რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ფაქტობრივად საშუალებას იძლევა, ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება გამოცხადდეს „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“, თუ ამ გაერთიანების ერთ-ერთი წევრი გასამართლებულია „ექსტრემისტული საზოგადოების“ ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლი).
გარდა ამისა, ხელი მოეწერა კანონს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ზუსტდება დანაშაულის ობიექტური მხარე შესაბამისი ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარების საფუძვლების გაფართოების გამო. პუტინმა ასევე ხელი მოაწერა კანონს შესაბამისი ცვლილებებით რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც განმარტებულია, რომ ასეთი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია.
„სევერ. რეალიი“ ესაუბრა პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეებზე სპეციალიზებულ იურისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს, ასევე ექსტრემისტული კანონმდებლობისა და რუსეთში მისი გამოყენების ექსპერტს. მათი თქმით, რუსეთში ახლა პოლიტიკური რეპრესიების კიდევ უფრო მეტი საფუძველი გაჩნდა.
„არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ კანონის გამო, მათ ნათქვამს ვინაობის გამხელის გარეშე მოვიყვანთ. რედაქცია თანამოსაუბრეების კვალიფიციურობის გარანტიას იძლევა.
რა მოხდა?
15 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი: ცვლილებები კანონებში „ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მასმედიის შესახებ“, ასევე სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში. ეს ცვლილებები ამარტივებს საზოგადოების, გაერთიანების ან ორგანიზაციის „ექსტრემისტულად“ აღიარებას: თუ ადრე საჭირო იყო პროკურატურის ადმინისტრაციული სარჩელი და სასამართლოს გადაწყვეტილება, ახლა, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის (ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა) თანახმად, საკმარისია განაჩენი თუნდაც ერთი მონაწილის მიმართ.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა მაშინვე გამოიწვია პანიკა რუსულ სოციალურ ქსელებში.
„ახლა მთელი საზოგადოების „ექსტრემისტულად“ გამოსაცხადებლად საკმარისია განაჩენის გამოტანა მხოლოდ ერთი - დიახ, მხოლოდ ერთი! - მონაწილის მიმართ. სასამართლო? გამოძიება? არა, ჩვენ ამის შესახებ არაფერი გვსმენია!“ - ლუდმილა ვიხარიოვა.
„საბავშვო წრეები, სკოლის ჩატები, სპორტული კლუბები და ა.შ., სადაც ერთი ექსტრემისტი მაინც „შეიპარა“, ისინიც ექსტრემისტებად იქნებიან აღიარებული?...“ – ალექსანდრა კერინა.
„ხალხო, ეს გენიალური კანონია! ახლა რუსების (რუსეთის მაცხოვრებლების) მთელი საზოგადოება თამამად შეიძლება გამოცხადდეს ექსტრემისტულად, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მის წიაღში იმყოფებიან ზემოხსენებული და აღიარებული ელემენტები... ეს წარმატებაა!“ - ალექსეი ჩერიომუშკინი.
ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, სერგეი პარხომენკომ ისაუბრა მცირე „კომუნიკაციური ექსპერიმენტის“ შესახებ, რომელიც თავისი (საცხოვრებელი) სახლის ჩატში ჩაატარა. მან იქ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ისაუბრა ახალ კანონზე, რომელიც ექსტრემიზმის ცნებას მაქსიმალურად ფართოდ განმარტავს, და მეზობლებს სიფხიზლისკენ მოუწოდა.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ ჩატის მონაწილეთა სიაში ამჟამად 2987 ადამიანია. კარგი იქნება, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მათ შორის არც ერთი პირი არ არის გასამართლებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლით. რადგან ამ მუხლის ტექსტი სრულიად უსაზღვროდ გაფართოებული ხასიათისაა და აბსოლუტურად ყველას შეიძლება შეეხოს“, - დაწერა სერგეი პარხომენკომ.
მისი თქმით, პოსტი გამოქვეყნებიდან ათი წუთის შემდეგ წაშალა ადმინისტრატორმა.
ადამიანის უფლებათა დამცველმა, სანქტ-პეტერბურგელმა ელენა ეფროსმა, რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩის დედამ, კანონის მიღების შემდეგ გადაწყვიტა შეეჩერებინა Facebook ჯგუფის - „ზღაპრები პოლიტპატიმრებისთვის“ - მუშაობა. ეს ის პროექტია, რომლის მეშვეობითაც მოხალისეები წერილებს წერენ კოლონიებში მყოფებს. "ჯერჯერობით ერთი კვირით - ამ ხნის განმავლობაში იმედი მაქვს, გავარკვევ, როგორ გავხადო ის შედარებით უსაფრთხო, რეპრესიების ახალი ტალღის პირობებში“, - წერს ეფროსი. მან განაახლა გაერთიანების მუშაობა, მაგრამ 3700 მონაწილიდან დარჩა 211 - ისინი, ვისაც ადმინისტრატორი ნამდვილად ენდობა.
რას ნიშნავს ეს სინამდვილეში?
სინამდვილეში, ეს ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. იურისტები ირწმუნებიან, რომ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში არ მოხვდება არც სახლის ჩატები, არც „ვკონტაქტე“-ს და Facebook-ის ჯგუფები და არც რომელიმე ინტერესთა ჯგუფები, რომელშიც 282.1 მუხლით მსჯავრდადებული პირი იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, დაწერილი კანონი ამას არანაირად არ ითვალისწინებს.
რუსეთში არსებობს ორი ექსტრემისტული სია: „როსფინმონიტორინგისა“ (იმ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სია, რომელთა საბანკო ანგარიშებიც დაბლოკილია ჯერ კიდევ განაჩენის გამოტანამდე) და იუსტიციის სამინისტროსი – „იმ საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართაც სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის ან საქმიანობის აკრძალვის შესახებ შევიდა კანონიერ ძალაში“.
„როსფინმონიტორინგის“ სიაში მოსახვედრად საკმარისია, რომ გამომძიებელმა გამოიტანოს დადგენილება ეჭვმიტანილის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი „ტერორისტული“ მუხლით დაკავების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს სიის შედგენა აქამდე ხდებოდა პროკურატურის სარჩელების საფუძველზე ამა თუ იმ ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარების შესახებ. ანუ, პროკურატურას უნდა შეეგროვებინა მასალები, მოემზადებინა დასაბუთებები და დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ორგანიზაცია მართლაც ექსტრემისტული იყო.
იუსტიციის სამინისტროს „სიაში...“ რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაა ასახული. მის ზედა ნაწილში რელიგიური სექტები და სკინჰედების დაჯგუფებებია. შემდეგ მოდის იეღოვას მოწმეების რეგიონული ორგანიზაციების უზარმაზარი ბლოკი. შემდეგ ამას მოჰყვება პოლიტიკური ორგანიზაციები - "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი, ნავალნის შტაბები" (ФБК), „არტპოდგოტოვკა“, ასევე ისეთი ჯგუფები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ, როგორიცაა, მაგალითად, „ლგბტ მოძრაობა“ ან „ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა“. სია მთავრდება უსახელო გაერთიანებებით, „რომელთა წევრები არიან…“ და შემდეგ მოჰყვება ფიზიკური პირების გვარები.
ახლა „სიის...“ სახელწოდება იცვლება. „სასამართლოს გადაწყვეტილების“ ნაცვლად იქ ჩაიწერა „...რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულია ექსტრემისტულად “. და მასში მოხვდება ორგანიზაციები და კავშირები, რომლებიც მოხსენიებულია კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაში სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლით (ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა), რომელიც გამოტანილია ერთი ან მეტი მონაწილის მიმართ.
– ანუ, ახლა სიაში მოხვედრის ორი გზა არის. პირველი იგივე რჩება: პროკურატურის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა, და იქ მოპასუხეები არ არიან (ისევე, როგორც არ იყვნენ მოპასუხეები ФБК-ის ან ლგბტ-ის თემის „ექსტრემისტულ ორგანიზაციებად“ აღიარებისას). სახელმწიფო ამ სტრუქტურას კანონგარეშე აცხადებს და გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ მასში მონაწილეობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ახლა სხვა გზა გამოჩნდება: პოლიციელები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ვიღაც ექსტრემისტებს დაიჭერენ, საგამოძიებო კომიტეტი გამოიძიებს, სასამართლო კი მათ სასჯელს გამოუტანს. და თუ სასჯელი შეიცავს „ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის“ დანაშაულს, მაშინ ეს გაერთიანებაც ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შევა. ყველა იგივე შედეგით“, - განმარტავს იურისტი, პოლიტიკური სასამართლო პროცესების ექსპერტი.
როგორ მუშაობს ეს?
სქემა ასეთია: დავუშვათ, არსებობს ფილატელისტების წრე და მისი ერთ-ერთი წევრი რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ბაზარში მიგრანტ მუშას სცემს. იმისათვის, რომ მთელი წრე „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გარდაიქმნას, საჭიროა შემდეგი: ა) 282.1 მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულისთვის, ბ) განაჩენში ფილატელისტების წრის მოხსენიება როგორც გაერთიანებისა, სადაც დანაშაული იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. და როდესაც სასჯელი ძალაში შევა, ფილატელისტების ეს წრე ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში იქნება შეტანილი.
– „მაგრამ უნდა დადასტურდეს, რომ არსებობდა რაიმე სახის კოლექტიური ქმედება“, – აღნიშნავს ექსპერტი. – და მაშინ ეს გაერთიანება, აი, სწორედ ის, რომელიც სასამართლომ დაადგინა და არა სხვა რომელიმე, რომლის წევრიც, შესაძლოა, მსჯავრდადებული ადრე ყოფილიყო - ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში ხვდება. და ამის შემდეგ, ამ საზოგადოების წევრები სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან 282.2 მუხლის თანახმად - აკრძალულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. ეს კონსტრუქცია, ზუსტად იმავე ფორმით, მრავალი წლის განმავლობაში არსებობს ტერორისტულ თემებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში.
თუ ორგანიზაცია სასამართლოს მიერ აკრძალულია, მაშინ მის საქმიანობაში მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ტიპური მაგალითია იეღოვას მოწმეები: „წევრობის დასადგენად მარტივი კრიტერიუმი არსებობს: თუ იმყოფებოდა „იეღოვას მოწმეების“ შეხვედრაზე, ესე იგი, მლოცველი წევრია. არავინ არც კი ფანტაზიორობს, არავინ ცდილობს, ყალბი იეღოვას მოწმე შექმნას. ეს სრულიად ზედმეტია, ვინც ნამდვილად არის, ისიც საკმარისია.“
კიდევ ერთი მაგალითია მოძრაობა „არტპოდგოტოვკა“, რომელიც სარატოველმა ბლოგერმა ვიაჩესლავ მალცევმა დააარსა. „2017 წლის 5 ნოემბერის რევოლუციის“ დაპირების შემდეგ, თავად მალცევმა მოახერხა ქვეყნის დატოვება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი ათობით მხარდამჭერი დააკავეს ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის. მოსკოვის მანეჟის მოედანზე თივისა და ხის მასალის დაწვის მცდელობისთვის ხუთი ადამიანი გაასამართლეს. მას შემდეგ, „ტერორისტულ ორგანიზაცია „არტპოდგოტოვკაში“ მონაწილეობისთვის დაისაჯა კიდევ მეტი ადამიანი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მანეჟის მოედანზე აქციასთან, მაგრამ გარკვეული კავშირი აქვთ მალცევთან.
იგივე სქემა გამოიყენება ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების დევნისას. პრობლემა არა მხოლოდ გენერალური პროკურატურის მიერ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა“ და „ალექსეი ნავალნის შტაბების“ „ექსტრემისტულ ორგანიზაციებად“ აღიარებაშია, არამედ სისხლის სამართლის საქმეებშიც: „გენერალურ პროკურატურაში ან უშიშროების ფედერალურ სამსახურში (ФСБ) ჭკვიანმა ადამიანებმა არა მხოლოდ ამ ორგანიზაციების აკრძალვა, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოიფიქრეს: როგორც ითქვა, „არაუგვიანეს 2014 წლისა“ ნავალნის მიერ შექმნილი ექსტრემისტული საზოგადოების შესახებ მუხლით.“ ამ საზოგადოების შემთხვევაში კი, უკვე გაცილებით მეტი ადამიანია ბრალდებული და გასამართლებული, ვიდრე ადრე აკრძალულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის “.
სად არის საფრთხე?
როგორც კი საზოგადოება, რომელშიც პირმა, უსაფრთხოების ძალების აზრით, „მოამზადა და ჩაიდინა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“, ექსტრემისტების სიაში მოხვდება, შეიძლება პრობლემები შეექმნათ მის დანარჩენ წევრებსაც. ამას სამართალდამცავი პრაქტიკა ადასტურებს:
- გაურკვეველია, როგორ აფასებს უშიშროების ფედერალური სამსახური ამ საზოგადოების საზღვრებს პრაქტიკაში, როცა ის არაფორმალურია და არც ისე ნათელია, სად იწყება და მთავრდება, – ამბობს ექსტრემიზმის საკითხების ექსპერტი. – ეს იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც უკვე სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან შესაბამისი მუხლით, ისინი უკვე საზოგადოების დადასტურებული წევრები არიან, მაგრამ სად მთავრდება ის, არაა ნათელი. ამიტომ, დიახ, თუ პირი, რომელიც 282.1 მუხლით იყო გასამართლებული, ფილატელისტების წრეში აღმოჩნდება, მასთან სხვა საერთო საქმიანობა არ უნდა გაკავშირებდეთ, რადგან უკვე პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საშიშროება ჩნდება.
თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ არ არის საჭირო ნებისმიერი დიდი საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ გაქცევა: „ცხადია, კანონის გამოყენება ყოველთვის ხდება გაფართოებული სახით, მაგრამ მას უსასრულოდ ვერ გააფართოებ“ - ამბობენ იურისტები.
მაგრამ საფრთხე სწორედ ადამიანების გაფართოებული დაჭერაა წარმოდგენის მიხედვით, - ამბობს ექსპერტი და განმარტავს, რომ სწორედ გამომძიებელი გადაწყვეტს, იყო თუ არა ადამიანი „კავშირში“. და მთავარი ის არის, იყო თუ არა ეს კავშირი. ვთქვათ, მან დაამტკიცა რაიმე სახის კავშირი. იყო კი ეს კავშირი სწორედ ამ საზოგადოებაში მონაწილეობა? თუ სხვა კავშირი იყო? თეორიულად, ეს არის სწორედ ის განსხვავება, რაც გამომძიებელმაც უნდა დაამტკიცოს. და, როგორც მალცეველების მაგალითზე ვხედავთ, აქ არაფრის დამტკიცება არ ხდება.
ამავე დროს, ექსპერტების აზრით, ექსტრემისტული ორგანიზაციების სიის გაფართოება განაჩენების გზით ასეთი საქმეების შესახებ ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
– რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ – მეტი უსაფრთხოება იქნება, – ამბობს იურისტი, რომელიც პოლიტიკურ საქმეებს განიხილავს. – თუმცა, ამ ორგანიზაციების სია გაიზრდება, რაც, სხვათა შორის, ძალოვან სტრუქტურებსაც გაუხსნის ხელებს. თეორიულად, ეს გაზრდის რეპრესიებს. ალბათ პრაქტიკაშიც – პრაქტიკაში ხომ ნებისმიერი ნორმა რეპრესიის საშუალება ხდება.
და რაც შეეხება ძიებას და VPN-ს
ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ახალი სიტყვაა: „ძიების კრიმინალიზაცია“ და „ინფორმაციის წაკითხვა“. „კრიმინალიზაცია“ ჯერ არ არის ამ სიტყვის სრული გაგებით მიღებული – არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ კანონმდებელს არ გაუჭირდება მოგვიანებით, სურვილის შემთხვევაში, „სისხლისსამართლებრივით“ მისი ჩანაცვლება.
22 ივლისს სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები - იქ გაჩნდა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.53 მუხლი: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აშკარად ექსტრემისტული მასალების განზრახ მოძიებისა და მათზე წვდომის მოპოვებისთვის. მოქალაქეებს ამისთვის 3000-დან 5000 რუბლამდე (დაახლ. 40-დან 60 დოლარამდე) ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო VPN-ის (ვირტუალური კერძო ქსელი) გამოყენება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. VPN-ის სამსახურებისთვის რეკლამის გაკეთებისთვის 500 ათას რუბლამდე (6 ათასი დოლარი) ჯარიმაა გათვალისწინებული. „მედიის უფლებების დაცვის ცენტრი“ თავის ვებსაიტზე ყველა საფრთხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაწყებად, პირმა უნდა შეასრულოს ორი ქმედება. პირველი: განზრახ მოძებნოს ექსტრემისტული მასალა. მეორე: იპოვოს და წაიკითხოს.
ამ შემთხვევაში „ექსტრემისტულ მასალად“ მიიჩნევა, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში არსებული ნებისმიერი მასალა. ამჟამად ის შეიცავს 5475 ერთეულს და მეორეც, ნებისმიერი მასალა, რომელსაც შეიძლება შეეხოს „ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი.
ექსტრემისტული მასალები - დოკუმენტები ან ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებში, რომლებიც განკუთვნილია გავრცელების ან საჯარო ჩვენებისთვის და რომლებშიც მოწოდებაა ექსტრემისტული საქმიანობისკენ, ან ისინი ასაბუთებენ ან ამართლებენ ასეთი საქმიანობის განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის და იტალიის ფაშისტური პარტიის ლიდერების ნაშრომები, გამოსვლები, ჯგუფების, ორგანიზაციების ან მოძრაობების ლიდერების სურათები, რომლებიც დამნაშავეებად არიან აღიარებული ევროპის „ღერძის ქვეყნების“ ძირითადი სამხედრო დამნაშავეების გასამართლებისა და დასჯის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის (ნიურნბერგის ტრიბუნალი) განაჩენის შესაბამისად, გამოსვლები, ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოსახულებები, რომლებიც თანამშრომლობდნენ აღნიშნულ ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან ან მოძრაობებთან, პუბლიკაციები, რომლებიც ადასტურებენ ან ამართლებენ ეროვნულ და (ან) რასობრივ უპირატესობას ან ამართლებენ სამხედრო ან სხვა დანაშაულების ჩადენის პრაქტიკას, რომლებიც მიზნად ისახავს ნებისმიერი ეთნიკური, სოციალური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური ჯგუფის სრულ ან ნაწილობრივ განადგურებას; (პუნქტი 3, შესწორებულ ფედერალურ კანონში No280-FZ 01.07.2021)
ამ განმარტებას შეესაბამება მაგალითად, ჰიტლერის პორტრეტი და თუ გადაწყვეტთ სასაცილო სურათის დახატვას და ჰიტლერის პორტრეტის Google-ში ძებნა დაგჭირდებათ, მაშინ დაჯარიმების საფრთხე ჩნდება.
– ანუ, სასამართლოში ერთადერთი, რაც უნდა დამტკიცდეს (და ეს ყველაზე რთულია), არის ის, რომ შესაბამისი პირი შეგნებულად ეძებდა ექსტრემისტულ მასალას, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ის ექსტრემისტული იყო, რომ მასალა იუსტიციის სამინისტროს რეესტრშია შეტანილი, ან შეიცავს ექსტრემისტულ ტექსტს, მაშინაც კი, თუ ის რეესტრში არ არის. ექსტრემისტული კანონმდებლობის ექსპერტის აზრით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ დაადგენენ ამას.
იუსტიციის სამინისტროს რეესტრში შეტანილი მრავალი მასალა დროთა განმავლობაში გაქრა სიძველის გამო. თუმცა, მუდმივად ჩნდება ახალი მასალები და ყოველთვის არაა ცხადი მათი ხასიათი. ექსპერტის თქმით, საფრთხე ასევე ჩნდება, თუ მომხმარებელი ეძებს ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ მასალებს - იმავე იეღოვას მოწმეებს ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“.
- თუ ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის მასალას ეძებთ, სავარაუდოდ, ჩაითვლება, რომ თქვენ იცოდით, რომ ეს ექსტრემისტული მასალაა და შეგნებულად ეძებდით მას. აქ, სულ მცირე, ჯერ ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების სიები უნდა შეისწავლოთ და ისინი არ ეძებოთ, - აღნიშნავს ექსპერტი. პრაქტიკაში ცხადია, რომ ამ მუხლს მასობრივად არავინ გამოიყენებს, რადგან მის გამოსაყენებლად ჯერ აღჭურვილობის კონფისკაციაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს გზა იმის გასარკვევად, თუ რა წაიკითხა იქ ადამიანმა. ამის მასობრივად გაკეთება შეუძლებელია. ეს საშინელი შრომაა. ჩვეულებრივი პოლიცია ამას არ გააკეთებს. ეს ძალიან შრომატევადია - ეს ოქმის შედგენა კი არაა, არამედ ბრაუზერის ისტორიის შესწავლას ითხოვს. ამიტომ, ისინი უფრო გამოიყენებენ კონკრეტულ პირებზე მიცემულ ინფორმაციას. ან როცა პირს მოწმის სახით გაჩხრეკენ და აღჭურვილობასაც ჩამოართმევენ, რატომაც არა, გაიფიქრებენ, ვნახოთ, რა არის შიგნითო.
„არასასურველი“ მედიის წაკითხვა დაშვებულია
თუმცა, ეს ყველაფერი „დაბლოკილ“ მედიაში ინფორმაციის მოძიებას არ ეხება. წაკითხვა მედიასაშუალებებისა, რომლებიც „უცხოეთის აგენტად“ ან „არასასურველ ორგანიზაციად“ (მაგალითად, Sever.Realii) არის გამოცხადებული, სრულიად კანონიერია. რუსეთში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთიდან მოქმედი მედიასაშუალებები, ჯერ არ არის გათანაბრებული ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
ერთი გამონაკლისის გარდა. 2024 წელს სასამართლომ "ექსტრემისტულ გაერთიანებად" შერაცხა ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი და მისი მეუღლე ლიდია. ორივე მათგანი Telegram-ის არხებს მართავს, ხოლო ალექსანდრ ნევზოროვს აქვს პოპულარული YouTube-ის არხი. ნევზოროვების მიერ შექმნილი მასალების ნახვა და წაკითხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
თუმცა, თუ რუსული მედიასაშუალებები ჯერ არ გამოცხადებულა „ექსტრემისტულ ორგანიზაციებად“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. რუსეთი, როგორც ცნობილია, რეპრესიული პრაქტიკის თვალსაზრისით ზუსტად ბელარუსის გზას ადგას. მინსკმა 2021 წლიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია დამოუკიდებელი მედიის ექსტრემისტულ ჯგუფებად აღიარების მიზნით. ბელარუსის ხელისუფლება ექსტრემისტულ სიებს სისტემატურად ამატებს მთელ რედაქციებს დიდი პორტალებიდან (Tut.by, Zerkalo.io), დაწყებული, ადგილობრივი Telegram-ის არხებითა და YouTube-ის გვერდებით დამთავრებული. ექსტრემისტულად აღიარების შემდეგ, აკრძალულია არა მხოლოდ მათი მასალების გავრცელება, არამედ ნებისმიერი ხსენება, მათ შორის - მოწონება, გავრცელება, პუბლიკაციების შენახვა. ჟურნალისტები და თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული, ასობით ადამიანი უკვე გასამართლებულია შესაბამისი მუხლებით.
2025 წლის ივლისის მონაცემებით, ბელარუსის ინფორმაციის სამინისტროს სიაშია თითქმის 7000 აღიარებული ექსტრემისტული რესურსი. მათი უმრავლესობა სწორედ მედიასაშუალებებია.