვეუბნება რა მოხდება, თუ საქართველოს გავაყოლებთ გიორგი რუსს.
- რა უცნაურია ეს ამბავი. თამარი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში საუკეთესო ქალი იყო, თავისი გარეგნობით, ხასიათით, გონებით, მდგომარეობით - მის ხელს ვინ აღარ თხოულობს და ყველაზე უარესს ატანენ.
- თან, როდესაც გიორგი რუსმა ტახტი მოითხოვა, ძალიან ბევრი თავადაზნაური მიემხრო კიდეც.
- შეიძლება ვთქვათ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ინდულგენციაა?
- არა, ყველა ქვეყანას აქვს თავის განსაკუთრებული მშვენიერება, ჩვენი ინტელექტუალური, სულიერი, კულტურული მშვენიერება არის „ვეფხისტყაოსანი“. ეს არის ის, რის გამოც ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება.
ფორუმი