ივან ტოლსტოი: მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით მითი უფრო მეტია თუ სინამდვილე?
ოლეგ ბუდნიცკი: ძნელი სათქმელია, მაგალითად, ომის დანაკარგები. ეს საკითხი სულ აქტუალურია. როგორ იცვლებოდა ჩვენი ცოდნა წითელი არმიის, ზოგადად საბჭოთა ადამიანების დანაკარგის შესახებ? სტალინმა ომის შემდეგ 7 მილიონი ადამიანი დაასახელა დაკარგულად. ხრუშჩოვის დროს 20 მილიონი თქვეს. „პერესტროიკის“ პერიოდში დაღუპულების რაოდენობა 29 მილიონამდე გაიზარდა. მე აქ ისტორიკოსების მიგნებებზე არ ვლაპარაკობ, არამედ იმაზე, რაც კომპარტიის გენერალურმა მდივანმა თქვა.
ომის დროს საბჭოთა კავშირის დანაკარგზე პირველი წიგნი 1993 წელს გამოვიდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი წლის შემდეგ?! გამოცემა ძალიან გააკრიტიკეს, ახლაც განიხილავენ. თუ იმას ნახავთ, მოწინააღმდეგის დანაკარგზე რას წერენ და ლაპარაკობენ, ეს მითები გაორმაგდება.
ომის დროს, გასაგებია, ეს პროპაგანდაა და არა ისტორია, მაგრამ ომის შემდეგაც სრულიად წარმოუდგენელ რიცხვებს ასახელებდნენ. მაგალითად, სტალინმა თავისი ცნობილი გამოსვლის დროს, 1941 წლის 6 ნოემბერს, თქვა, გერმანიამ უკვე 4 მილიონ ადამიანზე მეტი დაკარგა და მალე გავიმარჯვებთ კიდეცო. ამ რიცხვებს მერეც იმეორებდნენ.
ივან ტოლსტოი: ბოლო-ბოლო რამეზე შეჯერდნენ ისტორიკოსები?
ოლეგ ბუდნიცკი: არ უნდა დაუჯეროთ იმას, რასაც რუსი ისტორიკოსები წერენ. ჯობს გერმანელებს დავეყრდნოთ, ჩანს, ისინი უფრო ზუსტად ითვლიან. უშუალოდ ომის მსხვერპლებზე თუ ვსაუბრობთ, ეს 26 მილიონი ადამიანია.
ივან ტოლსტოი: ვინ იკვლევდა ამას დასავლეთში?
ოლეგ ბუდნიცკი: ბევრი კვლევა დაიწერა, მათ შორის ფუნდამენტური ნაშრომი რუსეთის მოსახლეობის შესახებ მე-20 საუკუნეში. ეს რიცხვები დიდად ეჭვს არ იწვევს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ 40 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამდენი კაცი რომ მოკვდეს, მოსახლეობაც შესაბამისი უნდა იყოს. დემოგრაფია შედარებით ზუსტი მეცნიერებაა. ზოგადი ციფრები დანაკარგთან დაკავშირებით დაახლოებით 26 მილიონი და 700 ათასი ადამიანია, ანუ თუ დავამრგვალებთ, 27 მილიონი.
მნიშვნელოვნად განსხვავდება საბჭოთა და გერმანული მონაცემები ტყვეებთან დაკავშირებით. საბჭოთა-რუსი ისტორიკოსები ითვლიდნენ იმათ, ვინც წითელ არმიასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტში ირიცხებოდა. მაგრამ სხვებიც იბრძოდნენ, მაგალითად, მოხალისეობრივი რაზმები, მათი აღრიცხვა ვერ მოესწრო, ადგილობრივი მილიცია და ასე შემდეგ.
გერმანული მონაცემები უფრო სანდოა, მათ რეალური ხალხი ჰყავდათ ბანაკებში. მაგალითად, კიევის ოპერაციის დროს, რუსული მონაცემებით, 450 ათას ადამიანზე მეტი დაკარგეს, გერმანელები კი წერდნენ, რომ ტყვედ აიყვანეს 500 ათას ადამიანზე მეტი. ასეთი შეუსაბამობები ხშირია.
ივან ტოლსტოი: ადამიანებზე რომ ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული მითი რომელია?
ოლეგ ბუდნიცკი: უფრო სტერეოტიპებს დავარქმევდი. საბჭოთა ფორმულა ასეთი იყო: ჩვენ გავიმარჯვეთ სოციალისტური წყობის, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელების, საბჭოთა ხალხების ერთობის გამო. საბჭოთა სკოლაში ვისაც უსწავლია, ეს ფორმულა კარგად ემახსოვრება. ისტორიის შესწავლა ამტკიცებს, რომ რეალობა მთლად ასეთი არ იყო.
მაგალითად, „საბჭოთა ხალხების ძმობა და მეგობრობა“, სხვადასხვა ერები სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ. ეს განსაკუთრებით იმ ტერიტორიებს ეხება, რომლებიც საბჭოთა კავშირს 1939-1940 წლებში შეუერთდა.
როდესაც ვეცნობით დოკუმენტებს, რომლებიც ახლა გახდა ხელმისაწვდომი, ვხედავთ, რომ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებს თავი არ გამოუდიათ ახალშეძენილი საბჭოთა სოციალისტური სამშობლოს დასაცავად. ნაწილობრივ ეს ეხებოდა უკრაინის დასავლეთ ნაწილსაც. ეს იმიტომ, რომ ამ ტერიტორიების გასაბჭოების პროცესი ძალიან სწრაფი და სასტიკი იყო. ის, რაც დანარჩენმა ქვეყნებმა 1920-1930 წლების განმავლობაში გაიარეს, ბალტიის ქვეყნებში დაახლოებით ერთ წელიწადში გააკეთეს. ამით საბჭოთა ხელისუფლებას მეგობრები არ შეუძენია.
დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე, ზოგიერთ სამხედრო დანაყოფებზე წერია, რომ დღეში ოთხი-ხუთი ათასი ადამიანი გარბოდა ბრძოლის ველიდან, დეზერტირობას ირჩევდნენ. ზოგი საერთოდ ზურგში ესროდა. ეს ტერიტორიები ვერმახტმა ძალიან სწრაფად გაიარა. მოსახლეობის ნაწილი მას მიესალმებოდა, მეტიც, წითელი არმიის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.
რაც შეეხება კოლაბორაციონიზმს, იყვნენ იდეური კოლაბორაციონისტები - ეს ის ხალხია, რომელიც საბჭოთა კავშირს ეწინააღმდეგებოდა. ომმა მათ საშუალება მისცა, საბჭოთა ხელისუფლებას დაჰპირისპირებოდნენ. ზოგი შეცდომით, როგორც შემდეგ ცხოვრებამ აჩვენა, ფიქრობდა, რომ ჰიტლერთან ერთად რუსეთს ბოლშევიზმისგან გაათავისუფლებდა. მწარედ შეცდნენ.
გასაგებია, რომ მასობრივმა რეპრესიებმა, მეთოდებმა, რომლებითაც სოციალიზმს ამკვიდრებდნენ, თავისი კვალი დატოვა. იმ ხალხს შორის, რომელიც შესაძლო მოწინააღმდეგეს ელოდა (აუცილებელი არ იყო ეს ნაცისტური გერმანია ყოფილიყო), როგორც შესაძლებლობას, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსულიყო, იყვნენ წარმატებული ადამიანებიც: საბჭოთა მწერლები, ჟურნალისტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები. მათ არ მოსწონდათ ის, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, ამიტომ ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ. მაგრამ „თანამშრომელთა“ დიდი უმრავლესობა მაინც ის ხალხი იყო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
კოლაბორაციონისტების რაოდენობა, მათ შორის შეიარაღებული ფორმირებების, პოლიციის ჩათვლით, მილიონ ადამიანზე მეტია. ეს მხოლოდ ისინი, ვისაც ხელში იარაღი ეჭირა, ვისაც რაღაც ადმინისტრაციული თანამდებობა ჰქონდა. ეს გიგანტური რიცხვია. ბევრი მათგანი მონაწილეობდა მასობრივ დახვრეტებში, პარტიზანებთან ბრძოლებში.
ომის მერე დასჯილი კოლაბორაციონისტების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დიდი იყო - 1943-1953 წლებში 353-354 ათასი ადამიანი. იყო საჯარო პროცესები, მაგალითად, ხარკოვში ჩამოხრჩობა. კრასნოდარში პროცესების უმეტესობა დახურეს, რადგან კოლაბორაციონიზმის მასშტაბის გახმაურება არ სურდათ.
ივან ტოლსტოი: კიდევ რა სტერეოტიპებია ომთან დაკავშირებით?
ოლეგ ბუდნიცკი: ის, რაც სხვა ფრონტებზე ხდებოდა. ყველამ იცის 1944 წელს გახსნილი მეორე ფრონტი, მაგრამ ყურადღების მიღმა დარჩა პირველი, რომელიც, მაგალითად, 1940 წელს იყო, როდესაც ნაცისტურ გერმანიას მხოლოდ დიდი ბრიტანეთი ებრძოდა. ბრიტანეთს ჰიტლერისთვის რომ დაეთმო, გაურკვეველია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
ომი იყო მრავალმხრივი, მრავალი შემადგენელი ნაწილით და ძალიან ბევრმა რამ ითამაშა როლი იმაში, რომ სსრკ გამარჯვებულებს შორის აღმოჩენილიყო. უნდა გვესმოდეს, ეს რომ მხოლოდ სსრკ-სა და გერმანიის ბრძოლა ყოფილიყო, სულ სხვა შედეგი იქნებოდა. მაშინ სსრკ-მ, აშშ-მ, ბრიტანეთმა მოახერხეს, საერთო ენა და თანამშრომლობის ფორმები გამოენახათ. მგონია, რომ ეს ფაქტი რაღაცნაირად განზე რჩებათ და ომის მსოფლიო მასშტაბს ვერ აღიქვამენ.
ფორუმი