"სამარცხვინო!" - ამ სიტყვებით შეხვდნენ ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას.
64 წლის ფატი ბაგრატიას სამართალდამცავები, სავარაუდოდ, სახლში მიაკითხავენ და იქიდან გადაიყვანენ იზოლატორში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფატი ბაგრატიას 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირის გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა. იმ დღეს ფატი ბაგრატია შვილთან, ბაია მარგიშვილთან, ერთად იდგა რუსთაველის გამზირზე. მათი ხელებჩაკიდებული ფოტო მედიასა და სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
იმ დღეს ფატი ბაგრატია ამბობდა, რომ გზაზე თავდაპირველად მისი შვილი გადავიდა და ის მარტო ვერ დატოვა - თან გაჰყვა.
რის ახსნას ცდილობდნენ ადვოკატები სხდომაზე?
13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ენუქიძეს მიმართეს და შეეცადნენ აეხსნათ, რატომ არ უნდა მიეჩნია ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად, მიუხედავად იმისა, რომ ის 3 ნოემბრის საღამოს რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე იდგა:
"ის, რომ აქციაზე იმყოფებოდა, ამას ფატმანი არც უარყოფს. აქ მთავარია, რა მიზნით იმყოფებოდა ის იქ. 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რაც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის მცდელობას...
მას შემდეგ არაერთხელ გამკაცრდა ადმინისტრაციული კანონი, რათა შეზღუდულიყო აზრისა და გამოხატვის, შეკრების თავისუფლება. მთავარი და მნიშვნელოვანია ის გარემოება, თავად ფაქტი, რამდენად უნდა ჩაითვალოს სამართალდარღვევად პროტესტი და რა მიზანს ემსახურება ეს პროტესტი.
ჩანაწერი ადმინისტრაციულ კანონში არის არაკონსტიტუციური, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ნებისმიერს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის მიზანია მხოლოდ წინააღმდეგობის დაფიქსირება და ეს გრძელდება ხოლმე დაახლოებით ნახევარი საათი, ის არის მშვიდობიანი და ეს პროტესტი არ შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც სამართალდარღვევა.
ოქმის იმ ნაწილს, რომ ფატმანი სამართალდამრღვევია, არ ვცნობთ. ეს არაკონსტიტუციური ჩანაწერი ადმინისტრაციულ კოდექსში გადამისამართებული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში...
სამართალდარღვევა ეს არის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია მესამე პირის მიმართ. ეს კი ასე არ ყოფილა", - თქვა სხდომაზე ფატი ბაგრატიას ადვოკატმა ვერიკო გაგუამ.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილება 64 წლის ფატი ბაგრატიას სასამართლოს დარბაზში არ მოუსმენია.
ის შვილთან, ბაია მარგიშვილთან, ზესტაფონის იზოლატორში იმყოფებოდა და საკუთარ სასამართლო სხდომაზე, თბილისში ჩამოსვლა ვეღარ მოასწრო.
ადვოკატები ფატი ბაგრატიას სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვდნენ როგორც თავად 64 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისე მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე:
"პროცესი გადაიდოს თუნდაც იმ დრომდე, სანამ მისი შვილი, ბაია, ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, რადგან ბაიას სჭირდება ყოველდღიურად მედიკამენტების შეგზავნა იზოლატორში. მხოლოდ გარკვეული რაოდენობის წამლებია დასაშვები და ამის გამო ქალბატონ ფატის ყოველდღე უწევს ზესტაფონში სიარული. ის არის ერთადერთი, ვისაც შვილისთვის მედიკამენტების მიტანა შეუძლია. მართალია, ქალბატონ ფატმანს ჰყავს მეორე შვილიც, მაგრამ ის მუშაობს, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და არ აქვს საშუალება, რომ ყოველდღე ჩავიდეს ზესტაფონში".
ყოველდღე თბილისიდან ზესტაფონში და პირიქით
ფატი ბაგრატიას შვილი, ბაია მარგიშვილი, მეშვიდე დღეა, ზესტაფონის იზოლატორში იმყოფება. რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 7 ნოემბერს მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა.
შსს ახალგაზრდა ქალს ედავებოდა გზის გადაკეტვას 29 ოქტომბრის საღამოს. მიმართავს თუ არა სასამართლოს ის 3 ნოემბრის საქმეზე, როდესაც ბაია მარგიშვილი დედასთან ერთად იდგა რუსთაველის გამზირზე, ჯერჯერობით უცნობია.
7 ნოემბრიდან მოყოლებული, 64 წლის დედა თბილისიდან ზესტაფონში, ფაქტობრივად, ყოველდღე ჩადის და შვილისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიაქვს.
ადვოკატებმა შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და სახალხო დამცველს მიმართეს ბაია მარგიშვილის თბილისის იზოლატორში გადმოყვანაზე, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
13 ნოემბერს ფატი ბაგრატიას ზესტაფონის იზოლატორის ადმინისტრაციამ მედიკამენტების შეგზავნის გარდა, შვილთან შეხვედრის უფლებაც მისცა.
ფატი ბაგრატია ადვოკატს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ელაპარაკა და უთხრა, რომ შვილთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ის თავს ნორმალურად გრძნობს.
რა მოხდა 7 ნოემბერს სასამართლოში?
7 ნოემბერს, სანამ ბაია მარგიშვილს 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვებდა, მოსამართლემ ის 200 ლარითაც დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა - ბაია მარგველაშვილი არ ასრულებდა მოსამართლე ზვიად ცეკვავას მოწოდებას, დამჯდარიყო სამართალდამრღვევისთვის განკუთვნილ სკამზე.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დარბაზში დედის გვერდით იჯდა, ამბობდა, რომ არ დაჯდებოდა იმ სკამზე და კითხვებს დარბაზიდან უპასუხებდა.
„ნებისმიერ პასუხზე მოგიწევთ გამოსვლა. აირჩიეთ, დაჯდებით თუ ტრიბუნასთან დადგებით“, - მიმართა მას მოსამართლემ.
„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია...“ - თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა.
ბაია მარგიშვილი სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ჭიშკართან დააკავეს.
"ბრძოლა ბოლომდე, ვიბრძვით ბოლომდე", - თქვა მან საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩაჯდომისას.
7 ნოემბერს სასამართლოში ბაია მარგიშვილი ჩანთით მივიდა. ჩანთაში კი ის ნივთები ედო, რომლებიც, მისი აზრით, დაკავების შემდეგ იზოლატორში გამოადგებოდა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით (100-ზე მეტი) მონაწილე.
ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი