Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ათი წელი არ ავმდგარვარ საწოლიდან, ციხის შემეშინდება? - მანანა გიორგობიანს პატიმრობა შეეფარდა


ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერს, 54 წლის მანანა გიორგობიანს, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ქალს ბრალი დაუმძიმდეს, თუკი დადგინდება, რომ მან დანაშაული ეთნიკური ნიშნითაც ჩაიდინა:

"შესაძლოა, მოსამართლემ სახდელის ნაწილში, როგორც დამამძიმებელი გარემოება, ეს ფაქტორიც გაითვალისწინოს", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

სხდომის დასრულების შემდეგ, სანამ ბადრაგები მანანა გიორგობიანს დარბაზიდან გაიყვანდნენ, ხმამაღლა დაიძახა:

"გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან მამუკა მდინარაძიანად, ეგენი აყირავებენ "ოცნებას", მე მაგას არ დავუშვებ".

რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

"მე მარტო რატო ვარ, ბიჭები სად არიან, ერთად უნდა ვიყოთ, ბიჭებთან [ამ საქმის სხვა ბრალდებულები. რ.თ.] ერთად მინდოდა სასამართლო, რა წესია... ჩემი ნაცნობი არავინაა აქ, როგორ შეიძლება..." - თქვა დარბაზში შემოსულმა ბრალდებულმა.

"დიახ, თანახმა ვარ", - უთხრა მოსამართლეს მანანა გიორგობიანმა, როდესაც მან ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს.

"ათი წელი არ ავმდგარვარ საწოლიდან, რაც ჩემი შვილი მოკვდა და ახლა ციხის შემეშინდება?.. ყველაფერზე თანახმა ვარ, ყველაფერია კამერებზე... ყველაფერს მოვაწერე ხელი", - თქვა მანანა გიორგობიანმა, როდესაც მას არსენ კალატოზიშვილმა ბრალისა და მოსალოდნელი სასჯელის შინაარსი გააცნო.

რას ედავება გამოძიება მანანა გიორგობიანს

მანანა გიორგობიანს ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9 წლამდე პატიმრობა ელის.

ბრალდების თანახმად, 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა "მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.

ძალადობის ამსახველი კადრები 5 ნოემბერს, მანანა გიორგობიანის დაკავების შემდეგ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კადრები „სპარის“ სამეთვალყურეო კამერებითაა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ მანანა გიორგობიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს „სპარის“ მოლარეს, ემუქრება, რომ „დაუძახებს“ ვიღაცებს და „გაიფენენ წიხლქვეშ“, „გააგლეჯინებს“ მათ თავს.

ცოტა ხანში, კადრებში ჩნდება ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც შედიან მაღაზიაში, მოლარესთან უკნიდან მიდიან, ყელში ავლებენ ხელს და სკამიანად მიათრევენ გარეთ. ამის შემდეგ ანგარიშსწორება ჯერ გარეთ გრძელდება, შემდეგ ისევ მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე.

მანანა გიორგობიანს პროკურატურის მოთხოვნით დაენიშნა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ქალი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სასამართლოში ის სწორედ ამ დაწესებულებიდან მიიყვანეს.

"არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით, არანაირი აშლილობა მე არ მაქვს. რაც შვილი გარდამეცვალა, მას შემდეგ მომიწია ოთხჯერ კლინიკაში ყოფნა... შემდეგ მამაოებს დავუკავშირდი... ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოტროპულები, ერთადერთი, რასაც მოვიხმარ, ნარკოტიკული საშუალებებია... ყველაფერი გავაკეთე საღ გონებაზე", - გამოთქვა პროტესტი მანანა გიორგობიანმა სხდომაზე, როდესაც ითქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, მით უმეტეს, რომ დაზარალებულები მუშაობენ იმ მაღაზიაში, რომელიც ბრალდებულის სახლთან ახლოს მდებარეობს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა:

"შესაძლოა, ზეწოლის გამო, დაზარალებულმა და სხვა მოწმეებმა საქმეში ჩვენებებზე თქვან უარი, მით უმეტეს, რომ მაღაზიაში უკვე მისულები იყვნენ პირები, რომლებმაც თქვეს, რომ რა საჭირო იყო დაჭერები..."

მანანა გიორგობიანს საზოგადოებრივი ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი იცავს.

7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მან თქვა, რომ ოქმის თანახმად, მანანა გიორგობიანი მომხდარიდან 2 დღეში, 4 ნოემბერს, დააკავეს საცხოვრებელ სახლთან, რაც, მისი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს მიმალვა რომ ჰქონოდა განზრახული, ამას ორ დღეში მოასწრებდა კიდეც:

"საქმეში არ არსებობს ასევე არანაირი მტკიცებულება, რომ მანანა გიორგობიანმა რომელიმე მოწმეზე ზეწოლა მოახდინა ან მტკიცებულება, რომ ის მიმალვას აპირებს".

ადვოკატი სასამართლო სხდომაზე მანანა გიორგობიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

რაც შეეხება რადიო თავისუფლების კითხვას, რატომ დასჭირდა გამოძიებას ორი დღე მანანა გიორგობიანის დასაკავებლად, პროკურორი გიორგი დოლაკიძე ამბობს:

"ჩასატარებელი იყო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, კამერების ჩანაწერების გამოთხოვა, მოწმეების დაკითხვა, დაზარალებულები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, უნდა მომხდარიყო პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ქალბატონი დავაკავეთ 4 ნოემბერს, შუადღის საათებში".

კითხვაზე, დააყენებს თუ არა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რომ მანანა გიორგობიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გიორგი დოლაკიძე ამბობს:

"ექსპერტიზას სჭირდება შესაბამისი დრო და დასკვნის მიღების შემდგომ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას და ის მოთავსდება შესაბამის დაწესებულებაში", - თქვა პროკურორმა.

რას ამბობს ნაცემი ახალგაზრდის ოჯახი

ახალგაზრდები, რომლებსაც ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერის, მანანა გიორგობიანის დავალებით 2 ნოემბრის ღამეს „სპარში“ ხუთი კაცი ფიზიკურად გაუსწორდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. ერთი - დმანისის, მეორე - საგარეჯოს რაიონის სოფლებიდან.

ერთ-ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აქვს და ოჯახის თქმით, ექიმებმა ერთთვიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნაცემი ახალგაზრდის ოჯახი უკმაყოფილოა, რადგან გამოძიება ამ ეტაპზე არ საუბრობს, რომ ახალგაზრდებზე ეთნიკური ნიშნითაც იძალადეს.

„ამ ამბის შემდეგ ბიჭის ოჯახი თავად დამიკავშირდა. ისინი ამბობენ, რომ ძალადობა ჩადენილია ეთნიკურ ნიადაგზე. ორი წლის წინ, ამ ბიჭის ნათესავსაც გაუსწორდნენ „სპარში“ ეთნიკურ ნიადაგზე, მაშინაც მიმართეს პოლიციას, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. ახლა სურთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ და თუ მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგი არ დადგა, მაშინ ამას უკვე ხმამაღლა გააპროტესტებენ“.

სამირა ბაირამოვა ნაცემი ბიჭის მონათხრობზე დაყრდნობით რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბრალდებულმა ქალმა „სპარის“ თანამშრომელს მას შემდეგ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც მან უარი უთხრა 5-ლარიანი კუპიურის დახურდავებაზე:

„ბიჭი ამბობს, რომ ეს ქალი შევიდა მაღაზიაში და ბიჭს უთხრა, რომ სურდა ხუთლარიანის ხუთთეთრიანებად დახურდავება. ბიჭმა უპასუხა, რომ სალარო აპარატი იხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტს გაატარებს და ამიტომ არ ჰქონდა კუპიურის დახურდავების უფლება და საშუალება. ამაზე ქალბატონი გაღიზიანდა, დაიწყო ჩხუბი, როდესაც ბიჭის აქცენტით მიხვდა, რომ ის არ იყო ქართველი, დაიწყო უკვე ამ ნიშნით ლანძღვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შენ ვინ ხარ ჩემ ქვეყანაში რომ ბლატაობ, წადი შენ ქვეყანაშიო და ამის შემდეგ დაურეკა სხვებს დასახმარებლად“, - უყვება სამირა ბაირამოვა რადიო თავისუფლებას.

ფრაზა „წადი შენს ქვეყანაში“ ისმის „სპარის“ სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანანა გიორგობიანის დაკავების შემდეგ გაავრცელა.

სამირა ბაირამოვას თქმით, 19 წლის ახალგაზრდა ამ დღეებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში უნდა წასულიყო: „წელს უმაღლესში ვერ ჩააბარა, თუმცა თბილისში დარჩა, ჯარში წასვლამდე ვიმუშავებო“.

"სპარის" თანამშრომლების ცემისთვის ბრალდებული კიდევ ხუთი პირის საქმე

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ 5 პირი.

დაკავებულებს შორისაა 29 წლის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სუპერმარკეტის თანამშრომლებს, მან დაურეკა ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე ოთხ პირთან ერთად მივიდა, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალით გაიყვანეს გარეთ და მათ ჯგუფურად გაუსწორდნენ.

შსს-ს ცნობით, ჯაკო ჩარკვიანის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა“.

ჯაკო ჩარკვიანის გარდა, ამავე საქმეზე დაკავებული არიან დაჩი კეკელია, ლევან გრძელიძე, დავით პეტრიაშვილი და შოთა აფციაური.

ჩარკვიანის ოჯახი, მისი მამიდა, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯაკო ჩარკვიანი თავად გამოცხადდა პოლიციაში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მანანა გიორგობიანის დაკავების შესახებ. ის კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი ძმისშვილი სახლში ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებს ინახავდა. ამბობს, რომ არც მისი ძმის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანისა და არც ჯაკო ჩარკვიანის ბიძის სახლიდან, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, გამოძიებას იარაღი არ ამოუღია.

თაკო ჩარკვიანის თქმით, გამოძიება ამტკიცებს, რომ იარაღი სადარბაზოდან ამოიღეს: „ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია“, - ამბობს ის, თუმცა არ უარყოფს, რომ მისი ძმისშვილი ძალადობაში მონაწილეობდა.

ბრალდების თანახმად, იარაღი ამოღებულია საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან.

ჯაკო ჩარკვიანს ბრალდება ორი მუხლით წარედგინა - ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

დანარჩენ ოთხს ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხუთივე ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა ელის.

4 ნოემბერს, მანანა გიორგობიანის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მისი საჯარო მიმართვა. ქალი უკმაყოფილებას გამოხატავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ქმედებების გამო.

„გელკა გელაძე ხარ, თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან!

ჩემი ძმა, ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებს მოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემს გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო“, - წერდა მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

წინასასამართლო სხდომა მანანა გიორგობიანის საქმეზე 24 დეკემბერს, 11 საათზე დაინიშნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG