Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეპატიტი, აივ, ტუბერკულოზი: "უკონტროლო ეპიდემია" რუსეთის არმიაში


ექიმი იწერს აივ ტესტის მონაწილეთა სისხლის ანალიზის შედეგებს.
ექიმი იწერს აივ ტესტის მონაწილეთა სისხლის ანალიზის შედეგებს.

მოკლედ

  • რუსეთის არმიაში აივ და ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც ექსპერტების მიერ "უკონტროლო ეპიდემიად" შეფასდა.
  • არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და ინფიცირების პარენტერალური გზები სამხედროებში დაავადებების გავრცელების მთავარ მიზეზებად დასახელდა.
  • მიუხედავად ოფიციალური რეგულაციებისა, აივ და ჰეპატიტით ინფიცირებული სამხედროები კვლავ ომში რჩებიან და ფრონტზე იგზავნებიან.
  • გაეროს მონაცემებით, სამხედრო კონფლიქტების დროს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკი მშვიდობიან მოსახლეობასთან შედარებით მრავალჯერ იზრდება.

რუსეთის არმიაში იბრძვის ათასობით ადამიანი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი. ექსპერტები რუსეთის არმიაში ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მდგომარეობას „უკონტროლო ეპიდემიას“ უწოდებენ.

„აღმოვაჩინეთ მინიმუმ სამი ათეული ვაკანსია, სადაც აივ და ჰეპატიტით დაავადებულები აჰყავთ. ჩვენთან საუბრისას რეკრუტერებმა თქვეს, რომ ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდში მიმდინარეობს აივ-ინფიცირებულების აყვანა. იქ მათ ჰპირდებიან იმავე მომზადებას, რასაც ჩვეულებრივ კონტრაქტორ ჯარისკაცებს, ყველა ფინანსურ შეღავათს, მიწის ნაკვეთებს. ასეთი პირების რეკრუტირება მიმდინარეობს უფაშიც. ჰეპატიტით დაავადებულებს ვოლოგდაში, ჩებოქსარისა და ვორონეჟში ეძებენ“, განაცხადა Current Time-ის ეთერში სონია სანინამ, „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტმა და აივ და ჰეპატიტით დაავადებული კონტრაქტორი ჯარისკაცების რეკრუტირების შესახებ სტატიის ავტორმა.

„ამ ქალაქების არჩევის ლოგიკა გაურკვეველია, მაგრამ სამხედრო ექსპერტები, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კონტრაქტორი ჯარისკაცების გეგმის შეუსრულებლობით, რომელიც ყველა რეგიონს გადაეცა“, განაგრძობს ჟურნალისტი. „აივ ინფიცირებული ან ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებისგან ცალკეული ქვედანაყოფები შეიქმნება. როგორც რეკრუტერები განმარტავენ, იმისთვის, რათა მათ ერთმანეთთან ურთიერთობის არ შეეშინდეთ“, ამბობს სონია სანინა.

Sibir.Realii-ის რედაქციამ რამდენიმე ექსპერტთან ისაუბრა და გაარკვია, რომ ინფიცირების გზები ძალიან განსხვავებული იყო - ნარკოტიკების ინიექციებისთვის შპრიცების დამოუკიდებლად გამოყენებით დაწყებული, ჰოსპიტლებში ტკივილგამაყუჩებელი შპრიცების მრავალჯერადი გამოყენებით დამთავრებული. ინფექციის გამოვლენის შემდეგ ავადმყოფ ჯარისკაცებს არ ათავისუფლებენ და ისინი კვლავ სამხედრო ნაწილებში ან ფრონტზე რჩებიან.

ექსპერტები რუსეთის არმიაში ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სიტუაციას „უკონტროლო ეპიდემიას“ უწოდებენ. მთავრობისა და ომის მომხრე რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ანასტასია კაშევაროვამ, კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთის არმიაში „ახლა უბრალოდ C ჰეპატიტის ეპიდემიაა“:

ჰეპატიტი, აივ, ტუბერკულოზი - ეს არის ახლა არმია

„პრობლემა ისაა, რომ როდესაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასაწყისში არასწორად გათვალეს, არმიამ დანაკარგები განიცადა და შემდეგ მობილიზაციაც ნაწილობრივი იყო. კონტრაქტით დაიწყეს დაკავების ადგილებიდან ჯარისკაცების აყვანა, მათ შორის ჰეპატიტით და აივ-ით დაავადებულთა. ახლა კი სულ ასეთ ადამიანებს იღებენ... ჰეპატიტიანების ჩამოწერა არ ხდება - ისინი ბრძოლას განაგრძობენ. ანალიზებს იკეთებ, შემდეგ ექვს თვეში - განმეორებით. ამასთან, არმიაში ჰეპატიტის მკურნალობა არ ხდება. არავინ არავის არ აჰყავს აღრიცხვაზე. არმიაში აივ-ის თერაპიასაც არ ატარებენ. ჰეპატიტი, აივ, ტუბერკულოზი - ეს არის ახლა არმია. და ეს ყველაფერი ფრონტის რეგიონებზე ვრცელდება და შემდეგ რუსეთში უფრო ღრმად შეღწევას დაიწყებს“.


„სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლის არჩევა, თუნდაც ინფექციით“

2023 წლის მეოთხე კვარტალში სამხედრო მოსამსახურეებში აივ ინფექციის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ომამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 20-ჯერ გაიზარდა (2024 წლის მონაცემები ჯერ არ არსებობს). ამის შესახებ „ვიორსტკა“ იუწყება „სამხედრო-სამედიცინო ჟურნალში“ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაზე დაყრდნობით. 2022 წლის შემოდგომისთვის ზრდამ 5% შეადგინა. 2022 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა. 2023 წლის დასაწყისში დაფიქსირდა დაავადების რეგისტრირებული შემთხვევების პიკური ზრდა - 40%-ზე მეტით. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის სამხედრო მოსამსახურეებში აივ ინფექციას დაახლოებით 20-ჯერ უფრო ხშირად პოულობდნენ, ვიდრე ომამდე.

სტატიის ავტორები სამხედრო მოსამსახურეებში აივ ინფექციის შემთხვევების აბსოლუტურ მაჩვენებლებს არ იძლევიან, მაგრამ მიუთითებენ ზრდის დინამიკაზე. 2022 წლის შემოდგომისთვის არმიაში ახლად გამოვლენილი აივ შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა, 2022 წლის ბოლოსთვის - 13-ჯერ, ხოლო 2023 წლის დასაწყისში დაავადების რეგისტრირებული შემთხვევების პიკური ზრდა დაფიქსირდა - 40-ჯერ მეტი. 2023 წლის ბოლოს სამხედრო მოსამსახურეებში აივ ინფექცია დაახლოებით 20-ჯერ უფრო ხშირად გამოვლინდა, ვიდრე ომამდე.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2023 წელს სამხედრო მოსამსახურეებში აივ დიაგნოზის მქონე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცები არიან (სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 99,8%). თითქმის ყველა მათგანი ჯარისკაცი და მატროსია, დანარჩენები კი - ოფიცრები, პრაპორშჩიკები და მიჩმანები, ასევე კადეტები.

სტატიის ავტორები შეშფოთებული არიან, რომ „უცხოელი აგენტები“ გაიგებენ ამ ციფრების შესახებ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თავდაცვის სამინისტროს რეპუტაციას. „აივ ინფექციის მაღალი სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის შესაძლებელია რეპუტაციის დაკარგვა, თუ შესაბამისი ინფორმაცია არაკომერციული ორგანიზაციების და (ან) უცხოელი აგენტების ძალებით გავრცელდება“, ნათქვამია სტატიაში. თავდაცვის სამინისტროს ბრძანების თანახმად, როგორც აივ, ასევე C და B ჰეპატიტი არის დაავადებები, „რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოქალაქე არ შეიძლება მიღებულ იქნეს სამხედრო სამსახურში კონტრაქტით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში და ომის დროს“. მიუხედავად ამისა, დადასტურებული აივ და C ჰეპატიტის მქონე ადამიანები კვლავაც რჩებიან ომში. სწორედ ეს დაემართა ჩელიაბინსკის ოლქის მაცხოვრებელს, წერს 74.ru.

2023 წლის გაზაფხულზე მან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. მოიერიშე რაზმში ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ ჯარისკაცი ლუგანსკის საავადმყოფოში აღმოჩნდა. თავდაპირველად ის უგონო მდგომარეობაში იყო, ხოლო როდესაც გონს მოვიდა, მას „ტვინის შერყევის“ დიაგნოზი დაუსვეს. თავზე და სხეულზე მცირე ზომის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. სისხლის ჩაბარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პაციენტი აივ ინფიცირებული იყო და ორი ტიპის ჰეპატიტი - A და B - სჭირდა.

არ არის გამორიცხული, რომ ახლა ყველა მათგანს შეაგროვებენ დიაგნოზით და „ფრონტის ხაზზე“ გადაისვრიან

„ვერ ვიტყვი, ზუსტად სად შეიძლებოდა ინფიცირებულიყო. მაგრამ მითხრა, რომ იქ იყვნენ ყველაფერი ამით დაავადებული ადამიანები“, თქვა ჯარისკაცის მეუღლემ. „ისინი ცდილობდნენ მათთვის როგორმე ცალ-ცალკე ჭურჭელი გამოეყოთ, რათა ნაკლები კონტაქტი ყოფილიყო. რადგან ყველას აქვს ჭრილობები და საჭიროა ინფექციის რისკი შემცირდეს. მაგრამ როდესაც ისინი საბრძოლოდ წავიდნენ, ყველა ერთად წავიდა. სხვა გზა არ იყო“.

დიაგნოზების მიუხედავად, ჩელიაბინსკის ეს მკვიდრი კვლავ ომში აღმოჩნდა.

„ბოლოს რომ იყო იქ, შვიდი თუ რვა თვე გაატარა - და ყოველთვის „მოწინავე ხაზზე“ იყო. მაგრამ მაშინ ეს დიაგნოზი არ ჰქონდა, ძალა ჰქონდა, სირბილი შეეძლო და ა.შ. ახლა კი მუდმივად სიცხე აქვს და არ ვიცი, სად უნდათ მისი გაგზავნა. არ არის გამორიცხული, რომ დიაგნოზიანები ახლა ყველანი შეაგროვონ და „ფრონტის ხაზზე“ გადაისროლონ“, ამბობს სამხედრო მოსამსახურის ცოლი.

ამასობაში, აივ ინფიცირებული რუსი ჯარისკაცები, რომლებიც დათანხმდნენ Sibir.Realii-ის რედაქციასთან საუბარს, ამბობენ, რომ ქვედანაყოფის მეთაური მათ „განულებით“ დაემუქრა, რადგან მედიას ინტერვიუ მისცეს ინფექციის დეტალების შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ინფექცია შეეყარა საველე ჰოსპიტალში, სადაც ბახმუტთან დაჭრის შემდეგ მოათავსეს

„ეს რომ „ნორმალური“ დაავადება ყოფილიყო, ჩემს სახელს ღიად დავასახელებდი. ჯარიდან არ გამათავისუფლებენ, თუმცა კანონით ვალდებული არიან ასეთი ინფექციის შემთხვევაში. საჯაროობა დამეხმარებოდა. არა, არ მეშინია შელახული რეპუტაციის, განულების მეშინია. რადგან დამემუქრნენ, როცა სამხედრო პროკურატურაში განცხადებების წერა დავიწყე და როცა ჩემმა ნათესავებმა ინტერნეტში წერა დაიწყეს“, ამბობს უმცროსი სერჟანტი იგორი (მისი თხოვნით სახელი შეცვლილია), რომელიც 2022 წელს იქნა მობილიზებული ცენტრალური რუსეთის რეგიონიდან. „არ მაქვს მიზეზი, რომ ჩემი რეპუტაციის გამო საჯაროობის მეშინოდეს - ნარკომანი არ ვარ, მეძავებთან არ მქონია ურთიერთობა და არც ჰომოსექსუალი არ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ბახმუტთან დაჭრის შემდეგ საველე ჰოსპიტალში შემეყარა ინფექცია. უგონო მდგომარეობაში ვიყავი და, როგორც მოგვიანებით ექთნებმა თქვეს, ანესთეზიის გარეშე ჩამიტარეს ოპერაცია. მაგრამ მერე ტკივილგამაყუჩებლები გამიკეთეს. ერთი და იმავე შპრიცით ერთდროულად რამდენიმე ჯარისკაცს გაუკეთეს ინიექცია - ვფიქრობ, ან ასე შემეყარა ინფექცია, ან ოპერაციის დროს. იქ ისეთი არეულობაა, არანაირი სტერილურობა - კარვები და საწოლები მიწაშია. როდესაც ვკითხე, ეს რა ერთჯერად-მრავალჯერადი შპრიცია-მეთქი, ექთანმა შემიკურთხა და თქვა: „კარგი, მაშინ იყიდე ჩვენთვის და შემდეგ აქ მოიტანე! თქვენ ყველას მარტო ერთ დღე-ღამეში გჭირდებათ 200 შპრიცი, საიდან გიშოვო?!“

ერთ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ იგორი საველე ჰოსპიტლიდან ვორონეჟის ოლქის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თქვენ ყველას მარტო ერთ დღე-ღამეში გჭირდებათ 200 შპრიცი, საიდან გიშოვო?!

„იქ სისუფთავის მხრივ ნორმალური ვითარება იყო. ტკივილგამაყუჩებლები დამინიშნეს, ოპერაცია აღარ გაუკეთებიათ, მხოლოდ ხელისა და ფეხის აღდგენა (იგორს ფეხი აქვს მოტეხილი, მკლავსა და მთელს სხეულში ნამსხვრევები აქვს მოხვედრილი). ანალიზები სუფთა იყო. ერთი თვის შემდეგ სანატორიუმში წამიყვანეს და იქ სიცხეები დამეწყო, ორი კვირა გაგრძელდა, უცნაური მდგომარეობა იყო. ტესტი ჩამიტარეს - ნული. ტემპერატურა დამიწიეს, მაგრამ როდესაც კიდევ ერთი ტესტი გაიმეორეს - დაადასტურეს, რომ მაქვს, - ამბობს იგორი, - შოკში ვიყავი, თავიდან არავისთვის მითქვამს, ცოლისთვისაც კი არა. შემდეგ ვაღიარე, ვუთხარი, რა პირობები იყო იქ [საველე ჰოსპიტალში]. ჩემმა მეუღლემ დაჟინებით მოითხოვა, რომ მათთვის სასამართლოში მეჩივლა, თავად მისწერა პროკურატურას. მაშინ დროზე ადრე დამაბრუნეს ნაწილში. გამატარეს სამხედრო-სამედიცინო კომისიაში, მაგრამ დემობილიზაციაზე უარს ამბობენ, უბრალოდ, დოკუმენტების გადაცემას აჭიანურებენ. რამდენიმე თვე მკურნალობის გარეშე ვიყავი, ახლა თერაპია [ანტირეტროვირუსული] მაინც არის. მემუქრებიან, რომ თუ ისევ აჟიოტაჟს ავტეხ - თერაპიას შემიწყვეტენ და ფრონტზე დამაბრუნებენ. იქ კი ან შტურმში გისვრიან, ან თავად გაგანულებენ“.

მძიმედ დაჭრილი კონტრაქტორი ჯარისკაცი სხვა ქვედანაყოფიდან, ალექსეი (სახელი შეცვლილია), ამბობს, რომ ქვედანაყოფში „მათი სულ მცირე ნახევარი აივ-ითა და ჰეპატიტით არის ინფიცირებული“.

გვიმეორებენ, რომ მიზეზი მეძავები, ნარკოტიკები და ტკივილგამაყუჩებლებია. სინამდვილეში კი ყველაფრის დეფიციტია - როგორც ერთჯერადი შპრიცების, ასევე სტერილური ინსტრუმენტებისა

„უამრავი ადამიანია C ჰეპატიტითა და აივ-ით დაავადებული. ვიღაც ნარკომანია, ამბობს, რომ სამოქალაქო ცხოვრებაში ან საერთოდ ზონაში დაინფიცირდა, იქიდან გამოვიდა და პირდაპირ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ წავიდა. ფრონტზე ვიღაც მორფინის ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელს იკეთებდა ინფიცირებულ თანამებრძოლთან ერთად იმავე შპრიცით და თავად არ იცოდა [რომ ინფიცირებული იყო]. ყველაფრის დეფიციტია - როგორც ტკივილგამაყუჩებლების, ასევე შპრიცების. გვიმეორებენ, რომ მიზეზი მეძავები, ნარკოტიკები და ტკივილგამაყუჩებლებია. სინამდვილეში კი ყველაფრის დეფიციტია - როგორც ერთჯერადი შპრიცების, ასევე სტერილური ინსტრუმენტებისა (საავადმყოფოებში). შემგროვებელ პუნქტში სიტუაცია ასეთი იყო - სინამდვილეში ყოველ მეორე ადამიანს ან ჰეპატიტი ჰქონდა ან აივ. ჩემი ასეულიდან ერთმა ბიჭმა აღიარა, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ დანამდვილებით აივ ინფექციის გარეშე წავიდა, მას ასეთი სამსახური ჰქონდა - ყოველთვიურად ყველა შესაძლო შემოწმებას უტარებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ის მძიმედ დაიჭრა, შედეგად მარცხენა ხელის გარეშე დარჩა - ოპერაცია ჩაუტარდა, სახლში გაემგზავრა სამკურნალოდ - იქ აღმოუჩინეს აივ“.

ის დარწმუნებულია, რომ იმიტომ, რომ „ასეთი ინსტრუმენტით“ ანუ არასტერილურით მუშაობდნენ. მას ხელზე უმკურნალეს სამედიცინო ბატალიონში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში. იქ ისინი მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ძილის გარეშე, ნაჩქარევად მუშაობდნენ - შპრიცებისა და მედიკამენტების მიწოდებაში თუ რამე შეფერხებაა, არ ელოდებიან. სტერილურობაზე კითხვებს სვამთ - ისინი გიპასუხებენ, რომ სხვაგვარად „ამდენი სიცოცხლის“ გადარჩენა შეუძლებელია. რომ სიკვდილს არჩევენ სიცოცხლეს, თუნდაც ინფიცირებულს.“

რუსეთის სამხედროები ლუგანსკის ოლქში
რუსეთის სამხედროები ლუგანსკის ოლქში

თანამოსაუბრეების თქმით, დაუცველი სექსუალური კონტაქტით, მათი დაკვირვებით, ჯარისკაცების უფრო მცირე ნაწილი ინფიცირდება.

„რა თქმა უნდა, მეძავებთან დადიან. ადგილობრივ [მაცხოვრებლებთან] იწყებენ ურთიერთობას, ღალატობენ ქალებსა და გოგონებს, არიან არატრადიციულებიც. მაგრამ პირადად მე მხოლოდ ერთს ვიცნობ, ვინც ასე დაინფიცირდა“, - ამბობს ალექსეი. - ძირითადად, ასეთი გიჟებიც არ არიან, პრეზერვატივები მაღაზიებში იყიდება. მაგრამ შეიძლება უბრალოდ არ აღიარებენ, არ ვიცი“.


„ეს უკვე ეპიდემიას ჰგავს“

ექსპერტები ადასტურებენ სამხედროების ვარაუდებს და აღნიშნავენ, რომ ინფექციების ასეთი ფეთქებადი ზრდა შესაძლებელია სწორედ პარენტერალური გზით - სისხლით და მისი კომპონენტებით.

„თუ ასეთი ფეთქებადი გამოვლინება [20-ჯერ უფრო ხშირად] მართალია, მაშინ ეს ნამდვილად სისხლთან დაკავშირებული გადაცემის მექანიზმებია! ასეთი ფეთქებადი ზრდა არავითარი სექსით არ შეიძლება აიხსნას. ეს მხოლოდ არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების მასობრივი გამოყენებისას ხდება. მაგალითად, ერთი შპრიცი მრავალი ადამიანისთვის. „ეს ხდება ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციაში ერთჯერადი შპრიცების არარსებობის პირობებში“, - განმარტავს ექსპერტი ეპიდემიოლოგი (მისი თხოვნით მის ვინაობას არ ვასახელებთ). - მიუხედავად იმისა, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ უშუალოდ სამხედრო პერსონალზე ცოტა სამეცნიერო კვლევა (მათ შორის რეცენზირებული) არსებობს, სამხედრო სამედიცინო მონაცემებზე დაფუძნებული ჟურნალისტური მასალები და ანალიზი საკმაოდ მყარია. ეს განსაკუთრებით აივ ინფექციის შემთხვევაშია: იქ გამოვლენის ზრდა მართლაც მრავალჯერადია.

რაც შეეხება C ჰეპატიტს, ინფორმაცია ეფუძნება ჟურნალისტურ გამოძიებებსა და ჩვენებებს, რომლებიც რეალურ პრობლემაზე და სამხედრო მედიცინის მიერ მის უგულებელყოფაზე მეტყველებს. ეს აღწერილი იყო ჩვენს ნაშრომებში „ხანკის“ [ნარკოტიკების] გამოყენების შესახებ, მაგრამ არა ჰეროინისა, რადგან „ხანკის“ მოხმარებისას შპრიცში სისხლი გამოიყენება ტოქსიკური ეფექტის (კანკალის) შესამცირებლად. ყველა სხვა არსებული პრობლემა მეორეხარისხოვანია. საბოლოოდ რა შედეგს ვიღებთ - მივდივართ დასკვნამდე, რომ „ხანკის“ შეტანა ფართოდ არის გავრცელებული და, შესაძლოა, ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების მდგომარეობის გამო საერთოდ არ წყდება“.

ამასთან, ექსპერტი უარყოფს ფრონტზე და სამხედრო ნაწილებში თერაპიის დეფიციტს, როგორც ინფექციის გაზრდილი რისკის ფაქტორს.

„C ჰეპატიტის თერაპიის არარსებობა, როგორც მაჩვენებლების ზრდის მიზეზი, ღიმილს იწვევს. ანტივირუსული თერაპიის არარსებობა აივ ინფექციის წყაროების რაოდენობის ზრდას იწვევს. ამასთან, აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის ინფექციის თანაფარდობაში ნარკოდამოკიდებულ პოპულაციაში C ჰეპატიტით დაავადების მაჩვენებლები 5-10-ჯერ მეტია“, ამბობს წყარო.

გამოკითხული ექსპერტები, რომლებიც სტატისტიკას ეყრდნობიან, რუსეთის არმიაში არსებულ სიტუაციას უწოდებენ „ეპიდემიას“, რომლის კონტროლიც ხელისუფლებას არ შეუძლია.

ალექსეი ლახოვი
ალექსეი ლახოვი
რეკრუტების ნაწილმა სავალდებულო სამსახური აივ ტესტირების გარეშე დაიწყო, ზოგი კი სამხედრო კომისარიატებს ყალბ ცნობებს წარუდგენდა

„ჟურნალ „აივ ინფექცია და იმუნოსუპრესიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტიდან 2024 წლის სექტემბრამდე სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში „აივ ინფექციის“ დიაგნოზით 107 პაციენტი მკურნალობდა. 2020 წელს სამხედრო ექსპერტებმა დაწერეს, რომ „ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტებში აივ ინფექციის ფაქტობრივი შემთხვევების შეფასება არ ჩატარებულა. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ეფუძნება დაავადების ოფიციალური რეგისტრაციის შემთხვევების ხელოვნურად დადაბლებულ მაჩვენებლებს.“

ნებისმიერ შემთხვევაში, 2024 წელს სამხედრო ექიმები ასევე აღნიშნავენ პრობლემების არსებობას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირობებში აივ ინფექციის ახალი შემთხვევების აღრიცხვის, დიაგნოსტიკისა და რეგისტრაციის სისტემაში. ასევე აღნიშნავენ, რომ მობილიზაციის ასაკის მამაკაცთა სულ მცირე 2,2% შესაძლოა აივ ინფიცირებული იყოს (და ეს უკვე ეპიდემიას ჰგავს), ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის, პატიმრების მასობრივი გაწვევისა და საკონტრაქტო სამსახურში მოზიდვის კამპანიის პირობებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათთან ერთად გაიზარდა აღმოჩენილი პრობლემების რაოდენობაც, - აღნიშნავს აივ ინფექციის პრევენციის საერთაშორისო კონსულტანტი ალექსეი ლახოვი. - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ვადიმ პოკროვსკის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასაწყისში მობილიზაციისა და სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივი გაწვევის დროს შესაძლოა დარღვევები მომხდარიყო. რეკრუტირებულთა ნაწილი სამსახურს იწყებდა სავალდებულო აივ ტესტირების გარეშე, ზოგიერთმა კი სამხედრო კომისარიატებში ყალბი სამედიცინო ცნობები წარმოადგინა.“

ექსპერტი აღნიშნავს, რომ გლობალური გრძელვადიანი სტატისტიკით სამხედრო პერსონალი ყოველთვის კლასიფიცირდებოდა როგორც სხვადასხვა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფი. ომის დროს ეს რისკები რამდენჯერმე იზრდება.

სამხედრო პერსონალში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკები 2-5-ჯერ მეტია, ვიდრე მშვიდობიან მოსახლეობაში

„გაეროს აივ ინფექციის/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროგრამის თანახმად, მშვიდობიან დროს სამხედრო პერსონალში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკები 2-5-ჯერ მეტია, ვიდრე მშვიდობიან მოსახლეობაში. სამხედრო კონფლიქტების დროს კი ეს სხვაობა შეიძლება მრავალჯერ გაიზარდოს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ინიექციური ნარკოტიკების ერთობლივი გამოყენებით, ჰომოსექსუალური კონტაქტებით, კომერციულ სექსმუშაკებთან კონტაქტით, მშვიდობიანი მოსახლეობის ყიდვით ან სექსზე იძულებით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით ინფიცირებით. აკადემიკოსი პოკროვსკი ასევე აღნიშნავს, რომ „სამხედრო პერსონალი ამჟამად მოსახლეობის უმდიდრეს კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ზრდის კომერციული სექსუალური კონტაქტებით ინფიცირების რისკს, განსაკუთრებით შვებულების დროს საკურორტო ზონებში, როგორიცაა, მაგალითად, სოჭი“, აღნიშნავს ლახოვი.

ექსპერტის თქმით, სამხედრო სამსახურის სპეციფიკა თავდაპირველად უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა სამხედროების განათლებისა და აივ/შიდსის პრევენციის შესახებ მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისთვის „მაღალი დისციპლინისა და ორგანიზებულობის პირობებში“. თუმცა, რუსეთის არმიაში ინფექციების ზრდის ტემპის შესახებ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

ზოგადად, აივ ინფექციასთან დაკავშირებული მდგომარეობა მთელს მსოფლიოში უმჯობესდება აღმოსავლეთ ევროპის გარდა. მოსახლეობაში აივ ინფიცირებულთა პროპორციის თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაცია ევროპაში პირველ ადგილზეა (2023 წელს რუსეთში დაავადების 54 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შედარებისთვის, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ორი-სამი ათასი ახალი შემთხვევაა). კარნეგის ცენტრი წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს დიდი ქვეყნებიდან უკანასკნელია, რომელიც მოითხოვს ნარკომომხმარებლებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის (ოპიოიდების ინიექციის ნაცვლად ნაკლებად დამანგრეველი მეტადონის ტაბლეტების მიღება ექიმის მეთვალყურეობით) სრულ აკრძალვას. ეს კეთდება კლინიკური კვლევებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიუხედავად, რომ ამან შეიძლება მინიმუმამდე შეამციროს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ზიანი, მათ შორის აივ ინფექციის გავრცელება. ექსპერტების აზრით, არანაკლებ მავნებელია სკოლებში სექსუალური განათლების გაკვეთილების კატეგორიული აკრძალვა, რომელიც ასწავლის სექსუალური კავშირის დროს ყველა სიფრთხილის ზომის დაცვის მნიშვნელობას.

ამასობაში, „ვიორსტკამ“ აღმოაჩინა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა რუსი მასწავლებლებისთვის მოზარდების აღზრდის კურსების ჩატარება დაიწყეს. კურსს ჰქვია „ცხოვრების გაკვეთილები: ძლიერი ოჯახის სულიერი და ზნეობრივი საფუძვლები“. გაკვეთილებს ატარებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის თანამშრომლები - მასწავლებელი-ფსიქოლოგი ლუდმილა სუშკევიჩი და მღვდელი ალექსეი ჩერნიკოვი. ისინი მასწავლებლებს ურჩევენ, მოზარდებს ესაუბრონ იმ ფაქტზე, რომ სექსი „სიძვაა“ და „უსაფრთხო სექსი მითია“, რადგან „ჰორმონალური კონტრაცეფცია არ იცავს აივ ინფექციისგან“ და „პრეზერვატივი აივ ინფექციის გადაცემას მხოლოდ 70%-ით ამცირებს“. მღვდლის თქმით, გოგონები, რომლებიც მუხლს ზემოთ ქვედაკაბებსა და ტოპებს ატარებენ, მიდრეკილი არიან დანაშაულის მსხვერპლად გახდომისკენ. „არსებობს ასეთი ცნება, როგორიცაა ვიქტიმურობა. გოგონა, რომელიც წესიერია, შეიძლება გაოცდეს, რომ მას ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცები უახლოვდებიან ერთი ღამით გართობის განზრახვით“, - განმარტავს ის სემინარზე. „სინამდვილეში არავერბალურად ის აჩვენებს, რომ არ არის ასეთი შემთხვევითი ურთიერთობების წინააღმდეგი“.

ამასობაში, რუსეთში ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლებია ღია მონაცემები, წერს პროექტი „ესტ ბიტ ტოჩნიმ“. 2023 წლის თებერვალში სახელმწიფო დუმამ მთავრობას ნება დართო, არ გამოექვეყნებინა სტატისტიკა - არსებული პრაქტიკა კანონით იქნა გამაგრებული. ეს უკვე ნაყოფს იძლევა: კერძოდ, პროექტ „ზდრავრესურსს“ უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციაში აივ ინფექციის სიკვდილიანობის სტატისტიკაზე წვდომაზე.

XS
SM
MD
LG