Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარჩაქის ქალთა ციხეში პატიმრები იხოცებიან. ირანის ხელისუფლება საპატიმროს დახურვას, მოთხოვნების მიუხედავად, არ აპირებს


ყარჩაქის ციხე 2010 წელს დაარსდა. მას აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს
ყარჩაქის ციხე 2010 წელს დაარსდა. მას აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს

მოკლედ

  • თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ყარჩაქის ციხე ირანის ქალთა უდიდესი საპატიმროა.
  • დაწესებულების დახურვისკენ მოწოდებები გახშირდა მას მერე, რაც რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა, როგორც უფლებადამცავები ამბობენ, დაუდევრობის გამო.

ხელისუფლება არათუ ამართლებს, არამედ აქებს კიდეც ქალთა ციხეში არსებულ პირობებს. თუმცა ყოფილი პატიმრების თქმით, ციხე ძლიერ გადატვირთულია, იქ არასათანადო სანიტარული პირობები და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მწვავე ნაკლებობაა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ბოლო თვეში სამი პატიმრის - სამი ქალის გარდაცვალების მთავარ მიზეზად თვლიან არასაკმარის სამედიცინო მომსახურებას.

დაახლოებით 150 ყოფილმა პატიმარმა 29 სექტემბერს გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმო პატიმრების „სისტემური“ სიკვდილიანობა ყარჩაქში და მოითხოვა ციხის დახურვა.

ირანელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ნასრინ სოთუდემ, რომელიც ყარჩაქში იხდიდა სასჯელს, რადიო თავისუფლების ირანულ რედაქციას ესაუბრა და უთხრა, რომ ციხე „საცხოვრებლად უვარგისია“. ის თავდაპირველად ეძებდა დაწესებულების რეფორმირების გზებს, მაგრამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ ეს საპატიმრო უნდა დაეხურათ.
ფოტოჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ალიე მოთალებზადემ, რომელმაც ყოფილ პატიმრებთან ინტერვიუ ჩაწერა, თქვა, რომ ბევრი ჩიოდა დაწესებულებაში მორიელებისა და გველების გამო.


მოთალებზადემ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო მოხელეები, ციხის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი დაადანაშაულა „ქალი პატიმრების მიმართ უპატივცემულო მოპყრობაში“. მისი თქმით, ისინი თვლიან, რომ დაწესებულებაში მყოფი ქალები არასათანადო მოპყრობას იმსახურებენ.

როდესაც ისრაელმა ივნისში ირანთან 12-დღიანი ომის დროს თეირანში “ევინის“ ციხე დაბომბა და არაერთი შენობა დააზიანა, იქ მყოფი ათობით პატიმარი ქალი ყარჩაქში გადაიყვანეს.

თუმცა უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ამ პატიმრების უმეტესობა ყარჩაქში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ “ევინი“ კვლავ გაიხსნა.

სოთუდე ამბობს, რომ პატიმრების ყარჩაქში დატოვება „შურისძიება“ იყო ქალების მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2022 წელს ქვეყანაში უპრეცედენტო ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობაში.

ყარჩაქის ციხის დახურვის მოწოდებები განახლდა დაწესებულებაში სიკვდილიანობის ტალღის გამო. სავარაუდოდ, იქ რამდენიმე ათასი პატიმარია იმყოფება. საპატიმროს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქციები აქვს დაწესებული.


ირანელი აქტივისტი სომაიე რაშიდი, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფი მიიჩნევდა პოლიტიკურ პატიმრად, ყარჩაქში 25 სექტემბერს გარდაიცვალა.


42 წლის ქალი კრუნჩხვების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. თანასაკნელებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ მას სათანადოდ არ მიხედეს.

რაშიდის ერთ-ერთმა თანასაკნელმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ მას „ეპილეფსია - მუდმივი კრუნჩხვები ჰქონდა, ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა და ყოველ ჯერზე, როცა ციხის ექიმთან მიდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ არასაკმარისად იკვებებოდა და პალატაში აბრუნებდნენ“.

ჯამილე აზიზი, რომელიც ფინანსური ბრალდებით იყო დაპატიმრებული, გულის პრობლემების მიუხედავად დროულ მკურნალობაზე უარის მიღების შემდეგ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG