გამოძიება მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ფლობას ედავებოდა - ეს დანაშაული ისჯება 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
ახობაძე დაკავების დღიდან ამტკიცებდა რომ უდანაშაულოა, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა დაკავების დროს ჩაუდეს და სინამდვილეში ის თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო ისჯება.
პროკურატურა ახობაძის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად ახობაძის დამნაშავედ ცნობის და ხელახლა დაპატიმრების შანსი ისევ არსებობს. თუმცა, ახობაძის გათავისუფლების შემდეგ ბევრი კითხულობს - თუ კი მის წინააღმდეგ ბრალდება დაუსაბუთებელია, რა პასუხისმგებლობა ელოდება იმ პოლიციელებს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ.
არაერთი პოლიციელი საათების განმავლობაში სასამართლოს უმტკიცებდა რომ ახობაძე ნარკოდამნაშავე იყო და მისი დაკავების დროს ყველაფერი წესის დაცვით მოხდა.
ამ საქმეში პოლიციელების ჩვენებების გარდა არ არსებობს არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება, არც ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი კადრები და არც ნეიტრალური მოწმის ჩვენება, რომელიც ჩხრეკა-დაკავების პროცესს ესწრებოდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ახობაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება საქმეში მტკიცებულებების სიმწირით დაასაბუთა.
ვინ არიან პოლიციელები ახობაძის საქმიდან?
ოფიციალური ვერსიით, ამ საქმეზე გამოძიება პოლიციელ გიორგი ხარგელიას პატაკით იწყება, ახობაძის დაკავებამდე 4-5 საათით ადრე.
ამ პატაკით ხარგელია მიმართავს თავის ხელმძღვანელს, გიორგი გურეშიძეს. ის ამ დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის "ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველოს უფროსია.
„[ახობაძე] არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ის სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას“, - წერს ხარგელია ამ პატაკში. პატაკში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის წყარო რამდენიმე წელია თანამშრომლობს პატაკის ავტორთან და „არის სანდო, რადგან მის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია რეალიზებულია“.
8 დეკემბრის ღამეს, თამარ მეფის ხიდის სიახლოვეს, როცა ახობაძე და მისი მეგობარი, ლევან ბერიძე პოლიციამ გააჩერა, მას გამომძიებელ ლევან ტაბიძის მიერ იქვე სახელდახელოდ შედგენილი დადგენილება წარუდგინეს „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“.
საქმის მასალების ნაწილია 2024 წლის 8 დეკემბერს 01:20 და 01:35 დროის შუალედში შედგენილ პირადი ჩხრეკის ოქმიც. ოქმში წერია, რომ გიორგი ახობაძეს შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში იპოვეს წებოვან ლენტში 4 შეკვრად დაფასოებული „გაურკვეველი ნივთიერება“. ამ დოკუმენტს გამომძიებელ ლევან ტაბიძის გარდა ხელს აწერს ორი დეტექტივი - ალექსი კობერიძე და რევაზ ზირაქაშვილი. ჩხრეკაში მონაწილეობდა პოლიციელი ირაკლი ნარიმანიძეც.
ზირაქიშვილი სასამართლოზე, მოწმედ დაკითხვისას იტყვის, რომ ახობაძის ჩხრეკისას თან ჰქონდა ტელეფონი, თუმცა არც მას და არც სხვებს საგამოძიებო მოქმედებების გადაღება არ უფიქრიათ.
“მაშინ როცა ტელეფონი გქონდათ, რატომ არ გადაიღეთ ამოღებული ნივთების დალუქვის პროცესი? სამმა პოლიციელმა ერთ ჯგუფში და სამმა პოლიციელმა მეორე ჯგუფში, რატომ ვერ დაგეგმა ჩხრეკის ოპერაცია ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება?” - ჰკითხა მას გიორგი ახობაძემ. ეს ჰკითხეს თითქმის ყველა მოწმე პოლიციელს. ის, რომ ჩხრეკისას ყველა პოლიციელს ტელეფონი თან ჰქონდა, სასამართლოში დაადასტურებს გამომძიებელი ლევან ტაბიძეც.
- ერთი პოლიციელი როცა ჩხრეკს [ადამიანს], მეორეს გაკავებული ჰყავს და მესამე ოქმს ავსებს, ვერ იქნება გადაღებული [პროცესი]; ადამიანური რესურსი არ გვქონდა - უთხრა სასამართლოს 17 ივნისს ირაკლი ნარიმანიძემ.
- 6 პოლიციელი 2 ადამიანს ვერ ჩხრეკთ ისე, რომ საპროცესო კოდექსის მუხლების დაცვით მოიპოვოთ მტკიცებულება - ამას ეძახით თქვენ რესურსი არ გქონდათ. 6 პოლიციელს, ცეცხლსასროლი იარაღებით, ხელბორკილებით და კანონიერი მოთხოვნით შეიარაღებულებს არ შეგიძლიათ 2 კაცის გაჩხრეკა ისე, რომ ეს პროცესი გადაიღოთ - უთხრა გიორგი ახობაძემ ირაკლი ნარიმანიძეს.
- გადმოვედი თუ არა მანქანიდან, თქვენი თანამშრომლები მომვარდნენ, პატრულის მანქანაზე გადამაყუდეს სახით კაპოტისკენ, პატრულის ეკიპაჟიც იქვე იყო და ჯერ უკანა ჯიბესთან შეხებით და მერე წინა მარცხენა ჯიბეში ხელის ჩაყოფით მომითავსეს [ნარკოტიკი] და მე ამას ვაპროტესტებდი, ჯიბეში ხელს რატომ მიყოფთ-თქო... არ გახსოვთ? - კითხა ამ დღეს ახობაძემ ალექს კობერიძეს.
- არანაირად მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, პირადი ჩხრეკა ჩავატარეთ ჩვენ, პატრულის მანქანა და მსგავსი რაღაცეები მე არ მახსენდება და არ ყოფილა იქ - უპასუხა დეტექტივმა.
საქმის მასალების მიხედვით, ახობაძის დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში მონაწილეობდნენ რევაზ იათაშვილი, ირაკლი ნარიმანიძე, შალვა მასხურაშვილი, გიორგი ლობჟანიძე და გრიგოლ კაჭკაჭიშვილი.
ახობაძის ჩვენების მიხედვით, სწორედ გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა აუღო მას პირის ღრუდან ბიოლოგიური მასალა ნარკოტიკების შეფუთვაზე გადასატანად. კაჭკაჭიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია. ის სასამართლომ 23 ივნისს გამოჰკითხა, როგორც მოწმე. კაჭკაჭიშვილმა დაკითხვისას სკამი ითხოვა და დამჯდარი პასუხობდა დამსწრეთა კითხვებს.
„ყველაფერი შეგვიძლია - წამებაც შეგვიძლია, ადამიანის მოკვლაც შეგვიძლია, მაგრამ ამას ხომ არ ვაკეთებთ, ასე ხომ არ ვიქცევით, რა პასუხი გინდათ რომ გაიგოთ?“ - თქვა ამ დღეს პოლიციელმა სასამართლო დარბაზში.
მან ცირკი და ჟონგლიორობა უწოდა ახობაძის ექსპერიმენტს ორ პაკეტთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთზე რეზინის ხელთათმანიანი ხელით იღლიიდან ბიოლოგიური მასალა დაიტანა, მეორე კი ხელუხლებლად დატოვა - ახობაძე ცდილობდა ამ ექსპერიმენტით მისგან მიეღო პასუხი კითხვაზე, რა განასხვავებდა პაკეტებს ერთმანეთისგან.
დაკავების შემდეგ ის სასამართლო სხდომებზე იმეორებდა, რომ პოლიციელებმა მისგან იღლიის ფოსოდან და პირის ღრუდან ბიოლოგიური მასალა ძალით აიღეს, რათა ის იმ ნარკოტიკების პაკეტზე გადაეტანათ, რომელიც ჯიბეში თავად ჩაუდეს დაკავებისას.
- ინფორმირებული იყავით თუ არა ჩემგან გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ ნარკოტიკული საშუალებები მე ჩამიდეს? - კითხა გრიგოლ კაჭკაჭიშვილს ახობაძემ 23 ივნისს.
- სადმე დამიფიქსირეთ ეს, მაგას მეუბნებით? - შეეცადა პოლიციელი კითხვის დაზუსტებას.
- თქვენთვის თუ იყო ცნობილი?
- არაფერი არ იყო ჩემთვის ცნობილი. ჰაერზე ვინ რას ლაპარაკობს. იმდენი მაქვს მოსმენილი, თქვენზე თუ მეკითხებით… არ გამიგია, დაფიქსირება, გავიგებდი.
„ჩამიდეს ეს ნარკოტიკული საშუალება და ვინმე მოვიდეს პროკურატურიდან და გამომკითხოს. უკვე 7 თვეა ველოდები ამას” - უთხრა ამავე დღეს ახობაძემ სასამართლოს.
სხდომის დასრულების შემდეგ პოლიციელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი მანდატურებმა ხელკავით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან - ასე აარიდეს მათ მოწმე სასამართლოში მყოფი ჟურნალისტების კითხვებს.
მედია ვერ დაესწრო 11 ივნისს შალვა მასურაშვილის დაკითხვას სასამართლოში. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ამ დღეს განმარტების გარეშე სხდომა დახურა და ასე გამოჰკითხა პოლიციელი.
სასამართლო სხდომებზე ახობაძე ახსენებდა ასევე პოლიციელებს, რომლებიც სასამართლოში მოწმედ არ გამოცხადებულან და არც გამოძიება დაინტერესებულა მათი გამოკითხვით - მათგან ერთი, გიორგი გურეშიძე არის სწორედ ის, ვინც ახობაძის მტკიცებით, მას ნარკოტიკი ჩაუდო შარვლის ჯიბეში, მეორე კი, ლევან მაისურაძეა, ის ტელეფონით ესაუბრებოდა გურეშიძეს დაკავების და ჩხრეკის მიმდინარეობისას.
„ეს პიროვნება, რომელიც მე სახეზე მახსოვდა, მე არ ვიცოდი ვინ იყო, რა სახელი და გვარი ჰქონდა, ვიცოდი, სად მუშაობდა და რომელი ოთახი იყო მისი, იმიტომ, რომ რომ მიმიყვანეს განყოფილებაში, დავინახე, სადაც იჯდა, კარი ღია ჰქონდა და იცინოდა, გახარებული იყო, რომ ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩააბარა.
მოკლედ, ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და პირველი ფიზიკური კონტაქტი ჩემთან შედგა გიორგი გურეშიძის. გიორგი გურეშიძე რომ იყო, გავიგე იქიდან, რომ ამოსაცნობად სამმართველოს უფროსების ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ბატონი გიორგი გურეშიძე” - თქვა ახობაძემ 10 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
პოლკოვნიკი გიორგი გურეშიძე 2013-2025 წლებში კრიმინალურ პოლიციაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, 2025 წლის ივნისში ის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნეს.
ახობაძე გურეშიძეს კიდევ ერთხელ ახსენებს 16 ივლისის სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც ის დაიკითხება. ამ დღეს ის მოჰყვება, რომ გურეშიძე და კიდევ ერთი, მისი დაკავების ოპერაციაში ჩართული, მაღალი, ათლეტური აღნაგობის კაცი, შეთხელებული თმით, რომლის ვინაობაც მან არ იცის, მისი პოლიციის შენობაში გადაყვანამდე ვიღაცას ელაპარაკებოდნენ ტელეფონით. ერთ-ერთ ჯერზე მათ ვინმე ლევან მაისურაძემ დაურეკა, რომლის სახელი და გვარიც ტელეფონზე დაეწერა და ასე დაიმახსოვრა.
“გურეშიძეს და მეორე ადამიანს შორის იყო ასევე საუბარი ამ სატელეფონო ზარის შემდეგ: მაგან ბრძანებები მერე გასცეს, ჩემზე მეტი “ზვანია” რომ ექნებაო. რაღაც მომენტში დაიწყეს ჩხრეკა, ამოიღეს ეს თავისი ჩადებული პაკეტი, სხვათა შორის ეს პაკეტი შეფუთული იყო ტუალეტის ქაღალდში, რომელიც გამქრალია, იაფფასიანი ტუალეტის ქაღალდები რომაა, აი ეგეთში იყო და აი, აი, რა ამოვიღეთო, თქვეს”, - უთხრა სასამართლოს ახობაძემ.
ლევან მაისურაძე, რომელსაც ის ახსენებს, ახობაძის დაკავებისას ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო, 2025 წლის 10 ივლისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა - მანამდე ამ პოსტს ვაჟა სირაძე იკავებდა.
რას ნიშნავს ახობაძის განაჩენი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სხვა დემონსტრანტებისთვის და მოწმე პოლიციელებისთვის?
საქართველოს პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას იმის შესახებ, დაიწყება თუ არა გამოძიება ახობაძის საქმის მოწმე პოლიციელების მიმართ - ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც მტკიცებულების მოპოვება საპროცესო წესის წინააღმდეგ და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
თუკი დადასტურდება, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული ნივთიერება მართლაც პოლიციელებმა „ჩაუდეს“, მაშინ გამოდის, რომ მოხდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების ფალსიფიკაცია. ეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. სასამართლოს შეუძლია ამ დანაშაულში გამტყუნებულს სამ წლამდე ვადით ჩამოართვას თანამდებობის დაკავების უფლება.
“რომეო ტყეშელაშვილმა დააფუძნა თავისი გამამართლებელი განაჩენი იმაზე, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. თუ მაგ ლოგიკით წავალთ და ამას პრეცედენტად ავიღებთ, ყველა სხვა საქმეში, რომელიც 260-ე მუხლით [ნარკოტიკული საშუალების, დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - რ.თ.] მიმდინარეობს, ანალოგიური სიტუაციაა ერთი-ერთში.
ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ნიკასთან [კაცია] კიდევ უფრო მეტი შეცდომები აქვთ დაშვებული, ვიდრე ჩემთან იყო, ჩემთან მეტ-ნაკლებად დავარცხნილი იყო ჩვენებები”, - თქვა გიორგი ახობაძემ გათავისუფლების შემდეგ.
5 აგვისტოს სასამართლოში დაკითხვაზე ნიკა კაციამ, რომელსაც გამოძიება ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკების ფლობას ედავება და რომელიც ასევე პოლიციას ადანაშაულებს მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში, სასამართლოს უთხრა, რომ ის დაკავების დროს პოლიციელებმა მასზე იძალადეს, დაამცირეს და ღირსება შეულახეს.
ამ დროისთვის, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული 60-მდე ადამიანიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში რჩებიან ნიკოლოზ კაცია და თედო აბრამოვი. ასევე, რუსეთის მოქალაქეები ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული.
ფორუმი