„ნუთუ ეს ჩვენ ვართ?“ (1987, სსრკ, რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი)
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ქართველი კინორეჟისორია. მისი „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, რომელიც "საქართველოს ტელეფილმების სტუდიის" ბაზაზე შეიქმნა, ახალგაზრდა კინომოყვარულებს შეიძლება გაგონილიც არ ჰქონდეთ. არადა 1984 წელს გადაღებული ეს ფილმი საეტაპოა ქართული კინოს ისტორიაში.
„ტელეფილმების სტუდია“ განგებ ვახსენე. „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, წესის მიხედვით, კინოსტუდიაში რომ გადაეღოთ, ფილმის ავტორებს მოსკოვის ცენზურასთან კონფლიქტი არ ასცდებოდათ. მაგრამ საქართველოს ტელევიზიასთან არსებული სტუდიის პროდუქციას „მოსკოვის ეტაპის“ გავლის ვალდებულება არ ჰქონდა. სხვათა შორის, თავიდან თენგიზ აბულაძის „მონანიების“ გადაღებაც ამ სტუდიის ბაზაზე დაიგეგმა.
გავიდა სამი წელი და გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი ახალი ფილმის გადაღებას განსხვავებულ საბჭოთა კავშირში შეუდგა. 1984 წელს ამას ვერავინ წარმოიდგენდა - ცენტრალურმა ტელევიზიამ, ე.ი. საბჭოთა კავშირის მთავარმა ტელესტუდიამ, მოსკოვის შესახებ დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღება მთლად ქართველებს, სცენარის ავტორ ომარ გვასალიას და რეჟისორ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილს შეუკვეთა. სხვათა შორის, თავად მოსკოველებსაც ხშირად უთქვამთ, რომ მათი მშობლიური ქალაქი კინოში ყველაზე უკეთ არამოსკოველებმა, თბილისში დაბადებულმა რეჟისორებმა აღბეჭდეს - მარლენ ხუციევმა „ივლისის წვიმაში“ და გია დანელიამ ფილმში „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“. მაგრამ ეს იყო რომანტიკოსი „60-იანელების“ მიერ დანახული ქალაქი - მოსკოვი, რომელსაც სიყვარულს უხსნიან.
არავითარი სიყვარული და პოეზია! „ნუთუ ეს ჩვენ ვართ?“ 30- წუთიანი ფილმია საბჭოთა კავშირის დასასრულის წინათგრძნობით. არსებითად ეს უკვე არის დასასრული, გამოხატული არამოსკოველი კაცის თვალით დანახული საბჭოეთის დედაქალაქის სახით. არამოსკოველი კაცები დგანან კამერის უკან (ქართველები), მაგრამ არამოსკოველი კაცი ჩანს კადრშიც - მსახიობი მიხეილ ანუშევიჩი, რომელიც ცდილობს, აღბეჭდოს „პერესტროიკის“ ეპოქის საბჭოთა დედაქალაქი, მისი იმხანად ყველაზე ხალხმრავალი წერტილები: მეტრო, აეროპორტი, მაღაზია „გუმი“ (უკვე ნახევრად ცარიელი)... ასე ერთიანდება გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში მხატვრული და გათამაშებული. ეს არამოსკოველი ახალგაზრდა ჩვენი ერთგვარი მეგზურია არა მარტო უზარმაზარ მოსკოვში, არამედ დროში, ისტორიაში.
სტუმრების არამოსკოველობა აქ დამალული არ არის. მოლარე ქალი ასე მიმართავს ავტორს: „ასეთი წესები თქვენთანაა მიღებული. ჩვენთან - არა“. სტუმარს სასტუმროში შესვლასაც უკრძალავენ კარისკაცები (შვეიცარი, გარკვეული თვალსაზრისით, გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმის სახეცაა). თუმცა როგორც კი „ზემდგომი ინსტანციიდან“ ქაღალდს მოიპოვებენ, სტუმრებს ღიმილით და პატივისცემით ხვდებიან.
„ჯერ უნდა დავადგინოთ თქვენი ვინაობა. იქნებ უცხოელი ხართ?“ - ასე მიმართავენ აქ ჩვენს მეგზურს. უცხოელის შიში ჩაკეტილი საზოგადოების არსებობის შინაარსს განსაზღვრავს და ეს პლასტი არახალია საბჭოთა კინოში. მაგრამ ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში ქსენოფობია არა იმდენად პროპაგანდას, რამდენადაც მძიმე სოციალურ პირობებს უკავშირდება. გრძელი რიგები მაღაზიებთან, სასადილოებთან, რკინიგზის სადგურზე. ეს რიგები ყველას ფიტავს. მაღაზიასთან გრძელ რიგს ცვლის სცენა მუზეუმში, სადაც ექსკურსიას ახალგაზრდა ქალი ატარებს დაზეპირებული ტექსტით. ამდენი ხმაურის შემდეგ ფილმში ბოლოს და ბოლოს სიმყუდროვის განცდაც იქმნება. აგერ ჩვენი მეგზურიც თვალს გაუსწორებს ექსკურსიამძღოლ გოგონას. ადამიანური გრძნობა იბადება? არა. „რატომ არ გაცვიათ ჩუსტები?“ - მკაცრად მიმართავს ქალი და უბრუნებს ფილმს სისასტიკეს, გულგრილობას, უხეშობას, ზიზღს, ყველაფერს იმას, რაშიც გვაცხოვრა საბჭოთა სისტემამ.
„ნუთუ ეს ჩვენ ვართ?“ - კითხულობენ ავტორები. ვინაიდან ეს დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი მათ მოსკოვის დაკვეთით, ანუ ცენტრალური ტელევიზიის, რუსული-საბჭოთა ტელევიზიის ფულით გადაიღეს, უნდა ვიფიქროთ, რომ დამკვეთს, ანუ „პერესტროიკის“ იდეოლოგს, სურდა მიეღწია სარკის ეფექტისთვის - მაყურებელს თავისი თავი დაენახა. მაგრამ მიზანს მთლად ვერ მიაღწიეს. „ნუთუ ეს ჩვენ ვართ?“ - და ესაა ალბათ ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმის მთავარი ღირსება - საერთოდ არ აღიქმება გორბაჩოვის პოლიტიკის პროპაგანდად, ანდა იმ ეპოქაში დამკვიდრებულ ფრაზას თუ გავიხსენებთ, „გარდაქმნის პროჟექტორად“. გაძლიერებული დოკუმენტური ფაქტურის მიუხედავად, ფილმის ბოლომდე შენარჩუნებულია დისტანცია გარემოსთან, რომელსაც ვუყურებთ. კი, რომანტიკა და პოეზია გამქრალია, მაგრამ ისეც არა, რომ მაყურებელი უიმედოდ დარჩეს. ამ მხრივ საყურადღებოა ფილმის ფინალი, როცა კადრში კიდევ ერთხელ გამოჩნდება მოსკოველი ბარდების, სანდრო და თამარ ერისთავების დუეტი. თუმცა მათი სიმღერა აქ უფრო ირონიაა, ვიდრე ის პოეზია, რომელიც ვიხილეთ მარლენ ხუციევის და გია დანელიას მოსკოვში.
23 აპრილს 40 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას ისტორიული პლენუმიდან, რომელზეც ახალდანიშნულმა გენერალურმა მდივანმა, მიხეილ გორბაჩოვმა, პირველად ახსენა სიტყვა „გარდაქმნა“. ის სურათები, რომლებსაც ვხედავთ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში, არ არის „პერესტროიკის“ შედეგი. ესაა უფრო ნიღაბჩამოხსნილი საბჭოთა რეჟიმი, რომლის გადარჩენას ვერანაირი გარდაქმნა ვეღარ შეძლებს. სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამ რეჟიმის აღდგენა დღეს, 40 წლის შემდეგ, როცა ადამიანებს „პერესტროიკის“ ეპოქის მოსკოვის რომელიღაც სასტუმროს ადმინისტრატორი თუ „გუმის“ გამყიდველი კი არ ამცირებს, არამედ მთლად ხელისუფლება შეურაცხყოფს. ის ხელისუფლება, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მას იცავს სახელმწიფო“.
ფილმის სრულ ვერსიას ნახავთ აქ.
ფორუმი