ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ალასკის იშვიათ მიწათა მინერალების ათვისებაზე წვდომა შესთავაზოს, რათა ბიძგი მისცეს უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
The Telegraph-ის წყაროთა თანახმად, ტრამპმა პუტინს შესაძლოა, შესთავაზოს რუსეთის საავიაციო სფეროსთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაც, რაც მომგებიანი იქნება ამერიკული წარმოებისთვისაც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორსაც და რუსეთის ავიაკომპანიების ამერიკული წარმოების თვითმფრინავები Boeing-ი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პრეზიდენტების შეხვედრის წინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი იკვლევს, რა ეკონომიკური კომპრომისებია შესაძლებელი რუსეთთან, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ონლაინ-შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.
ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს. ევროპელი ლიდერები ვარაუდობენ, რომ თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განახადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.
ფორუმი