Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს - ბელარუსის მაგალითი


წვრთნები მილიციის სპეცრაზმის მონაწილეობით ქალთა კოლონია N8-ში, ბელარუსი, 2025 წლის 15 მაისი
წვრთნები მილიციის სპეცრაზმის მონაწილეობით ქალთა კოლონია N8-ში, ბელარუსი, 2025 წლის 15 მაისი

მოკლედ

  • ნებისმიერი დიქტატურა შთანთქავს თავის მომხრეებსაც - ბელარუსში პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ დევნას შორის ზღვარი იშლება.
  • სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ლუკაშენკას მხარდამჭერების „პოლიტიკური“ ბრალდებებით გასამართლების შესახებ.
  • რეპრესიების მანქანამ ინერციის ძალა შეიძინა. მისი არა თუ შეჩერება, შენელებაც კი მმართველის მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.
  • მაშინაც კი, როცა მინიმუმამდე მცირდება ეკონომიკური სტიმულები, სისტემას, დასჯის მუქარით, მაინც შეუძლია ასე თუ ისე არსებობის გაგრძელება. ეს მექანიზმი არცთუ ისე ეფექტიანია, მაგრამ მის გარეშე მოდელი მთლიანად დაიშლებოდა.

ბელარუსში დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია იქცა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად. იმის მიხედვით თუ ვის დევნიან ამჟამად, შეიძლება დასკვნების გამოტანა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციების მიმდინარეობის შესახებ.


რეპრესიები მოქალაქეთა ახალ კატეგორიებზე

როდესაც საქმე რეპრესიებს ეხება, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკურად არალოიალური მოქალაქეების დევნაზე, რომლებმაც ერთხელ მაინც მიიღეს მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. მაგალითად ამჟამად ბელარუსში ახალი ამბების დღის წესრიგშია „SoftClub-ის საქმე“. ცოტა ხნის წინ დააკავეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბელარუსის IT-ის სფეროს პატრიარქი, ულაძიმირ სიროტკო. გამოცემა „ნაშა ნივას“ ცნობით, „სიროტკოს საქმე“ სულ უფრო ფართოვდება და მეტ და მეტ ფიგურანტს მოიცავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა რეიდები დაიწყეს ბანკებში - უკვე დააკავეს მინიმუმ ერთი კერძო ბანკის, Zepter Bank-ის ხელმძღვანელები: მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ალიაქსანდარ იგნატაუ და მისი მოადგილე.

მედია საუბრობს პოლიტიკურ რეპრესიებზე. თუმცა პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ დევნებს შორის მკაფიო ზღვარი აღარ არსებობს. ხშირად, პირველი მეორის უკან იმალება. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბიზნესმენებს. მაგალითად, მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ გადასახადებისგან თავის არიდების გამო წაყენებული ბრალდებით.

პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ დევნას შორის ზღვარი წაშლილია.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ განაჩენი გამოუტანეს ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ წევრს, ცნობილ ბიზნესმენს, ირი მაროზავუს. ბელარუსში პარლამენტის წევრობა პოლიტიკური ლოიალობის ნიშანია: დეპუტატები, თუნდაც ყოფილი დეპუტატები, როგორც წესი, ხელუხლებლად რჩებოდნენ. ახლა მათი ჯერიც დადგა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეპრესიები მოქალაქეების ახალ კატეგორიებზე გავრცელდა. ეს დროის ნიშანია.

გარკვეული დროით იყო დაპატიმრებული ცნობილი „ოლიგარქი“ ალიაქსანდარ შაკუცინი, ლუკაშენკასთან ძალიან დაახლოებული ადამიანი. თუმცა, ახლობლობამ დიდად მასაც ვერ უშველა. შაკუცინის ბიზნესი „შეიზღუდა”, თავად კი გარკვეული დროით ციხეში იმყოფებოდა.

სხვათა შორის, ვლადიმირ პუტინი დიდად არ ეხება მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს (ძმები როტენბერგები, იური კოვალჩუკი…), ლუკაშენკა კი არ ინდობს დაახლოებულ ბიზნესმენებს. ციხეში “ჩაჯდომა” მოუწია არა მხოლოდ ალიაქსანდრ შაკუცინს, არამედ იური ჩიჟსაც. ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გულმოდგინედ კრეფდნენ საზამთროს და იღებდნენ კარტოფილს ლუკაშენკას მამულში. თუმცა, ამგვარმა ახლობლობამ ისინი ვერ იხსნა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიზნესმენ სიარგეი ციაცერინსაც, რომელსაც ლუკაშენკა მკაცრად აკრიტიკებდა “თაღლითური სქემების” გამო, შეშფოთების რეალური საფუძველი აქვს.

რეპრესიული მანქანის ინერციის ძალა

სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ ლუკაშენკას მხარდამჭერებს „პოლიტიკური“ მუხლებით ასამართლებენ. აი, უახლესი მაგალითი: ივან იურსკი ნაროჩიდან, ბელარუსის მთავრობისა და „რუსული სამყაროს“ ერთგული მხარდამჭერი, რომელიც „სიძულვილის გაღვივებისთვის“ გაასამართლეს.

29 წლის ივან იურსკი - ერთ-ერთი მუსიკალური გვერდის („შანსონი სულისთვის“) ადმინისტრატორი, რომელსაც მინსკის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა „სიძულვილის წაქეზებისთვის“. ის 2025 წლის იანვარში დააკავეს და დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით. ივან იურსკი სოციალურ ქსელში შანსონთან ერთად აქვეყნებდა ეკლესიების ილუსტრაციებსა და რუსეთის დროშის ფონზე გადაღებულ საკუთარ ფოტოებს.

ეს ყველაფერი ადასტურებს ცნობილ წესს: ნებისმიერი დიქტატურა შთანთქავს თავის მიმდევრებს. პირველ რიგში ეს ეხება რეჟიმის იმ მხარდამჭერებს, რომლებიც, ისევე როგორც ცნობილი ვოლგა ბონდარავა, სხვებთან ერთად კი არ მიაბიჯებენ მწყობრში, არამედ თავს ინდივიდუალობის უფლებას აძლევენ. ისეთ სისტემაში, როგორიც ამჟამინდელი ბელარუსია, ერთგულება (ლოიალობა) სრულად კონტროლირებადი უნდა იყოს, მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული წესითა და ბრძანებით.

ვოლგა ბონდარავა - პრორუსი ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ცნობილია ლუკაშენკას რეჟიმისადმი არალოიალური პირების მიმართ გამოთქმული ბრალდებებითა და დასმენებით, რამაც მათი პოლიტიკური დევნა გამოიწვია. ბონდარავა ასევე აქტიურად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ადგილებში ბელარუსული ენის გამოყენებასა და ბელარუსის ეროვნული მოღვაწეების ოფიციალურ თაყვანისცემას, წერს მოწოდებებს ბელარუსული კონცერტებისა და ღონისძიებების გაუქმების შესახებ. მის ინიციატივებს ხშირად მხარს უჭერენ ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენლები ადგილებზე. ბონდარავას საქმიანობის გამო, 2022 წელს ბელარუსში აიკრძალა ჰელოუინის აღნიშვნა. 2025 წლის 26 მარტს ვოლგა ბონდარავა დააკავეს ექსტრემისტული გამონათქვამების გამო. მინსკის მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ მას 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. აქტივისტისადმი ბელარუსის ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის 2025 წლის დასაწყისში დაუპირისპირდა ლუკაშენკას რძალს, ანა ლუკაშენკას.

რეპრესიულმა მანქანამ ინერციის ძალა შეიძინა.

რეპრესიები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ. უპირველეს ყოვლისა, ნერგავენ შიშს, ზაფრავენ საზოგადოებას. ბელარუსის რეპრესიულმა მანქანამ ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ რეპრესიულმა მანქანამ ინერციაც შეიძინა. და არა თუ მისი შეჩერება, არამედ უბრალოდ შენელებაც კი მმართველის მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. როგორც ჩანს, ეს თავად ლუკაშენკასთვისაც მოულოდნელი იყო. საქმე ის კი არაა, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია ამ მექანიზმის გამორთვა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ან სულ მცირე მისი შენელება მაინც, არამედ ის, რომ ლუკაშენკას შედეგების ეშინია. შემთხვევითი არ არის, რომ ლუკაშენკამ ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, აქაოდა ჩემს მხარდამჭერებს არ ესმით, რატომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრებიო. გასაგებ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ბელარუსის უსაფრთხოების ძალები შიშობენ, რომ პოლიტიკური „დათბობის“ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად აღმოჩნდნენ დაზარალებულთა შორის. სწორედ ამიტომ განაცხადა ლუკაშენკამ, რომ უშიშროების საბჭომ უნდა დაადასტუროს (დაამტკიცოს) დასავლეთის მიმართ ბელარუსის დათმობებიო. დაზღვევის ამგვარი მექანიზმი მოიფიქრა.

მობილიზაციისა და დისციპლინის უზრუნველყოფის მექანიზმი

რეპრესიის მეორე ფუნქცია - საზოგადოებაში მობილიზაციის მექანიზმის გააქტიურება. ბელარუსი ავტორიტარული რეჟიმიდან ტოტალიტარულ რეჟიმზე გადასვლის პროცესშია. ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ ავტორიტარულ სისტემაში, როგორც წესი, პოლიტიკური დემობილიზაციის ლოგიკა ჭარბობს. რეჟიმი მოქალაქეთა უმრავლესობის აპათიას, დეპოლიტიზაციასა და აპოლიტიკურობას ეყრდნობა.

ტოტალიტარიზმის დროს კი პირიქით, მობილიზაციის მექანიზმი მოქმედებს. აქ უკვე აღარ შეიძლება განზე გადგომა, გულგრილობის თამაში - საჭიროა დემონსტრაციული ლოიალობა, თუნდაც ისეთი ფლეშმობის სახით, როგორიც ლუკაშენკას მხარდამჭერებმა წამოიწყეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

თუმცა,ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ტოტალიტარულია, მაგრამ საზოგადოება არ არის ტოტალიტარული. მხოლოდ განათლების სისტემაში მიმდინარეობს მობილიზაციის პროცესი მეტ-ნაკლებად წარმატებით: ხორციელდება სკოლების სამხედრო-პატრიოტულ კლუბებად გადაქცევის გეგმა. თუმცა, საკითხავია, შეძლებს თუ არა არსებული სისტემა თავისი საქმის დასრულებას ლუკაშენკას წასვლის მომენტისთვის.

ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ტოტალიტარულია, მაგრამ საზოგადოება არ არის ტოტალიტარული.

და ბოლოს, რეპრესიების კიდევ ერთი მიზანი - უზრუნველყოს ლუკაშენკას მიერ შექმნილი სოციალური მოდელის სიცოცხლისუნარიანობა. სისტემა ნელ-ნელა წყვეტს ფუნქციობას. არსებითად თავად ლუკაშენკაც აღიარებს ამას.

აქ რეპრესიებს ორმაგში ფუნქცია აქვს. ერთი მხრივ, ამოქაჩოს ფული იქიდან, სადაც ის ჯერ კიდევ დარჩა, ანუ წაართვას ბიზნესს. ამიტომ არის, რომ ბიზნესმენებს ჯერ აკავებენ, გარკვეული დროის შემდეგ კი ათავისუფლებენ. შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ წარუდგენენ ერთგვარ ანგარიშს, ეუბნებიან, რა ღირს თავისუფლება. ბიზნესმენები კი გამოცდილი ხალხია, კარგად იცნობენ ბელარუსულ სინამდვილეს; ცოტა ვინმე თუ იტყვის უარს გამოსასყიდის გადახდაზე.

და მეორე ფუნქცია - მკაცრი ზეწოლა ჩინოვნიკებსა და სხვა მუშაკებზე, უზრუნველყოფა იმისა, რასაც ლუკაშენკა „რკინის დისციპლინასა“ და „წესრიგს“ უწოდებს. თუ სისტემაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ეკონომიკური სტიმულები, ის მაინც შეძლებს გარკვეულწილად ფუნქციონირებას მოსალოდნელი სასჯელის გამო. ეს მექანიზმი არც თუ ისე ეფექტიანია, მაგრამ მის გარეშე მოდელი მთლად დაინგრეოდა. სწორედ ასე გაგრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG