Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე


საილუსტრაციო ფოტო. კომპანია „როსნეფტს“ სამარის ოლქში რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს
საილუსტრაციო ფოტო. კომპანია „როსნეფტს“ სამარის ოლქში რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს

15 აგვისტოს, დილით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამარის ოლქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევის” შესახებ განაცხადა.

სიზრანის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებისა და ვიდეოების თანახმად, რომლებიც უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმაც გააზიარეს, დრონებით შეტევა იყო სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ეს ქარხანა სამარის ოლქში კომპანია „როსნეფტის“ საწარმოებიდან ერთ-ერთია.

სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა” იყო, რის გამოც დროებით დაიხურა საჰაერო სივრცე. გუბერნატორს, რომლის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 13 დრონი „გაანადგურეს”, სიზრანის ქარხნის შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამარის ოლქში 7 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.

სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის თებერვალსა და მარტშიც.

განახლება: 15 აგვისტოს, შუადღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა.

14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთში დრონებით დაარტყეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კომპანია „ლუკოილის“ მფლობელობაშია და რუსულ არმიას ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.

10 აგვისტოს უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც სახელმწიფო კომპანია „როსნეფტია“.

2 აგვისტოს ამავე კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა იყო ქალაქ რიაზანშიც.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG