Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციოს ახლა არ მიმართავს


"ქართული ოცნების" სარჩელზე სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
"ქართული ოცნების" სარჩელზე სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

"ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ეტაპზე არ მიმართავს კონკრეტული ინდივიდების, უპარტიო ან პარტიასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. ამის შესახებ სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 28 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს, ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც მემკვიდრე პარტიის სახით არსებობს, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღვკვეთოთ ანუ უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა, თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა ამ ეტაპზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები მანამდე არ გამორიცხავდნენ, რომ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის უვადოდ აკრძალვის მოთხოვნითაც.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევდა, რომ თუ "ქართული ოცნება" პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვას მოითხოვდა, ეს არაკონსტიტუციური იქნებოდა.


ასევე მათი განცხადებით, მსგავსი სარჩელის განხილვის მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით არ გააჩნდა და თუ ის "ქართული ოცნების" დეპუტაციის სარჩელს წარმოებაში მიიღებდა, დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას.

დღეს, 28 ოქტომბერს, გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.

"ქართული ოცნება" არ მოითხოვს პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, მოითხოვდნენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას.

ამასთან, "ლელო - ძლიერმა საქართველომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა "ქართული ოცნების" მიერ პარტიებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით. ისინი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG