Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალი და მატისი სანქციებს გვერდს უვლიან - როგორ შეიტანეს რუსეთში საიდუმლოდ ხელოვნების ნიმუშები


2023-2024 წლებში უზბეკურმა ლოგისტიკურმა კომპანიამ Bek Broker-მა რუსეთში ხელოვნების ორასზე მეტი ნიმუშის შეტანას შეუწყო ხელი, მათ შორის იყო სალვადორ დალისა და ანრი მატისის ნახატები, რემბრანდტ ბუგატისა და ფერნანდო ბოტეროს სკულპტურები.

რუსეთში გადატანილი კოლექციების მთლიანი ღირებულება 36 მილიონ დოლარს აჭარბებს. Bek Broker-ის კლიენტებს შორის იყვნენ იარაღის რუსი მწარმოებლის, მკრტჩ ოკროიანისა და ალექსეი რეპიკის ოჯახები. რეპიკი ოკუპირებულ მარიუპოლში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიის მფლობელია.

ამ სტატიაში „სისტემა“ მოგიყვებით, თუ როგორ აარიდეს თავი სანქცირებულმა ადამიანებმა შეზღუდვას, რომელიც რუსეთში ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარიატის შეტანას უკრძალავდა.

რეპიკის სპილოები

2023 წლის დასაწყისში ნიდერლანდის პორტ ფლისინგენში კომპანია Kortmann Art Packers and Shippers B.V.- ის მტვირთავები ნახატებს, სკულპტურებსა და გრავიურებს ფუთავდნენ. ისინი იახტა Triple Seven-იდან ჩამოტვირთულ ხელოვნების ნიმუშებს ამსტერდამის აეროპორტში აგზავნიდნენ. 67-მეტრიანი იახტა კაიმანის კუნძულების დროშით დაცურავდა და ეკუთვნოდა ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან - Nawton Ltd-ს. სწორედ ამ კომპანიამ გადაიხადა ხელოვნების ნიმუშების გადაზიდვის საფასური.

Triple Seven
Triple Seven

Nawton Ltd ცნობილი გახდა Panama Papers-ისგან გაჟონილი ინფორმაციით. გაირკვა, რომ ამ კომპანიას ეკუთვნოდა თვითმფრინავი (M-FINE), რომლითაც ადრე პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა სარგებლობდა. არც ოფშორის მფლობელი არ დარჩენილა ჩრდილში. ის რუსი ბიზნესმენი ალექსეი რეპიკი აღმოჩნდა, ფარმაცევტული იმპერიის, „რ-ფარმის“ და სამშენებლო კომპანია „რ-სტროის“ მფლობელი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა მათ შორის, რომლებიც ოკუპირებულ მარიუპოლში აშენებენ.

„ბაზრის მოთამაშეების იმ წრეში, რომელიც რუსეთს უკავშირდება, რეპიკს თითქმის არავინ იცნობს და არც არაფრით არ გამოირჩევა. არც კოლექციონერი არ არის, უფრო სპილოები აინტერესებდა. ინტერიერებიც უგემოვნოდ ჰქონდა მოწყობილი“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე კონსტანტინ აკინშა.

ევაკუირებული ხელოვნების ნიმუშებიდან „სისტემამ“ ერთ-ერთი რეპიკის ცოლის, პოლინას ინსტაგრამზე აღმოაჩინა. ფოტოზე, რომელიც 2021 წელს იახტა Triple Seven-ზეა გადაღებული, ჩანს სპილოს ფორმის ლარნაკი. მისი ავტორია ფრანგი მხატვარი ნიკი დე სენ-ფალი. ლარნაკის ფასი 35 ათასი დოლარია.


სალვადორ დალი - 1 214 000 დოლარი
სალვადორ დალი - 1 214 000 დოლარი


ბუგატი - 620 000 დოლარი
ბუგატი - 620 000 დოლარი


კონჩალოვსკი - 570 000 დოლარი
კონჩალოვსკი - 570 000 დოლარი


რენუარი - 380 000 დოლარი
რენუარი - 380 000 დოლარი

სულ იახტიდან 4,6 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების 44 ნიმუში გადაიტანეს, მათ შორის - დალის, კონჩალოვსკის, რენუარის, მატისის ნახატები, ბუგატისა და ბოტეროს სკულპტურები, იაპონური გრავიურები და უამრავი სპილო - ლარნაკები, სამელნეები, პრესპაპიე, სანათები.

შეფუთვის შემდეგ ისინი ამსტერდამის აეროპორტიდან ტაშკენტში გაუშვეს, სამი დღის შემდეგ კი - მოსკოვში, მესაკუთრე ალექსეი რეპიკთან.

ნიდერლანდის გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელოვნების ნიმუშები იახტიდან გაიტანეს, „სისტემას“ უთხრეს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი მოსკოვი იყო, არც ალექსეი რეპიკის სახელი არ ჩანდა სადმე.

უზბეკეთის დედაქალაქიდან რუსეთში კოლექცია გადაიტანა ადგილობრივმა კომპანია Bek Broker-მა. მან რედაქციის კითხვებს არ უპასუხა.

ერთი თვის შემდეგ რუსი მეწარმე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულების სიაში მოხვდა. მოგვიანებით ავსტრალიამ და კანადამაც დაამატეს თავ-თავიანთ სიებში. იახტა Triple Seven-ი 2024 წელს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გადავიდა და მას შემდეგ თურქეთის სანაპიროს გასწვრივ დაცურავს. ამ იახტიდან პოლინა რეპიკი ახლაც აქვეყნებს თავის ფოტოებს ინსტაგრამზე.

რუსი იარაღის მწარმოებლის ნახატების კოლექცია

კიდევ ერთი, ვინც Bek Broker-ის დახმარებით გადაარჩინა ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რუსი იარაღის მწარმოებელი მკრტჩ ოკროიანი აღმოჩნდა. ეს ირკვევა საბაჟოს მონაცემებიდან, რომლებსაც „სისტემა“ გაეცნო.

ოკროიანის კომპანია ფრთიანი რაკეტებისთვის ძრავებს აწარმოებს, ასევე - ნაწილებს შვეულმფრენებისთვის, რომლებსაც რუსეთის არმია იყენებს. 2023 წლის თებერვალში ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა გამოაქვეყნეს გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ოკროიანის ოჯახი 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სამსართულიან სასახლეს ფლობს. სასახლე ლონდონის დასავლეთით, სარის საგრაფოში, ვირჯინია უოტერის ტბასთან დგას.


მალიავინი -105 000 დოლარი
მალიავინი -105 000 დოლარი


კონჩალოვსკი - 100 000 დოლარი
კონჩალოვსკი - 100 000 დოლარი


სერებრიაკოვა - 27 000 დოლარი
სერებრიაკოვა - 27 000 დოლარი

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ოკროიანის ოჯახმა სასწრაფო ზომები მიიღო. დასავლეთში მათ ჰქონდათ ნახატები, რომლებიც მოსალოდნელი სანქციებისგან უნდა გადაერჩინათ, თუ არა და დააყადაღებდნენ. ჰქონდათ პიოტრ კონჩალოვსკის, ზინაიდა სერებრიაკოვას, გრიგორი გლიუკმანის, სერგეი სუდეიკინის, ფილიპ მალიავინის - ჯამში 286 ათასი მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრები. ნახატები უზბეკეთში Bek Broker-ით გაგზავნეს. 2023 წლის 21 თებერვალს ოკროიანის ცოლმა ალა ბაბანმა ნახატები ჯერ ტაშკენტში გაუშვა, შემდეგ კი მოსკოვში, ოკროიანის სახელზე.

აღმოჩნდა, რომ დროულად. უკვე სექტემბერში აშშ-მა ოკროიანი და მისი ოჯახი სანქცირებულთა სიაში შეიტანა. დეკემბერში იგივე გააკეთეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმაც. ამერიკულ სიებში მითითებული იყო, რომ ოკროიანის რამდენიმე ნათესავს ბრიტანეთის მოქალაქეობა ჰქონდა.

როგორ გახდა უზბეკური კომპანია რუსული ხელოვნების ნიმუშების საკვანძო დისპეტჩერი

ლოგისტიკური კომპანია Bek Broker-ი უკვე 25 წელია ბაზარზე მუშაობს. სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ათასობით რუსი კლიენტისთვის გადაჰქონდა ტვირთი, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიისთვის, როგორიცაა „ლუკოილი“.

Bek Broker-ის მეპატრონე ოთხი უზბეკი მეწარმეა: ბახთიერ ერიმბეთოვი, შერზოდ მირხოლიკოვი, როზა დავლეთმურათოვა და ჰუსნიდინ აზიმოვი. Bek Broker-ი 2011-2016 წლებში მოსკოვის გარეუბანში, ცხრასართულიან კორპუსში დარეგისტრირებული იურიდიული პირია. ამ პერიოდისთვის მას რამე განსაკუთრებული ფინანსური გარიგება არ უჩვენებია.

2018-2022 წლებში Bek Broker-მა რუსეთიდან უზბეკეთში 8200-ზე მეტჯერ გადაიტანა ტვირთი. პირიქითა მიმართულებით კი მხოლოდ 106 გზავნილი იყო - 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების. თუმცა 2022 წლის 24 თებერვლისა და სანქციების დაწესების შემდეგ Bek Broker-ის რუს პარტნიორებთან საქმიანობის მიმართულება მკვეთრად შეიცვალა. რუსეთიდან უზბეკეთში მხოლოდ 61-ჯერ წაიღეს გზავნილი, უკან კი გაცილებით მეტჯერ. ბოლო ორწელიწად-ნახევარში Bek Broker-მა რუსეთში 1962 ტვირთი ჩაიტანა, მათი მთლიანი ღირებულება 41,6 მილიონი დოლარია.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის, თუ რა გადაჰქონდათ. 2022 წლიდან მოყოლებული ძირითადი ტვირთი, რომელიც რუსეთში იგზავნებოდა, სწორედ ხელოვნების ნიმუშები იყო. მათი მთლიანი ღირებულება 36,6 მილიონ დოლარს შეადგენს. ყველა დანარჩენი ტვირთის ფასი მხოლოდ 5 მილიონი დოლარია, აქედან უშუალოდ 2024 წელს წაღებულის - 28 ათასი დოლარი.

რა საჭირო გახდა უზბეკეთი

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა, აშშ-მა, შვეიცარიამ და სხვა ქვეყნებმა შემოიღეს სანქციები, რომლებიც რუსეთში ფუფუნების საგნების შეტანას ზღუდავს, მათ შორის იმ ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარიატის, რომელთა ღირებულებაც 300 ევროს აჭარბებს. ამ წესმა ხელოვნების მსოფლიო ბაზარი რადიკალურად შეცვალა.

აუქციონის სახლებმა და მათ შორის Christie’s-მა და Sotheby’s-მა რუსების კუთვნილი ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა შეწყვიტეს, რითაც რუს კოლექციონერებს საერთაშორისო აუქციონებზე წვდომა წაართვეს. რუს კოლექციონერებს საერთაშორისო აუქციონებზე ხელი აღარ მიუწვდებოდათ. შედეგად, 2023 წელს რუსული ხელოვნების ნიმუშების ბრუნვა რუსეთის შიგნით 125 პროცენტით გაიზარდა და 25 მილიონს გადააჭარბა.

ამავდროულად, დაიწყო კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქების აქტივების კონფისკაცია. ბევრი ქვეყნის ხელისუფლებებმა დააყადაღა მათი იახტები, თვითმფრინავები, უძრავი ქონება თუ ხელოვნების ნიმუშები. მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში გერმანიის პოლიციამ ალიშერ უსმანოვის იახტიდან 30 ნახატი ამოიღო, მანამდე მას ფაბერჟეს ოთხი კვერცხი ჩამოართვეს. 2023 წელს ხელოვნების ნიმუშები ამოიღეს ყოფილი სენატორის, ფარხად აჰმედოვის იახტიდან. 2022 წლის მაისში კი ლონდონში დააყადაღეს ფაბერჟეს კვერცხი, რომელიც ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნოდა.

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც სანქციების შემდეგ რუსეთში ხელოვნების ნიმუშების შეტანას უწყობს ხელს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება, - ამბობს ალექს პრეზანტი, ბრიტანელი ადვოკატი და არაკომერციული ორგანიზაცია State Capture: Research and Action-ის თანადამფუძნებელი, - პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინაც, თუ ტვირთს მესამე ქვეყანას, მაგალითად, უზბეკეთს გადასცემს და იცის, რომ ტვირთის საბოლოო მისამართი რუსეთია.

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა იცოდნენ ან რა უნდა სცოდნოდათ [შუამავლებს] მფლობელისა და ხელოვნების ნიმუშების საბოლოო მისამართის შესახებ“, - ამბობს პრეზანტი.

პოლინა რეპიკმა „სისტემას“ აცნობა, რომ მათმა ოჯახმა იახტა Triple Seven-ი 2021 წელს გაყიდა. თუმცა საჯარო რეესტრში მფლობელად ისევ ალექსეი რეპიკის ოფშორია მითითებული.

პოლინა რეპიკის თქმით, ხელოვნების ნიმუშები „რუსეთს დაუბრუნდა“ და მუზეუმს გადაეცა. თუ რომელს - მას არ დაუზუსტებია.

ალექსეი რეპიკი, მკრტჩ ოკროიანი და კომპანია Bek Broker-ი კითხვებს არ პასუხობენ.

შვეიცარიისა და ევროკავშირის სანქციების ორგანოების წარმომადგენლებმა ცალკეული შემთხვევების კომენტირებისგან თავი შეიკავეს.

თქვენ შეგიძლიათ ანონიმურად მიაწოდოთ „სისტემას“ ინფორმაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG