16 ივლისის სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა თავად ახობაძე, სასამართლომ მოუსმინა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილსაც.
“მინდა ჩემი სამძიმარი გადასცეთ ზურა და გია ჯაფარიძეებს დედის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით ზურას, ვიცი, რას ნიშნავს, როცა ციხეში ყოფნისას რეჟიმი მშობელს გიკლავს”, - ამ სიტყვებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში გიორგი ახობაძე 10:14 წუთზე. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა, 14 ივლისს გარდაიცვალა. ახობაძესაც დედა მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირაში, 14 იანვარს გარდაეცვალა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს ჩვენება სასამართლოსთვის არა ბრალდებულისთვის განკუთვნილი შემინული ჯიხურიდან, არამედ მოწმეებისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიეცა.
“პატიმარი, ბრალდებული ჩვენებას იძლევა იმ პოზიციიდან, სადაც ის არის”, - თქვა მოსამართლემ და გიორგი ახობაძეს ჰკითხა, როგორ ფიცს დადებდა ჩვენების მიცემამდე.
ახობაძემ სამოქალაქო ფიცის დადების შემდეგ მოჰყვა, რა ხდებოდა 7 დეკემბრის შუადღიდან, როცა მის სახლში მძიმედ ავადმყოფი დედის მოსავლელად დამხმარე მივიდა, იმ დრომდე, სანამ მას 8 დეკემბრის გამთენიისას წინასწარი დაკავების იზოლატორში შეასახლებდნენ ბრალდებულის სტატუსით.
ჩვენების დასაწყისში ის აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა სასამართლოს ჰქონდეს პოლიგრაფი, რომელიც დაადგენდა, რა განსხვავებაა მის მონათხრობსა და “ცრუ მოწმე პოლიციელების” ტყუილებით გაჯერებულ ჩვენებებს შორის.
- ნინო [ ახობაძის დედის მომვლელი, რომელიც ამავდროულად სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით გამოჰკითხა სასამართლომ 9 ივლისს - რ.თ.] მოვიდა დაახლოებით 3-4 საათზე, ის მცვლიდა ხოლმე, როცა მე სახლიდან გასვლა მჭირდებოდა. დაახლოებით 2 საათი გვჭირდებოდა ყოველდღიური პროცედურების ჩასატარებლად, პაციენტის მოვლას რაც სჭირდებოდა, იმ რუტინისთვის.
მერე დავუკავშირდი მეგობრებს, რომლებთან ერთადაც აქციის მონაწილეებისთვის ვამზადებდით სენდვიჩებს და დაახლოებით 8-9 საათი იქნებოდა, რუსთაველთან რომ მივედი. მანქანა თაბუკაშვილის ქუჩაზე გავაჩერე და დავურეკე "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებს, რომ საკვების და წყლის ატანაში დამხმარებოდნენ. აქციების დროს შეხვედრის ადგილი 9 აპრილის ბაღთან გვაქვს ხოლმე, ავიტანეთ დაახლოებით 4 ყუთი სენდვიჩები და დავალაგეთ რუსთაველის თეატრთან, რომ იქ დაგვერიგებინა. ფოტოები და ვიდეომასალაც არსებობს, როგორ ვარიგებდით საჭმელს და წყალს.
- რისთვის იყო განკუთვნილი ეს საკვები? - ჰკითხა ახობაძეს ადვოკატმა.
- აქციის მონაწილეებისთვის, ამ მოღალატე რეჟიმთან რომ ვიყავით წინააღმდეგობაში, მინდოდა ეს ხალხი ჩემგან მაქსიმალურად მხარდაჭერილი ყოფილიყო და ჩემი ემიგრანტი მეგობრების დახმარებით ვაკეთებდი ამას.
- რამე სხვა როლი თუ გქონდათ აქციებზე? - კვლავ აქვს კითხვა ადვოკატს.
- წინა რიგში, შეტაკებებისას არ ვიყავი ხოლმე, რადგან დედა მყავდა მოსავლელი, არ მინდოდა მე თვითონ გავმხდარიყავი მოსავლელი. ამიტომ ასე ვეხმარებოდი აქციას და ვფიქრობდი იმაზე, როგორ შეგვემცირებინა სპეციალური მომწამვლელი საშუალებების მავნე ეფექტი ადამიანებზე. ვიდეოებს ვამზადებდი რუსული სამთავრობო პროპაგანდის და მანიპულაციების და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ადამიანებს სპეცსაშუალებებისგან დაცვას ვასწავლიდი, ჩემი ტიკ-ტოკის, ინსტაგრამის და ფეისბუკის გვერდებზე ვდებდი ამ ვიდეოებს და ხალხის ინფორმირებას ვახდენდი - პასუხობს გიორგი.
მის ვიდეოებს, რომლებიც გამოირჩევა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი გადაწყვეტილებების მძაფრი კრიტიკით, სხვადასხვა პლატფორმაზე ათიათასობით ნახვა აქვს. დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ახობაძე ღიად საუბრობს დაპატიმრების საფრთხეზე და შიშობს, შესაძლოა "ნარკოტიკები ან იარაღი ჩაუდონ". ის არ გამორიცხავდა არც ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც, რაც მასობრივი გამოსვლების პარალელურად, მისი თქმით, ხელისუფლება ოპონენტებისა და კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებდა, თუმცა მისივე თქმით, იმ დროს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მორალური თვალსაზრისით ჯანმრთელობა შერყეული კაცის ცემა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, შესაძლოა არ ყოფილიყო ხელისუფლებისთვის სასურველი მეთოდი.
- რატომ ელოდებოდით რომ დაგიჭერდნენ? - კითხულობს ადვოკატი.
- შემჩნეული მქონდა, რომ უკანონოდ მითვალთვალებდნენ. გრიგოლ კაჭკაჭიშვილმაც [პოლიციელი, რომელიც ახობაძის საქმეში მოწმედ არის დაკითხული - რ.თ.] დამიდასტურა, რომ მითვალთვალებდა. შენზე ფილმებს განახებო, მითხრა.
საბოლოოდ ახობაძე, მისი მონათხრობის მიხედვით, რუსთაველის გამზირს ღამის 12 საათის შემდეგ ტოვებს, საკუთარი ავტომობილით, მეგობარ ლევან ბერიძესთან ერთად. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, თამარ მეფის ხიდთან, დიდუბის მიმართულებით მიმავლებს საპატრულო ეკიპაჟი აჩერებს, პატრულის თანამშრომელი მძღოლს ჯერ მართვის მოწმობას, შემდეგ კი იდენტიფიცირებისთვის მანქანიდან გამოსვლას და გაყოლას სთხოვს.
“მანქანიდან რომ გადავედი, ეს პატრული თავჩახრილი იდგა, აცნობიერებდა რასაც აკეთებდა. ერთი ნაბიჯი გავაკეთე თუ არა, რამდენიმე კაცი წამოვიდა ჩემკენ” - უთხრა გიორგიმ სასამართლოს. შემდეგ მოჰყვა, როგორ გადააწვინეს ის პატრულის მანქანის “უკანა კაპოტზე” და როგორ ჩაუცურა ერთ-ერთმა ხელი ჯერ უკანა მარცხენა ჯიბეში ღრმად, შემდეგ კი წინა ჯიბეშიც. მისივე მონაყოლის თანახმად, როცა ის საკუთარი ავტომობილიდან პატრულის მანქანისკენ მიჰყავდათ, ამ დროს სანაპიროზე უკვე მოსული იყო რამდენიმე მანქანა შავ ფორმებში ჩაცმული, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით.
- ვინ იყო ეს ადამიანი, ვინც ჯიბეში ხელი ჩაგიყოთ? - ჰკითხა ბრალდებულს ადვოკატმა.
- ჩემს ზურგს უკან იყო და ვერ ვაკონტროლებდი ვინ იყო, წინ ვხედავდი პატრულ ინსპექტორს. შესაძლოა გიორგი გურეშიძე ყოფილიყო, ვინც ხელი ჩამიყო, სავარაუდოდ, გრძელი თითები ექნებოდა. სულ სამი ადამიანი დამამახსოვრდა ამ ოპერაციიდან, ეს მათგან ერთ-ერთია, თავიდანვე მივხვდი, რომ ის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. სამმართველოში რომ გადამიყვანეს, მერე მივხვდი, ეს იყო სამმართველოს უფროსი. იმ ოთახში იჯდა, სადაც ეწერა რომ სამმართველოს უფროსის კაბინეტი იყო - ამბობს ახობაძე.
გიორგი გურეშიძე, რომელსაც ის ახსენებს, სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურად არ ფიგურირებს - 2025 წლის ივნისამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის "ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველოს უფროსი იყო, 2025 წლის ივნისში კი სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახობაძის თქმით, გურეშიძე და კიდევ ერთი, მისი დაკავების ოპერაციაში ჩართული, მაღალი, ათლეტური აღნაგობის მქონე კაცი ცოტა შეთხელებული თმით, რომლის ვინაობაც მან არ იცის, მისი პოლიციის შენობაში გადაყვანამდე მუდმივად იყვნენ სატელეფონო კავშირზე ვიღაცასთან. ერთ-ერთ ჯერზე მათ ვინმე ლევან მაისურაძემ დაურეკა, რომლის სახელი და გვარიც ტელეფონზე დაეწერა და ასე დაიმახსოვრა.
“გურეშიძეს და მეორე ადამიანს შორის იყო ასევე საუბარი ამ სატელეფონო ზარის შემდეგ: მაგან ბრძანებები მერე გასცეს, ჩემზე მეტი “ზვანია” რომ ექნებაო. რაღაც მომენტში დაიწყეს ჩხრეკა, ამოიღეს ეს თავისი ჩადებული პაკეტი, სხვათა შორის ეს პაკეტი შეფუთული იყო ტუალეტის ქაღალდში, რომელიც გამქრალია, იაფფასიანი ტუალეტის ქაღალდები რომაა, აი ეგეთში იყო და აი, აი, რა ამოვიღეთო, თქვეს”, - უთხრა სასამართლოს ახობაძემ.
ლევან მაისურაძე, რომელსაც ის ახსენებს, ახობაძის დაკავებისას ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო, 2025 წლის 10 ივლისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა - მანამდე ამ პოსტს ვაჟა სირაძე იკავებდა.
ოფიციალური ვერსიით, ამ საქმეზე გამოძიება პოლიციელ გიორგი ხარგელიას პატაკით იწყება, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ დაწერა. ახობაძის დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში კი ჩართულები იყვნენ ალექს კობერიძე, რევაზ იათაშვილი და ლევან ტაბიძე. საგამოძიებო მოქმედებებში ასევე მონაწილეობდნენ ირაკლი ნარიმანიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, შალვა მასხურაშვილი და გიორგი ლობჟანიძე.
ახობაძის მონათხრობის მიხედვით, მისი დაკავების და ჩხრეკის პროცესში სულ ცოტა, 6 ადამიანი მაინც იყო ჩართული და ესენი არ იყვნენ იმ საპატრულო ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ის თავიდან გააჩერა.
“როცა წამომაყენეს და ხესთან დამაყენეს, პატრული წავიდა მაშინვე. მივხვდი, რომ სერიოზულ პრობლემას მიგეგმავდნენ.
ხესთან მიდიოდა საუბარი, მე ვაფიქსირებ ჩემს პრეტენზიას, ასე როგორ შეგიძლიათ ადამიანის გაწირვა, რატომ ჩამიდეთ წამალი-მეთქი? ის [იგულისხმება გურეშიძე] მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება, ქალაქელი ბიჭი ხარ და ნუ პანიკიორობო.
მე ვეუბნებოდი, რა იქნება ყველაფერი კარგად? ნარკოლოგიურში გადაგიყვანთ და თუ არაფერი აღმოგაჩნდება, გაგიშვებთო.
სანამ ჩხრეკას დაიწყებდნენ, პრეტენზიებს რომ ვაფიქსირებდი ჩადებასთან დაკავშირებით, გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა მითხრა, თუ არ გაჩერდები, მოგადებო და თან მითხრა, შენზე ფილმებს გაჩვენებო, როგორც ჩანს დიდი ხანი მითვალთვალებდა.
ამის შემდეგ, პირი გამიღეო, ენა ამაწევინეს და ძალიან ინტენსიურად დამიწყო ხელის მოსმა, უცნაურ კონტაქტს ახორციელებდა ჩემს ლორწოვანთან, ვიფიქრე რომ ნარკოტიკის გადატანას ხომ არ აპირებდა, რომ მერე ნარკოტესტს ეჩვენებინა მოხმარება, მაგრამ მერე მივხვდი რომ ბიოლოგიური მასალის უკანონოდ მოპოვება იყო, რომელიც დაიტანეს კიდეც იმ ნივთიერებაზე. ცისფერი ფერის ხელთათმანი ეკეთა. ალექს კობერიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი და გიორგი გურეშიძე იყვნენ საკვანძო მომენტებში ჩემთან, მათი სახეებიც დამამახსოვრდა - უთხრა ბრალდებულმა სასამართლოს.
11 ივლისს დაკითხულმა ექსპერტმა მართლაც დაადასტურა, რომ ამ საქმეში მტკიცებულებად ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალაზე არსებული ბიოლოგიური მასალა ნერწყვია. გიორგი ახობაძეს ნარკოლოგიური ექსპერტიზა არ ჩასტარებია - დაკავების შემდეგ ნარკოლოგიურში გადაყვანაზე მან თავად თქვა უარი, თუმცა 10 დეკემბერს, სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად როცა მიიყვანეს, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა, რომ სურდა ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და მზად იყო არა მხოლოდ შარდით, არამედ თმის ღერით ან ფრჩხილით გამოეკვლიათ (რომლებიც უფრო ხანგრძლივად ინახავს ნარკოტიკული საშუალებების კვალს), იღებდა თუ არა ის ნარკოტიკულ საშუალებებს. ახობაძემ სასამართლოს უთხრა ისიც, რომ გარდა ნერწყვისა, მისი ბიოლოგიური მასალა უკვე კრიმინალურ პოლიციაში გადაყვანის შემდეგ ალექს კობერიძემ იღლიების ფოსოებიდანაც აუღო.
“მივხვდი რომ დნმ-ს მიღებდა და რო ვეუბნებოდი, ამას რას აკეთებ-მეთქი, თავიდან უარყოფდა, მერე მითხრა, შენ ახლა მე მორალს მიკითხავო”, - უთხრა ახობაძემ სასამართლოს. მან ჩვენების დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ის პოლიციელებს მუდმივად სთხოვდა ადვოკატს, რომელთან დაკავშირების საშუალებაც მას სასამართლოში გადაყვანამდე არ მისცემია. ის თვლის, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, როგორც სოციალურ მედიაში დიდი აუდიტორიის მქონე პოლიტიკურად აქტიური მოქალაქის. მან სასამართლოს უთხრა, რომ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე თვალში საცემი იყო მის არხებზე ე.წ. ტროლებისა და ბოტების აქტიურობა, რომლებიც მის მადისკრედიტებელ გზავნილებს ავრცელებდნენ და მას, როგორც ნარკომომხმარებელს, ისე წარმოაჩენდნენ.
ახობაძის ჩვენების ნაწილი იყო პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის კითხვებზე პასუხიც. ბრალდების მხარის პირველი 8 კითხვა ახობაძის წარსულს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის ნაწილია ყველა ცნობა ახობაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე თუ სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოებული საქმეების შესახებ, მან ბრალდებულს სთხოვა გაეხსენებინა, რამდენჯერ და რისთვის იყო ნასამართლევი და დაკავებული.
“მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, რასაც ადასტურებს ჩემი წინა ცხოვრება და მათ შორის საქმეები, როგორც სისხლის სამართლის საქმე, ისე ადმინისტრაციული - რაც გამოიყენეს არა ჩემი პიროვნების შესასწავლად, არამედ დისკრედიტაციისთვის.
დღეს მე ვარ პოლიტიკური მოტივით დაკავებული: პირდაპირ მეუბნებოდნენ პოლიციელები, აქციებზე რო დადიხარ, აბა, რა გგონია, ფეიერვერკებს რო გვესვრითო? სად გესროლეთ-მეთქი, რომ ვეკითხებოდი, შენ არა, მაგრამ ხომ ამარაგებდიო.
მუქარებიც იყო [დაკავებამდე] შენს სადარბაზოში სისხლში გაბანავებთ, დაგმარხავთ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლებიც ვერ გიპოვიანო - თქვა ახობაძემ.
მან განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ორი საქმიდან, რომელიც მის წინააღმდეგ სხვადასხვა წლებში იყო ნაწარმოები, ერთი 0,2 გრამი მარიხუანას ფლობას უკავშირდებოდა, მეორე კი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქციაზე მის აქტიურობას. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, აქაც ერთი პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის მანქანის დაზიანების გამო აღიძრა, მეორე კი 2019 წელს ნარკოტიკული საშუალება MDM-ის ფლობის გამო, თუმცა მოგვიანებით თავად სახელმწიფომ გაავრცელა ამნისტია ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
- მე პირველ სხდომაზეც ვთქვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ეს პრობლემა, მაგრამ ვარ ამაყი, რომ მე ეს პრობლემა დავძლიე;
სამ სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებაში, ავერსში, ასპრიასა და რეფორმერში, კვირაში მინიმუმ სამჯერ და უფრო ხშირად 6-ჯერ შევდიოდი და ვვარჯიშობდი რამდენიმე საათის განმავლობაში. თვითონ კი ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკებს მოვიხმარდი, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მე მოვიხმარდი შტანგას, ჯანსაღ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს და ძალიან ამაყი ვარ ამით - უთხრა ახობაძემ სასამართლოს.
მისი დაკავების მომდევნო დღეებში ხელისუფლების მხარდამჭერი პროპაგანდისტული არხები ახობაძის დისკრედიტაციის მიზნით სისტემურად და ორგანიზებულად ავრცელებდნენ ცნობებს მისი ნასამართლობის და ნარკოდამოკიდებულების შესახებ.
- თუ გახსოვთ ის ობიექტები, რაც თქვენი შარვლიდან ამოიღეს, რა ობიექტები იყო? - ჰკითხა ბრალდებულს პროკურორმა.
- ის ობიექტები გახვეული იყო ტუალეტის ქაღალდში, ერთი დავინახე შედარებით სრულად, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა ჰქონდა - რამდენი იყო და როგორ გამოიყურებოდა რეალურად, აღწერილობა და რაობა, გავიგე მას შემდეგ, რაც საქმის მასალებზე წვდომა მომეცა - თქვა ბრალდებულმა.
გამოძიება მას დიდი ოდენობით სინთეზური რაოდენობის, ამფეტამინის შეძენა-შენახვას ედავება.
ახობაძის გამოკითხვის შემდეგ, ერთი საათისა და 7 წუთის განმავლობაში უკვე პროკურორის საბოლოო სიტყვას ისმენდა სასამართლო. დარბაზში ამ დროს ბრალდებულის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აღარ იმყოფებოდნენ. შმაგი გობეჯიშვილმა დეტალურად განიხილა მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც მისივე თქმით, ეწინააღმდეგება ბრალდებულის მონათხრობს - პროკურატურისთვის ეს ნიშნავს რომ ბრალდებულს თავის დასაცავი არგუმენტები არ აქვს, გიორგი ახობაძისა და მისი ადვოკატებისთვის კი სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებია ცრუ.
“მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გთხოვთ, ცნოთ დამნაშავედ გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალში”, - ასე დაასრულა შმაგი გობეჯიშვილმა თავისი სიტყვა.
ამ საქმეზე ბოლო სხდომა 22 ივლისს, 11 საათზეა ჩანიშნული. არსებობს მოლოდინი, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ამავე დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. თუკი სასამართლო ახობაძეს დამნაშავედ ცნობს, მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი