Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალებს ლაშქრობისას სცემეს - „გამოძიება მაღალჩინოსნის ჩარევის შემდეგ დაიწყო“


ლიზა და სვეტა 2025 წლის 7 მაისის დილას ერთმანეთს ტრადიციულად კაფეში შეხვდნენ და ძაღლთან ერთად თბილისის შემოგარენში ფეხით გასეირნება, ე.წ. ჰაიკინგი გადაწყვიტეს.
ლიზა და სვეტა 2025 წლის 7 მაისის დილას ერთმანეთს ტრადიციულად კაფეში შეხვდნენ და ძაღლთან ერთად თბილისის შემოგარენში ფეხით გასეირნება, ე.წ. ჰაიკინგი გადაწყვიტეს.

მაისის მზიან დილას ჰაიკინგი ორი ახალგაზრდა ქალისთვის ცუდად დასრულდა. სვეტა და ლიზა, რუსეთის მოქალაქეები, თბილისის შემოგარენში ძაღლთან ერთად სეირნობისას ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ძარცვას.

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ადრე ნასამართლევი 37 წლის მამაკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც მოძალადე, მაგრამ დაკავებული არ არის - პატიმრობა მას დაუსწრებლად შეეფარდა.

ძალადობის 15 წუთი

სვეტა 29 წლისაა, ის ფოტოგრაფია, საქართველოში გასული წლის აგვისტოში ჩამოვიდა.

25 წლის ლიზა ხშირად მოგზაურობს, თუმცა ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. მას ქართველი დედა და ბებია ჰყავს.

2025 წლის 7 მაისის დილას ერთმანეთს ტრადიციულად კაფეში შეხვდნენ და ძაღლთან ერთად თბილისის შემოგარენში ფეხით გასეირნება, ე.წ. ჰაიკინგი გადაწყვიტეს. გოგოები ლაშქრობებში ხშირად დადიან.

ლიზა ძაღლთან ერთად. ფოტო გადაღებულია 7 მაისს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.
ლიზა ძაღლთან ერთად. ფოტო გადაღებულია 7 მაისს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.

სვეტა და ლიზა ერთ-ერთი ქედის გავლით, დიღმისკენ დაიძრნენ. ეს მათთვის კარგად ნაცნობი მარშრუტი იყო და ამიტომ წინ მშვიდად მიიწევდნენ. ჰყვებიან, რომ ფეხით სავალი გზა თითქმის გავლილი ჰქონდათ, როდესაც გაჩერებული ავტომობილი შენიშნეს.

„არ გვიფიქრია, რომ რაიმე საფრთხე გვემუქრებოდა... გარდა ამისა, თან გვახლდა ძაღლიც. მანქანას მშვიდად ჩავუარეთ“, - უყვება სვეტა „ეხო კავკაზას“, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის ჟურნალისტს.

ქალებმა გაჩერებულ მანქანასთან შენიშნეს 30-35 წლის კაცები, რომლებმაც მათ ქართულად მიმართეს. სვეტამ და ლიზამ უპასუხეს: „ქართული არ ვიცით“.

„ჯერ ძაღლისკენ გამოიწიეს - გავჩერდით. ვიფიქრეთ, ძაღლის მოფერება სურდათ. სწორედ ამ დროს დაგვესხნენ თავს“, - ჰყვება სვეტა.

გოგოების თხოვნით, არ აღვწერთ, კონკრეტულად რომელი მათგანი გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი.

სვეტას და ლიზას მონათხრობის თანახმად, ერთ-ერთმა კაცმა გოგო დააგდო მიწაზე და დაუშინა წიხლები. მეორე კაცი კი მის მეგობარს გაეკიდა. გოგო დაღმართზე დაეშვა, სირბილისას ფეხი დაუცდა და დაგორდა. ამბობს, რომ სწორედ ამან გადაარჩინა, რადგან კაცმა ვეღარ მოასწრო მისი დაჭერა.

„უხეშად რომ ვთქვა, გამიმართლა - დავგორდი. უკან მომდევდა ძაღლიც. რაღაც მომენტში ფეხზე წამოდგომა მოვახერხე და დახმარების სათხოვნელად სახლებისკენ გავიქეცი“, - ჰყვება ერთ-ერთი მათგანი.

ქალის მონათხრობის თანახმად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მის მეგობარს ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდებოდა. ურტყამდა მუშტებს და წიხლებს თავსა და სხეულზე. ამბობს, რომ თავდამსხმელებს ახლდა მესამე კაციც.

„როგორც კი დაინახეს, რომ ერთ-ერთმა გაქცევა მოვახერხეთ, დაგვანებეს თავი. სიმართლე გითხრათ, სწორედ იმან გადაგვარჩინა, რომ ერთ-ერთმა გაქცევა შევძელით“, - ჰყვება სვეტა.

დაზიანებები ერთერთი ჰაიკერის სხეულზე თავდასხმის შემდეგ
დაზიანებები ერთერთი ჰაიკერის სხეულზე თავდასხმის შემდეგ

ქალები იხსენებენ, რომ ძალადობა და დევნა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. მათი თქმით, გამოძიებას აქვს ჩვენება, რომ თავდამსხმელებს ქალები ეგონათ ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებიც ტყეში „დამალულ ნარკოტიკებს“ ეძებდნენ და ამიტომ გაუსწორდნენ მათ.

სახლში დაბრუნებულმა სვეტამ და ლიზამ 112-ში დარეკეს.

„დაზიანებებს დასვენების დღეების შემდეგ გადავიღებთ“

ახალგაზრდა ქალები სამართალდამცავებმა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც 10 საათი გაატარეს. ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება პოლიციაში შვიდი საათის შემდეგ, „ტირილისა და ყვირილის“ შემდეგ გამოიძახეს:

„არ დაგვიმუშავეს დაზიანებები. მთელ ტანზე ჩალურჯებები და ნაკაწრები გვქონდა. გული გვერეოდა, გვეხვეოდა თავბრუ. ათი საათის განმავლობაში ვიყავით პოლიციაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არც დაზიანებები არ დაუფიქსირებიათ და არც საქმე არ აღუძრავთ. არ მოგვანიჭეს არანაირი სტატუსი. სახლში გამოგვიშვეს და გვითხრეს, დღესასწაულები რომ დასრულდება, მერე გადავიღებთ დაზიანებებსო“ [9-დან 12 მაისის ჩათვლით საქართველოში დასვენების დღეები იყო. რ.თ].

ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ქალებს ჰქონდათ, იყო იმ დაზიანებების აღწერა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დააფიქსირა.

დაზიანებები ერთ-ერთი ქალის ზურგზე
დაზიანებები ერთ-ერთი ქალის ზურგზე

დასვენების დღეების დასრულებისთანავე, ლიზამ და სვეტამ ისევ მიაკითხეს პოლიციის განყოფილებას. გოგოები ჰყვებიან, რომ საქმეს მსვლელობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც „ნაცნობის დახმარებით ერთ-ერთ მაღალჩინოსანს“ მიაწვდინეს ხმა. ამბობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ მიანიჭეს მათ დაზარალებულისა და თვითმხილველის სტატუსები.

ქალებმა თავდამსხმელების მანქანის ნომერი დაიხსომეს. ამბობენ, რომ სწორედ ასე მოხდა მათი იდენტიფიცირება. თუმცა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მათი თქმით, მიმალვა მოახერხა.

ქალების ინფორმაციით, გამოკითხულია ავტომობილის მფლობელი, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ მისმა თანმხლებმა პირებმა ჩათვალეს, რომ ისინი „დამალულ ნარკოტიკს“ ეძებდნენ და ამიტომ გაეკიდნენ.

13 მაისს დაზარალებული ქალების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ლიზას და სვეტას თქმით, სამართალდამცავებმა სწორედ იმ დღეს ამოიღეს ნივთმტკიცებებიც - მათ შორის დახეული ჩანთა, რომლის ამოღებაზეც 7 მაისს, თავდასხმის დღეს, პოლიციამ უარი თქვა. „არ ჩათვალეს საჭიროდ“, - ამბობენ გოგოები.

„პირველი საათები წყვეტს ყველაფერს“

სისხლის სამართლის სპეციალისტი, იურისტი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ნებისმიერი დანაშაულისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებები პირველივე საათებში აღიწეროს და დაფიქსირდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზაც, რადგან დროის გასვლასთან ერთად მცირდება მყარი მტკიცებულებების მოპოვების შანსი.

„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არ მოითხოვს სასამართლოს დადგენილებებს, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ოპერატიულად წარიმართოს და თუკი ეს ასე არ ხდება, მაშინ სახეზეა არაეფექტიანი გამოძიება. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამსახურებრივი გულგრილობა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები, როდესაც გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და პროცესი ზიანდება, სისტემური პრობლემის ნაწილია“, - ამბობს ომარ ფურცელაძე.

დაზარალებული ქალები „ეხო კავკაზასთან“ ჰყვებიან, რომ თავდასხმის შემდეგ მათ აქვთ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემები. ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა სახლიდან დამოუკიდებლად გასვლის შიში და მხოლოდ თანმხლებთან ერთად ახერხებს გასვლას. მათთან ფსიქოლოგი მუშაობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG