ეს თეზისები მოცემულია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო მმართველობის თეთრ წიგნში. თეთრი წიგნი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ 18 აპრილს ახალი საიტი გააკეთა, სადაც ირწმუნება, რომ კოვიდ-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან „გაპარული“ ვირუსის შედეგად გაჩნდა.
„სიბირ. რეალიი“ იხსენებს, თუ როგორ იქმნებოდა ბიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) იარაღი და როგორ შემოუტრიალდა მისი წარმოება სამყაროს.
ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნეში კართაგენის მხედართმთავარმა ჰანიბალმა საზღვაო შეტაკებისას შხამიანი გველებით სავსე თიხის ქოთნები მოიშველია. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ მტერს შეეშინდა და გაიქცა. ეს ეპიზოდი ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პირველ შემთხვევად მიიჩნევა.
რაც შეეხება ბრძოლის დროს ინფექციის გავრცელებას, ეს პირველად 1346 წელს მოხდა. ოქროს ურდოს მებრძოლებმა, ხან ჯანიბეკის მეთაურობით, გენუის ციხეს კაფუს ალყა შემოარტყეს. ალყა დიდხანს გაგრძელდა, გენუელებს წყალი და სურსათი მომარაგებული ჰქონდათ და უკან არ იხევდნენ. მონღოლები სულიერად ტყდებოდნენ, შეწყვიტეს ბანაობა, ელემენტარულ ჰიგიენასაც კი აღარ იცავდნენ, რის გამოც ბანაკში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ალყა მოხსნეს, მაგრამ სანამ წავიდოდნენ, ჯანიბეკმა რამდენიმე ათეული გვამი ციხის კედლებს მიღმა გადააგდებინა. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასე დაიწყო ევროპაში „შავი სიკვდილის“ ცნობილი ეპიდემია.
გვიანდელ შუა საუკუნეებში მსგავსი მეთოდით ციხე-სიმაგრეების აღება თითქმის ტრადიციად იქცა. ეს ეფექტურიც იყო და იაფიც. მთავარია ინფექციის წყარო ჰქონოდათ. მალევე ესპანელებმა ეს მეთოდი სხვა კონტინენტზე გადაიტანეს. 1520 წელს, მას შემდეგ, რაც აცტეკებმა ჯარი გაუჟლიტეს, კონკისტადორმა ერნან კორტესმა შური იძია და მათ ჩუტყვავილა შეყარა. აცტეკებს ჩუტყვავილას წინააღმდეგ იმუნიტეტი არ გააჩნდათ და რამდენიმე კვირაში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიხოცა.
200 წლის შემდეგ იგივე გააკეთეს ინგლისელებმაც. 1763 წელს ინდიელების ბელადის პონტიაკის ამბოხებისას ინდიელებს აჩუქეს პლედი, რომელიც ჩუტყვავილათი დასნებოვნებულ ადამიანს ეფარა. დაიღუპა რამდენიმე ათასი ინდიელი, მაგრამ კოლონიზატორებს ამით არაფერი მოუგიათ. ამბავი მთელ მსოფლიოში გახმაურდა. აშშ-ის ხელისუფლება კი დღემდე ანგარიშვალდებულია გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლებთან.
თაგვების კონტრშეტევა
მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა სასიკვდილო დაავადებების გამომწვევებზე დაიწყეს მუშაობა. პირველი მსოფლიო ომის დროს ალბათ ყველა საშუალება გამოიყენეს, რომლითაც ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორე მოკლას, მათ შორის ბაცილებიც. ფრანგები და გერმანელები ცხენებსა და ძროხებს ციმბირის წყლულით ასნებოვნებდნენ და მოწინააღმდეგის მხარეს მიერეკებოდნენ. გერმანელი ჯაშუშები ცდილობდნენ ქოლერა იტალიაში გაევრცელებინათ, ჭირი - სანქტ-პეტერბურგში. ეს დიდად ეფექტური არ იყო. ბაქტერიოლოგიური იარაღი რთული და უმართავი რამ აღმოჩნდა. ხელოვნურად პანდემიის გამოწვევა თითქმის ვერავინ შეძლო, სანაცვლოდ „ბუნებრივმა“, ტიფისა და „ესპანკას“ მსგავსმა პანდემიებმა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1925 წელს მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ, მათ შორის, საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა ჟენევის შეთანხმებას, რომელიც ბრძოლის დროს ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ამის შემდეგ ხელმომწერმა ქვეყნებმა ერთმანეთისგან საიდუმლოდ ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობა დაიწყეს.
გამონაკლისი არც სსრკ იყო, საიდუმლო ლაბორატორიები შენდებოდა მოსკოვში, ლენინგრადში, სუზდალში. 1930-იან წლებში კუნძულ გოროდომლიაზე (სელიგერის ტბა) გახსნეს ინსტიტუტი, სადაც ოფიციალურად თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინებს, სინამდვილეში კი ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ. 1934 წლის ზამთარში სამხედრო-ქიმიური განყოფილების ხელმძღვანელი ფიშმანი ვოროშილოვს ანგარიშს აბარებდა, რომ ციმბირის წყლულის ბაზაზე დამზადებული იარაღი კოდური სახელწოდებით „ნივთიერება 49“ მზადაა გამოყენებისთვის.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჟენევის პროტოკოლის ხელმომწერი ქვეყნები წესების დაცვას ცდილობდნენ, თუმცა გამონაკლისებიც იყო. არის ცნობები, რომ სტალინგრადთან კონტრშეტევის დროს საბჭოთა ჯარისკაცებმა ისროლეს ჭურვები ტულარემიის გამომწვევი ინფექციით. ეს ჭურვები გერმანელებს დარჩათ. ბაქტერიებმა არა ფაშისტები, არამედ მღრღნელები დააავადეს, რომლებიც მასობრივად გადმოდიოდნენ ფრონტის ხაზზე და საბჭოთა სანგრებშიც აღწევდნენ. დაძვრებოდნენ საჭმლის ნარჩენებში, „სახლებში შეაღწიეს, საჭმელი და წყალი დააბინძურეს, ადამიანები ავადმყოფობდნენ“, - იხსენებდა ავიაციის მარშალი სერგეი რუდენკო.
მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა, ბიოლოგიური იარაღის მიმართ სსრკ-ს ინტერესი არ განელებია. თუმცა სიცოცხლის ბოლოს სტალინი მას დიდად აღარ სწყალობდა, ატომური ბომბი უფრო მოეწონა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ლაბორატორიები ისევ მთელი დატვირთვით ამუშავდნენ.
მკვდარი მაიმუნების კუნძული
60-იანი წლების დასაწყისში სელიგენის ინსტიტუტი კუნძულ „აღორძინებაზე“ გადაიტანეს. აქ სხვა ინსტიტუტებიც იყო და ყველა მათგანი სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს მე-15 სამმართველოს ექვემდებარებოდა, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის „არატრადიციულ“ ფორმებზე მუშაობდა.
კუნძულზე პოლიგონი მოაწყვეს „არალსკი 7“და საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ჰაერში ციმბირული წყლულის, ჩუტყვავილას, ჭირის სპორების ღრუბლები დაცურავდნენ. ექსპერიმენტებს ატარებდნენ მაიმუნებზე. ისინი დიდი რაოდენობით, წელიწადში 500 ცალი მოჰყავდათ აფრიკიდან. მათ ლეშს შემდეგ პირდაპირ კუნძულზე წვავდნენ, კრემატორიუმში. იქვე ახლოს დიდი სამხედრო ქალაქი ააშენეს 1500 მოსახლით. აქ ცხოვრობდნენ ლაბორატორიის თანამშრომლები თავიანთი ოჯახებით, მომსახურე პერსონალი, ჯარისკაცები. პოლიგონის შემქმნელები ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, რადგან ქარს სპორები საწინააღმდეგო მხარეს მიჰქონდა, თავისას შვრებოდა ცხელი კლიმატიც (ზაფხულში თითქმის 40 გრადუსი). აი, ასეთი უსაფრთხოების სისტემა ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, პერიოდულად სისტემა იშლებოდა. ყველაზე ხშირად ზარალდებოდნენ მეთევზეები, რომლებიც ბაცილების ღრუბელში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ამბობენ, რომ კუნძულის ბინადრებმა რამდენჯერმე იპოვეს ნავები ჭირით გარდაცვლილი ადამიანებით. ერთხელ აეროზოლის ღრუბელი ხომალდსაც „გადაეყარა“ და რამდენიმე ადამიანი დააავადა. ცდები მაინც გრძელდებოდა, მხოლოდ 80-იან წლებში შეწყვიტეს.
„ვარიანტი უ“
70-იან წლებში ამ სფეროში წამყვანი იყო „ვექტორი“ - მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. ის ნოვოსიბირსკის რეგიონში, ქალაქ კოლცოვოში მდებარეობდა. მუშაობდნენ ჩუტყვავილას გამომწვევებზე, ებოლას ციებ-ცხელებაზე, მარბურგზე და კიდევ ვინ იცის რაზე. სწორედ აქ შექმნეს შემდეგ „სპუტნიკი“, კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა თავიდან საკმაოდ ბნელი წარსული ჰქონდა.
ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 70-იან წლებში მოხდა, როდესაც მარბურგის ვირუსზე მუშაობისას, ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლაი უსტინოვმა შემთხვევით ხელში იჩხვლიტა და რვა დღეში გარდაიცვალა. ინფექციის გავრცელების შანსი იმდენად დიდი იყო, რომ ის თუთიის კუბოთი დამარხეს, სამმაგი კედლებით. მაგრამ მოულოდნელად ვირუსმა აჩვენა, რომ უსტინოვის ორგანიზმში მან მუტაცია მოასწრო და ბევრად უფრო მომაკვდინებელი გახდა. ეს შტამი სათუთად შეინახეს, ის საფუძვლად დაედო საბრძოლო იარაღის რეცეპტს სახელწოდებით „ვარინტ უ“, „უ“ უსტინოვის პატივსაცემად ეწოდა.
დასახლება N19-ის საშინელებები
ინციდენტი მოხდა 1979 წელს სვერდლოვსკში, სადაც მდებარეობდა ობიექტი სახელად დასახლება N19. ის ფაქტობრივად ციმბირული წყლულის სპორების კონვეიერი იყო. აქ წელიწადში 500 ტონა სასიკვდილო ნივთიერებას ამზადებდნენ. 1979 წლის 30 მარტს ერთ-ერთმა ინჟინერმა სიჩქარეში ფილტრი მოხსნა და შემცვლელს წერილი დაუტოვა, ახალი დააყენეო. წერილი მხოლოდ სამი საათის შემდეგ წაიკითხეს, მას შემდეგ, რაც მილიონობით ბაცილა უკვე ჰაერში იყო გაბნეული.
რამდენიმე დღეში ქალაქის საავადმყოფოში ხალხმა უჩვეულო სიმპტომებით დაიწყო მიმართვა. ექიმები ვერაფერს იგებდნენ, თითქოს ჩვეულებრივი პნევმონია იყო, მაგრამ პაციენტები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ, 10, 20, 50. ფილტვის ჯილეხი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა, მაგრამ საიდან გაჩნდა?
საიდანაც საჭიროა! უპასუხა პარტიამ სვერდლოვსკის რეგიონული კომიტეტის პირველი მდივნის პირით. რა თქმა უნდა, ბორის ელცინმა იცოდა, რაც მოხდა, მაგრამ გარდაქმნამდე ჯერაც შორი იყო, ამიტომ მოსახლეობა ტყუილით დააშოშმინა. 5 აპრილს გაზეთ „ურალის მშრომელებში“ დაიწერა, რომ საქონლის დაავადების შემთხვევები გახშირდა და ხალხი ხორცის ყიდვას უნდა მორიდებოდა.
ადამიანები მაინც იხოცებოდნენ. სხვადასხვა მონაცემით, სანამ ეპიდემიას გაუმკლავდებოდნენ ასიდან ხუთას კაცამდე დაიღუპა. მხოლოდ ექიმების თავგანწირვის შედეგად მოხერხდა, რომ ეპიდემია შეეჩერებინათ. როდესაც ისინი დააჯილდოვეს, გაუთქმელობის ხელწერილიც დააწერინეს. რაც შეეხება ინჟინერს, რომელსაც ფილტრის დაყენება დაავიწყდა, მას მხოლოდ უსაყვედურეს, მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელა.
1980 წელს ელცინს მაინც მოსთხოვეს, დასახლება სვერდლოვსკიდან გადაეტანათ. ეს გადაწყვიტეს კიდეც, მაგრამ შემდეგ დაივიწყეს. წარმოება იმავე ადგილას დარჩა და კიდევ დიდხანს მუშაობდა, მას შემდეგაც კი, რაც რუსეთი 1997 წელს ბიოლოგიური იარაღის წარმოების აკრძალვის კონვენციას მიუერთდა იქ მუშაობა გრძელდებოდა, ოფიციალურად სრულიად უვნებელი საქმიანობა, თუმცა წარმოებაში დღემდე საიდუმლო რეჟიმში მოქმედებს. 1979 წელს „გაპარული“ სპორებს დღემდე ნახულობენ სკოლებში, ბაღებში, კორპუსებში.
ციმბირულმა წყლულმა იცის, რომ რუსეთში დიდხანს უნდა იცოცხოს.
და მას ეს გამოსდის.
ფორუმი