Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ახლო მოკავშირეს 100 მილიონი დოლარის ოდენობის კორუფციული სქემის ორგანიზება დასდეს ბრალად


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

11 ნოემბერს უკრაინელმა გამომძიებლებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი მოკავშირე 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ომისგან განადგურებულ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული დაპირისპირება მწვავდება.

ტიმურ მინდიჩისთვის წაყენებული ბრალდებები ერთ-ერთი ბოლო სკანდალია ენერგეტიკის სფეროში, რომელიც რუსეთის თავდასხმების გამო მძიმე ზარალს განიცდის.

მინდიჩი მედიაკომპანია „კვარტალ 95-ის" თანამფლობელია. ის დააარსა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტად არჩევამდე ცნობილი კომიკოსი იყო.

„მინდიჩი აკონტროლებდა უკრაინის ენერგეტიკის სექტორში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის დაგროვებას, განაწილებას და ლეგალიზაციას“, - განაცხადა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) პროკურორმა.

ეჭვმიტანილი თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში „უკრაინის პრეზიდენტთან მეგობრულ ურთიერთობებს“ იყენებდა, დასძინა პროკურორმა სქემაში
მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირის წინასწარი მოსმენის დროს.

SAPO-მ ასევე დაადანაშაულა იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო, (რომელიც ადრე ოთხი წლის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრი იყო), ენერგეტიკის სექტორში ფულადი ნაკადების კონტროლის სანაცვლოდ მინდიჩისგან „პირადი სარგებლის“ მიღებაში.

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში გამოავლინა კორუფციული სქემა, რომელიც 100 მილიონი დოლარის გათეთრებულ თანხებს მოიცავდა. მან მოგვიანებით თქვა, რომ ხუთი ადამიანი დააკავეს და შვიდ სხვას ბრალი წაუყენეს.

NABU-ს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ აბაკუმოვმა უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ მინდიჩმა ქვეყანა რეიდებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

სისტემური კორუფციის აღმოფხვრა ევროკავშირში უკრაინის წევრობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ზაფხულში უკრაინელებმა და ბრიუსელმა ძლიერი უკმაყოფილება გამოხატეს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, როდესაც მან ორი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს, NABU-სა და SAPO-ს, მთავრობის კონტროლის ქვეშ მოქცევა სცადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG