21 აპრილს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ ვინ დაიკავებს წმინდა საყდრის ლიდერის პოსტს.
ბუკმეკერების მონაცემებით, ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია 72 წლის პეტერ ერდო – უნგრეთის კარდინალი, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთი გავლენიანი პოზიცია ეკავა კათოლიკურ ეკლესიაში. ის უკვე განიხილებოდა პაპობის კანდიდატად 2013 წელსაც, სანამ არჩევანი ფრანცისკეზე შეჩერდებოდა.
როგორია ახლა ერდოს შანსები? და რაც უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა – რა კავშირი აქვს მას უნგრეთის მზარდად ავტორიტარულ კონსერვატორ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან?
ვინ არის პეტერ ერდო?
პეტერ ერდო ნამდვილად განიხილება "პაპაბილად" – ეს ტერმინი გამოიყენება იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც პაპად არჩევის რეალური შანსი აქვთ.
ისე, თეორიულად, ნებისმიერ მონათლულ კათოლიკე მამაკაცს შეუძლია გახდეს პაპი, მაგრამ XIV საუკუნიდან მოყოლებული მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მაღალ იერარქებს - კარდინალებს ირჩევენ.
ამჟამად კათოლიკურ ეკლესიაში 252 კარდინალია, თუმცა მხოლოდ 135-ს არ შესრულებია 80 წელი, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ აქვთ ხმის მიცემის უფლება.
ერდოს შეუძლია მოიპოვოს ამ 135 ხმიდან საჭირო ორი მესამედი კონკლავზე - პაპის არჩევნებზე, რომელიც წესით მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს (პაპის გარდაცვალებიდან მინიმუმ 16 დღის შემდეგ).
მისი ბიოგრაფია კარდინალის სტატუსისთვის ფრიად შთამბეჭდავია: 2006-2016 წლებში სათავეში ედგა ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციას – ორგანიზაციას, რომელიც ევროპის კათოლიკე ეპისკოპოსებს წარმოადგენს.
ამ პოსტის მეშვეობით მან კავშირები დაამყარა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ეკლესიურ ორგანიზაციებთანაც – რეგიონებთან, რომლებიც დღეს კათოლიკური ეკლესიის მზარდ ძალად ითვლება.
იტალიური და ლათინური ენების ცოდნა, ასევე კანონიკური სამართლის ექსპერტის რეპუტაცია, მას განსაკუთრებულად გამორჩეულ კანდიდატად აქცევს ვატიკანის მაღალი ეშელონების თვალში.
მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება 2021 წელს ბუდაპეშტში ჩატარებული ევქარისტიული კონგრესი – მასშტაბური ღონისძიება, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, პაპსაც ხშირად მასპინძლობს და მორწმუნეებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს.
კონგრესიც ერდოს საშუალებას მისცემდა საჭირო კავშირების გასამყარებლად.
მაგრამ ერდოს, ყველაზე ძლიერი მხარე, შესაძლოა, მისი პრაგმატიზმი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ იგი კონსერვატორად მიიჩნევა, მაგალითად, განქორწინებულთა ზიარების წინააღმდეგია, მან შეძლო პაპ ფრანცისკესთან თანამშრომლობა და არასოდეს გამოუთქვამს მის მიმართ ღია კრიტიკა, რაც სხვებისთვის უჩვეულო იყო.
ფრანცისკემ მას საპასუხისმგებლო როლი მისცა ოჯახის საკითხებზე ვატიკანის სპეციალური შეხვედრების ორგანიზებაში და თავადაც ორჯერ ეწვია უნგრეთს მისი მმართველობის 12-წლიან პერიოდში.
რა კავშირი აქვს ერდოს ვიქტორ ორბანთან?
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი თავს იუდეოქრისტიანული ღირებულებების დამცველად მიიჩნევს და ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს, რომელიც, მისი თქმით, ებრძვის ეროვნულობასა და ქრისტიანობას.
უნგრეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს კათოლიკურ ეკლესიას – პირდაპირი დაფინანსებით, რელიგიური განათლების ხელშეწყობით, კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით და სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის, ევქარისტიული კონგრესის დაფინანსებითაც.
მიგრანტების კრიზისის დროს, 2015 წელს ერდომ მიგრანტების მიღება ადამიანებით ვაჭრობას შეადარა – განცხადება, რომელიც ორბანის რადიკალურ პოზიციას უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ფრანცისკეს ლიბერალურ ხედვას.
თუმცა მალევე ერდომ გააფრთხილა მრევლი რელიგიებს შორის დაპირისპირების საფრთხეზე და იკითხა – შეიძლებოდა თუ არა კონტინენტი "ქრისტიანულად" იწოდებოდეს? აქ ის ერთი შეხედვით გაემიჯნა ორბანის განცხადებებს ევროპის ისლამიზაციაზე.
ის, როგორც ჩანს, უნგრეთის მთავრობასაც ისევე პრაგმატულად უდგება, როგორც სხვადასხვა მიმართულებას კათოლიკური ეკლესიის შიგნით.
მიუხედავად იმისა, რომ თავად არასოდეს გამოუხატავს ღია მხარდაჭერა ორბანის პარტია "ფიდესისთვის", ქვეყნის მასშტაბით არაერთ კათოლიკე მღვდელს მოუწოდებია მრევლისთვის, რომ ხმა ამ პარტიისთვის მიეცათ.
ერდო ფრთხილია. ის დუმილს ინარჩუნებდა ბოლო წლების ზოგიერთი კანონის მიმართ, თუმცა სხვებზე აქტიურად გამოხატავდა აზრს.
მაგალითად, მან უარი თქვა ღიად გაეკრიტიკებინა 2018 წელს მიღებული უსახლკაროების საწინააღმდეგო რეგულაცია — საკითხი, რომელიც პაპ ფრანცისკეს სწავლების წინააღმდეგ მიდიოდა. თუმცა, როცა უნგრეთის მთავრობამ შემდეგ წელს ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკების ნაციონალიზაცია დაიწყო, ერდომ ღიად გააკრიტიკა ეს ნაბიჯი.
მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანის ბევრი დამკვირვებელი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ შეიძლება, თავისი პირველი აფრიკელი ან აზიელი პაპი აირჩიოს, სხვადასხვა ფრაქციის დასამშვიდებლად, ფრანცისკეს პროგრესული და მოულოდნელობებით სავსე ეპოქის შემდეგ, შესაფერისი კომპრომისული კანდიდატი შესაძლოა, სწორედ უნგრეთის კარდინალი იყოს.