Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა


გიორგი ცინცაძე, მიხეილ ყაველაშვილი
გიორგი ცინცაძე, მიხეილ ყაველაშვილი

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ღირსების ორდენებითა,ასევე ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები.

ცერემონიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ღონისძიებას არ ესწრებოდა კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ღირსების ორდენზე უარი თქვა. რატომ? - სპორტსმენი მეტ კომენტარს არ აკეთებს და თუ მიიჩნევს, რომ მის საქციელს განმარტება დასჭირდება, საჯაროდ დაწერს.

გიორგი ცინცაძე პროევროპული დემონსტრაციების მხარდამჭერი და მონაწილეა. სატელევიზიო კომენტარებში მან ბევრჯერ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ნაბიჯების გამო და დაგმო დემონსტრანტებზე სამართალდამცველების ძალადობა.

„პოლიციას ვერ დავარქმევდი, ეს დაჯგუფებები რომ დასდევენ იჭერენ, სცემენ და რასაც კადრებს ვნახულობთ, არის ენით აუწერელი და თეთრზე შავად არ ითქმის, რაც ჰქვია ამ ყველაფერს ვერ ვხვდები ხალხი რატომ არ ბრაზდება და რატომ არ გამოდის, ვისაც ეშინია მინდა ვუთხრა თავიანთი სიკეთეების თუ კარგად ყოფნის გამო, რომ ამაზე ვერ აკეთებენ კომენტარს სირცხვილია, მოვა დრო და ამას მიხვდებიან, არ ღირს არსად ყოფნა თბილად არც მთავრობაში და არსად, როდესაც არ შეგიძლია შენი აზრი დააფიქსირო, თუნდაც იმაზე, რაც ქუჩაში ხდება", - თქვა სპორტსმენმა გასულ წელს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ამ დროს მას ყელზე ეკიდა აირწინაღი აქციის მორიგი დაშლის დროს თავის დასაცავად.

კალათბურთელი არც იმ სპორტსმენების კრიტიკას მორიდებია, რომლებიც 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში იყვნენ, შემდეგ კი დეპუტატები გახდნენ.

„პარლამენტში ვინც სპორტსმენები არიან... როცა სპორტსმენები იყვნენ, მათი ძალიან მაგარი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ როდესაც პარლამენტში შედიხარ, შენი გულშემატკივარი ვეღარ ვიქნები. მაგათი მიღებული კანონები... ჯერ ხომ ნონსენსია, მაგრამ ეს ხალხი ასე ვერ იცხოვრებს. სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი თვითონ მიხვდებიან, ვისზეც ვლაპარაკობ. არც მე არ მაქვს პრეტენზია პოლიტიკაში, მე გამოვდივარ და ჩემს სამოქალაქო აზრს ვაფიქსირებ, რომ პოლიცია რომ დადის და ხალხს ქუჩა-ქუჩა დასდევს და სცემს ეს არის ცუდი“, - ეს კომენტარი გიორგი ცინცაძემ გამოცემა „ნეტგაზეთს“ გასული წლის 19 დეკემბერს მისცა.

დაჯილდოებული კალათბურთელების სია

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დავაჯილდოვე: გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, „საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვისო", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

  • ვიქტორ სანიკიძე;
  • ლაშა გამყრელიძე;
  • დავით საყვარელიძე;
  • ვლადიმერ ბოისა;
  • ნიკოლოზ ცქიტიშვილი;
  • რატი ანდრონიკაშვილი;
  • მიხეილ ბერიშვილი;
  • ბექა ბექაური;
  • გოგა ბითაძე;
  • ბექა ბურჯანაძე;
  • ნიკოლოზ გაფრინდაშვილი;
  • დავით კაკუშაძე;
  • გიორგი კორსანტია;
  • ლუკა ლიკლიკაძე;
  • ილია ლონდარიძე;
  • ლუკა მაზიაშვილი;
  • გიორგი ოჩხიკიძე;
  • რევაზ როგავა;
  • დუდა სანაძე;
  • სანდრო სანაძე;
  • გიორგი ტურძილაძე;
  • ალექსანდრე ფევაძე;
  • ოთარ ფხაკაძე;
  • კახაბერ ჯინჭარაძე;
  • ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილი;
  • თადუს დევაინ მაქფადენი;
  • მათე ხატიაშვილი;
  • კამარ მალიკ ბოლდუინი;
  • და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონი.

საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:

  • გივი სანაძე;
  • პაატა ლობჟანიძე;
  • თორნიკე გოგიჩაიშვილი;
  • თეიმურაზ ხვედელიძე;
  • ზურაბ სულეიმანაშვილი;
  • ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტო;
  • გიორგი ბუცხრიკიძე;
  • პაატა გურასპაული;
  • ნინო გურული;
  • გიორგი ზაბახიძე;
  • თათია მიმინოშვილი;
  • თამარ რუაძე;
  • ნინო ხუციშვილი;
  • ირაკლი პერტაია;
  • ლუკა წიტაიშვილი;
  • გიორგი გაჩეჩილაძე;
  • ქეთევან კეკელია;
  • ირინა სომოვა;
  • თათია ბაციაშვილი
  • და შალვა ონიანი.

„ჩვენი სპორტსმენები მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე.

ვინ არის გიორგი ცინცაძე?

გიორგი ცინცაძე, კალათბურთელი
გიორგი ცინცაძე, კალათბურთელი

ლეგენდარულმა კალათბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20-წლიანი კარიერა გასული წლის თებერვალში დაასრულა.

39 წლის გიორგი ცინცაძე გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია - „ბუმ“ (გიორგის მეტსახელი) ეროვნული ნაკრების მაისურით 217 მატჩი ჩაატარა. ის, ასევე, არის აბსოლუტური რეკორდსმენი ნაკრებში შედეგიანი გადაცემებით.

ის 2011, 2013, 2015, 2017, 2022 წლების ევრობასკეტისა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს ჩემპიონი (2016) და საქართველოს თასის მფლობელი (2017).

2006 წელს გიორგი ცინცაძემ რუსეთი დატოვა და ესტონეთში გადავიდა…
კრისტაბელთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცსკა-ში ყოფნის დროს მას რუსეთის ნაკრებში თამაში შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა. მისივე განცხადებით, მოსკოვურ გუნდში ხელოვნური ბარიერები შეუქმნეს და იძულებული გახდა მალევე ცსკა-ს შემადგენლობა დაეტოვებინა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG