ალექსანდრე წულაძემ, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, 17 აპრილს ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას თქვა, რომ სკოლებისთვის დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი. შეიქმნება სახელმძღვანელოებიც.
ინგლისური არის უცხოური ენა, რომელიც საქართველოში ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა. ის პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება.
მეორე უცხო ენის სწავლას ბავშვები მე-5 კლასიდან იწყებენ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე და მშობელი აირჩევს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად ორი უცხო ენა მაინც შესთავაზოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზეც, თუ რომელი ენის მასწავლებელი ჰყავს თავად სკოლას.
დღეს მეორე უცხო ენად საქართველოს სკოლებში ბავშვებს ძირითადად ასწავლიან ფრანგულს, გერმანულს, იტალიურს, თურქულს, ზოგიერთ სკოლაში - რუსულს.
ჩინური ენის მასწავლებელი მხოლოდ 15 სკოლას ჰყავს. ამ სკოლებშიც ჩინური მეორე ენის სტატუსით არაა, უბრალოდ, მოსწავლეებს სკოლა ამ გაკვეთილებსაც სთავაზობს.
განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ ჩინურის სწავლა სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა, ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან ერთად სტანდარტის შექმნაზე იმუშავებს. როდესაც სკოლებში ახალი ენის სწავლება იწყება, სამინისტრო ვალდებულია დაამტკიცოს პროგრამები და სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები.
„ჩვენთან ახლა პოპულარულია ევროპული ენები. მაგრამ მსოფლიოში სიტუაცია იცვლება. ჩინეთის მნიშვნელობა ევროკავშირში, ჩინეთის როლი საქართველოსთვის, მისი კულტურული გავლენა სავარაუდოდ უფრო თვალსაჩინო გახდება. ამას მზად რომ დავხვდეთ, ჩინური ენა და კულტურა იმაზე კარგად უნდა ვიცოდეთ, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიცოდით“, - ამბობს ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი, - „ჩინეთს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს მეცნიერების, ეკონომიკის, კულტურის მხრივ, მაგრამ მე, როგორც მცირერიცხოვანი ერის შვილს მაინც გაურკვევლობის შიში მიპყრობს. არ ვიცით, ჩვენი ხვალინდელი დღე როგორი იქნება. ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს და უფრო მეტად უნდა იცოდეს ეს სამყარო“.
რთული და ძნელი ენა
ჩინურს ბევრი დიალექტი აქვს, მათგან ყველაზე გავრცელებული და ოფიციალური არის მანდარინი. ჩინეთის მოსახლეობის 70 პროცენტი სწორედ მანდარინზე საუბრობს.
იეროგლიფებისა და სხვა დეტალების გამო ჩინური ერთ-ერთი ყველაზე რთული ენაა. სიტყვები ერთმანეთს ჰგავს, მნიშვნელობა კი სრულიად სხვადასხვაა. ჩინურის სირთულის გამომხატველი სახალისო ვიდეოები კარგა ხანია ტიკტოკერების საყვარელ თემად იქცა.
„ჩინური არის ტონალური ენა. თითოეული მარცვალი რაღაც გარკვეული ტონით გამოითქმის. თუ სხვა ტონით გამოთქვამ, შეიძლება საერთოდ სხვა მნიშვნელობა შეიძინოს. შეიძლება შემთხვევით ადამიანს აგინოთ“, - ჰყვება თავის ვიდეოში ტიკტოკერი Marie.Arch. მან ჩინური ჯერ საქართველოში ისწავლა, შემდეგ კი ჩინეთში.
სინოლოგი და თსუ-ის ლექტორი ანა გოგუაძე ამბობს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ჩინური ენის სწავლა ორჯერ მეტ ადამიანს უნდა, ვიდრე ადრე.
„იმისთვის რომ ჩინურად წაიკითხო 1 500 იეროგლიფი მაინც უნდა იცოდე, აკადემიური სწავლისთვის 5 000. არის გამოცდილი სისტემები, რომელიც ჩინურის მარტივად სწავლის საშუალებას გაძლევს. მოთხოვნა მზარდია საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, რადგან დასაქმების საშუალება არის მეტი. თუმცა, როდესაც ვეკითხებით, თუ რატომ უნდათ ჩინურის შესწავლა, არა მხოლოდ სამომავლო პერსპექტივებზე ლაპარაკობენ, ამბობენ იმასაც, რომ ჩინური კულტურა აინტერესებთ“.
ბოლო 16 წელია თსუ-ში სინოლოგიაც ისწავლება. ასევე საქართველოში არის ჩინური ენისა და კულტურის ცენტრები. ინტერნეტში ადვილად იპოვი კურსს ან კერძო რეპეტიტორს, რომელიც ჩინურ ენას ასწავლის. თუმცა ისიც შესამჩნევია, რომ სხვა ენებზე, მაგალითად, ინგლისურსა თუ გერმანულზე, გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანია. ფასი ყველას თავისი აქვს, მაგალითად, ერთ-ერთ ცენტრში ინდივიდუალური მომზადების 8 გაკვეთილი 320 ლარი ღირს, ჯგუფური - 240 ლარი.
ანა გოგუაძე ამბობს, რომ დღეს ჩინური ენის სპეციალისტი საქართველოში ძალიან ბევრი არაა, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მასწავლებლების გადამზადება ისე, რომ მათ სკოლებში სწავლება შეძლონ.
განათლების სამინისტროც აცხადებს, რომ სკოლებში ჩინურის მეორე უცხო ენად შეტანამდე მრავალი სამუშაოა ჩასატარებელი. თუმცა რა როდის ჩატარდება და დასრულდება ჯერ მკაფიო არ არის.
მემორანდუმს სკოლებში ჩინურის სწავლების შესახებ ხელი ორი წლის წინ მოეწერა, როდესაც საქართველოს მაშინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში იმყოფებოდა.
„მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის“, - თქვა მაშინ ღარიბაშვილმა.
ჩინური, როგორც რბილი ძალა
ჩინეთის განათლების სისტემა გამოირჩევა იმით, რომ ის ხშირად აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს სტიპენდიებს. თსუ-ის 9 ჩინურ უნივერსიტეტთან აქვს პარტნიორობა. გარდა სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობისა, მათი ნაწილი თსუ-ს სტუდენტებს ენის კურსებში, საზაფხულო სკოლებსა და სხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს. 2015-დან 2022 წლამდე თსუ-დან 6 სტუდენტი წავიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით.
ჩინეთს ქართველი სტუდენტებისთვის 20 ადგილი აქვს გამოყოფილი, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად.
განათლების ექსპერტი გოტა ჭანტურია მიიჩნევს, ჩინურის სწავლება, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ქვეყნის საგარეო კურსს უკავშირდება.
„არ ვიცი, რა რესურსი აქვთ ჩინურის სწავლების. ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა მგონია“, - ამბობს ის.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკას უკავშირებს, ვიდრე განათლებას.
„ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე ის, რომ რეალურად განახორციელებენ. როგორც ამბობენ, ამდენი მასწავლებელიც არ გვყავს. ამით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ნიშნისმოგებით ეუბნებიან, რომ ის გეოპოლიტიკური კურსი, რომელიც ბოლო დროს საქართველოს აქვს აღებული, არ გადაიხედება“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, - „ჩინეთის საგანმანათლებლო პროგრამები აქამდეც არსებობდა. ჩვენი ბევრი სტუდენტი წავიდა იქ სასწავლებლად. ამას ყველა ქვეყანა აკეთებს. მთავარი ის არის, რა გვაერთიანებს ჩინეთთან? კულტურა? საერთო ისტორიული წარსული? ეკონომიკაც კი ბოლომდე არ არის დამარწმუნებელი, რადგან ძირითადად შემოგვაქვს ჩინეთიდან, იქით ვერაფერს ვყიდით. ამიტომ ამ კუთხით უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი“.
ფორუმი