Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იყო ტრიბუნალი სრებრენიცის გამო და როგორი იქნება უკრაინაზე - ინტერვიუ იუგოსლავიის შესახებ ტრიბუნალის მონაწილესთან


როდოვან კარაჯიჩი სასამართლოს სკამზე. ნიდერლანდი, 2016 წელი
როდოვან კარაჯიჩი სასამართლოს სკამზე. ნიდერლანდი, 2016 წელი

30 წლის წინ, ბალკანეთში ომის დროს ბოსნიელმა სერბებმა გენერალ რატკო მლადიჩის მეთაურობით, ქალაქ სრებრენიცაში, რომელიც დღევანდელი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე მდებარეობს, 8 372 ბოსნიელი მუსლიმი დახვრიტეს. ეს იყო ყველაზე მასობრივი მკვლელობა ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორები საერთაშორისო ტრიბუნალმა დასაჯა. ბოსნიელი სერბების ლიდერს როდოვან კარაჯიჩს ეთნიკური წმენდის გამო თავიდან 40 წელი მიუსაჯეს, შემდეგ კი სამუდამო პატიმრობა. გენერალი რატკო მლადიჩი 2017 წელს გენოციდში, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ დახოცვასა და სხვა სამხედრო დანაშაულებში იყო ბრალდებული, მათ შორის სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში. მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება ბევრი ექსპერტი სწორედ ყოფილი იუგოსლავიის მოვლენებს ადარებს. უკრაინასა და დასავლეთში ბევრი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის სამხედროებიანად ერთხელაც მსგავსი ტრიბუნალის პროცესზე გასამართლდება, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის გამო ბუჩასა თუ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორ შეიძლება ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალის გამოცდილების გამოყენება იმ დანაშაულებათა გამოსაძიებლად და დასასჯელად, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სჩადის? „ნასტოიაშჩეე ვრემია“ ანტონ ნიკიფოროვს ესაუბრა. ის საერთაშორისო ტრიბუნალის დროს პროკურორის მრჩეველი იყო.

- იუგოსლავიაზე ჩატარებული ტრიბუნალის გამოცდილება შეიძლება უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად გამოდგეს, და თუ კი, როგორ?

- ვფიქრობ, გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ამა თუ იმ დოზით, როგორც იურისპრუდენციის ნაწილი. ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ეყრდნობიან, მათ შორის სრებრენიცის გენოციდთან დაკავშირებითაც. ისინი იურისპრუდენციის, საერთაშორისო სამართლის ნაწილია.

- გახსოვთ, როგორ განიხილავდნენ სრებრენიცაში მომხდარს სასამართლოზე და როგორ დაადგინეს, რომ ეს გენოციდი იყო?

- სრებრენიცის საკითხი რთული იყო, ვერ ვიტყვით, რომ ის იოლად გადაწყდა. ეს გაგონილი კი არ მაქვს, იქ ვმუშაობდი. ეს ერთადერთი დანაშაულია, რომელიც ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში 4,5-წლიანი ომის განმავლობაში გენოციდად შეფასდა.

პროკურორები ამ პროცესზე რამდენჯერმე შეეცადნენ, დაემტკიცებინათ, რომ გენოციდი სხვა ადგილებშიც მოხდა, რომ ე.წ. „ეთნიკური წმენდები“ აღმოსავლეთ და დასავლეთ ბოსნიაში ასევე შეიძლებოდა გენოციდად მიგვეჩნია. მაგრამ სასამართლო ამას არ დაეთანხმა და მხოლოდ სრებრენიცაში 1995 წელს მომხდარი აღიარა გენოციდად.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი საერთაშორისო პროცესები? ამ განაჩენებზე ხომ დღემდე დავობენ: მაგალითად, სერბი პოლიტიკოსები მას ასაჩივრებენ და მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინისა და ნეთანიაჰუს დასაკავებლად ორდერები გასცა, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ სჯერა, რომ მათ მართლაც დააპატიმრებენ.

- სიმართლე გითხრათ, მეც ვერ წარმომიდენია, რომ პუტინს ან ნეთანიაჰუს, ან სხვა მსგავსი კალიბრის ადამიანებს გაასამართლებენ. ამერიკელებიც არასოდეს დაუშვებენ, რომ მათი ხალხიდან ვინმე ავღანეთის და ერაყის საქმეზე გასამართლდეს.

მაგრამ აქ სხვა რამეა, ტრიბუნალები - ძველი თუ ახლა რომლის შექმნაც უნდათ - კეთდება იმისთვის, რომ წერტილი დასვან და თანაც საჯაროდ. თუნდაც, ამ ადამიანის დაკავებისა და გასამართლების საშუალება არ ჰქონდეთ, მაგრამ ჰქონდეთ საშუალება ღიად წარადგინონ მტკიცებულებები. რომ არავითარი ეჭვი აღარ დარჩეს, რა სახით დავუტოვოთ ის შთამომავლობას. ეს უნდა ითქვას და შეწინააღმდეგება შეუძლებელია, ფაქტები ჩვენ წინაა.

ანუ, დიახ, ეს კეთდება გამჭვირვალობის გამო. და დიახ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებს უარყოფენ. სრებრენიცასთან დაკავშირებითაც კი ბერი სერბი და სერბი პოლიტიკოსი ისევ და ისევ ირწმუნებოდა, რომ იქ გენოციდი არ მომხდარა. დანაშაულს არ უარყოფდნენ, არც მასობრივად ხალხის გაწყვეტას, მაგრამ ამბობენ, ეს მკვლელობა გენოციდი არ ყოფილაო. ამბობენ, რომ ეს მულტინაციონალური ომი იყო, თითქმის სამოქალაქო, ამიტომ გენოციდი ვერ იქნებოდა.

მაგრამ სასამართლომ მაინც გამოყო ეს სპეციფიკური დანაშაული. გენოციდის დამტკიცება ძალიან რთულია, რადგან ე.წ. „მენტალური ფაქტორის“ არსებობა უნდა დაამტკიცო, ის, რომ სწორედ გენოციდის ჩადენის სურვილი არსებობდა. თანაც ეს მეთაურების დონეზეა დასამტკიცებელი. ანუ მხოლოდ ვიღაც ჯარისკაცს კი არ სურდა გენოციდი, არამედ ასეთი პოლიტიკური ნება იყო - გაენადგურებინათ მთლიანად თუ ნაწილობრივ რომელიმე ხალხი ან ჯგუფი. გესმით? ეს ძნელია. ამას უარყოფენ. ახლაც კი.

მაგრამ თანამედროვე ომში, რასაც ახლა ვხედავთ, ფაქტების უარყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, რა კვალიფიკაცია მიეცემა, ეს უკვე სხვა საქმეა. ჩანს ეს კვალიფიკაციები გასაჩივრდება. ამაში ეჭვიც არ მეპარება.

- რამდენად შეიცვალა მსგავსი პროცესებისთვის მტკიცებულებების შეგროვების პრაქტიკა 30 წლის განმავლობაში?

- მართლაც ბევრი რამ მოხდა 30 წლის განმავლობაში. გამოცდილება საერთაშორისო ტრიბუნალებმაც დააგროვეს - რამდენიმე იყო, რუანდასა და ყოფილი იუგოსლავიის გარდა. იყო ასევე დროებითი ტრიბუნალები კამბოჯის საკითხზე, შერეული ტრიბუნალები, საერთაშორისო-ნაციონალური ტრიბუნალები. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ამუშავდა. ამ წლების განმავლობაში სერიოზული წინსვლა იყო, სამეცნიერო მიდგომებისა და მტკიცებულებების მოძიების კუთხით. განსაზღვრულია, რა უნდა შეგროვდეს.

რამდენადაც ვხედავ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის თაობაზე მტკიცებულებებს საშური სისწრაფით აგროვებენ. ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება. 30 წლის წინ მსგავსი არაფერი იყო: არავითარი დრონები, ტელეფონები, პირდაპირი ეთერები.

ახლა სულ სხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობებია. თანამგზავრებს იყენებენ, ბოლო სამეცნიერო მიღწევებს, forensic science-ის [სასამართლო ექსპერტიზა, რომელიც სწავლობს ადამიანებისა და საგნების დატოვებულ კვალს-მტკიცებულებებს - რ.თ.] თვალსაზრისით - ეს რაც სასამართლო ექსპერტიზას ეხება. მაგალითად, დნმ ანალიზმა შესაძლებელი გახდა სრებრიცის 6 500 მსხვერპლის იდენტიფიცირება.

მას მერე ძალიან შორს წავედით. გაცილებით სწრაფად გროვდება მასალები, დრონებიდან, პირდაპირ ეთერში - ყველაფერი ჩანს, არაფერი იმალება. და რაც ხდება თითქმის მყისიერად პრესაში აისახება. ხალხიც ერთმანეთს უზიარებს. უამრავი თვითმხილველია. ვერაფერს დამალავ, ვერაფერს!

- ყოფილო იუგოსლავიის საქმეზე ტრიბუნალმა ბოლო განაჩენი 2017 წელს გამოიტანა. თუმცა, კონფლიქტი 2001 წელს დასრულდა. ამდენი ხანი რატომ ჭირდება საერთაშორისო გამოძიებას?

- ეს მართაც ძალიან ხანგრძლივი საქმე იყო. სამწუხაროდ, ისეთი ტრიბუნალები, როგორიც რუანდასა და იუგოსლავიასთან დაკავშირებით გაიმართა, აღარ იქნება. ძალიან გრძელი და ძვირადღირებული გამოდგა.

რატომ? იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელშიც ხალხი მთელი მსოფლიოდან ერთვება. საჭიროა თარგმანი 3-4 ენაზე. საჭიროა იმ ფაქტების შეგროვება, რომელიც სხვა ქვეყანაში მოხდა და ეს ძალიან რთულია. მასალებზეც ყოველთვის არ მიგიწვდება ხელი და არც იმ ადგილზე, სადაც დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ შეიქმნა ამდენი დაბრკოლება.

საერთაშორისო სასამართლომ ნებისმიერი დეტალი უნდა გამოიკვლიოს. საუკეთესო მტკიცებულებები დაურთოს. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. თან თარგმნა, მივლინებები სხვა ქვეყნებში, მოწმეების ძებნა ადგილზე - ამასაც დიდი დრო უნდა.

კიდევ პროცესი - ნებისმიერი სასამართლო რომ ავიღოთ, თუნდაც ამერიკული, ძალიან გრძელი პროცესი აქვს. თუმცა, ბევრი რამ გააკეთეს მის შესამოკლებლად. როდესაც კომპრომისს პოულობენ, მხარეები თანხმდებიან: „კარგი, ჩვენ ამას ვაღიარებთ, თქვენ ის აღიარეთ და მოვრჩეთ“. სხვაგვარად პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს. იუგოსლავიასთან დაკავშირებული სასამართლოც ამის მაგალითი იყო. ყველაფერი ისე გაიწელა, რომ ორგანიზატორები საბოლოოდ შეთანხმებაზე წავიდნენ.

- ტრიბუნალს უკრაინის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგში იქმნება, აქვს შანსი რუსეთის ხელისუფლება გაასამართლოს?

- ევროსაბჭოს ეგიდით რაც იქმნება იმას სწორედ ეს მიზანი აქვს - უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამოძიება. საერთაშორისო სასამართლოს აგრესიის განხილვა ჯერ არ შეუძლია, ამ ტრიბუნალს კი შეეძლება. მას საშუალება ექნება მკაფიოდ თქვას, რომ აგრესია მოხდა. მგონია, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის.

ფორუმი

ამავე თემაზე

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG