Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არ იყო მამა-შვილური ურთიერთობა" - პოლიცია იძიებს სუროგაციით დაბადებული ბავშვის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას


"მეორე დღეს, როდესაც ბავშვს საფენი გამოვუცვალე და დავბანე, ხერხემლისა და კუდუსუნის მარჯვენა მხარეს ორი დიდი სილურჯე შევამჩნიე..."
"მეორე დღეს, როდესაც ბავშვს საფენი გამოვუცვალე და დავბანე, ხერხემლისა და კუდუსუნის მარჯვენა მხარეს ორი დიდი სილურჯე შევამჩნიე..."

სუროგაციით დაბადებული ერთ წლამდე ბავშვის მიმართ "გარყვნილი ქმედების" ჩადენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაა დაწყებული. პოლიციას 2 აპრილს ბავშვის ძიძამ, როგორც თვითმხილველმა, მიმართა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიურ მამას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 30-დღიანი შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ პოლიცია იძიებს არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას - ეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, ბავშვი სოციალური ზრუნვის სააგენტომ მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.

რატომ იჩივლა ძიძამ?

„მითხრეს, რატომ აიტკიე აუტკივარი თავიო, მაგრამ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ ამაზე თვალი დამეხუჭა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 55 წლამდე ქალი, რომელიც ორ წელზე მეტია თბილისში სუროგაციით დაბადებული ბავშვების ძიძად მუშაობს.

ბავშვს, რომლის ბიოლოგიურ მამასაც პოლიციაში უჩივლა, ქალი დაბადებიდან საკუთარ სახლში ზრდიდა. ჩვილი რამდენიმე დღის იყო, თბილისის პირველი სამშობიაროდან რომ წამოიყვანა.

ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ ძიძა თავდაპირველად 3 თვით დაიქირავა, თუმცა ჩვილი მასთან თითქმის 10 თვის განმავლობაში დარჩა, რადგან კაცმა საქართველოში ჩამოსვლა დააგვიანა:

„ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ვერ ჩამოვდივარო. ასე, 3-3 თვით მიხანგრძლივებდა კონტრაქტს“, - უყვება რადიო თავისუფლებას ქალი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ბავშვის მშობელს ვიდეოზარით ესაუბრებოდა.

კაცი საქართველოში 20 მარტს ჩამოვიდა და ძიძას სთხოვა, რომ სანამ შვილის საქართველოდან გაყვანისთვის აუცილებელ საბუთებს მოამზადებდა, ქალი მათთან დარჩენილიყო:

„სანამ ბავშვი შემეჩვევა, იქნებ ისევ გააგრძელო მუშაობაო. ისნის რაიონში იქირავა სამოთახიანი ბინა და მეც ბავშვთან ერთად იქ გადავედი“, - ჰყვება ქალი, რომელიც იხსენებს - მალევე გამიჩნდა ეჭვი, რომ კაცი შვილზე ძალადობდაო.

„პირველად რომ გაიყვანა თავის ოთახში, მალევე შემომესმა ბავშვის გამწარებული ტირილი. ეს არ იყო გაღიზიანებული ან ჭირვეული ტირილი. მაშინვე შევედი ოთახში. ვიფიქრე, ალბათ იუცხოვა-მეთქი და ჩემს ოთახში გამოვიყვანე. მეორე დღეს, როდესაც ბავშვს საფენი გამოვუცვალე და დავბანე, ხერხემლისა და კუდუსუნის მარჯვენა მხარეს ორი დიდი სილურჯე შევამჩნიე. არ მომეწონა, თუმცა ვიფიქრე, რომ შეიძლება, უხეშად მოჰკიდა ხელი“, - ჰყვება ქალი, რომელმაც ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სოციალური ზრუნვის სააგენტოს მიმართა:

„დაახლოებით ორი კვირა ვიცხოვრეთ იმ ბინაში. ამ ორი კვირის განმავლობაში, მას არასდროს უსაუბრია ოჯახის წევრებთან, ცოლთან. ცოლზე ამბობდა, რომ სხვა ქალაქში მუშაობს. გამიმძაფრდა ეჭვები ბავშვთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც და ჩავაყენე სოცმუშაკი საქმის კურსში“, - ამბობს ქალი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს 2 აპრილის საღამოს, როდესაც, მისი მტკიცებით, შეესწრო სექსუალური ხასიათის მოპყრობას:

„ბავშვთან ჰქონდა გარყვნილი ქმედების შინაარსის შემცველი კონტაქტი. ეს არ იყო მამის მხრიდან შვილის მიმართ გამოხატული გრძნობა - ამის გარჩევა ნამდვილად შემიძლია. ბავშვი მაშინვე გამოვტაცე ხელიდან და თავდაპირველად დავურეკე ისანი-სამგორის რაიონის სოცმუშაკს. ჩავაყენე საქმის კურსში და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა დახმარება. დავრეკე პოლიციაშიც. სანამ პოლიცია მოვიდოდა, კაცმა სახლიდან წასვლაც სცადა, თუმცა შევეწინააღმდეგე“.

ქალი ჰყვება, რომ ბინაში მისვლის შემდეგ პოლიციამ თავდაპირველად ვიდეომტკიცებულებების შესახებ ჰკითხა:

„ცხადია, ასეთი მტკიცებულებები არ მქონდა, რადგან ამის არც დრო მქონდა და არც მომსვლია აზრად. ბავშვთან ერთად გადაგვიყვანეს დიღომში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. საღამოს მივედით და შენობა მეორე დღის 12 საათზე დავტოვეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქალი, რომელიც შიშობს, რომ გამოძიება შესაძლოა, სათანადოდ არ წარიმართოს და ბავშვი კვლავ ბიოლოგიურ მშობელს დაუბრუნდეს.

არ გამორიცხავს, რომ მიმართოს გენერალურ ინსპექციასაც:

„გამოკითხვაზე შესვლისას, აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის ტელეფონიც დამატოვებინეს. კაცს კი მთელი გამოკითხვის პერიოდში თან ჰქონდა ტელეფონი. თარგმანისთვის სჭირდებაო, თუმცა გამოკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა. მოვითხოვე ბავშვისთვის ექსპერტიზის ჩატარებაც. არ ვიცი, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა.

მე დიდი რისკი გავწიე. ინფორმაცია რომ გავრცელდეს, რომ ბიოლოგიურ მშობელს ვუჩივლე, მერწმუნეთ, ჩემი სამომავლო დასაქმებაც სათუო გახდება. გარდა ამისა, არის ფიზიკური საშიშროებაც, რადგან ამ საქმეში, ვგულისხმობ სუროგაციის ბიზნესს, ძალიან დიდი ფული ტრიალებს. ამ ხალხმა ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. რომ არა აუცილებლობა, რომ არა ის, რაც დავინახე, მე ასეთ საფრთხეში არ ჩავიგდებდი თავს. ამ ბავშვს ლამის ერთ წლამდე ვზრდიდი. მის წინაშე თავს პასუხისმგებლად ვგრძნობ. მე ხომ უგუნური არ ვარ, რომ საკუთარ თავს ტყუილად შევუქმნა საფრთხე?“ - ამბობს ქალი.

რადიო თავისუფლება ბავშვის ბიოლოგიურ მამას WeChat-ის საშუალებით დაუკავშირდა. ეს არის აპლიკაცია, რომელსაც აქტიურად იყენებენ საქართველოში სუროგაციით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. კაცმა მიმოწერის მოთხოვნა დაადასტურა, თუმცა კითხვების შემდეგ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

რას იზამს გამოძიება?

ახლა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც იურისტებს აქვთ. მათ შორისაა მარი ვარამაშვილი, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, რომელიც ბავშვების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე მუშაობს.

პირველ რიგში, ის არ ეთანხმება იმ მუხლს, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული - სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლი, გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველთან.

„ეს არის [ შედარებით] მსუბუქი მუხლი და ზოგადი ფაქტები, რაც ამ საქმეში არსებობს, არ შეესაბამება ამ კონკრეტულ მუხლს. ეს მუხლი იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გვყავს, მაგალითად, 15 წლის მოზარდი, რომელსაც ესმის მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შინაარსი და მეორე მხარეს დგას სრულწლოვანი პირი.

როდესაც ბავშვი ამას ვერ აცნობიერებს და როდესაც დანაშაულის შემადგენლობაში ჩნდება უმწეო მდგომარეობა, ასეთ დროს გამოძიება უნდა იწყებოდეს 11 პრიმა 138-ე მუხლით. ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ წლამდე ბავშვზე, აქ ავტომატურად ჩნდება უმწეო მდგომარეობა და გამოძიება უნდა დაწყებულიყო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით“, - ამბობს მარი ვარამაშვილი.

მისი აზრით, პირდაპირი მოწმის მონათხრობი და სავარაუდო დანაშაულის სიმძიმე უნდა გამხდარიყო კაცის დაკავების საფუძველიც:

„ბოლო ეპიზოდი, რომლის შემდეგაც ქალმა პოლიცია გამოიძახა, სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადაუდებლად დაეკავებინათ, რადგან არსებობს პირდაპირი მოწმე, რომელიც საუბრობს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მამა-შვილური ურთიერთობა, რომ ეს ატარებდა სექსუალურ შინაარსს. დანაშაულზე მითითება პირდაპირი მოწმის მხრიდან იყო სრულიად საკმარისი საფუძველი, რომ ეს პირი გადაუდებლად დაეკავებინათ.

ამასთანავე, არსებობს მიმალვის საფრთხეც. გარდა ამისა, საინტერესოა, ამოიღეს თუ არა ტელეფონი, რადგან ტელეფონი ბევრი ინფორმაციის შემცველია. პირადად მქონია პრაქტიკაში, როდესაც საქმეზე არ ყოფილა მტკიცებულებები, მაგრამ ტელეფონის ამოღების შემდეგ მოგვიპოვებია ფაქტები ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“.

გარდა საგამოძიებო უწყებისა, მარი ვარამაშვილს კითხვები აქვს სოციალური ზრუნვის სააგენტოსთანაც - როგორ მოიქცევა ის, როდესაც ამოიწურება ბიოლოგიური მშობლის მიმართ გამოცემული 30-დღიანი შემაკავებელი ორდერი:

„არ ვიცით, რა იქნება ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, არ ვიცით, რას იზამს მეურვეობისა და მზრუნველობის სააგენტო. სამწუხაროდ, გვქონია შემთხვევები, რომ მზრუნველობის სააგენტოს ბავშვი დაუბრუნებია მშობლისთვის და შემდეგ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები კვლავ გაგრძელებულა.

ამ შემთხვევაში, მშობელი არის მომეტებული რისკის შემცველი ადამიანი, არ ვიცით, სუროგაციის პროგრამაში რა მიზნით არის ჩართული. აქედან გამომდინარე, 30-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია ბავშვის მასთან დაბრუნება. როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ისე პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე.

ამ საქმეზე არ არის ჩასატარებელი ბევრი საგამოძიებო მოქმედება, მარტივად შეიძლება ამ საქმის ამოწურვა მაქსიმუმ 2 თვეში. თუკი ამ პერიოდში არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ეს, ჩემი აზრით, ავტომატურად ნიშნავს, რომ არც შემდგომში იქნება გადაწყვეტილება“, - ამბობს მარი ვარამაშვილი.

სოციალური ზრუნვის სააგენტოს მიერ ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნებული ბავშვებისა და მათზე კვლავ გაგრძელებული ძალადობის შესახებ, რადიო თავისუფლებას არაერთი სტატია აქვს მომზადებული.

მათ შორის იყო 4 წლის ნინო, რომელიც 2019 წლის 22 იანვარს საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ბავშვის დედას 11- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბავშვი დაბადებიდან მინდობით აღზრდაში იზრდებოდა, თუმცა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ის ზრუნვის სააგენტომ დედას დაუბრუნა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბავშვზე ძალადობის გამო დედის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ბავშვი დაზიანებებით იწვა კლინიკაშიც, თუმცა ზრუნვის სააგენტომ 4 წლის ნინო მაინც დედასთან დატოვა. ბავშვის სიკვდილის შემდეგ ზრუნვის სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლება რამდენიმე თვის წინათ წერდა, არის შშმ ბავშვის გაუპატიურების საქმე. სასამართლომ ბავშვის დედას უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის გამო უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში, 7 და 8 წლის და-ძმა ზრუნვის სააგენტომ საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად. სააგენტომ მაშინ ჩათვალა, რომ დედა შვილებს არასათანადოდ ეპყრობოდა. და-ძმამ თავშესაფარში დაახლოებით ექვსი თვე გაატარა. 2018 წლის დეკემბრის მიწურულს კი ზრუნვის სააგენტოსა და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით, ბავშვები კვლავ სახლში, დედასთან დაბრუნდნენ. სწორედ იქიდან მოყოლებული, სამი წლის განმავლობაში, უსინათლო ბავშვზე დედის პარტნიორი სექსუალურად ძალადობდა, არასრულწლოვანი ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარეს.

სოციალური ზრუნვის სააგენტო რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობს.

მათ ჯერ ზეპირი, შემდეგ კი ოფიციალური, წერილობითი კითხვებით მივმართეთ. სააგენტოს მოთხოვნა იყო, რომ კითხვები ე.წ. ტიტულოვანი ბლანკით გაგვეგზავნა.

გარდა ერთ წლამდე ბავშვთან დაკავშირებული შემთხვევისა, ასევე გვაინტერესებდა, სოციალური ზრუნვის სააგენტოს სუროგაციით დაბადებულ რამდენ ბავშვზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.

სუროგაციით დაბადებული ბავშვის საქმე არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც საქართველოში სუროგაციის პროგრამას ეხება და რომელსაც დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, დიღომი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, დიღომი

ამ დეპარტამენტის თანამშრომლები იძიებენ ავტოვაგზალზე, დახურულ ჰოსტელში, იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმესაც. ეს გამოძიება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო თავისუფლებამ სუროგატ ქალებზე სტატია გამოაქვეყნა.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

სუროგაციით დაბადებული ბავშვების სტატისტიკა ბოლო 6 წელში - 2019-2024 წლები - ასე გამოიყურება. ეს მონაცემები სუროგაციისა და სუროგატ დედებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე მკვლევრებმა მოგვაწოდეს.

  • 2019 - 601
  • 2020 - 817
  • 2021 - 310
  • 2022 - 833
  • 2023 - 1172
  • 2024 - 941

სტატისტიკა არ მოიცავს მკვდრადშობილ ბავშვებს. რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს, ამავე სტატისტიკის თანახმად, ბოლო ექვს წელში ყველაზე მეტი წყვილი სუროგაციის მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა ჩინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან.

საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული პროცედურებია სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG