Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ახშობენ GPS-ს


ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენისა და მისი თანამშრომლების თვითმფრინავი რუმინეთში, კონსტანცასთან ახლოს მდებარე მიჰაილ კოღალნიჩეანუს საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკიდან პირველ სექტემბერს აფრინდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენისა და მისი თანამშრომლების თვითმფრინავი რუმინეთში, კონსტანცასთან ახლოს მდებარე მიჰაილ კოღალნიჩეანუს საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკიდან პირველ სექტემბერს აფრინდა.

მოკლედ

  • GPS-ის ჩახშობის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებში, მაგალითად, უკრაინაში და შავ ზღვაზე.
  • სულ ბოლოს, ბულგარეთის ცაში ევროკომისიის პრეზიდენტის თვითმფრინავის GPS სისტემა გაითიშა, სავარაუდოდ, რუსული ჩარევის შედეგად.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთში მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავის GPS სისტემა გაითიშა - სავარაუდოდ, რუსული ოპერაციის შედეგად. პილოტები იძულებულნი გახდნენ, უსაფრთხოდ დაშვებისთვის სარეზერვო ნავიგაციასა და ქაღალდის რუკებს დაჰყრდნობოდნენ.

ეს მხოლოდ ბოლო ეპიზოდი იყო. თანამედროვე კონფლიქტის ზონებში GPS-ის ჩახშობის შემთხვევების რაოდენობამ შემაშფოთებლად იმატა.

როდესაც ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი პლოვდივის აეროპორტს მიუახლოვდა, GPS სიგნალები, რომლებიც თვითმფრინავს მიუძღვებოდა, მოულოდნელად გაქრა. პილოტები თითქმის ერთი საათის განმავლობაში „ბრმად“ დაფრინავდნენ. შეფერხების მიუხედავად, ისინი სწრაფად გადავიდნენ სარეზერვო სისტემებზე და უსაფრთხოდ, ინციდენტების გარეშე დაეშვნენ.

ბულგარელი ოფიციალური პირების თქმით, GPS-ის ჩახშობა და გაყალბება იმდენად გახშირდა, რომ ცალკეულ შემთხვევებს, როგორიცაა ფონ დერ ლაიენის შემთხვევა, სპეციალურად აღარ იძიებენ.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი პლოვდივის აეროპორტში ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი პლოვდივის აეროპორტში ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს.

თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტოდორ ტაგარევი სხვა აზრზეა.

თუ ჩახშობას ჰქონდა ადგილი, ეს ქვეყნის გარედან ვერ მოხდებოდა

„თუ ჩახშობას ჰქონდა ადგილი, ეს ქვეყნის გარედან ვერ მოხდებოდა“, - განუცხადა ტაგარევმა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში „უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა გაარკვიონ, რა მოხდა“.

ავიაციის ანალიტიკოსების თქმით, GPS-ის ჩახშობისა და გაყალბების შემთხვევების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით ავიაციისა და საზღვაო სექტორებში და კონკრეტულად კონფლიქტის ზონების გარშემო, როგორიცაა უკრაინა, შავი ზღვა და აღმოსავლეთი ევროპა.

მარტში, გაეროს ტელეკომუნიკაციების, ავიაციისა და საზღვაო გადაზიდვების სააგენტოებმა მოითხოვეს „სასწრაფო დაცვა“ რადიონავიგაციის თანამგზავრული სერვისისა (RNSS), რომელიც მხარს უჭერს ზუსტ გლობალურ ნავიგაციას და დროის აღრიცხვას.

რას ნიშნავს სიგნალის ჩახშობა (jamming)?

GPS სიგნალები შეიძლება დაიკარგოს ბუნებრივი მოვლენების, ვთქვათ, მზის ქარიშხლების ან აღჭურვილობის გაუმართაობის შედეგად. თუმცა ეს შემთხვევები, როგორც წესი, ხანმოკლეა და მათ კომერციულ ავიაციაში წინასწარ ითვალისწინებენ, რაც მინიმუმამდე ამცირებს რისკებს კომერციული ფრენების დროს.

GPS-ის ჩახშობა გულისხმობს რადიოსიგნალების გადაცემას GPS თანამგზავრების სიხშირეებზე, რათა გადაფარონ და დაბლოკოს ნავიგაციის ლეგიტიმური სიგნალები.

პრინციპი ასეთია: GPS თანამგზავრები სუსტ რადიოსიგნალებს გადასცემენ კონკრეტულ სიხშირეებზე. მიმღები სიგნალებს მინიმუმ ოთხი თანამგზავრიდან იღებს და იყენებს დროის ინფორმაციას კოორდინატების გამოსათვლელად.

ჩამხშობი კი უფრო ძლიერ სიგნალს გადასცემს იმავე ან ახლომდებარე სიხშირეებზე, და ამგვარად ბლოკავს თანამგზავრებიდან მიღებულ სიგნალებს.

შედეგად, მიმღები ვერ უკავშირდება თანამგზავრებს და კარგავს სიგნალს. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ სისტემა ჩახშობის ნაცვლად გაყალბებულია, მიმღებმა შეიძლება ცრუ კოორდინატები აჩვენოს.

ჩამხშობი მოწყობილობები ხშირად იაფი ღირს და მათი დამზადება მარტივია, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ მხოლოდ მოკლე დისტანციებზე მუშაობენ - მცირე ზომის ჩამხშობები რამდენიმე ასეული მეტრზე, უფრო ძლიერი, სამხედრო დონის სისტემები კი რამდენიმე კილომეტრზე.

ფონ დერ ლაიენის ინციდენტში ჩართული ჩამხშობი მოწყობილობები არ ყოფილა განლაგებული ათასობით კილომეტრის დაშორებით რუსეთში, არამედ ევროპის საჰაერო სივრცესთან ახლოს მდებარეობდა. ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სიგნალის წყარო, სავარაუდოდ, აეროპორტის მახლობლად მდებარეობდა.

GPS-ის გაყალბება (spoofing) ოდნავ განსხვავებულია. ამ დროს თვითმფრინავის სიგნალის ასლს ქმნიან და შემდეგ ამ ასლს გადასცემენ, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს თვითმფრინავი სხვაგან იმყოფება სივრცეში ან დროში.

გაყალბება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით, რომლებიც ახდენენ თვითმფრინავის GPS გადამცემის გაშიფვრას და კოპირებას.

თუ ეს ადვილია, რატომ არ არის უფრო გავრცელებული?

სიგნალის ჩახშობა ქვეყნების უმეტესობაში აკრძალულია და მისი აღმოჩენა და ადგილმდებარეობის დადგენა მარტივია, ამიტომ ეს დამნაშავეებისათვის სარისკო საქმეა.

ამას გარდა, რადგან GPS ფართოდ გამოიყენება - მანქანებიდან დაწყებული გემებითა და სმარტფონებით დამთავრებული - ჩახშობა ავიაციის მიღმაც იწვევს ფართომასშტაბიან შეფერხებებს, რაც მას სარისკო არჩევანად აქცევს სამხედრო ან კონფლიქტის კონტექსტების გარეთ.

თუმცა სამხედრო ჩახშობა და გაყალბება სულ უფრო ფართოდაა გავრცელებული კონფლიქტის ზონებში. ინციდენტები გახშირდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მას შემდეგ ამის შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა.

ჩახშობა ზოგჯერ შეიძლება გამოყენებულ იქნას თავდაცვითი მიზნებისთვის, მაგრამ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთი სულ უფრო ხშირად ესხმის თავს ევროპულ ქვეყნებს ამ გზით, რათა დაბნეულობა და შიში დათესოს.

ფონ დერ ლაიენის ინციდენტის შემდეგ, ევროკომისიამ პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი და გამოაცხადა სანქციები რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც GPS სიგნალის ჩახშობასთან არიან დაკავშირებულნი. მან ასევე განაცხადა, რომ ამუშავებს სპეციფიკურ გეგმას ავიაციისთვის, რათა მომავალში თავიდან აიცილოს შეფერხებები.

მოსკოვი უარყოფს რაიმე კავშირს ურზულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG