Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40-მდე კანონი 5 თვეში - რა მოასწრო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე


საპროტესტო აქციის მონაწილე პარლამენტის წინ. 2024 წელი
საპროტესტო აქციის მონაწილე პარლამენტის წინ. 2024 წელი

საგაზაფხულო სესია იწყება თებერვლის პირველი სამშაბათით და სრულდება ივნისის ბოლო პარასკევით. წელს ის 27 ივნისს დაიხურა, თუმცა შემდეგ ორი რიგგარეშე სესიაც დაინიშნა.

ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატები არიან, მიიღო 40-მდე კანონი და საკანონმდებლო ცვლილება, რომლებმაც, თავის მხრივ, კიდევ სხვა კანონები შეცვალა.

კანონების და ცვლილებების დიდი ნაწილი ე.წ. დაჩქარებული წესით მიიღეს - ყველა ცვლილება წინააღმდეგობის გარეშე.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

სადავო პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ჰყავს, პარლამენტში არ არიან ოპოზიციური დეპუტატები. პარლამენტმა შეცვალა კანონიც, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან სავალდებულო კონსულტაციას ითხოვდა.

რა შეცვალა ამ სესიამ ქვეყანაში?

აქ თავი მოვუყარეთ 20-მდე კანონსა და საკანონმდებლო ცვლილებას, რომელთა უმრავლესობა ან აქამდე არსებული ლიბერალური კანონების გამკაცრებაა, ან/და მათი მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პარტნიორმა ქვეყნებმა „დემოკრატიული მომავლისგან უკანდახევად“ შეაფასეს. „ქართული ოცნება“ ცვლილებების უმეტესობას ეროვნული ინტერესებით, სუვერენიტეტის განმტკიცებითა და უცხო ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების გაძლიერებით ხსნის.

2 ივლისი: ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსში“

მომხრე - 82,

წინააღმდეგი - 0.

მიღების წესი - დაჩქარებული.

რა შეიცვალა: კანაფისა და მარიხუანის დასჯადი ოდენობის შეძენა, შენახვა გამოიწვევს თავისუფლების 6 წლამდე აღკვეთას. გაიზარდა დასჯადი ოდენობაც: მცენარე კანაფი - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანა - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანა - 10 გრამიდან 140 გრამამდე.

2 ივლისი: ცვლილებები კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“

მომხრე - 83.

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: უცხოელებს, და ქართველებსაც, რომლებსაც მოქალაქეობა არ აქვთ, საქართველოდან იოლად გააძევებენ, ქვეყანაში შემოსვლას კი წლობით აუკრძალავენ, გართულდება თავშესაფრის მიღება.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეეძლება, შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.

2 ივლისი: ცვლილება კანონში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“

მომხრე - 82,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: ოპიოიდურ ჩანაცვლებით თერაპიას ნარკომომხმარებლები კერძო კლინიკებში ვეღარ ჩაიტარებენ - პროცესს განკარგავს მხოლოდ სახელმწიფო; ასევე, მხოლოდ სახელმწიფო შემოიტანს ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

გარდა ამისა, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში მიესაჯოს მკურნალობაც. შემთხვევებს შეაფასებს მოსამართლე.

სასჯელი ანუ სავალდებულო მკურნალობა შეიძლება გამოიყენონ იმ შემთხვევაშიც, თუ ის საფრთხეს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც უქმნის.

26 ივნისი: ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“

მომხრე - 84,

წინააღმდეგი - 0.

მიღების წესი - დაჩქარებული.

რა შეიცვალა: დაზუსტდა, რა არის ცილისწამება - მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება. ოღონდ, თუ ადრე მომჩივანს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას ცილი დასწამეს, ახლა პირიქით, ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ სიმართლე თქვა.

26 ივნისი: ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში

მომხრე - 80.

მიღების წესი - დაჩქარებული.

რა შეიცვალა: აიკრძალა ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა.

სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 180-დან 240 საათამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი 1-დან 2 წლამდე ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

ამავე საკანონმდებლო პაკეტით, სულ მცირე, ორჯერ გაუზარდეს მოსამართლეებს ხელფასი.

სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში - ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია.

გადაღების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

ჩაწერა - ვიდეო, ფოტო თუ აუდიო, ასევე ტრანსლაცია, დასაშვები იქნება არა მოსამართლის, არამედ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

12 ივნისი: კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხრე - 78,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად აღარ არის საჭირო კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

12 ივნისი: ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში

მომხრე - 84,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: ტექნიკური და საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა სახის ინტელექტუალური რჩევა და დახმარება ჩაითვალა გრანტად.

აიკრძალა გრანტების გაცემა და მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე. უნებართვო გრანტის აღებისთვის დადგინდა სასჯელი - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.

16 აპრილი: ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსში“

მომხრე - 80;

წინააღმდეგი - 0.

მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით - კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა.

კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად - კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.

შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

13 მაისი: ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში

მომხრე - 80;

წინააღმდეგი - 0.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.

2 აპრილი: ცვლილება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში

მომხრე - 80,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ ჩაანაცვლა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობამ“.


1 აპრილი: ცვლილება კანონში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“

მომხრე - 86;

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის ნებას რთავს ხელმძღვანელი.

1 აპრილი: ცვლილებები კანონში „მაუწყებლობის შესახებ“

მომხრე - 81;

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: მაუწყებლებს აეკრძალათ უცხოური დაფინანსების მიღება. დაწესდა ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მათ შორის წყაროებთან დაკავშირებით, გამკაცრდა კონტროლი და სადამსჯელო ზომები; დადგინდა, რომ ეს წესები შეეხება მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებსაც.

ცალკე კენჭისყრით ამავე კანონში (85 მომხრე, 0 წინააღმდეგი) მიიღეს სხვა ცვლილებებიც, რომლებიც განსაზღვრავს მაუწყებლის შიდა რეგულაციებს - ეს მედიაექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც შემზღუდველი.

1 აპრილი: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. ქართული FARA)

მომხრე - 86,

წინააღმდეგი - 0.

რა მოხდა: მიიღეს კანონი, რომელიც ადგენს უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებებს. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია.

1 აპრილი: ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

მომხრე - 86,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: დაბრუნდა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. 2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი განსაზღვრავდა „სახელმწიფოს ღალატს“. ახლა ამ მუხლს „სამშობლოს ღალატი“ ერქმევა.

20 თებერვალი: ცვლილება კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“

მომხრე - 81,

მოწინააღმდეგე - 0.

რა შეიცვალა: გაუქმდა და დაიხურა საჯარო სამსახურის ბიურო. ბიუროს საქმიანობა გადაეცა მთავრობის ადმინისტრაციას. „ქართული ოცნებამ“ მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია დაასახელა, ოპოზიციამ - განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეების დასჯის უფლებამოსილების გაფართოება.

20 თებერვალი: ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში

მომხრე - 80,

მოწინააღმდეგე - 0.

მიღებულია დაჩქარებული წესით.

შეიქმნა მთავრობის დაქვემდებარებული უწყება, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გრანტებს გასცემს.

ამავე უწყებას ექნება სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება.

19 თებერვალი: ცვლილება კანონში „პროფესიული თეატრების შესახებ“

მომხრე - 85,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: სამინისტროს დაფუძნებულ თეატრში დირექტორს ნიშნავს მინისტრი. ამ კანონით თავისუფლდება ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრის დირექტორი.

6 თებერვალი: კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ

მომხრე - 85;

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: მნიშვნელოვნად გამკაცრდა სამართალდამრღვევის დეფინიციაც და სასჯელიც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალა თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის სიტყვიერი ან სხვა სახის შეურაცხყოფა მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით.

წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა - გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ჯარიმდება 500-დან 3 000 ლარით ან 20 დღემდე პატიმრობით, განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 3 000 ლარიდან 5000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობით.

აიკრძალა შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

6 თებერვალი: კანონპროექტი „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხრე - 82,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: სისხლის სამართლის კოდექსის ორი 222-ე და 330-ე მუხლები.

ამ მუხლებით დასჯადია ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, ასევე ამის გაკეთება ტერორისტული მიზნით. დაემატა შენიშვნა, რომ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაადგენს მთავრობა.

2024 წლის არჩევნებამდე ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაუმატა ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები. მოგვიანებით ამ ჩამონათვალს დაემატა მაგისტრალებიც.

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ისჯება ორ წლამდე პატიმრობით.

6 თებერვალი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხრე - 82,

წინააღმდეგი - 0.

რა შეიცვალა: პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა ან შეწყვეტა ისჯება ჯარიმით, 2 წლამდე შინაპატიმრობით ან თავისუფლების 2-დან 6 წლამდე აღკვეთით.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG