5 მაისს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებულ დემონსტრანტებს, ნუცა მახარაძესა და ქეთი ჯაჯანაშვილს თავს დაესხნენ საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტიდან გამოსვლისას.
„ლიფტის კართან დაგვხვდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს“, - დაწერა ნუცა მახარაძემ სოციალურ ქსელში და ვიდეოც გამოაქვეყნა.
ვიდეოში ჩანს აქტივისტის სახე, რომელიც თითქმის მთლიანად არის დაფარული მომწვანო-მოცისფრო სითხით. ვიდეოში ასევე ისმის დაზარალებული ხმა, რომ მას ეწვის თვალები და განიცდის ტკივილს.
რუსეთში ხშირია ბრილიანტის მწვანის (зеленка) სახეში შესხმის შემთხვევები. ასეთი თავდასხმა ხშირად ხორციელდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ადვოკატებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, რეჟისორებზე და ა.შ. ერთ-ერთი პირველი იყო სერგეი უდალცოვი, რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც 2012 წელს დაესხნენ თავს „ზელიონკით“ მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა. თუმცა პუტინის რუსეთში ამ ტიპის თავდასხმების ნამდვილი პიკი იყო 2017 წელს, როცა „ზელიონკის“ შესხმით გამოწვეული უხერხულობა საკუთარ თავზე გამოცადეს:
ყოფილ პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა;
ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ (ორჯერ);
ნავალნის მხარდასაჭერი მიტინგის ორგანიზატორმა ნიკოლაი მაკაროვმა;
ბლოგერმა ილია ვარლამოვმა (ორჯერ);
გამომძიებელ ჟურნალისტთა სკოლის თანამშრომელმა გალინა სიდოროვამ;
პარტია "იაბლოკოს" აქტივისტმა ნატალია ფედოროვამ.
ალექსეი ნავალნის ბრილიანტის მწვანე სახეში შეასხეს 2017 წლის 20 მარტს, ციმბირის ქალაქ ბარნაულში ყოფნისას.
„მათ, ალბათ, ეგონათ, რომ თუ მწვანე სახე მექნებოდა, ვიდეოებს აღარ გადავიღებდი. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, გადავიღებ, რადგან კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემომხედავს!“
ალექსეი ნავალნიმ თავდასხმის შემდეგ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხუმრობით აღნიშნა, რომ ძალიან ჰგავდა ფილმ „The Mask“-ის მთავარ გმირს, თუმცა მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო მკურნალობა სერიოზულად გართულდა, რომ მხედველობის შენარჩუნების მიზნით, ყოველ 15 წუთში უწევდა წვეთების ჩასხმა და, რომ არსებობდა თვალის შეუქცევადად დაზიანების რისკი.
ნავალნიმ თავდასხმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულა თავდასხმის ორგანიზებაში, რაც პირველ რიგში გამოიხატა თავდამსხმელებისათვის ნავალნის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.
„შუბლზე „ზელიონკის“ წასმა“ - საბჭოთა და რუსულ კრიმინალურ გარემოში ეს გამოთქმა თავდაპირველად ნიშნავდა დახვრეტას, სიკვდილით დასჯას, მოგვიანებით კი ბრილიანტის მწვანის ("ზელიონკის“) წასმამ“ უბრალოდ ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის მნიშვნელობა შეიძინა.
„ზელიონკის“ სახეში შესხმის პრაქტიკა 2017 წლის შემდეგაც აქტიურად გაგრძელდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თავდასხმა მოხდა 2022 წლის 7 აპრილს, როცა მატარებელში ორმა უცნობმა პირმა სახეში საღებავი შეასხა „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატ დმიტრი მურატოვს, რომელმაც ასე აღწერა მომხდარი:
„მოსკოვი-სამარის მატარებლის კუპეში აცეტონით გაზავებული ზეთის საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მთელ ვაგონში ზეთის სუნია. გამგზავრება 30 წუთით შეფერხდა. ვეცდები ჩამოვიბანო. თავდასხმისას დაიყვირა: „მურატოვ, ესეც შენ ჩვენი ბიჭებისთვის“.
2021 წლის 31 ოქტომბერს, მოსკოვში, უცნობმა მამაკაცმა ყავის ფინჯნიდან საღებავი შეასხა ცნობილ რეჟისორს, ვიტალი მანსკის, რომელიც დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, „არტდოკფესტის“ ორგანიზატორია. რეჟისორზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ფესტივალის გახსნაზე მისული ყველა ადამიანი ქუჩაში გაიყვანეს ცრუ სატელეფონო შეტყობინების („შენობაში ბომბია“) საფუძველზე.
ტელეკომპანია RTVI-ის ვიდეოში ჩანს, როგორ მიჰყვება რეჟისორს მამაკაცი კინო „ოქტომბრის“ შესასვლელამდე და ეუბნება: „იქნებ იმიტომ, რომ ახლა ასეთი ფესტივალების დრო არ არის? გირჩევთ, ეს ფესტივალი დონბასში ჩაატაროთ, სადაც რვა წელია ხალხი იხოცება... რატომ არაფერი გააკეთეთ იქ?“ რეჟისორი მამაკაცს ხმას არ სცემს, თუმცა იმ მომენტში, როდესაც წასვლას დააპირებს, კაცი სახეში ასხამს საღებავს.
2023 წლის 4 ივლისს ჩეჩნეთში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ადვოკატ ალექსანდრ ნემოვსა და ჟურნალისტ ელენა მილაშინას, რომლებიც გროზნოში ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩავიდნენ.
ზარემა მუსაევა — ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ყოფილი მოსამართლე და ადამიანის უფლებათა დამცველების აბუბაქარ, იბრაგიმ და ბაისანგურ იანგულბაევების დედა — ცნობილი გახდა რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის შედეგად. 2022 წლის იანვარში, მუსაევა დააკავეს ნიჟნი ნოვგოროდში და ჩეჩნეთში გადაიყვანეს, სადაც მას წაუყენეს ბრალდება პოლიციელზე ძალადობასა და თაღლითობაში. მუსაევა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს დევნა მისი შვილების, უფლებადამცველების საქმიანობის გამო განხორციელდა.
აეროპორტიდან გროზნოში მიმავალ გზაზე ნემოვისა და მილაშინას მანქანა შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს, შემდეგ კი ჟურნალისტსა და ადვოკატს ფეხებით სცემეს, წაართვეს დოკუმენტები და აღჭურვილობა.
„ცემისას ეუბნებოდნენ: ხომ გაგაფრთხილეს, წადით აქედან და არაფერი დაწეროთ“, - ნათქვამია ორგანიზაცია „მემორიალის“ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის შემდეგ ნემოვს და მილაშინას გადაადგილება და ლაპარაკი უჭირდათ:
„მას [მილაშინას] მთელ სხეულზე სილურჯეები ემჩნევა, მოტეხილი აქვს ხელის მტევნები, თავი გადაპარსეს და სახესთან ერთად ბრილიანტის მწვანეთი შეუღებს თავი.“
რუსეთის ხელისუფლებამ თავდასხმას უწოდა „სერიოზული ინციდენტი, რომელიც მკაცრ ზომებს მოითხოვს“, თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ელენა მილაშინასა და ალექსანდრ ნემოვზე თავდასხმის საქმე „ვერ“ გამოიძია. ადვოკატ ნემოვის თქმით, ოფიციალურად საქმე შეჩერდა იმას გამო, რომ ვერ მოხერხდა თავდამსხმელთა იდენტიფიცირება.
„ჩემთვის აშკარაა, რომ სინამდვილეში დიდად არც არავინ უძებნიათ“, - განაცხადა ალექსანდრ ნემოვმა.
2023 წლის 6 ივლისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ადვოკატ ელენა პონომარევას სახეში შეასხეს ბრილიანტის მწვანე, რის შედეგადაც ადვოკატს თვალის ბადურა დაუზიანდა. პონომარევა მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ადვოკატთა პროფკავშირში განაცხადეს, რომ ადრე ადვოკატს მესინჯერში ემუქრებოდნენ, უგზავნიდნენ ნათესავების ფოტოებს, ემუქრებოდნენ ქონების განადგურებითა და ძაღლის მოკვლით.
ტელეგრამ-არხ Baza-ს თქმით, ადვოკატზე თავდასხმა სავარაუდოდ უკავშირდება „მოსამართლე კოტოვის საქმეს“: 2021 წლის იანვარში ლიტკარინოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგეი კოტოვი დააკავეს 13 მილიონი რუბლის ქრთამის აღებისას. არხის ცნობით, ადვოკატი პონომარიოვა სასამართლოში მოწმის სახით იყო გამოძახებული.
„ზელიონკა" მხოლოდ დასაწყისია“
რატომ გახდა ასეთი თავდასხმა პოპულარული რუსეთში? არ კითხვის პასუხად, გამოცემა Meduza ვარაუდობს, რომ მთავარი მიზეზი ის არის, რომ თავდამსხმელებს მიაჩნიათ, რომ დაუსჯელებით დარჩებიან, რადგან "ზელიონკით" თავდასხმა უცოდველ ხუმრობას ჰგავს, პოლიცია პრაქტიკულად არ რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე, არ ცდილობს თავდამსხმელის პოვნას და დაკავებას მაშინაც კი, თუ პოლიციელები იქვე იმყოფებიან.
პოლიტიკის ანალიტიკოსისა და ჟურნალისტის, იულია ლატინინიას თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს „ზელიონკით“ ოპონენტებზე გახშირებული თავდასხმები წარმოაჩინოს ხალხის, მოქალაქეების რეაქციად, თუმცა სინამდვილეში მწვანე ხსნარის სახეში შესხმა სწორედ ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.
"ერთ დროს ერთ ქვეყანაშიც ზუსტად ასე იყო ორგანიზებული: იყო პარტია და იყვნენ აღშფოთებული მოქალაქეები ყავისფერ პერანგებში - მოიერიშეები, რომლებიც ვითომ იმპულსურად, ზემოდან ბრძანების გარეშე, აწყობენ ძალადობრივი აქტებს“, - დაწერა ლატინინამ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში:
„ამ ტიპის ოპერატიული კომბინაციები ორმაგი სიხარულის საფუძველს იძლევა - თან ამცირებ მტერს და თან აბუჩად იგდებს მას: „აჰა-აჰა, ესე იგი ხალხს არ მოსწონს, ჩვენ რა შუაში ვართ?“ სინამდვილეში, არანაირი დამოუკიდებელი ინიციატივა არ არსებობს და კრემლის მხარდაჭერის გარეშე ყველა ეს წვრილმანი ბანდიტი მომენტალურად გაქრება. „მოხალისეებისათვის“ ძალადობის დელეგირების პრაქტიკა იმისთვისაა შექმნილი, რომ ეჭვი შეგვეპაროს: მართლა კრემლი აკეთებს ამას? რამდენადაა ეს იმათი ინიციატივა, ვისაც თავის გამოჩენა სურს? იქნებ, წვრილფეხობაა, რომლებმაც გადაწყვიტეს ზოგად ტენდენციასთან ადაპტირება? მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მარტივი ფორმულა: თუ დანაშაული არ გაიხსნება, მაშინ მისი თანამონაწილე, ან თუნდაც ორგანიზატორი, საბოლოო ჯამში, კრემლია“.
იულია ლატინინას თქმით, კრემლმა ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი „ვერ იპოვა“, რაც, მისი თქმით, იმის დასტურია, რომ კრემლი ამ მკვლელობის თანამონაწილე, პოსტ ფაქტუმ თანამზრახველია:
„კრემლი თუ ვერ იპოვის იმათ, ვინც ნავალნის და ვარლამოვს დაესხნენ თავს ბრილიანტის მწვანეთი - კრემლი ამ თავდასხმების პოსტ ფაქტუმ თანამზრახველიც იქნება. თავი არ უნდა აიტკივოთ იმის გამოცნობით, თუ რა განზრახულობა იმალება ამის უკან: „ზელიონკის“ შესხმით კრემლმა თვალი ჩაგვიკრა? მიგვანიშნა? გაგვაფრთხილა? რადგან უნდა გვესმოდეს, რომ „მწვანე“ მხოლოდ დასაწყისია“.
„მწვანე“ რომ მხოლოდ დასაწყისი იყო, ალექსეი ნავალნის შემდგომმა ბედმაც დაადასტურა: 2020 წლის 20 აგვისტოს, ტომსკიდან მოსკოვში დაბრუნებისას ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. შესაბამისად, წინასწარმეტყველურად ჟღერს იულია ლატინინას მიერ "ნოვაია გაზეტაში" 2017 წელს გამოქვეყნებული სტატიის ქვესათაური, რომელსაც აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს და თანაც არა მხოლოდ რუსეთში: "სამხედრო-სპორტულმა თამაშმა „ზელიონკამ“ შეიძლება შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანოს.“
ფორუმი