Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპაშვილი ასახელებს კომპანიებს, რომლებითაც ფინანსური პოლიცია ე.წ. "ქოლცენტების საქმეზე" გამოძიების ფარგლებში დაინტერესდა


ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფში“ შემავალი „ტაბიძის ბიზნეს ცენტრის“ მფლობელია
ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფში“ შემავალი „ტაბიძის ბიზნეს ცენტრის“ მფლობელია

ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფში“ შემავალი „ტაბიძის ბიზნეს ცენტრის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი ასახელებს იმ სამ კომპანიას, რომლებითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინტერესდა.

იქ ორი დღის წინ, 14 ივლისს ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, თანამშრომელთა გამოკითხვები და ტექნიკისა და დოკუმენტაციის ამოღება.

პაპაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ ამ კომპანიებთან მის მფლობელობაში არსებულ ბიზნესცენტრს მხოლოდ საიჯარო ურთიერთობა ჰქონდა.

პაპაშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფერო იყო „მეჯიქ როუდზ ჯორჯია“, „⁠ალბიონ სოფტი“ და „⁠ვივო გრუპ ინტერნეიშენალი“ - ამჟამად სამივე კომპანიის ოფისები დალუქულია.

"აღნიშნული კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. მათ საქმიანობაში რაიმე საეჭვო მოქმედება არასოდეს შეგვიმჩნევია. პირიქით ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, როგორც ბიზნესცენტრის შიდა განაწესის ზედმიწევნით დაცვაში, ასევე ფინანსურ ვალდებულებებში“, - აცხადებს „რედიქს ჯგუფის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი.

რადიო თავისუფლებამ ღია წყაროებში გადაამოწმა სამივე კომპანია.

  • მეჯიქ როუდზ ჯორჯია 2019 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანია მეჯიქ ჰოლიდეიზია. დირექტორი კი თამარ ტაბიძეა.
  • ვივო გრუპ ინტერნეიშენალი 2024 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა საქართველოში. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელია, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე სოფია კარაპეტიანი, რომელიც კიდევ სხვა ათამდე კომპანიასთან არის დაკავშირებული - მათ ნაწილში მას დირექტორის სტატუსი აქვს, ნაწილში წილებს ფლობს.
  • ალბიონ სოფტი საქართველოს კომპანიების რეესტრში არ იძებნება - ღია წყაროებში ვხვდებით 2022 წელს ამ სახელით დიდ ბრიტანეთში დაარსებული კომპანიას, თუმცა მისი ქართული ფილიალის ან თბილისში გახსნილი წარმომადგენლობების შესახებ ცნობები არ ჩანს.

ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია - უწყებაში მხოლოდ ფაქტს ადასტურებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG