ვინ არიან კანონპროექტის ინიციატორები?
პარლამენტის წევრები:
არჩილ გორდულაძე
თორნიკე ჭეიშვილი
რატი იონათამიშვილი
ალუდა ღუდუშაური
დავით მათიკაშვილი
თენგიზ შარმანაშვილი
ალექსანდრე ტაბატაძე
გურამ მაჭარაშვილი
აკაკი ალადაშვილი
რატომ დაჩქარებულად, რიგგარეშე სესიაზე?
ამ კითხვაზე პასუხი კანონპროექტის ინიციატორებმა განმარტებით ბარათში ჩაწერეს:
„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა“.
რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ კანონის შეცვლა?
განმარტებით ბარათის თანახმად, ინიციატორებს სურთ დაიცვან მათი კონფიდენციალურობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს:
„ მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ გაზრდის გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მინიმუმამდე დაიყვანს მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას“,
ვინ შეიძლება იყვნენ ასეთი „პირები“?
ყველა, მათ შორის სამართალდამცავებიც.
რა იცვლება კონკრეტულად?
იცვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 6 მუხლი და ემატება 2 ახალი.
აი, მაგალითად, ახალი, 118-ე სეკუნდა მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ გამოძიებაში მონაწილის ვინაობის არ გამჟღავნება უვადოდ ხდება შესაძლებელი.
თუკი აქამდე, მხარეს უფლება ჰქონდა, სასამართლოში მოეთხოვა მოწმის დაკითხვა, ცვლილებების მიხედვით, ამ ჩანაწერს (მუხლი 14) დაემატება კიდევ ერთი აბზაცი:
„ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ის პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება 83-ე მუხლს და მას დაემატება მეხუთე პრიმა ნაწილი:
„თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, დაცვის მხარეს ამ მოქმედებისა და ყველა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით“.
ცვლილებები შევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლშიც და მის პირველ ნაწილს, რომელიც გამოკითხვის ოქმში, გამოსაკითხი ადამიანის შესახებ პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, განათლება, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილი ) აღნიშვნას ეხება, დაემატება აი, ასეთი ჩანაწერი:
„გამოკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია“.
რა აღელვებთ იურისტებსა და უფლებადამცველებს?
ისინი ამბობენ, რომ ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევის შესაძლებლობაც დაცვას აღარ ექნება, არ ეცოდინება მოწმის ვინაობა, რაც სრულად დაარღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.
„ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურა მოითხოვს, რომ დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, დაკითხოს ან დააკითხვინოს ის მოწმე, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას და შესაბამისად, შეამოწმოს ამ მოწმის სანდოობა, ტყუის თუ არა, გააჩნია თუ არა რაიმე ინტერესი, რის გამოც შეიძლება ცრუობდეს, არის თუ არა რაიმე სხვა გარემოება, რაც მის მიუკერძოებლობაში, მიერ მიერ მიცემული ჩვენების სისწორეში დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს.
როდესაც პირი აბსოლუტურად ანონიმურია, იკითხება დისტანციურად, არ იცი, ვინ არის, როგორ იქცევა ჩვენების მიცემის დროს, რაზე მიუთითებს მისი სხეულის ენა, არ გაქვს საშუალება შეამოწმო მისი სანდოობა, როდესაც ეს ყველაფერი შეუძლებელი ხდება, გამოდის, რომ შენ არ გაქვს სამართლიანი, მხარეთა შეჯიბრებითობაზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პროცესი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ბარამიძე, იურისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის მენეჯერი.
მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კონტექსტი და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესები, რომელიც უკვე შვიდ თვეზე მეტს ითვლის. ლაპარაკია პროევროპული აქციებისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ათობით (60-ზე მეტი) და ასობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე, რომელთა სასამართლო სხდომებიც თვეებია გრძელდება და სადაც ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები სწორედ სამართალდამცავები არიან.
„ამ სასამართლო სხდომებზე (სანამ 30 კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, სასამართლოში ფოტო-ვიდეო-აუდიო გადაღება/ჩაწერის შეზღუდვა ამოქმედდებოდა), ვხედავდით, თუ როგორი მასობრივი ხასიათი მიიღო ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებმა. ახლა თუ არა, როდესღაც ყველაფერი შეიცვლება და მომავალი ხელისუფლების პირობებში, ისინი პასუხს აგებენ იმ დანაშაულისთვის, რასაც ჰქვია, ყალბი, ცრუ ჩვენების მიცემა. თუმცა, ცვლილებების მიხედვით, კოდექსში ჩაიწერა სიტყვა „უვადოდ“, რომ მერეც ვერ აგონ ცრუ მოწმეებმა პასუხი.
არის მოსაზრება, რომ ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, იმოქმედოს ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნარკოტიკების ჩადება და რომ ასეთი ფაქტები, შესაძლოა, გახშირდეს, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს არ შემოიფარგლება მარტო ერთი ტიპის დანაშაულით, ეს არის ზოგადი საპროცესო ცვლილებები და ნებისმიერი დანაშაულთან დაკავშირებით შეეძლებათ მასობრივად შემოიყვანონ ანონიმური მოწმეები, რომელთა სანდოობას ვერასდროს შეამოწმებ და არც მათ ექნებათ არანაირი შემაკავებელი ფაქტორი, რომ იცრუონ“, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მას სრულიად გაუმართლებლად მიაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და ამბობს, რომ ეს ცვლილებები, სინამდვილეში გამოყენებული იქნება „პირების დევნისთვის“:
„ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო პროცესში პირიქით, იზრდებოდეს ხილვადი, სათანადო წესით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული მტკიცებულებები, იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების წილი, ეს კი რეალურად აჩვენებს იმას, რომ სისტემას სჭირდება ასეთი მექანიზმების გამოყენება“.
თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სისტემაში „ისედაც არსებობდნენ ასეთი პირები“, თუმცა, ახლა მათ ეძლევათ „ხელშეუხებლობის მყარი გარანტიები“
„პრაქტიკაში, ასეთი პირები ისედაც იყვნენ დაცულები და როგორც წესი, ძალიან ხშირად გვქონდა ხოლმე შემთხვევები, როდესაც თავდაპირველ წყაროს არ ავლენდნენ და რომელიმე პოლიციის ოფიცერი ამბობდა, რომ შემოვიდა ინფორმაცია და მისი პატაკით ლეგალიზდებოდა ხოლმე ფარული წყაროების მიერ მიცემული ინფორმაცია.
რეალობაში, ისედაც ნაკლებად ხილულნი იყვნენ ასეთი წყაროები, ადამიანები, რომლებიც ფარულ ინფორმაციას აწვდიდნენ გამოძიებას. ამ პირების გამჟღავნების პრაქტიკა და მათი სასამართლოში გამოკითხვის პრაქტიკა ისედაც სუსტი იყო.
თუმცა, მათ ახლა ასევე სჭირდებათ მორალური და სამართლებრივი უსაფრთხოება, რადგან ბოლო პერიოდში, იმდენად გაიზარდა ადამიანის უფლებების დარღვევები, მართლმსაჯულებაში ცრუ მოწმეები, რომ მათ სულ უფრო მეტი ინფორმაციის დახურვის შესაძლებლობა უნდათ რომ შექმნან. იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ირღვევა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, საერთოდ არ მიკვირს ამ ტიპის ცვლილებები“, - ეუბნება თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებას.
კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი, რიგგარეშე სესიაზე, ამ კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღებს, „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
ფორუმი