ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატის და ამჯერად თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია, დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც დაკავების შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა თქვეს, რომ ის "ოცნების" წარმომადგენლის შვილია.
მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლების მხარდამჭერებმა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ლაპარაკი და აღნიშნეს, რომ მამა-შვილს 20 წელზე მეტია, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ამავე ნარატივის ნაწილი იყო ის, რომ მას, როგორც მოწყვლად, სნეულ ადამიანს, ოპოზიცია საკუთარი ავი მიზნებისთვის იყენებს - ამ თეორიით ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მამა-შვილის განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციის ახსნას.
"არ ვიცი, რატომ ჰგონია [თამთა მეგრელიშვილს], რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს ან ქოცებს და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლია, რომ ასე ჰარი-ჰარალეზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. მე აუცილებლად ვუჩივლებ მათ სამართლებრივად, იმიტომ რომ, რადგან არ იცის კოდექსი და არ იცის რა, როგორ და რანაირად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, თან ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, ასე არ ხდება. არანაირი ფსიქიური პრობლემა მე არ მქონია და თუ ასე საჯაროა ეს ყველაფერი, მე გამოვიტან ამ დასკვნას, არ მაქვს პრობლემა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები ნამდვილად არ იყენებდნენ და საერთოდ არავის გამოუყენებია 29 წლის განმავლობაში", - უთხრა მედიას სასამართლოსთან ანუკი ჩრდილელმა.
მან ასევე ილაპარაკა პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევებზე დაკავების დროს - მისი თქმით, რეალურად დამკავებელი პოლიციელი მისი დაკავების ოქმში არ ფიგურირებს და ამას გარდა, სიცრუეა ჩანაწერი ოქმში იმაზე, რომ დაკავების მიზეზი გახდა მისი მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფა.
"თითით ანიშნეს ჩემზე, რომ დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი. შესაბამისად, ჩემზე არ ყოფილა გაფრთხილება, მოწოდება. ვერ იქნებოდა ფიზიკურად იმიტომ, რომ დღისით, მზისით ვიდექი ტროტუარზე თეატრთან და არ ვიცი რა დავაშავე ტროტუარზე დგომით", - ამბობს ანუკი ჩრდილელი.
ფორუმი