„მეგობრები იქნებიან თუ ოჯახის წევრები - თუ გადაწყვეტენ, რომ მისცენ შესაძლებლობა თაღლითს, მიმთვისებელს, გამფლანგველს, რომ აცხოვრონ თავიანთ სახლებში - ეს იქნება ცალკე დანაშაულის სახით [კანონში]“, –„ქართული ოცნების“ დეპუტატის - არჩილ გორდულაძის მიერ, 2 ივლისს, მე-2 მოსმენით წარდგენილი და ერთხმად დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტით, დაზარალებულებს ზიანის “მარტივად, სწრაფად და ეფექტიანად” ანაზღაურებას ჰპირდებიან.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად:
- ვიდრე ზარალს არ აანაზღაურებს, მსჯავრდებული ქვეყნიდან ვერ გავა, შესაძლოა - 6, 12 ან 16 წლითაც.
- მან ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს.
- მას შესაძლოა მთელი ქონება დაუყადაღონ, ჩამოარვან; შესაძლოა გაიყიდოს ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქონებაც - ამას სასამართლო გადაწყვეტს
- თუკი ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობის ამარა დარჩება.
პოლიტიკოსები, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ბერკეტები, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ამოქმედდება. ხედავენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსაც.
„ოცნების” დეპუტატების შემუშავებული ცვლილებები შეეხება სისხლის სამართლის კოდექსსა და კიდევ 4 კანონის ათეულობით მუხლსა და პუნქტს. ტექსტებში ჩამატებულია არაერთი ახალი ნორმა.
დაჭერა დახმარებისთვის?
სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 3812 -ე მუხლი - "მსჯავრდებულთან უკანონო გარიგება" - ავტორებმა პროექტს მეორე მოსმენის ეტაპზე დაამატეს.
ვიდრე საპატიმროდან გამოსული მსჯავრდებული სრულად არ აანაზღაურებს ზარალს, მას საარსებოდ მხოლოდ მინიმალური შესაძლებლობები დარჩება:
- თვეში შეუძლია მიიღოს და მოიხმაროს მხოლოდ "საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა" - [461 ლარი - 2024 წლის მაჩვენებლით - რ.თ.];
- ეს თანხა მან უნდა იმყოფინოს ყველაფერზე - ბინა, საკვები, ტანსაცმელი თუ კბილის ჯაგრისი.
საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ყველაზე მაღალი იყო დეკემბერში - 230.5 ლარი. საარსებო მინიმუმი სურსათის ფასების მიხედვით იცვლება.
- თანხას მიიღებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით - პირად ანგარიშზე [მხოლოდ ბანკებში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში] - ხელფასის თუ დახმარების სახით;
- თუკი დაშვებულზე მეტი ჩაერიცხება, სხვაობა პირდაპირ ჩამოეჭრება [დაზარალებულის კომპენსაციისთვის];
- შეუძლია იჩუქოს უძრავი ან მოძრავი ქონება [ბინა, ავტომობილი], მაგრამ ეს ქონება მაშინვე დაყადაღდება და გაიყიდება [დაზარალებულის კომპენსაციისთვის].
ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმით ან 3-წლამდე პატიმრობით დაისჯება თავად საპატიმროდან გამოსული, ხოლო ჯარიმა ან 5-წლამდე პატიმრობა ელის ყველას, მათ შორის - ოჯახის წევრებსაც, ვინც მას ნაღდ ფულს მისცემს, ავტომობილს ათხოვებს ან ბინას დაუთმობს - თუკი ამ ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური აღემატება დასაშვებ ზღვარს [461 ლარს - 2024 წლის მაქსიმალური მაჩვენებლით - რ.თ]
ასევე, 3812 -ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში, დახმარების გამცემის ქონება შესაძლოა ასევე გაიყიდოს და დაზარალებულის კომპენსაციას მოხმარდეს.
„ასეთი ბრუტალური დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ფინანსური დანაშაულისთვის - არასოდეს გამიგია. არაადამიანური დამოკიდებულებაა, მართლა არ ვიცი, რას შევადარო. წარმოდგენაც ძნელია, რანაირად მოიფიქრეს.
ქვეყნიდან არ გაუშვებენ, ქონებას გაუყიდიან, სამყოფ ფულს ვერავინ მისცემს, ბინას ვერავინ დაუთმობს... ჩემს ოჯახის წევრს ან მეგობარს თუ აქვს ბინა თავის სახელზე და მე მასთან ვიცხოვრებ, სარგებელში მეთვლება... თუ ამ ბინის ქირის ღირებულება არის მაგალითად 800-1000 ლარი - მეც დამიჭერენ და იმასაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი, იურისტი ნიკა სიმონიშვილი, რომელიც მთელ ამ საკანონმდებლო პაკეტში გაწერილი ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს:
„ბიძინას [ივანიშვილის] გარდა სხვას რას დავუკავშირო ეს ყველაფერი, უბრალოდ იდეაც კი არ მაქვს... ცნობილია ივანიშვილის ფინანსური მდგომარეობა [სანქციების გათვალისწინებით] მეტად თუ ნაკლებად. ბიუჯეტსაც გაუჭირდა, ფული აღარ შემოდის ქვეყანაში და ივანიშვილს უნდა მთელი ამ ფულის დაბრუნება“.
კონკრეტული დანაშაულების ჩამონათვალი მას უჩენს ვარაუდს, რომ ისრები ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი მოკავშირეებისა და თანაგუნდელებისკენ იქნება მიმართული - რათა მათ "სხვადასხვა გზით წაღებული ფული დააბრუნონ". სიმონიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს მუხლები შეეხება ბიზნესმენებსაც.
- 2025 წლის 21 ივნისს გაირკვა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა;
- 24 ივნისს, სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა, სადავო პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, გაიკვირვა - როგორ გამოეპარა მიქაუტაძის დანაშაული სუსს. ოხანაშვილი სადავო პარლამენტმა სუსის უფროსად აპრილში დაამტკიცა - მანამდე ამ სამსახურს პოსტიდან ახლახან წასული გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. ბუნდოვანია, წავიდა თუ გაუშვეს ლილუაშვილი.
- ოხანაშვილის განცხადებამდე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ლილუაშვილი დაასახელა სიაში, რომლის წევრებისგანაც ბიძინა ივანიშვილი “მოპარული ფულის” ამოღებას ცდილობს.
ბაჩიაშვილი - ერთ-ერთი სამიზნე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასწარ თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილსაც შეეხება.
11 ივნისს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ გაიმეორა, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი ბაჩიაშვილსაც შეეხება და რომ, ზოგადად, საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინსპირატორიც ბაჩიაშვილია.
"საერთოდ, კანონები ასე იცვლება, - როცა ხედავს კანონმდებელი გამოწვევას კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით“, - თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ ფუჭია ბაჩიაშვილსა და სხვა ბრალდებულების მოლოდინი, რომ - “ჩავიდენ დანაშაულს, რამდენიმეწლიანი ციხის მოხდის შემდეგ შემრჩება ძალიან დიდი ფული“.
16 ივნისს, როდესაც საკანონმდებლო პაკეტის ინიციირება ხდებოდა და განხილვა ჯერ არ იყო დაწყებული, არჩილ გორდულაძემაც თქვა პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში, რომ ცვლილებები გიორგი ბაჩიაშვილსაც შეეხება:
“დიახ, შეგვიძლია თამამად დავადასტუროთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მათ შორი - გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება ანუ იმ ადამიანზე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს მიაყენა კოლოსალური ზიანი და ახლა აქვს სურვილი, რომ უბრალოდ ჩაჯდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შემდეგ გამოვიდეს და ეს მიყენებული ზიანის სახით თანხები, რომელიც მან მიითვისა, გამოიყენოს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის".
- “ბიტკოინების საქმეზე" ბაჩიაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე მიუსაჯა 11 წელი [„დიდი ოდენობით თანხის მითვისება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”/ “ფულის გათეთრება” - სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი]. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
- ბრალი აქვს წაყენებული “მტკვარი ჰესის” საქმეზე - [გულგრილობა - სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, მძიმე შედეგით - სსკ-ის 220 პრიმა მუხლი];
- ასევე ბრალი აქვს წაყენებული საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის - [344-ე მუხლის პირველი ნაწილი].
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სამართალწარმოების პროცესი - სამოქალაქო წესით - 1 მაისს, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებით - გამარტივებული წესით, 9000 ბიტკოინის [868 მილიონი დოლარი] გადახდა დააკისრა. დაცვის მხარეს ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული აქვს.
გიორგი ბაჩიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებებს ყალბსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. “ჩემს მიმართ დიდძალი თანხის გამოძალვა მიმდინარეობს, ერთ პროცესში წაიღეს მთელი ჩემი ქონება, იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო",- აცხადებს ბაჩიაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი [“კოალიცია ცვლილებისთვის”] - გედევან ფოფხაძე რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, თუ როგორ დაუბლოკა მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა, “ოცნების” მმართველობის დასაწყისში, “მევახშეების წინააღმდეგ მიმართული” საკანონმდებლო პაკეტი - პირველი მოსმენის შემდეგ, პარლამენტში.
ფოფხაძე იხსენებს, რომ მაშინ ივანიშვილმა თავისთან დაიბარა და სხვა დამსწრეებს სთხოვა აეხსნათ მისთვის, რატომ არ იყო გასატანი ეს ინიციატივა.
“მე ეს ანალოგია რატომ მომყავს - როდესაც ხალხს ართმევდნენ ქონებას და ხალხი თაღლითების გამო კარგავდა ქონებას, ბიძინა ივანიშვილმა თაღლითების მხარე დაიკავა. ამას გეუბნებით ერთმნიშვნელოვნად”, - აცხადებს გედევან ფოფხაძე, რომელიც ბოლო ცვლილებების პაკეტს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს, ხოლო “ოცნების” დეპუტატების მხრიდან - “მაამებლობად” თვლის.
რა დანაშაულებს შეეხება?
„ცვლილებებია შემოტანილი და ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებზე გავრცელდება“ - თქვა არჩილ გორდულაძემ.
“თეთრი საყელოს” ტიპის დანაშაულს იურისტები უწოდებენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილ, მათ შორის - სამოხელეო დანაშაულს.
დანაშაულების ჩამონათვალი, რომლა გამოც - დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდა სავალდებულო იქნება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალ, 1653-ე მუხლშია მოცემული:
- თაღლითობა, დიდი ოდენობით - [180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
- გამოძალვა - დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით [181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი],
- მითვისება და გაფლანგვა, დიდი ოდენობით [182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
- ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით [185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
- ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს) [187-ე მუხლი],
- ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, დიდი ოდენობით [2051 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება [220-ე მუხლი]
- კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია [2861 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი].
დანაშაულების ჩამონათვალი პირველ და მეორე მოსმენის დროს შეიცვალა. პირველი მოსმენის დროს განხილული სიიდან ამოღებულია მაგალითად: დიდი ოდენობით ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და დამატებულია მაგალითად 2051 -ე და 220-ე მუხლები - რომლებიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება.
როდის ჩამოართმევენ ქონებას ახლო ნათესავებს?
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დაზარალებულის კომპენსაციას პირველ რიგში ევალება მას, ვინც კონკრეტულ ადამიანს ზარალი მიაყენა. თუმცა ვალდებულება მთელ რიგ შემთხვევებში ეკისრება - “მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს“.
- თუკი მსჯავრდებული სხვადასხვა ფორმით გადასცემს მას ქონებას, დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ “უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად“. ეს ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას.
- თუკი „ახლო ნათესავს ან სხვა პირს“ ამავე საქმეზე დაუმტკიცდება დანაშაული 194-ე მუხლით [უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)] - მას შესაძლოა სხვა ქონებაც ჩამოართვან - დაზარალებულის სასარგებლოდ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით: ახლო ნათესავი გულისხმობს – მშობელს, მშვილებელს, შვილს, მინდობით აღსაზრდელს, პაპას, ბებიას, შვილიშვილს, დას, ძმას, მეუღლეს (მათ შორის - განქორწინებულს).
„რაც შეეხება ნათესავების ქონებას, მარტივად გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე - თუ ადამიანს დანაშაული არა აქვს ჩადენილი და კანონიერად აქვს ქონება მიღებული - ფლობს და სარგებლობს თავისი საკუთრებით, რა თქმა უნდა, მას ქონება ვერ ჩამოერთმევა.
თუ დანაშაულებრივი გზით აქვს მოპოვებული, მაგ შემთხვევაში მოხდება ჩამორთმევა; ან დანაშაულის გზით თუ არის ქონება წარმოშობილი და ეს ქონება ახლო ნათესავთან მოხვდა... აქაც გასარკვევია - მან იცოდა, არ იცოდა, ხელი შეუწყო თუ არა „დამზარალებელს“ ასეთი ქონების გადამალვაში. თუ გაირკვევა, რომ შეუწყო ხელი, 194-ე მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება, ფულის გათეთრებისთვის“, - განმარტავდა არჩილ გორდულაძე სადავო პარლამენტის სხდომაზე, პირველი მოსმენის დროს.
"ვთქვათ, ადამიანმა, იმ ახლო ნათესავმა თუ ოჯახის წევრმა ბინა იყიდა და ესენი ეუბნებიან - დანაშაულის საგანიაო... წადი და ამტკიცე მერე მურუსიძესთან [სასამართლოში - რ.თ.]... 194-ე თუ დაამატეს, უფრო მარტივად ექნებათ საქმე - ფულის გათეთრებაზე გავლენ და ნათესავსაც იოლად ჩამოართმევენ ქონებას", - გვეუბნება ნიკა სიმონიშვილი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილებებით:
- ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
- აღსრულება კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს ეყრდნობა.
- “განაჩენის აღსრულების წესს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი”.
უკუძალა
„ექნებათ თუ არა ახალ კანონებს უკუძალა“? - ეს შეკითხვა თავიდანვე გაჩნდა და სადავო პარლამენტის სხდომაზეც დაისვა.
„კლასიკური უკუძალა, რომელიც კონსტიტუციით არის აკრძალული, რა თქმა უნდა, არ იქნება“, „გამომდინარე იქედან, რომ პროცესუალური საკითხებია, მათ შორის გავრცელდება მიმდინარე საქმეებზეც“ - ასეთია არჩილ გორდულაძის განმარტება. თუმცა იურისტებისთვის ეს საკითხი სადავოდ რჩება, რადგან - თვლიან, რომ ახალი რეგულაციები აშკარად აუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას, რაც ერთ-ერთი მთავარი ასპექტია უკუძალის საკითხის განხილვისას.
- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უკუძალა არ შეიძლება ჰქონდეს კანონს - “თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას”. იურისტები განმარტავენ, რომ ეს შეეხება ნებისმიერ კანონს და ნებისმიერ საქმეს - განსახილველს სისხლის სამართლის თუ სამოქალაქო სამართლის წესით.
- სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დანაშაული და სასჯელი განისაზღვრება “კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს”, ხოლო ახალ კანონს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის “აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის”.
ახალი საკანონმდებლო პაკეტით, რეგულაციები გავრცელდება იმ საქმეებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე გამოძიების პროცესშია ანდა სასამართლოს პირველ და მეორე [სააპელაციო] ინსტანციებში განიხილება.
პირველ და მეორე მოსმენებს შორის ცვლილებების პაკეტში ბევრი რამ შეიცვალა: მთელი რიგი მუხლები, სისხლის სამართლის კოდექსიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გადაიტანეს; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში ორი სრულიად ახალი მუხლი ჩაწერეს.
2 ივლისს, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით წარდგენისას, არჩილ გორდულაძემ წინასწარ გააფრთხილა კოლეგები, რომ, შესაძლოა, ტექსტი მესამე მოსმენისთვის კიდევ შეიცვალოს - „არა მისი შემსუბუქების, არამედ ეფექტურობის მიზნით, რათა დაზარალებულის სწრაფი მექანიზმით დაკმაყოფილება მოხდეს“.
როდის იქნება საბოლოო კენჭისყრა, ჯერ ცნობილი არ არის. ამ კანონს პარლამენტარები, ბევრი სხვა კანონისგან განსხვავებით, არ განიხილავენ დაჩქარებულად.
ფორუმი