ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის მეთაურის რანგში თურქეთს მეორედ სტუმრობს. პირველად ის მეზობელ ქვეყანას 2023 წლის ივნისში ეწვია - პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინაუგურაციაზე. თუმცა ერევანი სწორედ ახლანდელ ვიზიტს ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას რეგიონში მშვიდობისკენ გადადგმულ „ისტორიულ“ ნაბიჯად აფასებს. საქმე ისაა, რომ სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერაც არ აქვთ, მათ შორის საზღვარი კი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩაკეტილია.
1991 წელს, სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა, 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომისას, ანკარამ ერევანთან ურთიერთობები გაწყვიტა. მას შემდეგ ქვეყნებს არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები. ყარაბაღის მეორე ომის (2020 წელს) დასრულების შემდეგ, 2021 წელს, ანკარამ და ერევანმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს ურთიერთობათა ნორმალიზაციისათვის.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა, რომლის ციტირებასაც ახდენს სააგენტო ფრანს-პრესი (AFP), განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს სამუშაო სტატუსი აქვს და ის თურქეთის პრეზიდენტის მოწვევით ხორციელდება.
ფაშინიანს სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ექინჯი დახვდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი, ერევნის წარმომადგენელი სომხურ-თურქულ მოლაპარაკებებში რუბენ რუბინიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სწრაფ ნორმალიზებას ცდილობს, რისთვისაც მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის, თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოანი ერთგვარ წინაპირობას აყენებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების სახით.
ფაშინიანის სტუმრობამდე ერთი დღით ადრე, 19 ივნისს სტამბოლში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, რომელთანაც შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე.
2025 მარტში სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს თანხმობას მომავალ „სამშვიდობო შეთანხმებაზე“, თუმცა თავად შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, რადგან ბაქომ ერევანს არაერთი პირობა წაუყენა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, სომხეთისა და თურქეთის პოზიციების დაახლოების პროცესი ფაშინიანის ამანამდე არნახული დათმობებით დაიწყო, რაშიც იგულისხმება:
- ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარება
- ტერიტორიული პრეტენზიების უარყოფა
- გენოციდის აღიარების დღის წესრიგიდან ამოღება
სპეციალისტების თქმით, ეს ყველაფერი იმის წინაპირობას იძლევა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასა და საზღვრების გახსნას ვეღარაფერი შეუშლის ხელს.
თუმცა, ანკარას ასევე აქვს კიდევ ერთი წინაპირობა, რომლის მიხედვითაც, ჯერ უნდა გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. არადა ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, სომხური დიპლომატიის ამოცანა ამ ორი პროცესის ერთმანეთისგან გამიჯვნაა, ფაშინიანისა და ერდოანის შეხვედრის შედეგები კი აჩვენებს, მზად არის თუ არა თურქეთი ამისთვის.
"ჩვენ არ დაგვიკარგავს მთიანი ყარაბაღი, არამედ მოვიპოვეთ სომხეთის რესპუბლიკა“, - ნიკოლო ფაშინიანი
ამ დათმობის გამო ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც მთავრობის მეთაურს მთიანი ყარაბაღის დაკარგვასა და ეროვნული ინტერესების ღალატში სდებს ბრალს. ერთ-ერთი ამგვარი ბრალდების პასუხად, როგორც გამოცემა Radar Armenia წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:
„ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ მთიანი ყარაბაღი დავკარგეთ. ბუნებრივია, ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე და აქ ჩემი პასუხი ასეთია: ჩვენ არ დაგვიკარგავს მთიანი ყარაბაღი, არამედ მოვიპოვეთ სომხეთის რესპუბლიკა“.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, წარსულში მთიანი ყარაბაღი იმის საბაბი ხდებოდა, რომ სომხეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო არ გამხდარიყო. ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთისთვის ბოლო შვიდი წელი (მისი მმართველობის პერიოდი) „წარმატებების ისტორიაა და არა წარუმატებლობისა“.
სომხეთის მთავრობა არ მალავს, რომ სურს აზერბაიჯან-თურქეთთან შერიგება და ორმხრივი პრეტენზიების მანკიერი წრიდან გამოსვლა. ამის გამო ერევანი ცდილობს ურთიერთობებში გამაღიზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრას. მაგალითად, ფაშინიანმა უარი თქვა არარატის მთის რესპუბლიკის სიმბოლოდ გამოყენებაზე, რადგან ის თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ერევნის მიერ (ერდოანის თხოვნით) პალესტინის ავტონომიის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარება.
ერევანი დარწმუნებულია, რომ სწრაფი შერიგება მატერიალურ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიასა და მის სამეზობლოს. ფაშინიანს სურს რეგიონის ყველა ქვეყნის საზღვრების გახსნა და ეკონომიკური ბარიერების მოხსნა.
ფაშინიანი სომხეთს ხედავს „მსოფლიოს გზაჯვარედინად“, რომელიც გზებით, გაზსადენებით, კაბელებითა და ელექტროგადამცემი ხაზებით ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და თურქეთს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გეგმის მიხედვით, შავი ზღვა და სპარსეთის ყურე, ისევე როგორც კასპიის და მარმარილოს ზღვები, ერთმანეთს უმოკლესი მარშრუტით დაუკავშირდებიან.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრების გახსნის მცდელობები ადრეც ყოფილა. 2009 წელს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთობის ნორმალიზების ოქმებს, თუმცა პროცესი ჩაიშალა ყარაბაღის კონფლიქტის, საზღვარზე შექმნილი პრობლემებისა და სომხეთის იმ ძალისხმევის გამო, რომელსაც სურდა 1915 წლის სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გენოციდად საერთაშორისო აღიარებას.
„მთავარი როლი ითამაშა აზერბაიჯანმა, რომელიც არ იყო დაინტერესებული თურქეთის მხრიდან შეთანხმების რატიფიცირებაში“, - დაწერა მაშინ ყარაბაღის კონფლიქტის მკვლევარმა, ტომ დე ვაალმა. მსგავსი კამპანია წამოიწყეს ერევანშიც, ნაციონალისტებმა და დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებიც მოითხოვდნენ თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას.
თუმცა ბოლო წლებში რეგიონში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, ხოლო ფაშინიანმა ის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა. დღის წესრიგიდან გაქრა საზღვრის საკითხიც - სომხეთს აღარ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლების მიმართ.
ფაშინიანმა მკვეთრად შეცვლა მიდგომა 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებითაც. 2025 წლის მარტში, თურქ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:
„სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში არ შედის“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ახლა პრიორიტეტი „მეზობლებთან მშვიდობაა და არა წარსულის ტრაგედიებზე დავა“.
ერევანი ოფიციალურად კვლავაც მიიჩნევს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხებისა და სხვა ქრისტიანი ქვეშევრდომების მასობრივ მკვლელობას გენოციდად, რასაც ისტორიკოსების დიდი ნაწილიც იზიარებს. გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) მონაცემებით, მაშინ 1 მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული. თუმცა, ანკარა აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა არა გენოციდს, არამედ ხოცვა-ჟლეტას, რომელშიც დაიღუპნენ როგორც სომხები, ასევე თურქები.
ერთი შეხედვით, სომხეთის საგარეო პოლიტიკის საფუძვლებზე უარის თქმა, ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარება და სახელმწიფოებს შორის საზღვრების ცნობა საკმარისი უნდა იყოს, ერევანსა და ანკარას შორის ფუნდამენტური უთანხმოების აღმოფხვრისათვის.
და მაინც, ერდოანის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთმა ჯერ აზერბაიჯანთან უნდა დადოს სამშვიდობო ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარი. ერევანსა და ბაქოს შორის კი კვლავ რჩება ღრმა წინააღმდეგობები.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ ფაშინიანის ამოცანაა დიპლომატიური გარღვევის მიღწევა და თურქეთთან ნორმალიზების პროცესის დაწყება, აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამ პროცესის ნაწილად მიიჩნევენ ექსპერტები ფაშინიანის 20 ივნისის განცხადებას. თურქეთში სომხური დიასპორის წევრებთან შეხვედრისას ფაშინიანმა თქვა, რომ აპირებს თურქეთის პრეზიდენტი მიიწვიოს სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე, რომელიც 2026 წელს ერევანში გაიმართება.
ფორუმი