„გზაჯვარედინი“ (1991, საქართველო, რეჟისორი ლევან კიტია)
სიზუსტის მოყვარულები შემახსენებენ - იმ დროს, როცა ლევან კიტია „გზაჯვარედინს“ იღებდა (მანამდე კახა თოლორდავასთან და კოტე ჯანდიერთან ერთად ფილმის სცენარზე მუშაობდა), საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. ამიტომ გამოდის, რომ „გზაჯვარედინი“ საბჭოთა ფილმია და არა დამოუკიდებელი საქართველოს კინოპროდუქცია. მით უმეტეს, რომ გადაღებულია შემოქმედებით გაერთიანება „დებიუტში“, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე შეიქმნა და როგორც მახსოვს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეწყვიტა არსებობა, რადგანაც მისი საჭიროება აღარ იყო. “დებიუტის“ იდეა სწორედ საბჭოთა ცენზურის კლანჭებისგან განთავისუფლებას გულისხმობდა - ახალგაზრდა რეჟისორებს საშუალებას აძლევდნენ, კინო ისე გადაეღოთ, რომ ამის შესახებ მოსკოვში არაფერი სცოდნოდათ.
მაგრამ ისიც სიმბოლურია, რომ „გზაჯვარედინის“ დასრულება ემთხვევა დამოუკიდებლობის აღდგენის წელს და არსებითად პირველი სერიოზული მხატვრული ფილმია, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დროში ოდნავ გაწელილი მეჩვენება, ვფიქრობ, „გზაჯვარედინი“ მშვენიერი მასალაა ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს ასახავს.
ოთხშაბათს 9 აპრილის ტრაგედიის აღნიშვნამ დამარწმუნა, რომ ასეთი ფილმი დღეს განსხვავებულად აღიქმება, ვიდრე 1991 წელს, როცა ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ის მთლიანობა, რომელიც სამშობლოზე შეყვარებულმა მსხვერპლმა მოუტანა ქვეყანას. ამბავი ახალგაზრდა მუსიკოსზე (მერაბ ნინიძე), რომელიც ცდილობს გაემიჯნოს ისტორიას და „თავისი საქმე აკეთოს“(პოლიტიკაში არ ერევა), დღევანდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე იმ დროს, რომელსაც აღბეჭდავს.
მართალია ფილმის მოქმედება ღამით, სიბნელესა და სიცარიელეში მიმდინარეობს (კომენადანტის საათია!), ლევან კიტია ცდილობს, არ გამორჩეს ადგილისა და დროის აღმნიშვნელი არცერთი დეტალი. „გზაჯვარედინი“ მხატვრული ფილმია, მაგრამ რეალობა აქ უკეთესადაც კი ჩანს, ვიდრე იმხანად გადაღებულ დოკუმენტურ რეპორტაჟებში. ამ პატარა ფილმით ვიხსენებთ, როგორი იყო იმ დღეებში თბილისი, როგორ გვეცვა, როგორ სახლებში ვცხოვრობდით, როგორ მაგნიტოფონებზე ვუსმენდით მუსიკას... ტელეფონის ავტომატებსაც ვცნობთ და ქუჩაში გამოკრულ სიებსაც დაღუპული და დაკარგული ადამიანებისა, იქვე საგანგებოდ მიწერილი თხოვნით: „გააგრძელეთ!“. ვისაც კინოში რეალობის დანახვა გვიყვარს, „გზაჯვარედინი“ დაგვარწმუნებს, რომ მართალია, ქართველ-საბჭოთა რეჟისორებს თითქმის ყოველთვის უჭირდათ ან, უბრალოდ, არ უყვარდათ ყოფის დეტალების აღბეჭდვა მხატვრულ კინოში, გამონაკლისებიც არსებობენ და ლევან კიტიას რეჟისურა ერთ-ერთი გამონაკლისია (ლევანი ლანა ღოღობერიძის სახელოსნოში სწავლობდა).
მაგრამ სწორედ ესაა „გზაჯვარედინის“ პარადოქსი - რამდენადაც ზუსტია გამოხატვა, იმდენად არატიპურია შინაარსი, თითქოს განკუთვნილი მომავლისთვის და არა აწმყოსთვის. კომპარტიის ჩინოვნიკებს თუ არ ჩავთვლით, 1989 წლის აპრილში მე ვერ ვიხსენებ ახალგაზრდას, რომელიც რუსთაველზე გამოსულ პროტესტანტებს დემონსტრაციულად გაემიჯნებოდა. შეიძლებოდა არ ყოფილიყო აქციაზე ხალხთან ერთად, შეიძლებოდა როდიონოვის ტანკების შეშინებოდა, მაგრამ „უაზროდ დაიღუპა ხალხიო“, ამას მაინც არ იტყოდა. მით უმეტეს, რომ 9 აპრილის ღამის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები იმპერიის დაშლის მიმართულებით.
„მეპურემ პური უნდა გამოაცხოს!“ სწორედ ასე იმართლებს თავს „გზაჯვარედინის“ გმირი მეგობარი გოგონას წინაშე (ნინო თარხან-მოურავი), რომელიც, როგორც ჩანს, ამბოხებული ხალხის გვერდით დგას. გოგონა მუსიკოსის სტუდიას მიკროფონის სათხოვნელად ესტუმრება. მიკროფონი, რომელიც ბიჭს ხმაურების ჩასაწერად სჭირდება, გოგონას ხალხთან მიაქვს, საპროტესტო აქციაზე. ბიჭი იწერს სიცოცხლის ხმაურებს, გოგონა იქაა, სადაც ხალხი თავად ხმაურობს. ბიჭს ხალხში ყოფნის სურვილი არა აქვს. აღიარებს კიდეც ამას: „რა გინდა ჩემგან. ქუჩაში გავვარდე და ჯოოს, ჯოოს ვიძახო?“
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, როცა „გზაჯვარედინის“ პრემიერა გაიმართა, მერაბ ნინიძის პერსონაჟის ეს რიტორიკა, მისი ეჭვი, მისი შეკითხვები (მათ შორის სრულიად ლეგიტიმური შეკითხვები) უკვე ჰაერში იტრიალებს, მერე კი სწრაფად გავრცელდება. ეს რიტორიკა და ქილიკი შეძახილზე „ჯოოს, ჯოოს“ სამოქალაქო დაპირისპირების, ნგრევის, ომის განუყოფელი ატრიბუტიც გახდება, მაგრამ 9 აპრილი არასდროს, საქართველოს ისტორიის არცერთ ეტაპზე არ დაექვემდებარება „გადააზრებას“, ეჭვს. მით უმეტეს - მოძალადე კრემლის სასარგებლოდ.
„შენ შეგიძლია მოღალატე დაუძახო ყველას, ვინც ელემენტარულ კეთილგონიერებას იჩენს“, - ამბობს გაღიზიანებული მუსიკოსი. გოგონა დასცინის. ეს სცენა დღევანდელ საქართველოში რომ წარმოვიდგინოთ, ნინიძის გმირი ამ ირონიას აუცილებლად ნაცნობი კითხვით უპასუხებდა: „რატომ მაბულინგებ?“
1991 წელს, როცა ლევან კიტია „გზაჯვარედინს“ იღებდა (ვიმეორებ, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში!), ჩვენ შორის ჯერ მხოლოდ ხელახლა იბადებოდა ეს ჯიში კონფორმისტი ქართველისა, რომელიც თავის უპრინციპობას, გულგრილობას, ფარისევლობას, ორპირობას აპოლიტიკურობით და „საქმის სიყვარულით“ შენიღბავდა. „ჯერ შინაგანად უნდა იყო თავისუფალი!“ ამას იტყოდა ნინიძის გმირივით და მერე იმასაც დაუმატებდა, რომ „რუსეთს ვერ მოუგებ“... არა, უკაცრავად, რუსეთს შიშით საერთოდ ვერ ახსენებდა.
სასწრაფო დახმარების მანქანაც სიმბოლურია „გზაჯვარედინის" ფინალში... ამ ადამიანებს მართლაც დახმარება სჭირდებათ, თანაც - სასწრაფოდ.
ფორუმი