Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნად აკინძავენ, თარგმნიან, დაარიგებენ - "წულუკიანის კომისია" ოპოზიციის წინააღმდეგ, 430-გვერდიანი დასკვნით


"წულუკიანის კომისიის" უფლებამოსილების ვადა დღეს, 5 აგვისტოს, ამოიწურა.
"წულუკიანის კომისიის" უფლებამოსილების ვადა დღეს, 5 აგვისტოს, ამოიწურა.

“წულუკიანის კომისიას” უფლებამოსილების სამჯერ გახანგრძლივებული ვადა დღეს, 5 აგვისტოს, ამოეწურა. 6-თვიანი მუშაობის შედეგი 430-გვერდიანი დასკვნაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომსაც სხვა თვალით ხედავს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჯერ კიდევ თვეების წინ განაცხადა, რომ კომისიის დასკვნა საფუძვლად დაედებოდა “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას.

პროსახელისუფლებო “იმედი” ამბობს, რომ კომისიის დასკვნა “პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენად” იქცევა ”ნაციონალური მოძრაობისთვის” და რომ ამ დოკუმენტში გამოკვეთილია გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაც.

გახარიას, “ოცნების” ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, “წულუკიანის კომისია” სოფელ ჩორჩანასთან მილიონი კვადრატული კილომეტრის დაკარგვას ედავება. კომისიის მუშაობის კვალდაკვალ გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც.

რა ჩაწერეს დასკვნაში?

“ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით”, - განაცხადა წულუკიანმა 4 აგვისტოს, სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე.

დასკვნის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამ ეტაპზე კომისიის თავმჯდომარე მხოლოდ ქვეთავებს ასახელებს:

  • სასჯელაღსრულების სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა;
  • მკვლელობა და ძალადობა, ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ;
  • ქონებრივი უფლებების დარღვევა და ბიზნესის რეკეტი;
  • მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება; მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორი და მათი უფლებების დარღვევა;
  • პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეში ფაქტები, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთება და შანტაჟისთვის გამოყენება;
  • 2008 წლის აგვისტოს ომი;
  • ომის პროპაგანდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობები.


თვეების განმავლობაში, კომისიის სხდომებზე ძირითადად აფასებდნენ საზოგადოდ ცნობილ ამბებს და იმეორებდნენ ბრალდებებს, რომელთა შესახებაც „ქართული ოცნება”, მისი მოკავშირეები და მომხრეები 13 წელია ლაპარაკობენ.

კომისია უსმენდა დაზარალებულებსა და მათი ოჯახის წევრებს - მკვლელობის, ფიზიკური ძალადობის, ციხეებში წამებისა თუ ქონების წართმევის საქმეებზე. რესპონდენტების ნაწილი მათთვის ძალიან მტკივნეულ ამბებს ხელახლა იხსენებდა - ბევრი წლის შემდეგ, როცა ზოგიერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი.

2012 წლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ყოფილი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი გაასამართლა. ნაწილმა სასჯელიც მოიხადა.

ერთ-ერთ სხდომაზე ითქვა, რომ პენიტენციური სისტემიდან 59 ადამიანი გაასამართლეს: დეპარტამენტის სამი უფროსი, დეპარტამენტის უფროსის სამი მოადგილე, სხვადასხვა დაწესებულების 16 დირექტორი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 8 მოადგილე და სხვა თანამშრომლები.

მათ შორის, ვინც კომისიის სხდომებზე მიიწვიეს, ბევრი იყო “ქართული ოცნების” მოკავშირე და მხარდამჭერი, მათ შორის - მკაფიოდ ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით. კომისიამ გამოკითხა, მათ შორის: გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ემზარ კვიციანი, მერაბ ჭიქაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გიორგი იაკობაშვილი, ავთანდილ არაბული, მიხეილ მესხი, ზურაბ ნოღაიდელი. ასევე სამინისტროებისა და ცესკოს წარმომადგენლები.

“როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა, უფრო მძაფრად დგება შენს თვალწინ ის მასშტაბები, რასთან გაქვს საქმე”, - ამბობს კომისიის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი.

"წულუკიანის კომისიის" წევრებს იმედი აქვთ, რომ სხდომებს უყურებდნენ ახალგაზრდებიც, "რომლებმაც ბევრი რამ არ იციან". ახლა აპირებენ, რომ დასკვნა, წიგნად შეკრული, ახალგაზრდებსაც წააკითხონ.

“ისტორიული”, “მაღალპროფესიული”, “დასაბუთებული” - ასე უწოდებენ საკუთარ ნაშრომს კომისიის წევრები და დიზაინერის დახმარებით წიგნად გამოცემას გეგმავენ. უცხო ენაზეც თარგმნიან, რათა “უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს” “საქართველოს გაგებაში” დაეხმარონ, წულუკიანის სიტყვებით - “იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც საქართველოს უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა”.

სხდომებს რეალურ დროში აჩვენებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხი, ტელეკომპანია „მაესტრო“, ასევე გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.

კომისიამ უფლებები გზადაგზა გაიფართოვა

კომისიის შექმნას სადავო პარლამენტმა 5 თებერვალს დაუჭირა მხარი. პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 თებერვალს გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაციით:

  • ჩატარდა 46 სხდომა;
  • მოუსმინეს 139 ადამიანს; აქედან 4 ხელმეორედაც დაიბარეს;
  • ჩატარდა ერთი გასვლითი შეხვედრა - ხონში, ყოფილ #13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;
  • შეაგროვეს 775 განცხადება მოქალაქეებისგან - რომლებსაც ასევე შეიტანენ დასკვნაში.


კანონით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა მაქსიმუმ ექვსი თვით არის განსაზღვრული. თავდაპირველად სამი თვით შექმნილ “წულუკიანის კომისიას” ვადა სამჯერ გაუგრძელდა, ჯამში, ზუსტად ექვს თვემდე. თეა წულუკიანმა თქვა, “დანაშაულების მასშტაბი არის იმხელა”, რომ მეტსაც იმუშავებდნენ, მაგრამ ამის უფლებას კანონი აღარ აძლევთ.

სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისია თავდაპირველად მხოლოდ 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა; ხოლო აპრილიდან სახელწოდებაში “პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა” დაემატა.

კომისიის თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი თეა წულუკიანი აირჩიეს, მის მოადგილედ - სოზარ სუბარი [“ხალხის ძალა”]. კომისიაში მუშაობდნენ გურამ მაჭარაშვილი [“ხალხის ძალა”], ილია ინჯია [“ევროპელი სოციალისტები”], თენგიზ შარმანაშვილი [“ქართული ოცნება”], ალექსანდრე ტაბატაძე [“ქართული ოცნება”], ირაკლი ქადაგიშვილი [“ქართული ოცნება”], ალუდა ღუდუშაური [“ქართული ოცნება”]. ირაკლი ქადაგიშვილმა პაატა სალია ჩაანაცვლა, რომელიც "ოცნებამ" აპრილში იუსტიციის მინისტრად დანიშნა.

“დოკუმენტი გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც, სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს", - განაცხადა 4 აგვისტოს თეა წულუკიანმა.

აგვისტოს ომის გამოძიება

ეს “წულუკიანის კომისიის” დღის წესრიგის ყველაზე რეზონანსული საკითხი იყო - რასაც მანამდე განვითარებული მოვლენებიც განაპირობებდა.

მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ კომისიის შექმნამდე ჩამოაყალიბა მკაფიო პოზიცია, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, რაც ექსპერტებისთვის პირდაპირ საქართველოს დადანაშაულების ტოლფასია.

  • აგვისტოს ომის გამოძიების იდეა „ოცნების“ პოლიტიკურმა დანაყოფმა, დაუფარავი ანტიდასავლური პოზიციებით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში წამოაყენა; მიუთითა ასევე, რომ ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და - ომის დაკვეთა აშშ-დან მოდიოდა.
  • 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები “ომის გამჩაღებლებად” მოიხსენია, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატი უწოდა. “ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ”, - თქვა ივანიშვილმა და საოკუპაციო რეჟიმისთვის ბოდიშის მოხდის იდეაც იქვე გაახმოვანა.
  • მანამდე, 2024 წლის 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე პროსამთავრობო აქციაზე გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან “გლობალური ომის პარტიამ” დააპირისპირა და რომ "გლობალური ომის პარტიისთვის" “საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".


17 თებერვალს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილის გამოკითხვის დროს, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა „ტალიავინის კომისიის“ სადავო დასკვნის ამონარიდი წაიკითხა - ის ადგილი, სადაც რუსეთია გამართლებული:

„ერთგან პირდაპირ წერია, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, იყო მართალი იმაში, რომ მას ჰქონდა უფლება, რომ მიეცა პასუხი იმ თავდასხმისთვის, რაც საქართველომ განახორციელა რუს სამშვიდობოებზე და ეს იყო თავდაცვითი მიზნით. შემდეგ კი წერია, სხვა პუნქტებში - გადაჭარბებული იყოო, მაგრამ პირველივე არის დაბრალება“, - სუბარს აინტერესებდა, რატომ იზეიმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „ტალიავინის დასკვნა“ [ჰაიდი ტალიავინი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი].

“თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული”, - თქვა 31 მარტის სხდომაზე თეა წულუკიანმა. "არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ გადაწყვეტილებებს“, - ესეც მისი სიტყვებია.

27 მარტს, როცა კომისია გენერალ ზაზა გოგავას უსმენდა, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მკაფიოდ მიანიშნა მას, რომ ჰგონია - სააკაშვილი თუ სხვა პოლიტიკოსები გარე კარნახით მოქმედებდნენ.

„მე იმისიც არ მჯერა, რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ სამხედროებმა, რომ მოთმინებით პასუხი ჯობს იმ ეტაპზე, რამდენიმე საათში გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი და გეუბნებათ, რომ დაადგინე წერტილები და ცეცხლი გახსენი, რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო. არ მჯერა. აი, ტონს ვუწევ და გეუბნებით, რომ არ მჯერა... და გახვია შარში ჯარისკაცი, ქვეყანა“, - ეუბნება ერთ ეპიზოდში გოგავას წულუკიანი.

გენერალი გოგავა აგვისტოს ომის დღეებში იყო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც ომის პირობებში რანგით მეორე პირი იყო - უმაღლესი მთავარსარდლის [პრეზიდენტის] შემდეგ. მისი მონათხრობი ომის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ რადიკალურად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ხედვებს.

გარე ძალების ზემოქმედებაზე წულუკიანმა 27 აგვისტოს სხდომაზეც მიანიშნა, როდესაც შს მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს, უსმენდნენ.

კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამხედრო გეგმის მოქმედებაში მოყვანა შესაძლოა ყოფილიყო „მაშინდელი რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილება ან მათთვის მიცემული დავალება საიდანღაც“; „ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით [საიდან], იმედია გვეცოდინება“.

რატომ დაიბომბა ცხინვალი? - შეკითხვას სვამდნენ კომისიის წევრები და ასე მოხდა 28 მარტსაც, როდესაც სხდომაზე ქართული სამშვიდობო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი მივიდა. “ცხინვალი არ დაბომბილა”, - ყურაშვილმა ახსნა, რომ იერიში მიიტანეს სოფლების, კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე, საიდანაც მტერი ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა.

"ეს არის გარეუბანი ცხინვალის?" - იკითხა წულუკიანმა.

ყურაშვილმა ის ადგილი კუს ტბას შეადარა.

"კუს ტბა... ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი... კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია... ცხინვალის გარეუბანი... ანუ ცხინვალია. კუს ტბა - თბილისია", - ასე ჩაეძია საკითხს წულუკიანი.

31 მარტს, კომისიის მორიგ სხდომაზე, თეა წულუკიანმა უკვე დადასტურებულ ფაქტად გამოაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები - დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები... პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს“.

ხელმოწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] #1633რეზოლუციაზე, რუსეთის არმიის მიერ ნასროლი „ისკანდერის“ ნაწილების "დამალვა", „ტალიავინის კომისიის“ დასკვნა - „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ეს თემები „ოცნების“ წარმომადგენლებს მანამდეც არაერთხელ გამოუყენებიათ და შეკითხვებს კომისიის სხდომაზეც სვამდნენ.

17 თებერვალს კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ „ისკანდერის“ ნაწილი - „ოქროს მტკიცებულება“ - საქართველოდან გაიტანეს, თუმცა დადებული პირობების შესაბამისად ვერ დაასახელებს, რომელ ქვეყანაში მოიძიეს ის და ნებართვის გარეშე ვერც იმას ვერ იტყვის, კონკრეტულად რომელი „საჯარო მოხელე“ დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ ამ ნაწილის მოძიებაში.

საერთაშორისო დავების მოგებას “ქართული ოცნება” მხოლოდ საკუთარ მიღწევად თვლის.

რას ემსახურება აგვისტოს ომის თემის წამოწევა?

“ქართული ოცნების” ოპონენტები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ „საპარლამენტო გამოძიება“ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ერთადერთი მიზნით - „ომის დაწყებაში ქართული მხარის დასადანაშაულებლად” - წამოიწყო. სხვა მხრივ, მათთვის გაუგებარია, რა მიზანი უნდა ჰქონოდა ამ სენსიტიური თემის გაღვიძებას იმ ფონზე, როდესაც საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა მოიგო.

"ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ სწორედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესების მოგების შემდეგ დადგა უსაფრთხო დრო - ფაქტების გამოსაძიებლად.

“ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით. მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერაფერს დააკლებს და ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას”, - ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

4 ოქტომბერს, კომისიის დასკვნითი სხდომის შემდეგ, ოპოზიციურ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ კომისიის დასკვნა „სამშობლოს მოღალატეების განაჩენია, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი“.

„ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის, დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს”, - თინა ბოკუჩავამ ასევე განაცხადა, რომ ამ კომისიის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

აგვისტოს ომის თემა კომისიის წევრებს 4 აგვისტოს სხდომაზე აღარ გაუვრციათ. ეს თემა იმ დღეს აღარც პროსახელისუფლებო “იმედის” საინფორმაციო გამოშვებებში არ უხსენებიათ.

გახარია და ჩორჩანის საგუშაგო

გახარია ოპოზიციური პარტიების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც კომისიას გამოკითხვაზე დათანხმდა. ვინც დაიბარეს და არ მივიდა, ყველანი საპატიმროში არიან.

გახარია პირველად 15 აპრილს გამოჰკითხეს, მეორედ კი - 2 ივლისს, უკვე დისტანციურად, მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა.

საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, 2019 წელს აგებული საპოლიციო საგუშაგო ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომლითაც კომისია გიორგი გახარიასთან მიმართებით დაინტერესდა.

"წულუკიანის კომისიის" წევრებს თავიდანვე ჰქონდათ მკაფიო პოზიცია, რომ “ქართული ოცნების” შს მინისტრმა და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ აბსოლუტურად ყველა სამინისტროსა თუ უწყების უგულებელყოფით, თვითნებურად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააგო საგუშაგო, რის გამოც, კომისიის მტკიცებით, საქართველომ დამატებით დაკარგა 100 ჰექტარი [1 მილიონი კვადრატული მეტრი] ტყე.

ფაქტი აბსურდულად გამოიყურება ბევრისთვის - რომ ძალოვან თუ მაკონტროლებელ სტრუქტურებში არავინ არაფერი იცოდა და მათ შორის - არც სუსმა და დაზვერვამ.

მაშინ რატომ დანიშნეს გახარია პრემიერ-მინისტრად მალევე?

“ქართული ოცნების” არგუმენტია, რომ გახარიას ე.წ. დიპ სტეიტი მფარველობდა. "დიპ სტეიტზე", იგივე გლობალური ომის პარტიაზე "ოცნება" კონკრეტულს არაფერს ამბობს და ამიტომ ის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ შეთქმულების თეორიად რჩება. "დიპ სტეიტს", რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახსენებს, განსხვავებული შინაარსი აქვს.

  • ივნისში გაირკვა, რომ გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" და გამოძიება ჩორჩანის საგუშაგოს თემითაც იყო დაინტერესებული.
  • პროკურატურაში იბარებენ მოწმეებს - “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს.


პროკურატურაში მისულთაგან თითქმის ყველა უარყოფს, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია საგუშაგოს აგების შესახებ.

სუსის მაშინდელი უფროსი, ბოლოს შს მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში 14 ივნისს იყო დაბარებული. გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაფერი იცოდა ჩორჩანის საგუშაგოს აგების შესახებ, „შეთანხმებული არ ყოფილა” და ამბავი მხოლოდ პოსტფაქტუმ გაიგო.

„ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნდა“, - უთხრა ჟურნალისტებს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმაც.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამონაკლისი იყო. მან თქვა, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგების გეგმის შესახებ იცოდა.

გახარიამ კომისიის სხდომაზე თქვა, რომ მისი მინისტრობის დროს საოკუპაციო ხაზი არ შეცვლილა და პირიქით, ჩაშალა საოკუპაციო რეჟიმის გეგმა - 1800 ჰექტრის მიტაცების შესახებ და რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” მის გეგმაზე.

ბოლო სხდომაზე გახარიამ თქვა, რომ შს სამინისტროსთან ერთად მუშაობდა სუსიც და შესაბამისად, ამ უწყებას დაგეგმილი საგუშაგოების კონკრეტული კოორდინატების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ შემდეგ პროცესი სავარაუდო საბოტაჟის გამო შეჩერდა და „იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები“. მისი აღწერით, ეს მოხდა 2019 წლის 3 სექტემბრის შემდეგ - როცა გახარია პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელდა, ხოლო 8 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა.

“მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა”, - აღნიშნა გახარიამ იმავე პერიოდში შს მინისტრის პოსტზე გადაყვანილი ვახტანგ გომელაურის შესახებ.

გახარიას 20 ივნისის საქმეზეც ჰკითხეს. მან პირველად თქვა ორი რამ:

  • “იდიოტურ შეცდომად” აღარ თვლის რუსი დეპუტატის, გავრილოვის “აღმოჩენას” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში 2019 წლის 20 ივნისს [რასაც მოჰყვა “გავრილოვის ღამე” - დემონსტრანტების სასტიკი დარბევა];
  • “დასაბუთებული და გონივრული ეჭვის” საფუძველზე, დღეს უკვე ფიქრობს, რომ 20 ივნისის პროცესებშიც “უჩინარი კაცი” [ბიძინა ივანიშვილი - რ.თ.] ჩაერია ისევე, როგორც 2021 წლის თებერვალში, მისი გადადგომის დროს.


ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება

“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა "ქართული ოცნების" დაპირება იყო 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

სადავო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ კი "ოცნება" აცხადებდა, რომ სწორედ ამ კომისიის დასკვნა შექმნიდა რეალურ საფუძველს ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად.

„ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 27 მარტს, როცა კომისიის მუშაობა სულ რამდენიმე კვირის დაწყებული იყო.

“ქართული ოცნება” იმ პერიოდში აცხადებდა, რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში საერთოდ ვეღარასდროს მიიღებდა მონაწილეობას. თავისთავად - ვერც თვითმმართველობის არჩევნებში.

ეს გეგმა მალევე შეიცვალა.

აპრილში “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ “აგენტურული პარტიების” აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავდნენ, რადგან საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივება გახდა საჭირო.

„კომისიის მხოლოდ 3-თვიანი ვადის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის [პარტიების აკრძალვის შესახებ - რ.თ.] შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება”, - თქვა 14 აპრილს მდინარაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ.

  • კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცესის წამოწყება შეუძლიათ მთავრობას და პარლამენტის მინიმუმ 30 დეპუტატსაც. პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება კი შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს.

“გვიყვარდეს ერთმანეთი”

ეს სიტყვები 4 აგვისტოს კომისიის ბოლო სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა წარმოთქვა. მისი თქმით, დასჯა კომისიის მიზანი არ არის.

„მინდა ვისურვო, რომ ჩვენ უფრო მეტი სიყვარულით, უფრო მეტი თანადგომით მოვეპყროთ ერთმანეთს. ქართველები არ ვართ ბევრნი, ვართ ცოტანი, თუმცა ვართ ქართველები და სწორედ ამაშია ეს ფენომენალურობა და განსაკუთრებულობა…

… მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმე დავსაჯოთ და ამ დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ, არამედ ის, რომ ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოზიციაზეა, მთავარია, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, კიდევ უფრო მეტი დიდი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოს მმართველობაზეა საუბარი”, - თქვა ღუდუშაურმა.

მანამდე, კომისიის სხდომებზე ალუდა ღუდუშაური ხისტი და შემტევი განცხადებებით გამოირჩეოდა, მაგალითად, გიორგი გახარიას წინააღმდეგ. 4 ოქტომბერს მას თეა წულუკიანმა სიხისტისთვის მადლობაც კი გადაუხადა:

“...პრინციპულობისა და ხშირ შემთხვევაში ისეთი პოზიციების გაჟღერებისთვის, რაც თავმჯდომარე ქალს არ შეუძლია ხოლმე რომ გამოხატოს. ზედმეტად ხისტად თქვენ ჩემს მაგივრადაც აკეთებდით”.

სიხისტე არც თავად თეა წულუკიანის განცხადებებს არ აკლდა.

9 ივნისის სხდომაზე ალუდა ღუდუშაური ერთ-ერთ გამოსაკითხ პიროვნებას დაჟინებით სთხოვდა კონკრეტულ პასუხს შეკითხვაზე, რას გააკეთებს, ქუჩაში იმ პირებს რომ გადააწყდეს, რომლებიც მასზე ციხეში ძალადობდნენ?!

ამავე რესპონდენტმა სხდომაზე თქვა, რომ მისი საქმის პროკურორები დღემდე სისტემაში არიან.

დაკავებული ოპოზიციონერები

“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” - ამ კრებით სახელში “ქართული ოცნება” ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას გულისხმობს, ესენია: “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”.

ამ პოლიტიკური სუბიექტებიდან ექვსი ლიდერი დაპატიმრებულია.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო, დაპატიმრებული არიან სამი ლიდერი პოლიტიკური გაერთიანებიდან “კოალიცია ცვლილებისთვის”: ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე; ასევე - ორი ლიდერი “ლელო - ძლიერი საქართველოდან”: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ერთ-ერთი ლიდერი - "ნაციონალური მოძრაობის" კოალიციიდან, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

იმავე მიზეზით დაპატიმრებულთა შორის ასევე არიან ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკას ბოლო პერიოდში ოპოზიციონერების სერიული დაპატიმრებაც დაემატა - თბილისთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდა - არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე და აღმოჩნდნენ საპატიმროში.

უფლებადამცველებისთვის პატიმრობის მისჯა “პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას” იმის გამოც ტოვებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას - რაც რვიდან არცერთი ოპოზიციონერის შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული.

მუხლი 349. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა,

-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიები "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე შეთანხმდნენ, "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით მაინც მიმართავს.

  • ევროპარლამენტში 9 ივლისს დამტკიცებულ მორიგ მწვავე რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად.
  • ტექსტის თანახმად, ხელისუფლების სათავეში 12 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოსული “ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიას ქმნის ახლა, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების პარალელურად.


"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ბრალდებაა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების გეგმის მიხედვით, ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოქმედებს.

სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 25 ივნისს, განიხილებოდა საკითხი “2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები”.

კომისიას ამ საკითხზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ჰყავდა მიწვეული.

ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოყენებული იყო “რევოლუციის საფუძვლად” და ახლა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, როგორც “ახალი ინსტრუმენტი”, შესაძლოა, ოპოზიციის ლობირებით, ბრიუსელმა საქართველოს არჩევნებზე გავლენისთვის გამოიყენოს.

ბოჭორიშვილმა ილაპარაკა გლობალური ომის პარტიაზეც და თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა არის გლობალური ომის პარტია - “ახლა რომ დიპ სტეიტად მოიხსენიებენ”.

დასკვნის პროექტი "წულუკიანის კომისიის" სხდომაზე 4 აგვისტოს დაამტკიცეს. დარჩენილი პროცედურების თანახმად: პროექტი გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს, ბიურო დანიშნავს პლენარულ სხდომას - რომელზეც დასკვნა პუნქტობრივად უნდა განიხილონ. თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ეს სექტემბრის პირველ დღეებში მოხდება. მანამდე ტექსტი არ გასაჯაროვდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG