Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი 13 დაკავებული „4 ოქტომბრის საქმეზე“ - ვინ არიან, რა დააშავეს?


ფოტოკოლაჟი: 4 ოქტომბრის საქმეზე ათობით პირია დაკავებული
ფოტოკოლაჟი: 4 ოქტომბრის საქმეზე ათობით პირია დაკავებული

ვინ არის ის 13 ადამიანი, რომლებიც „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ პროკურატურამ პირველი დააკავა. ცამეტივეს ჯგუფურ ძალადობადა სტრატეგიული ობიექტის - პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება-ბლოკირების მცდელობაში სდებენ ბრალს. მათ ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“, - როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე, 6 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში ამას ამბობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, 13 სხვადასხვა ადგილას სპეცოპერაციას ატარებდა.

დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის „4 ოქტომბრის საქმეზე“ 36 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან „აქციის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე. პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს - მონაწილეებად. პროკურატურა იძიებს ხელისუფლების დამხობის, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ნივთის დაზიანების საქმეს.

ამ სტატიაში მხოლოდ იმ 13-ზე ვწერთ, რომელთა სასამართლოებიც უკვე ჩატარდა. განურჩევლად ყველას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

27 წლის თორნიკე მჭედლიშვილი
24 წლის დავით სტურუა
46 წლის ევა შაშიაშვილი
42 წლის აბო ნავერიანი
63 წლის ალექსანდრე გოგოლაძე
38 წლის გიორგი რურუა
57 წლის კახა მჟავანაძე
48 წლის დავით ჟღენტი
33 წლის ვახტანგ ფიცხელაური
40 წლის მანუჩარ მიქელაძე
35 წლის ბექა მაჭავარიანი
45 წლის სერგო მეგრელიშვილი
35 წლის ალექსანდრე ხაბეიშვილი
რა მოხდა 4 ოქტომბერს?

27 წლის თორნიკე მჭედლიშვილი

თორნიკე მჭედლიშვილი. ფოტო ამოღებულია პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებიდან
თორნიკე მჭედლიშვილი. ფოტო ამოღებულია პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებიდან

თორნიკე მჭედლიშვილი კახეთიდანაა. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, ორბელიანის მოედანზე ერთ-ერთ ბარში. დააკავეს 6 ოქტომბერს საღამოს თბილისიდან კახეთისკენ მიმავალ გზაზე. სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დარღვევებით დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ.

„[პოლიციის მთავარ სამმართველოში] ვის კაბინეტშიც ვიყავი, თუ რამე ენაზე მოადგათ ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა, ბოდიში და გიხმართო... ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა იყო და შეურაცხყოფა...“

მოვახდენთ რეაგირებას“ - უპასუხა მის ბრალდებებს საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა თორნიკე მჭედლიშვილის დედა, ანა. ჟურნალისტებთან საუბარს გაურბის, არც გვარს ამხელს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი აზრით, თორნიკე ამ საქმეში შემთხვევით მოხვდა: „იმ ტერიტორიაზე მუშაობს და მოხვდა ამ ვითარებაში... პოლიტიკა არ აინტერესებს, არ იცნობს არავის".

თორნიკე მჭედლიშვილი მოსამართლეს ეუბნება, რომ ის ძალადობის მონაწილე არ არის, პრეზიდენტის სასახლესთან კი აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა.

„როცა ვუშველე აქტივისტს, რამდენიმე წუთში ვუშველე პოლიციელს და ჩემი ხელით მივიყვანე სასწრაფოსთან“, - ამბობს ის.

ეს კადრი რადიო თავისუფლებამაც გადაიღო. სწორედ თორნიკე მჭედლიშვილია კაცი, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული და პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან სხვებთან ერთად მიჰყავს. ვიდეოში ისმის ხმა: „პოლიციელია გათიშული“.

ნახეთ ვიდეო:

პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი მოსამართლეს ეუბნება, რომ პროკურატურის მოპოვებული მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებს.

„უმოწყალოდ იქნევს ჯოხს და ძალადობს გარშემო მყოფ პოლიციელებზე, თან ამბობს, რომ იქ ჩემგან ძალადობის განზრახვას ადგილი არ ჰქონიაო. კადრებით დასტურდება, რომ მან დააზიანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯებირი“, - თქვა პროკურორმა.

საქმის მასალებში თორნიკე მჭედლიშვილის წინააღმდეგ სამი ვიდეო დევს: 6, 13 და 15-წამიანები. ექვსწამიან ვიდეოში თორნიკე მჭედლიშვილი ადმინისტრაციის რკინის კარის წინ ჩანს დროშით ხელში, 13-წამიანი ვიდეოში ჩანს, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რკინის ღობის ამაღლებაზეა ასული, საიდანაც რამდენიმე წამში ჩამოდის, გაღიზიანებულია და იგინება. ვიდეო ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი.

მესამე, 15-წამიან ვიდეოში, რომელიც ფრაგმენტია ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერიდან ჩანს, რომ თორნიკე მჭედლიშვილი გამორბის და პოლიციელებს არტყამს პლასტმასის თეთრ ნივთს. ამ დროს პოლიციელები ჯგუფად შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

24 წლის დავით სტურუა

300 დღეზე მეტია დავით სტურუა საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ყოველდღიურ პროტესტში 2024 წლის 28 ნოემბრიდან ჩაება, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს 2030 წლამდე აჩერებდა.

სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, აქციების პარალელურად უნივერსიტეტსაც ბოიკოტი გამოუცხადა და გამოცდებზე აღარ მივიდა.

„არ ვეთანხმებოდი უნივერსიტეტის მენეჯმენტის პოზიციებს“, - თქვა მან სასამართლოზე.

დავით სტურუა
დავით სტურუა

სამტრედიიდანაა, ჰყავს ხანში შესული მშობლები. მისი ადვოკატის მარიამ ჩხეიძის თქმით, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია - კონსულტანტია სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“.

დააკავეს 6 ოქტომბერს საცხოვრებელ კორპუსთან, ამბობს დავინახე როგორ ამედევნა პოლიციის მანქანა რუსთაველიდანო.

„ის, რასაც სტურუას ედავებიან, არ ჩაუდენია, ძალადობის განზრახვა, რომ ჰქონოდა, სახეს დაიფარავდა“, - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

პროკურატურის ვიდეომტკიცებულებების თანახმად, ის სხვა დემონსტრანტებთან ერთად ადმინისტრაციის უკიდურეს მარცხენა ნაწილში, რკინის კარს არყევს. ეს ვიდეოები შსს-ს სტრატეგიული დეპარტამენტის ოპერატორების გადაღებულია.

„არ მისვრია არაფერიო, ვიყავი ჯებირთან პროტესტს გამოვხატავდი, ჩემთვისო, აქციის ორგანიზატორები მისთვის არ არიან ის ავტორიტეტული პირები, რომლებსაც დაემორჩილებოდა. 300 დღეა პროტესტშია და ამბობს, რომ ვერავინ ვერაფერს მიუთითებდა. მისი აზრია, რომ როცა ქვეყანაში უკანონობაა, ვალდებულია აჯანყდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი მარიამ ჩხეიძე.

დავით სტურუა. ეს არის კადრი პროკურატურის ვიდეოდან
დავით სტურუა. ეს არის კადრი პროკურატურის ვიდეოდან

46 წლის ევა შაშიაშვილი

ევა შაშიაშვილი სხდომათა დარბაზში შემოყვანის მომენტიდან ტირის. მისი ოჯახის წევრები სხდომას არ ესწრებიან. ქალი თბილისში ცხოვრობს.

ევა შაშიაშვილი
ევა შაშიაშვილი

„ევა შაშიაშვილს არ აქვს გაცნობიერებული, სად არის და რას ედავებიან.... ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მასაც და ოჯახის წევრსაც, მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს, 24 წლის გოგო“, - თქვა ადვოკატმა ამირან ბურდულმა.

ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს და ამბობს:

ბრალის დადგენილებაში წერია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. თვითონ ამბობს, რომ ერთი ქვა ვისროლეო“.


ეს ჩანს პროკურატურის ვიდეომტკიცებულებაშიც.

46 წლის ქალს სასამართლოზე არაფერი უთქვამს. ის დუმილის უფლებას იყენებს.

42 წლის აბო ნავერიანი

აბო ნავერიანი; კადრი პროკურატურის ვიდეოდან
აბო ნავერიანი; კადრი პროკურატურის ვიდეოდან

აბო ნავერიანი 4 ოქტომბრის აქციაზე მესტიიდან ჩამოვიდა. იქ ცხოვრობს, 72 წლის დედასთან ერთად. ცოლ-შვილი არ ჰყავს. ჰყავს სამი ძმა და ერთი და. უფროსი შვილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, აბო ნავერიანი მათი წევრია. ძმამ არკადი ნავერიანმა დაზუსტებით არ იცის, აბო პარტიის წევრი იყო, თუ მხოლოდ მხარდამჭერი.

აბო ნავერიანი მშენებელია, გზებს, ქვის ფასადებს აგებს. დააკავეს მესტიისკენ მიმავალ გზაზე.

„აქციებზე ხშირად ვერ ჩამოდიოდა, რადგან მესტიაში ცხოვრობს, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი. არ მოსწონს პოლიტიკა, რასაც ატარებენ, რა სისტემაც შექმნეს, არც მე არ მომწონს, ვინც აზროვნებს, არავის მოსწონს...“ - ამბობს აბო ნავერიანის ძმა, არკადი.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა მის ძმას, რისკები, პასუხობს:

„ქუჩაში რომ დავდივართ ეგეც რისკია, აქციაზე ნებისმიერი შეიძლება უსაფუძვლოდ დაიჭირონ... ყველა გამოძრავებაზე რისკია, ეს ხომ კანონზე არაა დამოკიდებული და ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებებით წყდება.... ისე გამოვიდა, რომ ყველას, ვინც აქციაზე იყო შეჭრა დააბრალეს, არადა ჩემი ძმაა ის, ვინც სხვებთან ერთად პოლიციელების მიტოვებულ სპეცრაზმელს დაეხმარა და სასწრაფოსთან მიიყვანა”.

პროკურატურის მტკიცებით, აბო ნავერიანი სხვებთან ერთად ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის რკინის კარის დაზიანებას და მოისროლა უკვე მონგრეული ჯებირი.

63 წლის ალექსანდრე გოგოლაძე

ალექსანდრე გოგოლაძეს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, მედიკამენტებზეა, ჭირდება სპეციფიკური მკურნალობა და გარემო. რამდენიმე თვის წინ გულის ინფარქტი გადაიტანა.

„დიდი შანსია პატიმრობამ მოკლას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე გოგოლაძის შვილმა რომან გოგოლაძემ. ის ექიმია.

ალექსანდრე გოგოლაძეს ჰყავს ცოლი, ორი შვილი და ტყუპი შვილიშვილი. ფეიქრების ქუჩაზე მანქანების ნაწილების მაღაზია აქვს.

ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას თქმით, ბრალდებულმა - „გულანთებულმა ქართველმა ჩათვალა, რომ თუნდაც ერთი დღე აქციაზე უნდა ყოფილიყო“. მან მოსამართლე, ფიქრია სიქტურაშვილს ჯანმრთელობის ცნობა ე.წ. ფორმა ასი გადასცა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ალექსანდრე გოგოლაძე
ალექსანდრე გოგოლაძე

„იქ რომ ვიყავი და რასაც შევხედე, უხერხულობა იყო ჩემთვის და ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი“, - თქვა მან სასამართლოზე და მეტად ეს საკითხი აღარ განუვრცია.

მას თავის ჯანმრთელობაზე საუბარი და შეღავათების მოთხოვნაც ერიდება:

„ყველაფერი ადამიანებს შორის კეთდება იმიტომ, რომ სიკეთე იყოს და არა ბოროტება, მათ შორის სამართლის აღსრულება, მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დიდ უხერხულობას მანიჭებს, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდეს იქ, სადაც უნდა ვიყო, კამერაში, დამატებითი კარის გაღება და რამე, პლუს ამას წამლები და იმ კამერაში ხალხის უხერხული მდგომარეობა ჩემს გამო, მე საათ-ნახევარში ერთხელ მაინც უნდა ავდგე გავიარო, რაღაც ვარჯიში გავაკეთო, რომ უკეთ ვიგრძნო თავი....“

ალექსანდრე გოგოლაძე 6 სექტემბერს თბილისში, სახლში დააკავეს, სადაც მარტო იყო.

„მოსულ ხალხს ვუთხარი, დაგერეკათ დალოცვილებო, რატომ ამდენი ხალხი, თვითონ მოვიდოდი..“

ის ბრალს არ აღიარებს - არც ძალადობა იყო და არც პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის განზრახვა არ მქონიაო.

„იქნებ ფაქტი იყოს და რაღაც მართლა დავაშავე, თუ გაქვთ ეს მხედველობაში მისი ანაზღაურება და რამე, ზუსტად ვიცი, ერთმნიშვნელოვნად, რომ არაფერზე ხელი არ მომიკიდია, არაფერზე“, - თქვა მან.

ადვოკატ გიორგი ჭოჭუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო აქციაზე, თუმცა არსად შეჭრილა.

„ის რომ პაატა ბურჭულაძემ დააორგანიზა და ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეასრულა, მურთაზ ზოდელავას დავალებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ის აპოლიტიკური ადამიანია, არ იცნობს ბურჭულაძეს და ზოდელავას.. არ აქვს არავისთან კავშირი და პოლიტიკური ინტერესი, მას არანაირი სიმპათია და აინტიპათია არ გააჩნია არანაირი პარტიის მიმართ”, - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურის ვიდეომტკიცებულების მიხედვით, ალექსანდრე გოგოლაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოშია, გარკვევით არ ჩანს რას აკეთებს, თუმცა გარჩევადია, როგორ ასხამს პოლიცია მას სახეში წიწაკის სპრეის.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პრობლემა შეიძლება შეჰქმნოდა... აღმოჩნდა იარაღი ვიღაცის ხელში... კაცი, რომელიც ყველას ჭკუას არიგებდა, უჭკუო აღმოჩნდა“, - ამბობს რომან გოგოლაძე, ბრალდებულის შვილი ვიდეომტკიცებულებების ნახვის მერე.

38 წლის გიორგი რურუა

გიორგი რურუა - კადრი პროკურატურის ვიდეოდან
გიორგი რურუა - კადრი პროკურატურის ვიდეოდან

გიორგი რურუა იურისტია. ჰყავს ცოლი და ორი წლის შვილი. ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ აქციაზე იყო.

„იმ პროცესებში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, რასაც ბრალდება ამბობს, ქვის სროლა, პოლიციელებთან შეტაკება“, - თქვა მან.

ბრალდებულის ცნობით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ნევრალგია აწუხებს, იზოლატორში ყოფნის დროს ექიმის დახმარება ორჯერ დასჭირდა.

გიორგი რურუა - კადრი პროკურატურის ვიდეოდან
გიორგი რურუა - კადრი პროკურატურის ვიდეოდან

გიორგი რურუა დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ დომინოში მუშაობს. აქციაზე დეიდასთან, ჯანა დარისპანაშვილთან ერთად მივიდა. პროკურატურის ვიდეოში ჩანს, როგორ არყევს ის ადმინისტრაციის კარს.

57 წლის კახა მჟავანაძე

კახა მჟავანაძეს სხვების მსგავსად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებენ. ის თბილისში აქციაზე ვანიდან ჩავიდა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მხარდამჭერია.

„მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი, იდეალისტი პროდასავლელი ქართველი პატრიოტია“, - ასე ახასიათებენ ოჯახის ახლობლები და მეგობრები.

კახა მჟავანაძე წლების განმავლობაში ვანის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იყო, ორივე ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.

კახა მჟავანაძე
კახა მჟავანაძე

მისი ცოლი, ნატო დვალი ვანის საკრებულოს დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან და სოფლის ექიმიცაა. 2019 წლიდან, საოლქო კომისიის დატოვების შემდეგ კახა მჟავანაძე მეურნეობას უძღვება. ჰყავს ორი ვაჟი.

„აქციაზე წავიდა იმიტომ, რომ რომ არ ეთანხმება ჩვენი მთავრების ზოგად პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ საარჩევნო უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეული გვაქვს. შესაბამისად, აზრის გამოხატვის ერთადერთ ადგილად აქციები დარჩა და რეგულარულად მონაწილეობს მშვიდობიან დემონსტრაციებში. დაკავება მიიღო მშვიდად და არ გაჰკვირვებია, რადგან არც პირველი პოლიტპატიმარია ამ ქვეყანაში და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა მჟავანაძის ვაჟმა ლევან მჟავანაძემ.

ცოლს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. კლინიკაში იმ დროს, გადაიყვანეს, როცა უკვე დაკავებული იყო. მომხდარი სხდომაზე შეიტყო.

„ერთი კვირაა, რაც დიალიზზეა გადაყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში რამდენჯერმე ვანიდან ქუთაისში უნდა ჩაიყვანონ პროცედურისთვის, რაც ხანგრძლივი და მძიმე პროცესია“, - თქვა კახა მჟავანაძემ სასამართლო სხდომაზე.

მისი თქმით, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, ღობე უკვე წაქცეული იყო. მისი განმარტებით მხოლოდ პროტესტის გამოხატვა უნდოდა და არაფერი სხვა. ადასტურებს იმას, რაც ჩანს პროკურატურის ვიდეოკადრებში - „დიახ, მივედი და კი ბატონო, ვეჯაჯგურებოდი ჭიშკარს” - თუმცა მიაჩნია, რომ ეს დანაშაულად არ უნდა ჩაითვალოს.

„ზუსტად 5 წუთში მოხდა ეს ყველაფერი. მერე უკან გამოვბრუნდი. პოლიციის დანაყოფები და წყლის ჭავლის მანქანა მოდიოდა. ბევრ მიტინგზე ვარ ნამყოფი, გამოუცდელი არ ვარ და წამოვედი. ერთი საათი გავჩერდი პარლამენტთან და წავედი ვანში. 5 წუთი ვიმყოფებოდი სასახლესთან და 20 წამი ვეჯაჯგურებოდი, კი. თუ ამის გულისთვის მიშვებთ ციხეში, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა...

არც ქუდი მქონია, არც კეპი. პოლიციელები მეუბნებოდნენ, დაგეფარა სახეო. არაფერ ისეთის გაკეთებას არ ვაპირებდი, რომ სასჯელი დამმუქრებოდა”, - ამბობს ის.

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დაკავების გარემოებებიც გაიხსენა. მისი თქმით, 6 ოქტომბერს ღამის 11 საათზე, სახლში დააკავეს.

„შემოცვივდნენ 5 პიკაპით. გამოსული ვიყავი და მივხვდი, გავიგე, რომ ჩემთან იყვნენ, გამოვედი, აგერ ვარ, აქ ვარ-მეთქი. სიცილით წამოვიდნენ.

4 ადამიანი ვსხედვართ, უმაღლესი განათლებით, არასდროს არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჩალით ხომ არაა ეს ქვეყანა დახურული. რა შუაში ვარ მე, ჭიშკარს თუ ვეჯაჯგურებოდი და ვიღაცა ეზოში შევიდა.

ავტობუსით რომ მივდიოდე და იქ რამე დააშავოს ვინმემ, მეც უნდა დამაკავონ? შეიძლება ერთმანეთთან ახლოს ფიზიკურად ვიყავით, მაგრამ ჯგუფურობა რა შუაშია?“ - ამ შეკითხვებს სვამს ბრალდებული.

48 წლის დავით ჟღენტი

დავით ჟღენტი, პროფესიით მოქანდაკეა. ის 4 ოქტომბერს აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს ბრალდება.

„კეთილი მიზნებით მივდიოდი. ჩვენები ხართ, რა გჭირთ-მეთქი. აქეთ მცემეს და აქეთ უნდა დამიჭირონ 6 წლამდე?!“, - ამბობს ბრალდებული.

დავით ჟღენტი, პოლიციელების გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაკავებისას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნას.

„ეს არის ადმინისტრაციულად შეფასებული. ერთი და იგივე მოქმედება, ერთი და იმავე პირისგან, ვერ შეფასდება ადმინისტრაციულად და ამის მერე სისხლისსამართლებრივად“, - აცხადებს მისი ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

დავით ჟღენტმა სასამართლოზე თქვა, რომ დაკავებისას მასზე „სავარაუდოდ გდდ-ს თანამშრომელმა და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვამ ფიზიკურად იძალადა“. ეს ინფორმაცია დაკავების ოქმშიც მოხვდა, სადაც ასახულია, რომ დავით ჟღენტს დაზიანებული ჰქონდა თავი, ყელი, ხელები, ზურგი, მკერდის არე.

„გამომძიებელმა გიორგი მაჭარაშვილმა თვითონვე მიუთითა დაზიანებების არსებობის შესახებ. ოქმში მითითებულია, რომ დაზიანებები მიღებულია ადმინისტრაციული დაკავებისას და მის შემდგომ“, - ამბობს ადვოკატი.

33 წლის ვახტანგ ფიცხელაური

ვახტანგ ფიცხელაური
ვახტანგ ფიცხელაური

ვახტანგ ფიცხელაური გორელი აქტივისტია. ის 6 ოქტომბერს ქალაქ გორში იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურიდან საბავშვო ბაღში შვილების გამოსაყვანად მიდიოდა.

ვახტანგ ფიცხელაური ამბობს, რომ მისი უფლებები დაირღვა. თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს იძალადეს.

მისი მონათხრობის თანახმად, დაახლოებით საღამოს 5 საათზე, როცა საბავშვო ბაღში მიდიოდა, შვილის გამოსაყვანად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა გააჩერეს და ავტომობილიდან გადმოათრიეს.

„გადამიჭრეს გზა მანქანით, სამოქალაქო მანქანა იყო, არ ეტყობოდათ რომ პოლიციელები იყვნენ. მითხრეს, რომ გადამოწმების მიზნით გავყოლოდი. თავი არ წარმიდგინეს. ბავშვს გამოვიყვან ბაღიდან და ჩემი ფეხით მოვალ-მეთქი. ერთი მწვდა, რამდენს ალაპარაკებთო. გადმომიღეს მანქანიდან, მათრიეს. წამიყვანეს. დამაყენეს 4 საათი.

იყო განცხადებები, ახლა ნახავ, რა მოგივაო. ოჯახის მისამართით იყო შეურაცხყოფა.

გადამიყვანეს ნარკოლოგიურში. მითხრეს, რომ მერე გამიშვებდნენ. ამიღეს ტესტი, მაგრამ არ გამიშვეს. წამომიყვანეს ისე სამხარაულში [გორში]. დამაწერინეს ხელწერილი, რომ დამირეკავდნენ და გამოვცხადდებოდი. მობილური დაიტოვეს.

რომ გამოვედი, სხვა პოლიცია დამხვდა და ამიყვანეს სისხლით. დამადეს ბორკილები,“ - ჰყვება ვახტანგ ფიცხელაური და მოსამართლეს დალურჯებულ სხეულს აჩვენებს.

ვახტანგ ფიცხელაური - კადრი პროკურატურის ვიდეოდან
ვახტანგ ფიცხელაური - კადრი პროკურატურის ვიდეოდან

ვახო ფიცხელაური და მისი ცოლი თეო ბზიშვილი ხშირად ესწრებიან გორში საპროტესტო აქციებს. ის ხელისუფლების ოპონენტია და ამას არ მალავს.

ვახტანგ ფიცხელაური გორში ტელეფონის ხელოსანია.

ადვოკატი ამბობს, იზოლატორში მონახულებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები ეტყობოდაო. ინფორმირებულია სახალხო დამცველიც, რომლის წარმომადგენელმაც ვახტანგი იზოლატორში მოინახულა.

პროკურატურის მტკიცებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრილმა ვახტანგ ფიცხელაურმა რკინის ჯებირი მოისროლა. „ასევე გამოხატავდა სხვა აგრესიულ ქმედებას“.

40 წლის მანუჩარ მიქელაძე

მანუჩარ მიქელაძე - კადრი პროკურატურის ვიდეოდან
მანუჩარ მიქელაძე - კადრი პროკურატურის ვიდეოდან

მანუჩარ მიქელაძე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს - ავტომობილს ქირაობს და მგზავრები გადაჰყავს.

დააკავეს 6 დეკემბერს ბათუმში, სადაც ადვოკატ, გურანდა ქურდოვანიძის თქმით, ავადმყოფი დედის სანახავად იყო წასული.

იმის გამო, რომ ბრალდებული ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია, ადვოკატმა 5000-ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლე, ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის მტკიცებით, „მანუჩარ მიქელაძე შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და აგრესიას გამოხატავდა პოლიციის მიმართ“;

მანუჩარ მიქელაძე - კადრი პროკურატურის ვიდეოდან
მანუჩარ მიქელაძე - კადრი პროკურატურის ვიდეოდან

ვიდეომტკიცებულებების თანახმად, ის წიხლს უქნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის წევრებს, შედის ეზოში და უპირისპირდება მათ.

მანუჩარ მიქელაძე დუმილის უფლებას იყენებს.

35 წლის ბექა მაჭავარიანი

ბექა მაჭავარიანი - კადრი პროკურატურის ვიდეოდან
ბექა მაჭავარიანი - კადრი პროკურატურის ვიდეოდან

პროკურატურის თქმით, ბექა მაჭავარიანი შეიჭრა ადმინისტრაციის ეზოში და „გამოხატა აგრესია პოლიციელების მიმართ“. ადვოკატ ირაკლი მახათაძის ცნობით, ის ტაქსის მძღოლია, იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ოჯახს მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს.

იყენებს დუმილის უფლებას. პროკურატურის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ადის ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს კარის ბეტონის ამაღლებაზე და შედის შიგნით, წიხლის ჩარტყმას ცდილობს დაცვის წევრისთვის….

კადრებში არ ჩანს, როგორ ვითარდება მოვლენები, მაშ შემდეგ რაც ბრალდებული უკვე ეზოშია.

პროკურატურის ცნობით, ყვითლად შემოხაზული კაცი ბექა მაჭავარიანია.
პროკურატურის ცნობით, ყვითლად შემოხაზული კაცი ბექა მაჭავარიანია.

45 წლის სერგო მეგრელიშვილი

პროკურატურის ცნობით, ყვითლად შემოხაზული კაცი სერგო მეგრელიშვილია
პროკურატურის ცნობით, ყვითლად შემოხაზული კაცი სერგო მეგრელიშვილია

სერგო მეგრელიშვილი სამტრედიიდანაა. მხარს უჭერს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ადვოკატ, დიმიტრი ვარდიაშვილის ცნობით, მისი შემოსავალი დღეში 20 ლარია.

ჰყავს ავადმყოფი ცოლი და დედა, ასევე, არასრულწლოვანი შვილი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული „გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას და ასევე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით ცდილობდა ღობის დაზიანებას“.

მეგრელიშვილი ბრალს არ აღიარებს.

35 წლის ალექსანდრე ხაბეიშვილი

ალექსანდრე ხაბეიშვილიც სოციალურ დაუცველია. აქციაზე აბაშიდან ჩამოვიდა. იქ ცხოვრობს. დასაქმებული არაა, ჰყავს 5 წლის შვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, ალექსანდრე ხაბეიშვილი მათი პარტიის წევრი და მხარდამჭერია.

მისი დანაშაული პროკურატურის თქმით, გამოიხატა იმაში, რომ - „პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და სხვადასხვა ნივთებს ესროდა მათ“.

ალექსანდრე ხაბეიშვილის ადვოკატი მერაბ ტურიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს არც კი უცდია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა. ის ბრალს არ აღიარებს.

ვიდეომტკიცებულებების თანახმად, ხაბეიშვილია ის შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც რკინის ჯებირს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ისვრის.

პროკურატურის მტკიცებით, კაცი, რომელიც ჯებირს ისვრის ალექსანდრე ხაბეიშვილია
პროკურატურის მტკიცებით, კაცი, რომელიც ჯებირს ისვრის ალექსანდრე ხაბეიშვილია

ცამეტივე დაკავებულიდან სასამართლოს არცერთი არ გაუთავისუფლებია გირაოს სანაცვლოდ, ყველას პატიმრობა შეუფარდეს.. საქმეები განიხილეს მოსამართლეებმა: ლალი მარიდაშვილმა, ფიქრია სიქტურაშვილმა და ნანა შამათავამ.

ამ საქმის პროკურორები არიან: ვაჟა თოდუა და თამარ ბეჟუაშვილი. ვაჟა თოდუა იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეების პროკურორიც.

მოსამართლეებს შორის ერთ-ერთი ლელა მარიდაშვილი 2023 წლამდე საგარეჯოს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და თავმჯდომარის მოადგილე იყო. მიუხედავად ამისა, მან თავი არ აიცილა.

წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს 11:00-ზე ჩაინიშნა.

4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
  • 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

  • იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
  • 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
  • 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე. მათი ინიციალებია: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ. მოგვიანებით გაირკვა, რომ დააკავეს კიდევ ერთი დემონსტრანტი ნანა სანდერი;
  • 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძეა.

4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.


XS
SM
MD
LG