Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა და სირიამ ირანის წინააღმდეგ პირი შეკრეს - ფიქრობენ თეირანში


სირიის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარჯვნივ) მიესალმება სირიის გარდამავალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ბაქოში, 12 ივლისს.
სირიის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარჯვნივ) მიესალმება სირიის გარდამავალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ბაქოში, 12 ივლისს.

გასულ შაბათ-კვირას სირიის გარდამავალი პრეზიდენტის, აჰმად ალ-შარაას ბაქოში ვიზიტმა რეგიონულ ალიანსებში მკვეთრ ცვლილებებს გაუსვა ხაზი, რამაც ირანის მედიაში შეშფოთება, ეჭვი და სტრატეგიული გადაფასებები გამოიწვია.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შარაას შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიდან გამოჩნდა ახალი ეტაპი სირია-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. ორივე ლიდერმა აღიარა წარსულში სტაგნაცია, რაშიც პირდაპირ დაადანაშაულეს გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის „არამეგობრული პოლიტიკა“და პირობა დადეს, რომ აღადგენენ და გააღრმავებენ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შედეგად მიაღწიეს თურქეთის გავლით აზერბაიჯანული გაზის სირიაში ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. ოფიციალურმა პირებმა ეს შეთანხმება სირიის ქრონიკული ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრის აუცილებელ საშუალებად შეაფასეს.

ამავე დროს, სხვადასხვა მედიამ, მათ შორის ისრაელის მედიამ, განაცხადა, რომ სირიელი და ისრაელელი ოფიციალური პირები არაოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს ამ ვიზიტის კულუარებში. გაურკვეველია, დაესწრო თუ არა შარაა ამ შეხვედრას, მაგრამ თავად ამ ფაქტმა - შეხვედრამ, რომელიც რეგიონში ისრაელის მთავარი მოკავშირის, აზერბაიჯანის, ხელშეწყობით მოხდა - კიდევ უფრო გაამწვავა თეირანში შეშფოთება.

რა გაიფიქრეს თეირანში 16 ივლისს, როცა ისრაელის მიერ დამასკის დრონებით დაბომბვის ამბავი შეიტყვეს, არაა ცნობილი. თავდასხმა განხორციელდა დამასკში, პრეზიდენტის სასახლის ახლოს მდებარე სირიის გენერალურ შტაბზე.

იერიშს წინ უძღოდა ისრაელის მხრიდან სირიის ამჟამინდელი მმართველების გაფრთხილება - გამოეყვანათ ჯარი სირიის სამხრეთ ქალაქ სუვაიდადან, სადაც ისინი დრუზების თემსა და ბედუინებს შორის დაპირისპირებაში არიან ჩარეული.

სირიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა “კანონს მიღმა” დაჯგუფებები და გამოაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალების შეყვანის მიზანი არეალში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა.


შარაა, ყოფილი მეამბოხე, რომელიც აბუ მოჰამედ ალ-ჯოლანის საბრძოლო მეტსახელითაა ცნობილი, აშშ-ის მიერ ტერორისტად იყო შერაცხილი და მისი მოკვლისთვის დიდი ფულადი თანხა იყო დაწესებული. ის თავისი ძალებით შეუერთდა ამბოხებულებს, რომლებსაც თურქეთი უმაგრებდა ზურგს და 2024 წლის დეკემბერში მეთაურობდა თავის „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს“ (HTS) ელვისებურ შეტევაში, რომელმაც საბოლოოდ დაამხო პრეზიდენტ ასადის მთავრობა, რომელსაც ირანი და რუსეთი უჭერდნენ მხარს. შარაა დიდი ხანია არაა, რაც ტერორისტების სიიდან ამოიღეს.

უსაფრთხოების პრობლემები

პუბლიკაციების ავტორების აზრით, ირანულ მედიაში საერთო შეშფოთებას იწვევს სირიის ბრძოლის ველიდან მეამბოხეების აქტიურობა კავკასიაში, რაც პირდაპირ ირანის საზღვარს ეხება.

რეფორმების მომხრე გაზეთი, Arman-e Melli ამტკიცებდა, რომ დამასკსა და ბაქოს შორის მზარდი ურთიერთობის ერთ-ერთი ასპექტი გახდება სირიაში განთავსებული მებრძოლების თურქეთის გავლით აზერბაიჯანში არსებულ ბაზებზე გადაყვანა - მოვლენების პოტენციურ განვითარებას შარაასთვის „მისიას“ უწოდებს გაზეთი.

გაზეთის ვარაუდით, მათი იქ ყოფნის მიზანი იქნება ირანისა და რუსეთის საზღვრების გასწვრივ არსებული ტერიტორიების დესტაბილიზაცია და ოპერაციების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნებოდა უფრო ფართო ღერძის - ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.

მსგავსი აზრი გამოთქვა კონსერვატიულმა გაზეთმა Farhikhtegan-მა, რომელიც ამტკიცებდა, რომ შარაა ფიქრობს თავისი მებრძოლების ხელახლა განლაგებაზე, რათა დააკმაყოფილოს აშშ-ის მოთხოვნა, რომელიც სირიიდან უცხოელი მებრძოლების გაყვანას ეხება. ასეთი გეგმის თანახმად, როგორც გაზეთი ამბობს, აზერბაიჯანი სტრატეგიულ ცენტრად ჩამოყალიბდებოდა; ან კავკასიასა და რუსეთში შემდგომი შეღწევის დასაწყებად, ან დასახლების ადგილად ისეთ რეგიონებში, როგორიც ყარაბაღია.

"გზავნილი" ირანისთვის

ისრაელის ტელეარხმა i24NEWS-მა, სირიის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ისრაელმა და აშშ-მა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაქოში ისრაელისა და სირიის ოფიციალურ პირებს შორის გაიმართოს შეხვედრა „ირანისთვის შეტყობინების გაგზავნის“ მიზნით.

ამ ინფორმაციაზე მითითებით, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის გაზეთმა Jam-e Jam-მა განაცხადა, რომ ბაქოს წლების განმავლობაში ირანის საწინააღმდეგო ოპერაციებში სავარაუდო მონაწილეობისა და ბოლო ომის დროს ისრაელთან მისი თანამშრომლობაზე ეჭვების გათვალისწინებით, შეიძლება ეს აღიქვან „ნათელ მტკიცებულებად“, რომ ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა ისრაელთან თანამშრომლობს ირანის წინააღმდეგ.

Jam-e Jam-მა კონკრეტულად დაასახელა აზერბაიჯანი და მისი მოკავშირეები - თურქეთი და ისრაელი, როგორც ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან „ირანის ინტერესების საწინააღმდეგო ახალი დინამიკის ჩამოყალიბებაში“.

გაზეთში აღნიშნული იყო, რომ საბოლოო ჯამში, ირანს მოუწევს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა როგორც დიპლომატიური, ასევე უსაფრთხოების კუთხით. საჭირო იქნება ისეთ მეზობლებთან, როგორებიცაა სომხეთი და რუსეთი კავშირების გაძლიერებით და „ბაქოს პროვოკაციების“ წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დაკავება.

თეირანი მზარდი შეშფოთებით აკვირდება აზერბაიჯანის მიერ ისრაელთან სულ უფრო მჭიდრო კავშირებს.

ბოლო წლებში პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რასაც ადასტურებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ბაქოს მიერ 2023 წელს თელ-ავივში საელჩოს გახსნა. ამ მოვლენებმა მხოლოდ გაზარდა ირანის უნდობლობა.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, გასულ თვეში ალიევს მოუწოდა, „გამოეძია და გადაემოწმებინა“ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ისრაელის დრონები, მათ შორის, მიკროდრონები, ირანის საჰაერო სივრცეში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შეიჭრა 12-დღიანი ომისას, რომელიც 24 ივნისს ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა.

ალიევმა უარყო ბრალდებები და დაბეჯითებით განაცხადა, რომ მისი მთავრობა არასდროს დაუშვებს აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG