COVID-19-თ გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო მასალების დეფიციტი შექმნა, მათ შორის საქართველოშიც. სააფთიაქო ქსელებიდან ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაქრა დამცავი პირბადეები, რის გამოც პირბადეების საყოველთაო გამოყენების რეკომენდაცია ძნელად შესასრულებელი გახდა.
პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლისთვის სახელმწიფოს დაახლოებით მილიონ-ნახევარი პირბადის შეძენა ჰქონდა დაგეგმილი. ამისთვის კონსოლიდირებული ტენდერი 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. გაიმარჯვა კომპანია “გოლდმედმა”, რომელსაც 1 ცალი ჩინური წარმოების სამშრიანი სამედიცინო პირბადე, 4,5 თეთრად უნდა მიეწოდებინა.
შემსყიდველ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის პირბადის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები შემდეგი ორგანიზაციები იყვნენ:
“გოლდმედს” პირბადეების მიწოდება 2020 წლის იანვრიდან უნდა დაეწყო და წლის ბოლომდე გაეგრძელებინა, თუმცა პანდემიამ მოუსწრო.
“გოლდმედის” წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მხოლოდ 300 ათასი პირბადის მიწოდება შეძლო, ისიც წინა წელს მორჩენილი რეზერვიდან, წლევანდელი შეკვეთა კი ჩინურმა მომწოდებლებმა აღარ შეასრულეს, მიზეზად პანდემია დაუსახელეს.
ახლა “გოლდმედი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ტენდერით აღებულ ვალდებულებას ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს, ამისთვის ჩინეთიდან გამოგზავნილი წერილები სააგენტოს წარუდგინა და გადაწყვეტილებას ელოდება.
ამასობაში სახელმწიფო დაწესებულებებმა კონსოლიდირებული ტენდერის შეფერხებით გამოწვეული დეფიციტის შევსების გზების ძებნა დაიწყეს, მათ ცალ-ცალკე შეარჩიეს კომპანიები და ხელშეკრულებები გააფორმეს.
პანდემიამდე საქართველოში სტანდარტული, რამდენიმეშრიანი სამედიცინო პირბადე საცალო ქსელში 18-20 თეთრი ღირდა, მისი საბითუმო ფასი კი 4,5-დან 6 თეთრამდე მერყეობდა.
დეფიციტმა კი ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა, თუ კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში 1 ცალ პირბადეში 4,5 თეთრი უნდა გადაეხადათ, ახლა ზოგიერთ შემთხვევაში 50-ჯერ ძვირს - 2 ლარს იხდიან. განსაკუთრებით მაღალია ე.წ. მრავალჯერადი პირბადის ფასი და 5 ლარსაც კი აღწევს.
ბოლო ერთ თვეში გადაუდებელი აუცილებლობის წესით სახელმწიფო დაწესებულებებმა დაახლოებით 3,7 მილიონი ლარი გადაიხადეს მხოლოდ პირბადეებში. 1 ცალი პირბადის ფასი უწყებების მიხედვით სხვადასხვაა და 30 თეთრიდან 5 ლარამდე მერყეობს.
ჩვენ შევისწავლეთ რომელი სახელმწიფო დაწესებულება როგორ პირბადეს ყიდულობს და რა ფასად:
მნიშვნელოვნად განსხვავდება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ შესყიდული ჩვეულებრივი პირბადეების ფასი და მახასიათებლები, ზოგიერთი უწყება ორშრიანს ყიდულობს, ზოგი სამშრიანს, ნაწილი ქართული წარმოებისას, ნაწილი კვლავ უცხოურს. მაგალითად, მთავარმა პროკურატურამ 2000 ცალი შავი ფერის სამედიცინო პირბადე შეიძინა და 1 ცალში 1,5 ლარი გადაიხადა.
პირბადეების დამზადება ქართულმა კომპანიებმაც დაიწყეს, საქართველოში მათ ხელით, სათითაოდ კერავენ, რაც მის ფასზე აისახება. ქართულ პირბადეში სახელმწიფო უწყებებმა 1 ცალში 1-დან 2 ლარამდე გადაიხადეს.
კომპანიების ინფორმაციით, ჩინეთშიც გაიზარდა პირბადეების ფასი, თუ პანდემიამდე 1 ცალი პირბადე საქართველომდე 4 თეთრზე ნაკლები უჯდებოდათ, ახლა ჩინეთში ადგილზე ღირს 1 ცალი დაახლოებით 20 ცენტი. სახელმწიფო დაწესებულებებს წელს დაახლოებით 3 მილიონამდე პირბადე აქვს შეძენილი და ყოველდღე ახალ-ახალი კონტრაქტები ფორმდება.