ცნობა მეუღლის გარდაცვალების შესახებ მისმა ცოლმა, ჟურნალისტმა კატერინა მოტრიჩმა 15 ივნისს სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„იური აღარ არის...ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ის იყო ჩემი სამყარო, ჩემი სული, ჩემი სინათლე. ვერ ვეგუები ამ დანაკარგს. მგონია, რომ გავნადგურდი“.
როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა უკრაინელი მსახიობი, ამის შესახებ დეტალები მედიაში არ ვრცელდება.
ცნობილია, რომ იური ფელიპენკო 2024 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
იმავე წლის აპრილიდან კი ის 92-ე ცალკეული შეტევითი ბრიგადის, უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფის, „აქილევსის“ წევრი გახდა.
ომში წასვლამდე, მსახიობობის პარალელურად ის მოხალისეობრივი საქმიანობით იყო დაკავებული.
მსახიობი ფელიპენკო
იური ფელიპენკო ქალაქ ზაპოროჟიეში 1993 წლის 8 მაისს დაიბადა. თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2016 წლიდან ის კიევის აკადემიური დრამის თეატრის, „პოდილის“ მსახიობი გახდა. ამ სცენაზე მან 20-მდე როლი ითამაშა.
მსახიობი კინოეკრანზე პირველად 2014 წელს გამოჩნდა დეტექტიურ სერიალში „მუხტარის დაბრუნება“.
იქიდან მოყოლებული მან 15-მდე ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ტელესერიალებმა “დეპარტამენტი 44” და „რას აკეთებს შენი ცოლი“.
2020 წელს იური ფელიპენკომ შეასრულა მთავარი როლი მელოდრამაში „ვნების ფერი“.
მსახიობის უკანასკნელი როლი კი აღმოჩნდა ტელესერიალში „პირობა ღმერთს“, რომელიც ეკრანებზე 2024 წლის აპრილში გამოვიდა.
ჯარისკაცი ფელიპენკო
იური ფელიპენკომ ომში წასვლის გადაწყვეტილების შესახებ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ვრცლად ილაპარაკა youtub-არხზე, „ебаут“. ჟურნალისტი, რომელიც მას კითხვებს უსვამდა, იყო მისი ცოლი, კატერინა მოტრიჩი. კატერინამ ეს არხი სამი წლის შექმნა, ამ არხზე რესპონდენტები ძირითადად ე.წ. ტაბუდადებულ თემებზე ლაპარაკობენ.
იური და კატერინა ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის გაზაფხულზე, ქალაქ ხარკოვში დაქორწინდნენ.
ერთსაათიან ინტერვიუში იური ჰყვება, როგორ და რატომ მიიღო ომში წასვლის გადაწყვეტილება, რა არის მისი მიზანი, შეძლებს თუ არა დაუბრუნდეს კარიერას...
„იქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებთან ყოფნაც მსიამოვნებს“, - ამბობს ინტერვიუში იური და ამატებს:
„რა თქმა უნდა, სახლში გაცილებით კარგია, მაგრამ ახლა ეს არის ჩემი საქმე და ეს საქმე უნდა გავაკეთო. მიწევს სწავლა, რადგან ის, რასაც ვაკეთებ, არ არის ადვილი და სწავლას მოითხოვს. ამ ომში ყოფნას არ ვუყურებ როგორც მოვალეობას. უბრალოდ, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ მე იქ არ ვიყო“.
იური ფელიპენკო ინტერვიუში დეტალურად აღწერს, რატომ მიატოვა სცენა, ტელეეკრანი და რატომ ჩაიცვა ჯარისკაცის ფორმა:
„ხანდახან დგება მომენტი, როცა რაღაც ემუქრება შენს შინაგან სამყაროს, იმას, რაც ყველაზე ღრმად არის შენში ფესვგადგმული, შენს ხედვას სიკეთესა და ბოროტებაზე, თითქოს რაღაც ცდილობს, შეარყიოს ის საფუძველი, რაზეც შენ, როგორც ადამიანი, დგახარ. ომის დაწყების დღიდან ვაცნობიერებდი, რომ ეს მდგომარეობა უნდა შემეცვალა.
მე უნდა წავსულიყავი ომში. ეს იქნებოდა ჩემი წვლილი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ და არა იმ ქვეყანაში, რომელიც რუსული ნარატივითაა გაჟღენთილი. ჩვენ სხვადასხვა ქვეყანა ვართ. უკრაინა რუსეთი არაა. დიახ, ეს ასეა. ჩვენ სხვადასხვა მენტალიტეტი გვაქვს. მე მინდა დავრჩე აქ, უკრაინაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გვექნება არჩევანის უფლება და თავისუფლება.
მჯერა, რომ ეს ჩემი მისიაა, ჩემი მისიაა ქვეყნის მომავლისთვის, შენთან ერთად, ჩვენი ოჯახის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის. არ მინდა, რომ მომავალში ჩვენს შვილებს მოუწიოთ ბრძოლა... იმისათვის, რომ ომი შევაჩეროთ, ხალხია საჭირო, ჯარია საჭირო, ძლიერი ჯარი, აი, ამიტომ გადავწყვიტე ომში წასვლა“, - ეუბნება ინტერვიუში ცოლს იური ფელიპენკო და პასუხობს კითხვასაც, შეძლებს კი ომის შემდეგ დაუბრუნდეს მსახიობის პროფესიას?
„როდესაც სწავლებაში ჩავერთე და შემდეგ უკვე მართალია მცირე, მაგრამ მაინც საბრძოლო მოქმედებებში, ხანდახან გავიფიქრებდი ხოლმე, რომ შესაძლოა ვეღარც დავბრუნებულიყავი ჩემს პროფესიაში. თითქოს აღარც იყო საინტერესო.
შემდეგ, როდესაც დავმშვიდდი და ყველაფერს ცივი გონებით შევხედე, გავაცნობიერე, რომ კი, მე ეს შემიძლია, ეს ჩემია და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურა, როგორც უკრაინის იდენტობის, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ერის ნაწილი, რომელსაც აქვს თავისი ტრადიციები, სიმღერები, მხატვრობა... ამიტომ მე უნდა დავუბრუნდე მას, როგორც ამ კულტურის ნაწილი..."
2025 წლის მაისში, უკრაინის კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში დაიღუპა კულტურის სფეროს 201 წარმომადგენელი.
ფორუმი