Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დეპორტაცია, არ იცით, რისი ნახვა გინდათ“ - როგორ აბრუნებენ ყაზახებს საქართველოს საზღვრიდან


რამდენიმე დღის წინ ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების თავს ხდება. ფოტოილუსტრაცია
რამდენიმე დღის წინ ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების თავს ხდება. ფოტოილუსტრაცია

ყაზახეთის მედია სულ უფრო ხშირად წერს საქართველოს საზღვრიდან დეპორტირებული ტურისტების შესახებ. მოგზაურობით ტკბობის ნაცვლად ყაზახი ტურისტები ნამდვილ განსაცდელში ვარდებიან. მათთვის საზღვარი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ბარიერადაც იქცა.

რატომ იზრდება საზღვრიდან გაბრუნებულების რიცხვი?

„არაფერი დამიშავებია“

„არაფერი დამიშავებია. ჩემი ქვეყანა არ შემირცხვენია. მსგავსი არც იფიქროთ. ქალაქის დათვალიერება მხოლოდ თვითმფრინავიდან თუ მოვახერხე, აეროპორტშივე დამადეპორტეს, დასაბრუნებელი ბილეთი არ გაქვს და ამიტომო“, - ბლოგერის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ეს ამბავი, ყაზახეთს მედიამ აიტაცა.

ყაზახეთიდან ჩამოსულებს როგორც მესამე ხარისხის ადამიანებს ისე გვიყურებდნენ... უდიერი დამოკიდებულება, ამოოხვრები, თვალების გადატრიალება...

აღმოჩნდა, რომ მედინას (სახელი შეცვლილია) შემთხვევა გამონაკლისი არაა. NewTimes.kz-ის მონაცემებით, მხოლოდ აპრილში საქართველოს საზღვრიდან ყაზახეთის სულ მცირე სამი მოქალაქე გააბრუნეს, თანაც დიდი ვერაფერი მიზეზებით. ყაზახურ მედიაში „მასობრივ დეპორტაციაზეც“ კი ალაპარაკდნენ.

მედინა თბილისში აქტაუდან აპრილის დასაწყისში ჩამოფრინდა და ორიოდე თვით დარჩენას აპირებდა. ყაზახეთის მოქალაქეების საქართველოში ერთ წლამდე შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა. თუმცა საპასპორტო კონტროლისას მას დეპორტაციის გადაწყვეტილება გააცნეს. ფორმალური მიზეზები ასეთი იყო: არასაკმარისი თანხა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის „ყალბი, არასრული ინფორმაციის წარდგენა“.

ბლოგერი გოგონა ჰყვება, რომ რეალურად დასაბრუნებელი ბილეთი მართლაც არ გააჩნდა, მაგრამ ეს ოფიციალური მიზეზი ვერ იქნებოდა. თან 500 დოლარი მიჰქონდა, ორიოდე დღეში ხელფასიც უნდა ჩაერიცხათ - 1300 დოლარი.

„მესმის, რომ ეს ძალიან დიდი თანხა არ არის, მაგრამ როცა ბავშვების და ცხოველების გარეშე მიდიხარ, სავსებით საკმარისია. ვისთანაც გამოსაკითხად გამიშვეს, ამის გაგონებაც არ უნდოდა. ყველა საბუთს ვაჩვენებდი - დასაქმებული რომ ვარ, სტაბილური შემოსავალი რომ მაქვს (ღმერთს მადლობა), არც მომისმინეს“, - ჰყვება მედინა „ეხო კავკაზასთან“.

მედინამ უკან დასაბრუნებელი ბილეთი იმიტომ არ იყიდა, რომ საქართველოდან თურქეთში აპირებდა მოგზაურობის გაგრძელებას.

„ესეც ვუთხარი, მაგრამ ძალიანაც აღარ ვცდილობდი, შევეგუე. რომ ვნახე მესაზღვრეები როგორ მექცეოდნენ, გულში გამიხარდა კიდეც, სახლში დავბრუნდები-მეთქი“.

ტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში

სწორედ მესაზღვრეების საქციელმა გადააწყვეტინა მედინას საქართველოში აღარასოდეს ჩამოვიდეს.

„შესაძლოა დეპორტაცია ჩემი ბრალია. უნდა წამეკითხა საქართველოს საზღვრის გადალახვის ინსტრუქცია. მაგრამ მესაზღვრეების საქციელს ვერაფრით გავამართლებ. ყველა კაბინაში ავი თანამშრომელი იჯდა. ყაზახეთიდან ჩამოსულებს როგორც მესამე ხარისხის ადამიანებს ისე გვიყურებდნენ. მესმის, რომ მესაზღვრეები ზოგ ქვეყანაში სამხედროები არიან, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს უფლება ნორმალურად მოგვეპყრონ. აქტაუდან ჩამოფრენილებს ისეთი ტონით გვესაუბრებოდნენ თითქოს დამნაშავეები ვიყავით და არა ტურისტები, რომლებმაც ახალი ქვეყნის ნახვა და იქ ფულის დახარჯვა გადავწყვიტეთ. უდიერი დამოკიდებულება, ამოოხვრები, თვალების გადატრიალება“.

ყველაზე მწარედ მედინას მოხუცი ქალი დაამახსოვრდა, რომელსაც დოლარების თვლისას თავგზა აერია.

„გვერდით 60 წლამდე ქალი იდგა, ალბათ პირველად იყო საზღვარგარეთ, ბებია. დაიბნა და თავის ფულს დოლარებში ვერ ითვლიდა. მესაზღვრემ, ახალგაზრდა გოგომ, უყვირა: „დოლარში რამდენია?“ შემდეგ ქალთან მისი შვილი მივიდა. გასაუბრების შემდეგ შეუშვეს“.

მედინა და კიდევ ორი ბიჭი მათი რეისიდან (ერთ ყაზახეთიდან და მეორე თურქმენეთიდან) ქვეყანაში არ შეუშვეს და უკან იმავე რეისს გააყოლეს. ბარგი მხოლოდ სამი დღის მერე ჩავიდა.

ამ ამბის ყაზახეთის მედიაში გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ყველა თავის ისტორიას ჰყვებოდა.

ძალიან უხეშად მელაპარაკნენ. ერთმა ისიც მითხრა, ვალდებულები ვართ შეგიშვათო?! შოკზე უარესი მჭირდა. ახლა საქართველო ჩემთვის დახურული თემაა...

„მეც აღარასოდეს ჩავალ საქართველოში. ბათუმში ორი ბავშვით ვიყავი და არ შეგვიშვეს, ყალბი ინფორმაცია გაქვთ წარმოდგენილიო. ხელმძღვანელობას რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი მივახალე. ადრე აქტაუში უამრავი ქართველი ტაქსისტი იყო და როგორ ვექცეოდით? ვუყვირე, მაგრამ მესაზღვრემ პრინციპულად გააგრძელა დოკუმენტების გაფორმება, უარის ქაღალდი მომცა. ცოლს ეშინოდა, რომ იქვე ჩამსვამდნენ“.

„ეს ის საქართველო არაა. ორჯერ არ შემიშვეს (2022 და 2024 წლებში) - თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე. პირველად არც არაფერი აუხსნიათ. მეორედ ძალიან უხეშად მელაპარაკნენ. ერთმა ისიც მითხრა, ვალდებულები ვართ შეგიშვათო?! შოკზე უარესი მჭირდა. ახლა საქართველო ჩემთვის დახურული თემაა“.

„ღირსშესანიშნაობები ზეპირად უნდა იცოდე“

საქართველოში მეორედ ჩამოსვლას არც ალტინი (სახელი შეცვლილია) აპირებს. რამდენიმესაათიანი მოგზაურობა მისთვის აეროპორტში დაკითხვითა და უარით დასრულდა.

2024 წლის 20 მაისს ალტინი და მისი მეგობარი ბაქო-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ. საქართველოში ოთხი დღით დარჩენა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება უნდოდათ. მესაზღვრეებმა სტანდარტული კითხვები დაუსვეს:

- ჩამოსვლის მიზანი?

- ტურისტული.

- რამდენი დღით?

- ოთხით.

- სასტუმრო გაქვთ?

- გვაქვს.

გოგოები ჯერ განზე გაიყვანეს, 20 წუთის მერე კი - მოსაცდელ ოთახში. იქ მეორე ეტაპი დაიწყო. ალტინი ჰყვება, რომ პოლიციის თანამშრომელი, სახელად თამთა, თავიდანვე უხეშად ელაპარაკებოდა, ამცირებდა. გოგონა იხსენებს, რომ შეკითხვებზე, რომელიც სასტუმროს ჯავშანს, უკან დასაბრუნებელ ბილეთსა და ფულს ეხებოდა მაშინვე უპასუხა და საბუთებიც აჩვენა.

ამ ოთახში ღამის 3 საათიდან 9 საათამდე ვისხედით. ძალიან მკაცრად და უხეშად გველაპარაკებოდნენ. ციხის საკანივით ოთახი იყო, არც ტელეფონი გვქონდა, არც პასპორტი...

ამის შემდეგ აეროპორტის თანამშრომელმა ჰკითხა, რომელი ღირსშესანიშნაობების ნახვას აპირებდნენ.

„ვუთხარით, რომ გუგლით მოვიძიეთ და ჩამონათვალიც ვიპოვეთ, მაგრამ ახლა ინტერნეტი არ გვქონდა. თამთამ უხეშად გვითხრა: „ზეპირად უნდა იცოდეთ!“ ვეუბნები, ჩვენ ხომ საქართველოში პირველად ვართ, სწორედ იმისთვის ჩამოვფრინდით, რომ შევისწავლოთ-მეთქი. მერე ვკითხე, რატომ გველაპარაკებოდა ასეთი ტონით. ნორმალურად გელაპარაკებითო“, - ჰყვება ალტინი „ეხო კავკაზასთან“.

ამის შემდეგ გოგოებს დაზღვევა მოსთხოვეს. არ ჰქონდათ. ეს იმით ახსნეს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ტურისტების დაზღვევა მხოლოდ 2024 წლის ივნისიდან იყო აუცილებელი.

მართლაც იგეგმება, რომ სამედიცინო დაზღვევა აუცილებელი გახდეს, ოღონდ ვადამ გადაიწია და ეს წესი ამჯერად 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. იმ დროს გოგოებს საზღვარზე ტურისტულ დაზღვევას სთხოვდნენ.

ამ ახსნა-განმარტებას საზღვრის დაცვის თანამშრომელმა უპასუხა: „გასაგებია. დეპორტაცია, რადგან არ იცით, რისი ნახვა გინდათ. არც დაზღვევა გაქვთ - დეპორტაცია!“

ალტინი ჰყვება, რომ როდესაც სთხოვა ეჩვენებინათ კანონი, რომელიც მათ სამედიცინო დაზღვევის ქონას ავალდებულებდა, პოლიციელებმა მას არ უპასუხეს.

გოგოების თქმით, ისინი ცალკე განყოფილებაში გაიყვანეს და სთხოვეს, ტელეფონები გამოერთოთ. მერე ეს ტელეფონები გამოართვეს და წავიდნენ. შემდეგ შეატყობინეს, რომ უკან დასაბრუნებელ ბილეთებს საქართველო იხდიდა.

„ამ ოთახში ღამის 3 საათიდან 9 საათამდე ვისხედით. ძალიან მკაცრად და უხეშად გველაპარაკებოდნენ. ციხის საკანივით ოთახი იყო, არც ტელეფონი გვქონდა, არც პასპორტი“.

გოგოები უკან ბაქოში გაუშვეს. სასტუმრომ ფული დაუბრუნა, ავიაკომპანიამ - ვერა. აღმოჩნდა, რომ მათი უკან დასაბრუნებელი ბილეთები 24 მაისიდან 21 მაისზე გადაეცვალათ.

„ჩვენი ავიაკომპანია საქართველოს დაუკავშირდა. გვითხრეს, არ ვიცი რატომ, მაგრამ უკან დასაბრუნებელი ბილეთები ანულირებულიაო. ანუ ჩვენივე ბილეთებით გაგვიკეთეს დეპორტაცია. ამის უფლება ჩვენი თანხმობის გარეშე არ ჰქონდათ. ასე თვითნებურად მოიქცნენ. ნებისმიერ ქვეყანაში დეპორტაცია იმ ქვეყნის ხარჯზე კეთდება, რომელიც დეპორტს გიკეთებს. გამოდის, რომ მოგვატყუეს“, - ამბობს ალტინი.

ალტინმა საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტსა და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს მიმართა, რათა ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაში დახმარებოდნენ, ასევე მოითხოვა ამოეღოთ 20 მაისის ვიდეოჩანაწერები და ენახათ, როგორ ექცეოდნენ დაკითხვისას. ოფიციალურად მოითხოვა პასუხი ასეთი მოქცევისა და ქვეყანაში შესვლაზე უარის მიზეზების შესახებ. წელი გავიდა, მაგრამ მან ისიც კი არ იცის, საქმე ახლა რა ეტაპზეა.

ალტინი აღნიშნავს, რომ იმავე რეისის სხვა მგზავრები ქვეყანაში დაუბრკოლებლად შეუშვეს.

სოციალურ ქსელში ბევრი იმასაც წერს, რომ საქართველოს საზღვარზე პრობლემა არასდროს შეჰქმნიათ.

„შარშან დეკემბერში ვიყავი. კულტურულად და მშვიდად იქცეოდნენ. მალევე გავედით. დასვენებითაც კარგად დავისვენეთ, ყველგან ზრდილობიანები იყვნენ, გინდა რესტორნებში, გინდა მაღაზიებში“.

„ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში. პასპორტის კონტროლისას სტანდარტული კითხვები აქვთ, როგორც ყველგან. თანხა რა მიგაქვს იმასაც გეკითხებიან. საქართველო ძალიან ადეკვატური ქვეყანაა“.

„სადღაც წლინახევრის წინ ვიყავი. მშვენივრად იყო ყველაფერი, სტანდარტული შეკითხვები ჰქონდათ. თავად საქართველოში მართლა შესანიშნავი ხალხია, კეთილები, გულისხმიერები, ყველაფერს აკეთებენ, შენი კომფორტისთვის“.

საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობას საფრთხე ემუქრება

რამდენიმე დღის წინ ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც ყაზახეთის მოქალაქეების თავს ხდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არასათანადოდ ეპყრობიან.

ეს ტენდენცია საქართველოს აზიანებს, როგორც ტურისტული მიმართულებით, ისე ორი ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით. არ შეიძლება ტურისტს ასე მოექცე...
გიორგი ჯახუტაშვილი

განცხადების თანახმად, 2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას.

„მსგავსი სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტების სიმრავლეზე მიუთითებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ორგანიზაციის წევრების თანამშრომელთა მხრიდან დახმარების ხშირი თხოვნები, მრავლობითი პრეტენზიები კერძო პირებისგან და სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი სტატია თუ პოსტი, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქეების ნეგატიურ გამოცდილებას ასახავს.

გვსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ: ყოველი სახის დამამცირებელი მოპყრობა, არაკორექტულად გამოხატული უარი და უპატივცემულო დამოკიდებულება უცხოელი მოქალაქეების მიმართ — სრულიად დაუშვებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გაერთიანების წარმომადგენელი გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, შექმნილი სიტუაციის გამო ყაზახეთში წამოიწყეს მედიაკამპანია ბლოგერებისა და ინფლუენსერების მონაწილეობით.

„ეს ტენდენცია საქართველოს აზიანებს, როგორც ტურისტული მიმართულებით, ისე ორი ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით. არ შეიძლება ტურისტს ასე მოექცე. მით უფრო თუ ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ შენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - თქვა ჯახუტაშვილმა BM.ge-თან ინტერვიუში.

„ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი 2006-2025 წლებში ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთი საქართველოში 350 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ქმნის მნიშვნელოვან წილს ეკონომიკაში. 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 6.5 მილიარდ დოლარს გასცდა, სადაც ყაზახეთში ექსპორტის წილმა 860 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 13%, რომლის 95%-ს ავტომანქანების ექსპორტი წარმოადგენდა“, - წერია განცხადებაში.

საერთაშორისო ვიზიტების კუთხით ყაზახეთი ტოპ ათ ქვეყანას შორისაა. 2025 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში 958 947 საერთაშორისო ტურისტი ჩამოვიდა, მათგან 21 625 ყაზახეთიდან.

„ეხო კავკაზამ“ ოფიციალურად ჰკითხა საქართველოს ეროვნულ სააგენტოს - იცოდნენ თუ არა ამ განცხადებისა და ყაზახეთში დაწყებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

დახურული საზღვრები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრებზე მდგომარეობა დაიძაბა. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ღიაა მოგზაურებისთვისაც და იმათვისაც, ვინც აქ საცხოვრებლად გადმოვიდა. 2022 წლის შუა თვეებში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველომ ბევრისთვის დახურა საზღვარი.

2022 წლის ზაფხულში საქართველო დახურული იყო ჩრდილოკავკასიელებისთვის, რამაც ამ რეგიონის მკვიდრთა უკმაყოფილება გამოიწვია. ლარსის გადალახვისას შექმნილ პრობლემებზე ხშირად საუბრობდნენ ტელეგრამ-ჯგუფში „სხვა მიზეზები“. ხალხი ჰყვებოდა, თუ როგორ ამაოდ ცდილობდნენ საქართველოში მოხვედრას, უარის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი დაბადების ადგილს ასახელებდნენ.

საქართველო უარს ეუბნება რუს ოპოზიციონერებსაც, ჟურნალისტებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები, აქტივისტებს ბელარუსიდან და რუსეთიდან, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. და ეს იმ დროს, როდესაც რუსეთისა და ბელარუსის სხვა მოქალაქეები ათასობით შემოდიოდნენ.

საქართველოს ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს, თუ რატომ არ უშვებენ საქართველოში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებს. საზოგადოებაში ეს განამტკიცებს მოსაზრებას, რომ საქართველოს მესაზღვრეები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუს მესაზღვრეებთან და ერთგვარი „შავი სიებით“ ხელმძღვანელობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG