Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს 2025 წლის 9 თვეში


ფოტო ასახავს 2020 წლის 29 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფოტო ასახავს 2020 წლის 29 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 - ბავშვი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ 1990 შემთხვევა, თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 73-ია.

რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო აჭარაში, სადაც 499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ქვეითად მოსიარულეზე [1385 შემთხვევა, 112 გარდაცვლილი, 1246 დაშავებული] ავტომობილის შეჯახების შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას მოტოციკლის მონაწილეობით [ 748 შემთხვევა, 20 გარდაცვლილი, 713 დაშავებული].

ოფიციალური სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლები უფრო ხშირად ხდებიან კაცები, ვიდრე ქალები - 2025 წლის პირველ 9 თვეში ავარიებში დაიღუპა 271 კაცი და 74 ქალი.

ევროკავშირის ქვეყნებში მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 44 გარდაცვლილი მოდის, საქართველოში - 129, ანუ სამჯერ მეტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG