ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცეს. "ოცნების" მაღალჩინოსნებმა სახელობითი მილოცვები იმავე ლიდერებისგან მიიღეს, რომლებმაც მანამდე საპარლამენტო არჩევნებში სადავო გამარჯვებაც მიულოცეს.
26 მაისს „ოცნების“ მისამართით გაისმა მწვავე კრიტიკაც და ხაზი გაესვა "მეგობარი აქტის" სწრაფად დამტკიცების საჭიროებასაც.
„ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს. ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა თავისუფლების მოედანზე. ეს იყო სადავო არჩევნების შედეგად, არაპირდაპირი წესით, ძირითადად “ოცნების” წევრების მიერ არჩეული პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, პირველი მიმართვა ჯარისადმი დამოუკიდებლობის დღეზე.
ყაველაშვილმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულ განაყოფს - „ხალხის ძალას“ - წარმოადგენდა, ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო „ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის“ ერთგულია, მაგრამ აქვეა ერთგვარი დათქმაც - მისაღებია „ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა“, რომელიც „ურთიერთსარგებლობას მოიცავს“.
ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თავიანთ გამოსვლებში არ უხსენებიათ. არაფერი არ თქმულა არც რუსეთზე, როგორც საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარ გამოწვევაზე, რომელსაც დღემდე აქვს ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ხელისუფლებასა და თანამედროვე “არაკეთილმოსურნეებზე” ილაპარაკა.
„დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის”, - სიძულვილის მთესველი არაკეთილმოსურნეების ვინაობა კობახიძეს ამჯერად არ დაუკონკრეტებია. მსგავსი განცხადებები დასავლეთის და კონკრეტულად - ბრიუსელის - წინააღმდეგ იყო მიმართული 2025 წლის 9 აპრილს, როცა საქართველოში საბჭოთა არმიის სისხლიანი ანგარიშსწორების 36-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. მაშინ ტოლობის ნიშანი სწორედ საბჭოთა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაისვა.
მსგავსი აქცენტები დასვა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. თავისუფლების მოედანზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ დღეს მსოფლიოში „იშლება ღირებულებები“, „ირევა მტერ-მოყვარე“ და „ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას“.
„დღესაც არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ, საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი“ - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, ფიცის დადების ღონისძიების დასრულების შემდეგ და ამავე კომენტარში ახსენა ლიეტუველი ევროპარლამენტარი [რასა იუკნევიჩიენე], რომელიც, მისი თქმით, „ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით“ გამოირჩევა.
„მე იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დაადგამს, ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. რასა იუკნევიჩიენეს მკვეთრი კრიტიკის სამიზნე "ქართული ოცნების" პოლიტიკა და ცალკეული ლიდერები არიან. ამ ევროპარლამენტარს ეკუთვნის ტერმინი "დებიძინიზაცია" - “ქართული ოცნების” დამფუძნებელი მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
ვის ულოცავენ?
საერთაშორისო მილოცვებზე შეკითხვის საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, რა თქმა უნდა, ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე", ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად საერთაშორისო მისიებში ბრძოლის გამო, და დაამატა, მიხარია, რომ ამ მადლიერებას ვხედავთო.
26 მაისს დასავლელი ლიდერების დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობის დღესასწაული ქართველ ხალხს მიულოცა.
ქართველი ხალხია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მილოცვის ადრესატიც.
“ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე”, - მარკო რუბიოს მისალოცი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა, ხოლო ქართული თარგმანით აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნეს.
ქართულენოვან სოციალურ ქსელებში ბევრმა გაიხსენა, რომ 5 წლის წინ, 2020 წლის 26 მაისს, პირველი ვადის დროს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქართველ ხალხთან ერთად დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტ გიორგი გახარიას.
ამერიკიდან ქართველ ხალხს ულოცავს კონგრესმენი ჯო უილსონიც, X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავისი ინიციატივით შექმნილ „მეგობარ აქტსაც“ ახსენებს და მოუწოდებს სენატს, სწრაფად დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეების უფრო ფართო სანქცირებას ითხოვს.
ქართველ ხალხს მიულოცეს ბრიუსელიდან და ევროპის დედაქალაქებიდან
„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენ გვერდით მტკიცედ დგომას თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად“, - წერს X-ზე ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.
ქართველი ხალხია დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის “მხურვალე მილოცვის” ადრესატი. მეფე წერს, რომ მოუთმენლად ელოდება “ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას”.
ხალხის მიმართ გამოხატულ კეთილ სურვილებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა მოაყოლეს “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის - ლიდერებმა.
“მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე”, - აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
განცხადებაში ჩამოთვლილია აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები; მათ შორის არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და ძალადობის შემთხვევების გამოძიება.
“საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”, - წერია განცხადებაში.
- დღის მეორე ნახევარში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს ფეისბუკზე შალვა პაპუაშვილი მოკლე ტექსტით გამოეხმაურა: „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს”.
- „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა „იმედის“ ეთერიდან ურჩია მაკრონს, მერცსა და ტუსკს, რომ „თვალი გადაავლონ შესაბამის ინდექსებს, შესაბამის რეიტინგებს“, რათა დარწმუნდნენ, რომ „საქართველო არის მოწინავე სახელმწიფო არა მარტო რეგიონში და კანდიდატ სახელმწიფოთა შორის, არამედ, რიგ შემთხვევებში, საქართველო უსწრებს კიდევ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“.
- ჭეიშვილი ფიქრობს, რომ მაკრონი, მერცი და ტუსკი „საზოგადოებაში არასწორი აღქმების ტირაჟირებით“ არიან დაკავებული.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემთხვევითად არ მიიჩნევს, რომ მისალოცი გზავნილები 26 მაისს ძირითადად ქართველმა ხალხმა მიიღო
საღამოს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ დასავლელ ლიდერებს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება ამ დრომდე არ უღიარებიათ და რომ ეს “გამარჯვების ფორმულის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.
“ეს არ არის ტრადიციული, პროტოკოლური მოლოცვები, რომლის მსგავსსაც მეც ვიღებდი, პრეზიდენტობის პირველი მანდატის დროს. ეს არის მოლოცვა თქვენდამი, ხალხის გამბედაობის და გამძლეობის. ეს არის მოლოცვა და სურვილი, რომ თქვენი გამარჯვება მალე მოვიდეს და ამისთვის მხარდაჭერა და იმ დემოკრატიის და ევროპულობის იმედის მხარდაჭერაა ჩვენი პარტნიორებისგან”, - სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ შეცვლილი წესებით საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება, ყველა ამისთვის უნდა მოემზადოს და ბრძოლა “ბოლომდე” უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო სანქციების გაფართოება მათ წინააღმდეგ, ვინც “რუსეთს ხელს უწყობს ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლება”.
„საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია... ეშინია დებიძინიზაციის. თუმცა ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია“, - მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ - თბილისში საგანგებოდ 26 მაისისთვის ჩამოსულმა, "ქართული ოცნების" მხრიდან მკაფიო კონფრონტაციის მიუხედავად.
„თქვენ ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ“, - მიმართა ევროპარლამენტარმა დემონსტრანტებს.
გამორჩეული დამოუკიდებლობა?
2025 წლის 26 მაისს “ოცნების” ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს უპრეცედენტო დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა. ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის გარდა, ნინო წილოსანიც ფიქრობს, რომ წელს 26 მაისს “გამორჩეულად დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო” ზეიმობდა.
“ურთულესი წინაღობებისა და უმძიმესი თავდასხმების ფონზე, ჩვენ შევძელით რომ ქართველი ხალხის ნების გარდა, არავისზე ვყოფილიყავით დამოკიდებულნი. ქვეყნის ეროვნული ინტერესები, იყო ამოსავალი წერტილი ჩვენს ყველა გადაწყვეტილებაში სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებულად ამაყები აღვნიშნავთ ამ დღეს ერთად”, - დაწერა წილოსანმა ფეისბუკზე 26 მაისს.
პოლიტიკის ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ “ოცნების” მმართველობის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უფრო დასავლეთის სამყაროსგან იზოლაციაა.
“საკითხი მარტივად დგას, ავტორიტარულ რეჟიმს სჭირდება იზოლაცია - დემოკრატიული გავლენებისაგან. ამიტომ არის ასეთი რიტორიკა და ქმედებები [“ოცნებისგან”]… თან ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, რა კავშირებია რუსეთთან - ვვარაუდობთ, რომ სერიოზული კავშირები აქვს [“ოცნებას”] და რომელ სუვერენიტეტზეა ამ დროს ლაპარაკი?!
რუსეთი არ შეუშლის ხელს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში და დასავლეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნება ავტორიტარიზმის. ამიტომ არ ეხებიან რუსეთს, არ აკრიტიკებენ საერთოდ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე.
მისი განმარტებით, “აბსოლუტური სუვერენიტეტი” ბუნებაში არ არსებობს, ხოლო განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის დაახლოება არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან და ნატოსთან.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი წლით [2028 წლამდე] აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
28 ნოემბრიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა დღემდე გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს თბილისში.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა თბილისის ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. საერთაშორისო პარტნიორები თბილისს ძირითადად შეზღუდვებისა და სანქციების ენით ელაპარაკებიან.
ფორუმი