Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ურტყამს რუსეთი მატარებლებს უკრაინის სარკინიგზო მიმოსვლის „პარალიზების“ მიზნით


მეხანძრე შოსტკაში სამგზავრო მატარებელთან რუსეთის არმიის დრონით იერიშის შემდეგ. უკრაინის პოლიციის მიერ მოწოდებული ფოტო.
მეხანძრე შოსტკაში სამგზავრო მატარებელთან რუსეთის არმიის დრონით იერიშის შემდეგ. უკრაინის პოლიციის მიერ მოწოდებული ფოტო.

მოკლედ

  • რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე. მისი სამიზნე მატარებლები, სადგურები და ქვესადგურებია.
  • უკრაინის რკინიგზა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო ტრანსპორტის, ეკონომიკური ექსპორტისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, შეფერხებების მიუხედავად.
  • რუსეთმა ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 220-ჯერ დაარტყა უკრაინის რკინიგზის ინფრასტრუქტურას.

როდესაც რადიო თავისუფლების ოპერატორი დამწვარ ვაგონში გადიოდა, მინა ფეხქვეშ ღრჭიალებდა. დერეფნის ბოლოს, მატარებლის დაგრეხილი ნაწილებს ბოლი ასდიოდა.

4 ოქტომბერს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შოსტკაში რუსეთმა დაარტყა სამგზავრო მატარებელს.

ეს იყო მატარებლებსა და რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების სერიის უახლესი შემთხვევა, რომელსაც მოჰყვა სისხლი, ზარალი და სარკინიგზო მოძრაობის მოძრაობის შეფერხება.

„რუსეთის სურვილი აშკარაა: უკრაინაში სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება, რადგან ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სამხედრო ტვირთები, რკინიგზით გადააქვთ”, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

„მოხდა დარტყმები რკინიგზის დეპოებზე, ასევე დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა. თავდასხმების მუდმივი სამიზნეა რკინიგზის ქვესადგურები”, - დასძენს ომელიანი.

უკრაინის რკინიგზის ქსელი და მისი მუშაობის შენარჩუნება ეროვნული სიამაყის, ეკონომიკური აუცილებლობის, ჰუმანიტარული ტრანსპორტის და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მნიშვნელოვანი საფუძველი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული დრონებითა და რაკეტებით მთელ ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება საჰაერო თავდასხმები, სამხედრო ტექნიკით დატვირთული და ჯარისკაცებით სავსე მატარებლები, ასევე სატვირთო ვაგონები, რომლებსაც გადააქვთ ჰუმანიტარული დახმარება ომით დაზარალებულ რეგიონებში და მარცვლეული და სხვა საექსპორტო საქონელი კიევის ბიუჯეტში ფულის შესატანად, მაინც შეუფერხებლად მოძრაობენ.

ომით გამოწვეული საფრთხის მიუხედავად, ქვეყნის სამრეწველო პროდუქტის დაახლოებით 60-65 პროცენტი კვლავ რკინიგზით მოძრაობს. მსოფლიო ლიდერებიც კი უკრაინულ მატარებლებს იყენებენ იმ ტერიტორიაზე ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, სადაც საჰაერო მიმოსვლა შეუძლებელია.

მოსკოვის სამხედრო ხელმძღვანელობას რკინიგზის სტრატეგიული მნიშვნელობა არ გამორჩენია.

სისტემატური კამპანია

ომის დასაწყისში უკრაინის რკინიგზა უყურადღებოდ იყო. მიმომხილველების თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ომი მალე დასრულდებოდა, ამიტომ არ იყო საჭირო ძირითადი ინფრასტრუქტურის ზედმეტად დაზიანება.

რუსეთი შიგადაშიგ ესხმოდა თავს უკრაინის რკინიგზას, რის მაგალითიც 2022 წლის აპრილში კრამატორსკის სადგურზე მომხდარი სისხლიანი დარტყმა იყო, რომელიც მთელ მსოფლიოში დაგმეს.
თუმცა წელს, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ეს სისტემატურ კამპანიად იქცა.
შოსტკას თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „რუსები ბარბაროსობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ“ ზაფხულის მერე განმეორებითი თავდასხმებით.

„მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე - მათ შორის მატარებლებზე, სადგურებსა და ელექტროენერგიის ქვესადგურებზე - რუსეთის 220 დარტყმა აღინუსხა“, - წერს ის.

რკინიგზის კვანძები განსაკუთრებული სამიზნე გახდა.

„საკვანძო სადგურებზე მატარებლების უფრო დიდი კონცენტრაციაა და მოძრაობა იქ უფრო რთულია - ამიტომ რუსებისთვის ასეთ სადგურებზე თავდასხმა უფრო მიმზიდველად გამოიყურება“, - თქვა ომელიანმა.

დაზიანებებისგან გამოწვეული შეფერხების ზუსტი მასშტაბები გაურკვეველია. სვირიდენკოს თქმით, უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია ფრონტის ხაზის რეგიონებში მარშრუტებს ცვლის და სხვა რეგიონებში ავტობუსებს იყენებს. სინამდვილეში, ეს უკვე ხდება კარგა ხანია.

„ტიპური ღამე“

მაგალითად, 17 სექტემბერს, Visit Ukraine-ის ტურისტულმა ვებსაიტმა აღნიშნა, რომ „ღამის დაბომბვამ რკინიგზას ზიანი მიაყენა“, რამაც ცვლილებები გამოიწვია რეგიონულ ცენტრებს, მათ შორის დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის ექვს მთავარ მარშრუტზე.

იმ დღეს, უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პერცოვსკიმ, Facebook-ზე აღნიშნა, რომ „ეს იყო ტიპური დღე - უფრო სწორად, ღამე - უკრაინის რკინიგზისთვის. რკინიგზის დნეპროპეტროვსკის ხაზი რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დაზარალდა და გაჩერდა“.

„სარეზერვო ლოკომოტივები მზადყოფნაშია, ლოკომოტივების ეკიპაჟები გადიან, ისინი ცდილობენ შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას და წესისამებრ - ყველას დანიშნულების ადგილამდე მიყვანას!“ - დასძინა პერცოვსკიმ.

უკრაინის ქსელის თითქმის ნახევარი ელექტრიფიცირებულია. თუმცა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო ელექტროლოკომოტივების მუშაობა შეუძლებელია, ხოლო უკრაინას დიზელის ძრავიანი მატარებლების შეზღუდული და მოძველებული მარაგი აქვს.

უკრაინის ბიუჯეტის კომიტეტმა აგვისტოში დაამტკიცა სარეზერვო ფონდის გაფართოება, რომელიც, პერცოვსკის თქმით, მთავრობას საშუალებას აძლევს „სწრაფად დააფინანსოს გადაუდებელი რემონტი და გამოყოს თანხები რკინიგზის ოპერატიული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.

რუსეთის დარტყმები სამხედრო და ეკონომიკურ მონაცემებზე ზემოქმედებს.

უკრაინაში სამხედრო ტექნიკა შემოაქვთ და ის რკინიგზით გადააქვთ. იგივე ეხება სამხედრო მანქანებს. აღმოსავლეთ უკრაინის იმ ნაწილებში, სადაც ბრძოლები ყველაზე ინტენსიურია, გზები იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ სარკინიგზო კავშირები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტრანსპორტის შესანარჩუნებლად.

რკინიგზა გამოიყენება ლითონებისა და რკინის მადნის დასავლეთ საზღვართან და სამხრეთის ნავსადგურებში გადასატანად. სატვირთო მატარებლები ეზიდებიან ასევე მარცვლეულს. ეს ყველაფერი სტრატეგიული პროდუქტია, რომლის ექსპორტიც აძლევს, სხვათა შორის, უკრაინას შესაძლებლობას, ომი აწარმოოს.
რუსეთის იერიშები სახიფათო საქმედ აქცევს რკინიგზით მგზავრობას როგორც რიგითი უკრაინელებისთვის, ასევე დასავლელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანას სტუმრობენ ხოლმე.

„ხალხი შეშინებულია. ეს იწვევს მგზავრთა მოძრაობის მუდმივ შეფერხებებს. ქალაქებზე თავდასხმების გარდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ზრდის არასტაბილურობას“, - თქვა სერჰეი ვოვკმა, კიევში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის, სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელმა.

„როდესაც მატარებელი დაზიანების გამო გრაფიკიდან ვარდება, ეს “დომინოს ეფექტს” ახდენს სხვა მატარებლების მარშრუტებზე, რადგან გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ მატარებლები დიდხანს არ ჩერდებიან უმოქმედოდ“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

8 ოქტომბერს ამ დაუნდობელი კამპანიის ზემოქმედება არ შეწყვეტილა. უკრაინის რკინიგზამ განაცხადა, რომ „მტრის თავდასხმებმა“ გამოიწვია მრავალი მატარებლის დაგვიანება, გაუქმება და მარშრუტის შეცვლა. წინა დღეს პოლტავაში რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პირდაპირმა დარტყმებმა და ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია შენობებისა და მოძრავი შემადგენლობის დაზიანება და ხანძარი.

XS
SM
MD
LG