სერბი სტუდენტები აღნიშნავენ პირველ წლისთავს რკინიგზის სადგურზე შენობის ჩამონგრევისა, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასობაში, გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურმა ჯგუფებმა სცადეს მოძრაობაში შეღწევა და მისი მითვისებაც კი.
პოლიტიკური პასუხისმგებლობის ადრეულ მოთხოვნებს, რასაც შემდეგ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომისა და ახალი არჩევნების მოთხოვნები მოჰყვა, ახლა ძლიერი ანტიკოსოვოსური რიტორიკა დაემატა.
„მე ვამაყობ, როდესაც ვიბრძვით ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის - კოსოვოსა და მეტოხიისთვის“, - განუცხადა რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც თავი მხოლოდ სტეფანად მოიხსენია. ამ ტერმინს იყენებს ხოლმე სერბეთის მთავრობა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს.
ერთწლიანი სტუდენტური საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია სერბეთში 25 წლის წინ ჩატარებული დემონსტრაციების შემდეგ, რამაც მაშინ იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის დამხობა გამოიწვია.
მასობრივი გამოსვლები 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. ახალგარემონტებულ რკინიგზის სადგურში ჩამოინგრა ბეტონის სახურავი, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საზოგადოება განსაკუთრებით განარისხა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ კორუფციის გამო მთავრობის ფლაგმანური პროექტი უხარისხოდ იყო აშენებული.
პროტესტების დროს მკაცრ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავდნენ. აქციების ფოკუსი იყო საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოწოდებები და მისი მონაწილეები მმართველი და ოპოზიციური პარტიებისგან დისტანციას ინარჩუნებდნენ.
ულტრამემარჯვენეები პროტესტში ერთვებიან
პირველი მნიშვნელოვანი გადახრა მარჯვნივ 28 ივნისს მოხდა, 1389 წლის კოსოვოს ბრძოლის წლისთავზე. ეს სერბეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ეს ბრძოლა გამოიყენეს ნაციონალისტებმა 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბალკანეთის ომების გასამართლებლად.
იმ დღეს ჩატარებული აქციის დროს, გამომსვლელებმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები „სერბი ხალხის დაცვა“ მოითხოვეს. ისინი, როგორც ჩანს, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებულ დიდ ეთნიკურ სერბულ თემებს გულისხმობდნენ.
„გამომსვლელები შეირჩნენ, რათა ხაზი გაესვათ როგორც მოძრაობის მრავალფეროვნებისათვის, ასევე ეროვნული ერთიანობის იდეისათვის“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელექტროინჟინერიის სტუდენტმა ბელგრადიდან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
საპროტესტო აქციების მონაწილე სხვა ადამიანებმა თავი გაუცხოებულად იგრძნეს ამგვარი რიტორიკის გამო.
„ეს არ არის ის ღირებულებები, რომლებსაც მე ვიცავ. თუ მათ ჩემი მხარდაჭერა ან ჩემი ხმა სურთ, მკაფიოდ უნდა გაემიჯნონ ამ რიტორიკას“, - თქვა ქალმა, რომელიც მხოლოდ მილიცას სახელით გაგვეცნო.
მილოშმა, ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, თქვა, რომ გამოსვლები აღიქვა, როგორც „პოპულისტური ნაბიჯი - მცდელობა, რომ შესაძლო არჩევნებამდე უფრო ფართო აუდიტორიას მისწვდნენ“.
სტუდენტების მოწოდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე, დაძაბულობა კვლავ გაიზარდა.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ბელგრადში მოაწყვეს მიტინგი, სადაც მოითხოვეს პასუხისმგებლობის დაკისრება კოსოვოში „სერბების უფლებების დარღვევისთვის“. სოციალურ მედიაში ორგანიზატორებმა სერბეთის მთავრობა „კოსოვოს ღალატში“ დაადანაშაულეს.
ულტრანაციონალისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები - რომელთაგან ზოგიერთი სერბეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაა აკრძალული - სტუდენტებთან ერთად გამოჩნდნენ, თუმცა ამ აქციას მხოლოდ ათასამდე ადამიანი დაესწრო. ეს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა მრავალ საპროტესტო აქციაზე.
სერბი მუსლიმების მარში
ცოტა ხნის შემდეგ, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში დაგმო ის, რასაც საპროტესტო მოძრაობის ნაწილებში გავრცელებული „ნაციონალისტური ნარატივები“ უწოდა.
„მემარჯვენეები ნამდვილად ცდილობენ საპროტესტო აქციების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ეს არც ისე დიდია. ისინი უბრალოდ უფრო ხმაურიანი და უკეთ ორგანიზებულნი არიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნოვი-სადის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა დუშკო რადოსავლევიჩმა.
მან დასძინა, რომ დემონსტრაციებზე ექსტრემისტული ჯგუფების გამოჩენა ხშირად ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.
„ეს ხშირად სახელმწიფო ხელფასებზე დასაქმებული უსაფრთხოების სამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაციებია, რომლებიც დაბნეულობის შესაქმნელად არის განკუთვნილი“, - თქვა მან.
„ჩვენნაირ გაყოფილ საზოგადოებაში ბევრ სტუდენტს ჯერ კიდევ არ შეუძლია განასხვაოს ჯანსაღი პატრიოტიზმი ნაციონალიზმისგან“, - თქვა ბორის კოიჩინოვიჩმა, ნოვი-სადის ფილოსოფიის სტუდენტმა. მან გაიხსენა, თუ როგორ წაართვეს ნაციონალისტებმა მომიტინგეებს ევროკავშირის დროშები, თუმცა დასძინა: „ვფიქრობ, რომ ჩვენი უმეტესობა აქ ერთი მიზნით არის. ეს არის ჯანსაღი საზოგადოების აშენება“.
ამ გზავნილმა ასევე გამოხმაურება პოვა სანძაკში, სერბეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, სადაც მუსლიმი უმრავლესობა ცხოვრობს.
სანძაკელმა სტუდენტებმა 400-კილომეტრიანი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ნოვი-სადამდე, სადაც 1 ნოემბერს ჩავიდნენ წლისთავის აღსანიშნავად. მათი სლოგანი იყო „ვერ გაგვყოფთ“.