Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთზე უარის თქმა სერბეთზე უარის თქმაა“ - რა სურთ "სერბული სამყაროს" იდეის ავტორებს?


ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) მასპინძლობს ალექსანდარ ვულინს 2024 წელს ყაზანში გამართულ BRICS-ის სამიტზე.
ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) მასპინძლობს ალექსანდარ ვულინს 2024 წელს ყაზანში გამართულ BRICS-ის სამიტზე.

მოკლედ

  • სერბეთში გაიხსნა რუსეთის ისტორიული საზოგადოების (РИО) ბელგრადის ფილიალი "სერბულ-რუსული ისტორიული კავშირების გაძლიერებისთვის და ისტორიის რევიზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის".
  • ფილიალის ხელმძღვანელი ალექსანდარ ვულინი, ცნობილი პრორუსი პოლიტიკოსი, „სერბული სამყაროს“ იდეის მხარდამჭერია და სერბეთისა და რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებას ემხრობა.

რა იმალება „სერბული სამყაროს“ კონცეფციის მიღმა და რატომ გაჩნდა ბელგრადში რუსეთის ისტორიული საზოგადოება, რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი, ხელმძღვანელობს?

სერბეთში გახსნილი რუსეთის ისტორიული საზოგადოება (РИО) ყველა იმის თავშეყრის ადგილია, ვინც სერბეთს მიიჩნევს ქვეყნად, რომელიც უყოყმანოდ იბრძოლებს როგორც „სერბული სამყაროს მშვიდობიანი შექმნისთვის“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის ნამდვილ მოკავშირედ გადაქცევისთვის, - თქვა საზოგადოების (РИО) ბელგრადის ფილიალის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდარ ვულინმა, 26 ოქტომბერს ფილიალის დამფუძნებელ შეხვედრაზე.

სოციალისტური მოძრაობის პრორუსი ლიდერი და სერბეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვულინი ამბობს, რომ „რუსეთზე უარის თქმა სერბეთზე უარის თქმაა“ და რომ სერბი ხალხის თითოეული თაობა მოესწრო იმას, რომ „მისი ფიზიკური არსებობა რუსეთზეა დამოკიდებული“.

РИО-ს ბელგრადის ფილიალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ვულინმა "ისტორიის ნებისმიერი რევიზიის წინააღმდეგ ბრძოლასა" და „სერბი და რუსი ხალხების შესახებ ისტორიული სიმართლის“ შენარჩუნების შესახებაც ილაპარაკა.

მზვერავები - მოყვარული ისტორიკოსები

ალექსანდარ ვულინი სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრორუსი პოლიტიკოსია. 2024 წლის იანვარში მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისგან (ФСБ) ჯილდო მიიღო.

2023 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვულინი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა რუსეთთან კავშირებისა და სავარაუდო კორუფციის გამო. არადა, ამ დროს ვულინი ჯერ ისევ სერბეთის დაზვერვის - უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოს - ხელმძღვანელი იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა (2022 წ. თებერვალი), ვულინი და ნარიშკინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს.

РИО-ს ფილიალის სადამფუძნებლო შეხვედრას, რომელიც ბელგრადში გაიმართა, სერგეი ნარიშკინი ვიდეოხიდით ჩაერთო. რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და სერბეთს შორის ისტორიულ კავშირებს და „ორი ერის ტრადიციული ღირებულებების ფუნდამენტურ მსგავსებას“, - დაწერა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ სერბულმა ვერსიამ.

ვინ არის ალექსანდარ ვულინი? - 53 წლის ვულინმა პოლიტიკური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო „კომუნისტთა კავშირი - მოძრაობა იუგოსლავიისთვის“ რიგებში, ხოლო მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი იუგოსლავიის მემარცხენე პარტიისა, სადაც პარტიის დირექტორატის უფროსის (მაშინდელი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მეუღლის, მირიანა მარკოვიჩის) მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2000 წელს ვულინმა დააარსა დემოკრატიული მემარცხენე პარტია, რომელიც 2002 წელს შეუერთდა მილორად ვუჩელიჩის დემოკრატიულ სოციალისტურ პარტიას და გაერთიანდა სერბეთის სოციალისტურ პარტიასთან. 2006 წელს ვულინმა დატოვა პარტია და 2008 წელს დააარსა სოციალისტების მოძრაობა, ხოლო 2010 წელს კოალიციაში შევიდა ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულ პარტიასთან. შრომის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის დროს ვულინი ცნობილი გახდა სამხედრო ფორმაში ხშირი საჯარო გამოსვლებით. 2019 წელს, თავდაცვის მინისტრის რანგში, მან ნებაყოფლობით დაასრულა ორკვირიანი სამხედრო მომზადების კურსი, რადგან მანამდე არ გაუვლია სავალდებულო სამხედრო სამსახური, მისი სიტყვებით, სუსტი მხედველობის გამო.

РИО-ს დამფუძნებელ კრებას ესწრებოდნენ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პორფირე და სერბეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი გორან სელაკი.

„რუსეთის ისტორიული საზოგადოების სერბეთში დაარსება ეს არის უწყვეტი და ორმხრივი სულიერი კავშირის დადასტურება ჩვენს ორ ხალხს, სერბსა და რუსს შორის, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ჰარმონიულად თანაარსებობდნენ და რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ღვთის დახმარებით მომავალშიც გააგრძელებენ თანაარსებობას“, - თქვა პატრიარქმა პორფირემ, რომელმაც ხაზი გაუსვა РИО-ს მნიშვნელობას „ისტორიის რევიზიონიზმის საშინელ დროში“.

რუსეთის ისტორიული საზოგადოების ბელგრადის ფილიალის დამფუძნებელი კრება. სიტყვით გამოდის სერბეთის პატრიარქი პორფირე
რუსეთის ისტორიული საზოგადოების ბელგრადის ფილიალის დამფუძნებელი კრება. სიტყვით გამოდის სერბეთის პატრიარქი პორფირე

სერბეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდარ ბოცან-ხარჩენკომ, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სერბეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების გახსნა „მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამეცნიერო გზავნილია“. „რუსეთისა და სერბეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაა. ჩვენი ისტორიის ცოდნის გარეშე კი არც სუვერენიტეტი არ არსებობს და არც - მომავალი“, - განაცხადა ბოცან-ხარჩენკომ.

შეხვედრის დაწყებისას შესრულდა რუსეთის, სერბეთისა და რესპუბლიკა სრპსკას (Republika Srpska - ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი ავტონომიური ერთეული) ჰიმნები. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნებოიშა პავკოვიჩის, იუგოსლავიის არმიის ყოფილი გენერლის, ხსოვნას. მას ჰააგის ტრიბუნალმა თავისუფლების 22 წლით აღკვეთა მიუსაჯა კოსოვოს კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მაგრამ გარდაიცვალა ბელგრადში, სადაც ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

„სერბების ერთიან ერად გადაქცევა“

რატომ აიტაცეს სერბმა პრორუსმა პოლიტიკოსებმა ე.წ. „სერბული სამყაროს“ იდეა? „ეს, პირველ რიგში, ემსახურება ამჟამინდელი მთავრობის მხარდამჭერი საარჩევნო ბლოკის კონსოლიდაციას და დღევანდელ პირობებში არ წარმოადგენს რეალისტურ პროექტს“, - განაცხადა ყოფილმა იუგოსლავიელმა და სერბმა დიპლომატმა სრეჩკო ჯუკიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სერბეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, სერბეთის პროგრესული პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, შეიქმნა ულტრამემარჯვენე სერბული რადიკალური პარტიიდან, რომელიც 1990-იან წლებში მართავდა ქვეყანას. ახლა „პროგრესისტები“ კოალიციაში იმყოფებიან ვულინის სოციალისტების მოძრაობასთან. ეს პოლიტიკოსი და მისი თანამოაზრეები „სერბულ სამყაროს“ აღწერენ იდეად, რომელმაც „სერბები კვლავ ერთიან პოლიტიკურ ერად უნდა აქციოს“ ანუ გააერთიანოს სერბები მონტენეგროდან, კოსოვოდან, ხორვატიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან და სერბეთიდან.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (ცენტრში) და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ალექსანდარ ვულინი (მარჯვნივ) იარაღის გამოფენაზე ბელგრადში. 2019 წელი
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (ცენტრში) და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ალექსანდარ ვულინი (მარჯვნივ) იარაღის გამოფენაზე ბელგრადში. 2019 წელი

ვულინმა პირველად „სერბული სამყაროს“ შესახებ 2020 წლის სექტემბერში ისაუბრა, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სხვა ქვეყნებში, რომელთა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს კონცეფცია ჰგავს სერბეთის სამხედრო და პოლიტიკურ მისწრაფებებს გასული საუკუნის 90-იან წლებში, ავტორიტარი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის დროს.

სრეჩკო ჯუკიჩი მიიჩნევს, რომ ამ თემისადმი ვულინის ინტერესს ნამდვილად 1990-იანი წლების იდეოლოგიის აღორძინების მცდელობა განაპირობებს: „ვფიქრობ, მისი სლოგანი საბოლოო ჯამში საზღვრების ხელახლა გავლებას გულისხმობს - მშვიდობიანად ან ომის გზით. საბედნიეროდ, ეს იდეა ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ნაციონალისტის გონებაშია ცოცხალი. სერბი ხალხისთვის კატასტროფა იქნებოდა ამგვარი იდეა, სრულიად მოძველებული რომ არ იყოს“.

„პირველი ნაბიჯი ჩვენი გაერთიანებისკენ“

„სერბული სამყაროს“ მთავარი პროპაგანდისტი, რომელიც РИО-ს ბელგრადის ფილიალის ხელმძღვანელი გახდა, ამტკიცებს, რომ მისი კონცეფცია სხვა ქვეყნებისა და ხალხებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ხუთი წლის წინ, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, „სერბული სამყაროს“ შესახებ საკუთარი ხედვის ახსნისას, ვულინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა სერბებით დასახლებული ყველა ტერიტორიის გაერთიანებას და რომ სერბეთის პრეზიდენტი „ყველა სერბის პრეზიდენტია“.

საბედნიეროდ, ეს იდეა ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ნაციონალისტის გონებაშია ცოცხალი

„მჯერა, რომ ეს ათი, ოცი ან ორმოცდაათი წლის შემდეგ მოხდება. მთელი სერბი ერის მიმართ ზრუნვა ბელგრადიდან უნდა მომდინარეობდეს და ამაში საკამათოს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ვულინმა, რომლის პარტიის ვებსაიტზე „სერბული სამყაროს“ შესახებ ასეთი შინაარსის განცხადება იძებნება: „ეს არის ჩვენი საბოლოო გაერთიანებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. სერბული სამყარო ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ჩვენს სერბეთს, ისევე როგორც სერბეთი გვიჭერს ყოველთვის მხარს - მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ“. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ამგვარ განცხადებებზე გამოხატულ ნეგატიურ რეაქციას „სერბეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანია“ უწოდა.

სრეჩკო ჯუკიჩი მიიჩნევს, რომ ვულინის იდეები მხარდაჭერით სარგებლობს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე: „ეს კონცეფცია ეწინააღმდეგება ევროპულ და გლობალურ ტენდენციებს. მისი განხორციელება ქვეყნის ხელმძღვანელობის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ვულინი დამოუკიდებლად მოქმედებს“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი.

თუმცა ვულინის ბოლო განცხადებას „სერბული სამყაროს“ შესახებ უცხოეთიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ევროკავშირმა, აშშ-ის ადმინისტრაციამ და მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინის და ხორვატიის მთავრობებმა არ უპასუხეს რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის მიერ გაგზავნილ კითხვებს.

„შანსები მცირეა“

სერბეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობისას ვულინი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა სერგეი ნარიშკინთან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) დირექტორთან და რუსეთის ისტორიული საზოგადოების პრეზიდენტთან. „სერბი ხალხი ჩვენთვის სულიერად მახლობელ ხალხად რჩება. რუსეთში ამას ძალიან აფასებენ, ისევე როგორც ბელგრადის დამოუკიდებელ კურსს“, - განაცხადა ნარიშკინმა ვიდეომიმართვაში.

„ვულინის ნარატივი ასევე მიმართულია უცხოური აუდიტორიისადმი. ამჟამად მას ხელს აძლევს სერბული და რუსული სამყაროს კონცეფციების გაერთიანება“, - აღნიშნავს სრეჩკო ჯუკიჩი.

2023 წლის შუა პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვულინი სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთთან კავშირებისა და დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს სავარაუდო კორუფციის გამო.

მას ხელს აძლევს სერბული და რუსული სამყაროს კონცეფციების გაერთიანება

სერბეთი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ბელგრადი აგრძელებდა მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებას, რაზეც ალექსანდარ ვულინი ხშირად პირადად იყო პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი და მისი მთავრობა ოფიციალურად ინარჩუნებენ ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულებას, ამ მიმართულებით ხელისუფლებაში ყოფნის 13-წლიანი პერიოდის განმავლობაში, მცირე პროგრესი იქნა მიღწეული.

სრეჩკო ჯუკიჩი მიიჩნევს, რომ „სერბული სამყაროს“ კონცეფციის რეალიზაციის რეალური რისკი არ არსებობს: „შანსები მცირეა. დღევანდელი რეალობა განსხვავებულია: შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომელთა საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულია. ეს სრულიად განსხვავებული ამბავია, ვიდრე იუგოსლავიის დაშლა“.

სამხედრო აღლუმი ბელგრადში 2025 წლის 20 სექტემბერს
სამხედრო აღლუმი ბელგრადში 2025 წლის 20 სექტემბერს

ხორვატიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტომ (SOA) თავის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს „სერბული სამყაროს“ კონცეფციას დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით: „სერბეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ასეთი იდეების პოპულარიზაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც დაძაბულ ეთნიკურ და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მონტენეგროსთან მიმართებაში“.

2024 წლის შუა პერიოდში, პოდგორიცაში (მონტენეგრო) დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ციფრული კრიმინალისტიკის ცენტრმა“, თავის ანალიტიკურ ანგარიშში,„რუსეთის როლი ბალკანეთში: მონტენეგროს შემთხვევა“, აღნიშნა, რომ „სერბული სამყარო“ 1990-იანი წლების ომების დროინდელი „დიდი სერბეთის“ იდეის მოდერნიზებული ვერსიაა: „ეს გულისხმობს ისტორიულ რევიზიონიზმს, მეზობელი ხალხების ეროვნული იდენტობის უარყოფას და სერბეთის ფარგლებს გარეთ დევნილი და გაუჩინარებული სერბების ნარატივს - შეზავებულს მოთხოვნასთან, რომ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბელგრადში უნდა მიიღებოდეს“.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერბეთს არავის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს და რომ მხოლოდ „ზრუნავს სერბებზე, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი“.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG