Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სრულდება საქართველოს ბიუჯეტი


საქართველოს ბიუჯეტის შესრულებას სერიოზულ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები. სხვადასხვა გაანგარიშებით, ბიუჯეტს დაახლოებით 1 მილიარდი ლარი დააკლდება, რაც მთავრობას არ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად დააფინანსოს პენსიები, ხელფასები და შეასრულოს სხვა სოციალური ვალდებულებები. მთავრობაში ასეთ პესიმიზმს არ იზიარებენ.

წლის ბოლოს მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად გამოითქმის ეჭვი ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ასეთ აზრს ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოთქვამენ. მათ ეჭვებს ისიც აღრმავებს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვისას იყო, ხოლო მთავრობამ მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვისას საშინაო და საგარეო ვალის აღება გადაწყვიტა, დაახლოებით 700 მილიონი ლარის მოცულობით. სწორედ 2014 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, რომ მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს:

”მოგეხსენებათ, რომ უკვე 500 მილიონი გარღვევა არის ბიუჯეტში და შემდეგ წელს ეს რა პრობლემად გადაიქცევა, კაცმა არ იცის. უფრო სწორად, ეს რომ სერიოზული პრობლემა იქნება, უკვე ნათელია”.

ყველაფერი არის ძალიან კარგად, საქართველოს ეკონომიკაში არის აღმავლობა, ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით...
ნოდარ ხადური
გიორგი ბარამიძისა და ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლების ამ და სხვა განცხადებებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ოპტიმისტურ კომენტარს უპირისპირებდა:

”ყველაფერი არის ძალიან კარგად, საქართველოს ეკონომიკაში არის აღმავლობა, ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით.”

ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გააკეთა, ხოლო ახლა, როდესაც ბიუჯეტის შემოსავლების სიმცირე კამათს აღარ იწვევს, აცხადებს, რომ ყველა თანხა ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში არ აისახება. ნოდარ ხადურის განცხადებით მას წინა წლებში აკრეფილი თანხების უკან დაბრუნება უწევს.

2013 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების დინამიკით, წლის ბოლომდე შეიძლება ერთმილიარდიანი გარღვევა იყოს...
ნინო ევგენიძე
თუმცა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს გაცილებით მეტი დააკლდა, ვიდრე უკან დაბრუმებული თანხებია. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა ეკონომიკის ექსპერტებიც ლაპარაკობენ. უკანასკნელი არაოფიციალური მონაცემების საფუძველზე ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს დაახლოებით 700 მილიონი ლარი დააკლდა. ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უახლესი მონაცემების თანახმად, ბიუჯეტში შემოსული თანხა ვერ აბალანსებს გადასახდელებს. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულება კითხვის ქვეშ დგას:

”2013 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების დინამიკით, წლის ბოლომდე შეიძლება ერთმილიარდიანი გარღვევა იყოს”.

დღეს გვაქვს დეფლაცია და ეკონომიკური ზრდა კიდევ სადღაც 1-2 პროცენტი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტს ამისგან პრობლემები არ შეექმნება, არის ტყუილი, იმიტომ რომ აუცილებლად შეექმნება...
მერაბ ჯანიაშვილი
საბიუჯეტო პრობლემების ძირითად მიზეზს სპეციალისტები ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაში ხედავენ. როგორც ცნობილია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ნავარაუდევზე უფრო ნაკლებად იზრდება და ის, 6 პროცენტის ნაცვლად, დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენს.

”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წარმომადგენლის მერაბ ჯანიაშვილის აზრით, დაბალი ეკონომიკური ზრდა უსათუოდ იმოქმედებს ბიუჯეტის შესრულებაზე:

”თუ დაგეგმილი იყო ბიუჯეტი 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე და 3 პროცენტიან ინფლაციაზე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს დეფლაცია და ეკონომიკური ზრდა კიდევ სადღაც 1-2 პროცენტი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტს ამისგან პრობლემები არ შეექმნება, არის ტყუილი, იმიტომ რომ აუცილებლად შეექმნება”.

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდის შენელების მთავარ მიზეზთა შორის ერთი წლის წინ ქვეყნის სათავეში მოსული პოლიტიკური ძალის ეკონომიკური პოლიტიკა სახელდება.
XS
SM
MD
LG