რუსი მოფარიკავე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია საქართველოში, თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელმა მეტოქემ ბატასკოვა იულიამ დაამარცხა.
სახელგანთქმული მოფარიკავე მაიორის წოდებით მეორე რაუნდში დამარცხდა, მინიმალური ანგარიშით – 14:15.
„დღეს თბილისში, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქოს ერთი შეხედვით, უბრალოდ სპორტული ორთაბრძოლა შედგა. მაგრამ ნახევარი საათის წინ, ხმლის ერთი მოქნევით, მოხდა რაღაც მეტიც - ძალადობის წინააღმდეგ თქმული ხმა გაისმა.
უკრაინელმა სპორტსმენმა, ბაკასტოვა იულიამ დაამარცხა სოფია ველიკაია — რუსეთის არმიის მაიორი, ქალი, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი პუტინის რეჟიმს.
ეს გამარჯვება იყო წუთიერი, მაგრამ ნათელი პასუხი უსამართლობაზე. ეს იყო გამარჯვება მათთვის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სიცოცხლისთვის", - დაწერა მაყურებელმა ანა კვარცხავამ და სოციალურ ქსელში უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
40 წლის სოფია ველიკაია საქართველოში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის თარიღების დაანონსებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში.
რატომ? - ის რიგითი სპორტსმენი არაა. ველიკაია ЦСКА-ს წარმომადგენელი, სახელგანთქმული მოფარიკავე - არაერთგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია - მაიორის სამხედრო წოდებით. ის მოქმედი სამხედროა და, ფაქტობრივად, ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში - ეხმარება რუს სამხედროებს.
სოფია ველიკაია პრეზიდენტმა პუტინმა 2016 წელს დააჯილდოვა პირველი ხარისხის მედლით - "სამხედრო სიმამაცისთვის", 2018 წელს - პუტინის საარჩევნო კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი გახდა.
„ვლადიმირ ვლადიმირის ძეს [პუტინს] უკავშირდება ჩემი მთელი სპორტული წლები... ვიდრე ის მართავდა ქვეყანას, მე ჩემს სპორტულ სიმაღლეებს ვიპყრობდი“, - ამბობდა ველიკაია რუსეთის პრეზიდენტზე.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო [22-30 ივლისს] პირველად მასპინძლობს. თბილისში 158 ქვეყნის 1800-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა, მათ შორის - რუსეთიდან. რუს მოფარიკავეებს, წლების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება პირველად სწორედ თბილისში ეძლევათ.
ფორუმი